"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაც არის ნაჩვენები..." - გზაპრესი

"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაც არის ნაჩვენები..."

მის ცხოვრებაში კინოსამყაროსთან ურთიერთობა თავისთავად მოხდა. ფიქრობს, რომ იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო. რამდენიმე ფილმში, მათ შორის "მაიტა ნასოსი 1" და "მაიტა ნასოსი 2" პატარა ეპიზოდებშია გადაღებული. მისი მთავარი მოვალეობა კამერის უკან დგომა და სპეცეფექტების მართვაა. "პიროტექნიკოსობა იმდენად სენსიტიური პროფესიაა, თავს ვიკავებ, რომ ახალგაზრდებს ვასწავლო, ვერ ვენდობი. შეიძლება მათ რაღაც დავავალო, მაგრამ სწავლა ნაადრევი მგონია. პატარა ასაკში ფანტაზია ჯერ ჩამოუყალიბებელია და რა ვიცი, რას გააკეთებენ? საშიშია, მერე თავი გექნება მოსაკლავი. ამ პროფესიას დიდი პრაქტიკა და დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება", - ამბობს სოსო გვასალია, რომელიც წლებია კინოსტუდიაში მუშაობს და მოსაყოლიც ბევრი აქვს.

- პირველ კინოგადაღებას დაახლოებით 10 წლის ასაკში დავესწარი. ბიძაჩემი ალექსანდრე გვასალია არის კინოოპერატორი, რომელიც იღებდა ფილმს "ქართველები ცაში". პლეხანოვზე, ძველი კინოსტუდიის დიდ პავილიონში იდგა თვითმფრინავი, შუა ნაწილი ამოღებული ჰქონდა და სალონში მიდიოდა გადაღებები. მახსოვს მეუბნებოდა, აქ დიდხანს არ დადგე, ორპირიაო. სალონი მილივით იყო და ორივე მხრიდან უბერავდა. ყველა ერთმანეთს აფრთხილებდა, არ გავცივდეთო. სხვათა შორის, ბიძაჩემს არ უნდოდა კინოსტუდიაში მემუშავა. როცა სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთმა კინომხატვარმა უთხრა: გამატანე შენი ბიჭი, წავიყვან და ერთ-ორ კაპიკს "გავაკეთებინებო", მან კი უპასუხა: ამას თავისი საქმე აქვს, კინოსტუდია ჭაობია, მანდ ადამიანი არ უნდა შეუშვაო. მაშინ 90-იანი წლები იყო... მართლაც, კინოსტუდიას თავისებური მაგნიტი აქვს.

- მხატვრის პროფესიით არ გიმუშავიათ?

- ჩვენმა თაობამ ვერ განახორციელა ის, რაც გვინდოდა. 90-იანი წლები იდგა. ხისა და ლითონის გამოყენებით ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე მინანქარი შევისწავლე დამოუკიდებლად. სარდაფში მქონდა სახელოსნო და შეკვეთებზე ვმუშაობდი. იუველირობით ბევრი ვირჩენდით თავს. სადიპლომო მინანქარზე დავიცავი, მქონდა პატარა კომპოზიცია 2-3 სმ-ზე (იცინის). სხვა დავალებაც შევასრულე, ხისა და ლითონის მხატვრულ დამუშავებას რაც ეხებოდა.

- თქვენი პირველი ფილმი "ყავა და ლუდი" იყო. რას გაიხსენებთ?

- თვითგადარჩენაზე როცა მუშაობ, კალატოზიც ხარ, შემდუღებელიც... ხან რას მოედები და ხან რას. ადამიანი არ უნდა გაჩერდე. ამ ფილმზე თავიდან "ბუმერად" გამიშვეს, მერე ცოტა დამაწინაურეს და ა.შ. "ყავა და ლუდი" საინტერესო პროექტი იყო. ზაზა ბუაძე კომფორტული რეჟისორია. ასეთ რეჟისორთან ყველაფერი გამოგდის, მიუხედავად იმისა, რომ მას მილიონი საფიქრალი აქვს. ზაზას დამსახურებაა, რომ სერიალი იყო ლაღი, გამართული ქართულით საუბრობდნენ, ბაბუას და შვილიშვილს ერთად შეეძლოთ ყურება და არ ისმოდა უწმაწური სიტყვები. დეტექტიური ჟანრის სერიალში, ერთ ფილმში ერთი ისტორია მთავრდებოდა. მეორე სეზონზე, უკვე ორ სერიაში იყო ერთი ამბავი ნაჩვენები. ზაზა არის უნიჭიერესი კაცი-ბულდოზერი, ყველაფერს ასწრებდა: სცენარის დაწერა, პურმარილი ჯგუფთან ერთად, მონტაჟი, ხმის გასწორება და ა.შ. იწყებოდა შემდეგი სერია და ყველაფერი ისევ მეორდებოდა. საშინელი პერიოდი გავიარეთ, "ორ კაპიკად" ვმუშაობდით, მაგრამ საინტერესო და ხალასი ურთიერთობა გვქონდა. კინოსტუდიას სხვა პეწი აქვს, ყველა ერთმანეთს ვუვლიდით და ერთი ოჯახი ვიყავით. მაშინ დავიწყე პირველ სპეცეფექტზე მუშაობა.

GzaPress- ვინ დაგეხმარათ პირველ სპეცეფექტზე და რა დრო სჭირდება მის მომზადებას?

- არავინ მომხმარებია, ჯერ პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებდი და თანდათან პრაქტიკაში ვისწავლე. მომზადებას რაც შეეხება, ეპიზოდს გააჩნია. ახლახან გერმანელები საკვების თემაზე რეკლამას იღებდნენ. ერთი დღით ადრე მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უნდოდათ ქვაბიდან ორთქლის გადმოსვლის გადაღება. იმის იმიტაცია, რომ მოთუხთუხე ქვაბიდან ცხელი კი არა, ცივი ორთქლი ამოდის, ისეთი უბრალო რაღაცისგან გავაკეთეთ, რომ გაგიჟდნენ. ამას იქ სხვანაირად, დალაგებულად და აპარატურით აღწევენ. ჩვენთან უცხოელები ჩამოდიან იმიტომ, რომ ყველაფერი იაფი უჯდებათ. ფრანგებმა აქ გადაიღეს "მზის გოგოები", ფილმი კანის ფესტივალზე წარადგინეს, რაც ძალიან გამიხარდა. იმათ სპეცეფექტების სუპერვაიზერი ჰყავდათ ჩამოყვანილი. ყველაფერს მე ვაკეთებდი, ოღონდ მასთან შეთანხმებულად.

ჩემთვის სერიოზული პრაქტიკა იყო ფილმი "აგვისტოს 5 დღე", სადაც რუსებთან ერთად დიდი სამუშაო შევასრულეთ. კომფორტი იყო ტესტების კეთება, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერს გამოცდილების ხარჯზე ვაკეთებთ, არადა ტესტი აუცილებელია. ამ ფილმზე ომის სცენების დროს სამხედრო კონსულტანტები და ინჟინრები მუშაობდნენ. ისინი იმიტომ მოგვყავს, რომ მასალა მოაქვთ. აბა, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ერთ-ერთი გადაღებისას, როცა ჩვენ სხვაგან ვიღებდით კადრებს, თურმე ინჟინრებმა ავტობუსი ისე ააფეთქეს, რომ სულ დაიფლითა, კადრში აღარაფერი დარჩა. ბიჭები ხუმრობდნენ: ლამის დაგვხოცეს, ნახევარი საათი ნაწილები ცვიოდაო. ისინი მართლა აფეთქებენ, თუმცა უსაფრთხოებას ათმაგად იცავენ. ბევრჯერ შემდავებიან, კონკრეტულ ადგილზე არავინ უნდა იდგესო. ვიცოდი, რომ უსაფრთხო იყო და არაფერი მოხდებოდა, პასუხისმგებლობასაც ჩემს თავზე ვიღებდი, მაგრამ ისინი მაინც ფრთხილობდნენ. მაგათ სამხედრო ხედვა აქვთ და ისე აფეთქებენ, მე აფეთქება არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმაში ვერ შემეჯიბრებიან.

- გადაღების დროს სირთულეებზე გვიამბეთ, კამათი გიწევთ რეჟისორთან?

- რეჟისორთან დავა მაშინ მაქვს, როცა ის ამბობს: "მინდა!" არადა, არ შეიძლება... იდეას მაწვდის რეჟისორი, მე უნდა ჩამოვუყალიბო, როგორ შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა. სასურველია რეჟისორის მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილო.

"შინდისის ბიჭებზე" ფილმს რომ ვიღებდით, ერთ ეპიზოდში ორმხრივი სროლა უნდა ყოფილიყო, მე კი აფეთქების იმიტაცია გავაკეთე: გავისროლეთ, ყველაფერი ლამაზად (და საშინლად) აიწია ჰაერში, მაგრამ მოულოდნელად ძლიერმა ქარმა დაუბერა, მოხვეტა და წაიღო მთელი მასა, რაც ჩანს კადრში. რა მექნა? იძულებული გავხდი, იმიტატორები და ცეცხლის ბურთები ახლოს გადმომეწია. გავისროდი, აფეთქდებოდა და ვიდრე ამ ყველაფერს ქარი წაიღებდა, მანამდე "სტოპსაც" დაიძახებდნენ. ყველაფერი საჭიროებისამებრ დავალაგეთ, დაიძახეს "მატორ" და... ბუნებაც თითქოს გაისუსა. მანამდე ისეთი გრიგალი იყო, ლამის ხეები წააქცია და როცა ეს გავითვალისწინეთ, ქარი ჩადგა. მოკლედ, აფეთქება იდეალურად მოვაწყვეთ, ჯარისკაცები-კასკადიორები გადმოცვივდნენ და "მოკვდნენ"... კადრში მყოფი ხალხი არ ინძრევა, რა იციან, რეჟისორს რა აქვს ჩაფიქრებული? შეიძლება პანორამა უნდა ან ახლო ხედი, თავისებური ნიუანსებია. ცხენებიც კი "სტოპზე" მუშაობენ, მართლა გეუბნებით (იცინის). ყველას ეგონა, რაღაც უბედურება დატრიალდა, არადა, ოპერატორს და რეჟისორს უბრალოდ, "სტოპის" თქმა დაავიწყდათ. რა თქმა უნდა, ბიჭები ცოტა შეიტრუსნენ, სახეზე ცეცხლის ალი მოხვდათ და ზედაპირული დამწვრობა მიიღეს, მაგრამ ხმა მაინც არ ამოუღიათ.

- თქვენთვის გადაღების ყოველი დღე დაძაბულია, არა?

- ძალიან, პირველ რიგში მთავარია უსაფრთხოება, მერე არის ეფექტი. მაქსიმალისტი ვარ და როცა ვითომ არაფერია, მაშინ უფრო ვნერვიულობ. მეტი დინამიკისას, დრო აღარ მრჩება სანერვიულოდ... ინგლისელებისა და ამერიკელი ინდოელების დიდ პროექტზე ვმუშაობდი, 22 დღე იღებდნენ. 8-წუთიანი ბატალური სცენები ჰქონდათ ზარბაზნებით, ცხენებით. მასობრივ ეპიზოდებში 400-500 კაცი მონაწილეობდა. გადაღებისას არავის არაფერი უნდა დაუშავდეს და არ ეტკინოს - ასეთია წესი. დაწნეხილი ჰაერით ვისროდით ზარბაზნებიდან, უფრო დაზღვეულები რომ ვყოფილიყავით. მორბის 40 ცხენი და იმათ შორის აფეთქება ხდება - როგორია? რუსებსა და სლოვაკებს ჰყავდათ ე.წ. კასკადიორი ცხენები, რომლებსაც ადგილზე ეგრევე აწვენდნენ. "მასოვკაში" ჩვენი ცხენებიც შემოიყვანეს. სულ 7-8 აფეთქება იყო საჭირო. აფეთქების მერე ცხენები ხომ აქეთ-იქით იშლებიან, შენ უყურებ იმათ ფეხებს და ფიქრობ, პულტი სად უნდა ააფეთქო, რომ ცხენები არ დააზიანო. იცით, როგორ ვინერვიულე! მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, შვებით ამოვისუნთქე და აუჰ, მეორე დუბლიო, გვეუბნებიან. ოპერატორი ცხენებს შორის დარბოდა და იღებდა, რაც მოასწრო, მოასწრო, მაგრამ მეტი კადრი სჭირდებოდა. ახლა, იწყება ისევ თავიდან ნერვიულობა, თვალების დაძაბვა, ტვინი გიდუღდება... ყველაზე მაგარია, როცა გამოაცხადებენ "დემონტაჟ" - ეს ნიშნავს, რომ გადაღების დღე დამთავრდა და ხარ ძალიან ბედნიერი. დაღლილები და გათანგულები, ყველანი ცალ-ცალკე გარბიან (იცინის).

- როცა არა გაქვთ გადაღებები, მაშინ რაიმე იდეაზე ფიქრობთ?

- როგორ არა, ვამზადებ ბევრ რამეს. აი, ქარის მანქანა ავაწყვე, კასკადიორის ასაფრენ მოწყობილობაზე ვფიქრობ... როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაფერი გაინტერესებს. პიროტექნიკა სპეცეფექტების შემადგენელი ნაწილია. ადრე პიროტექნიკოსები ცალკე იყვნენ. ახლა არსებობს სპეცეფექტების დეპარტამენტი, სადაც შედის ყველაფერი, მათ შორის წვიმის, ქარის, ნისლის და ა.შ. იმიტაცია.

- ინტერვიუზე რომ გითანხმდებოდით, თავის მოსაფხანი დრო არა მაქვსო, - მითხარით. ახლა რაზე მუშაობთ?

- არაბებთან ვმუშაობ, სერიალს იღებენ. კრიმინალური სიუჟეტია, ორი ბანდდაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის, მათ დასდევს ქართული პოლიცია. ფილმში ქართული მაფიაც არის ნაჩვენები, რაც რეალურად არ არსებობს, მაგრამ ეს ხომ კინოა.

ნანული ზოტიკიშვილი