"სიკეთის კეთება ბონუსია თქვენი სულისთვის..." - გზაპრესი

"სიკეთის კეთება ბონუსია თქვენი სულისთვის..."

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და - ხათუნა ექიმია, ხოლო უმცროსი ეკა პედაგოგი.

რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ვერაგი დაავადება დაამარცხეს. ჟურნალ "გზის" რესპონდენტი მომღერლის უფროსი და ხათუნაა, რომელიც საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული და ორ ბიჭს ზრდის.

- პროფესიით ბიოლოგი-იმუნოლოგი ვარ. დღესდღეობით მაქვს კლინიკა, სადაც ვზრუნავთ როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ქალებისა და მამაკაცების სილამაზეზე. ერთი წლის წინ გადავწყვიტე საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება და ვთვლი, რომ ამ საქმესაც წარმატებით გავართვი თავი. ხარისხზე ვმუშაობთ და ამას პაციენტებიც ამბობენ. ექიმი ვარ, მაგრამ ვიცი, პაციენტი კლინიკაში თუ თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ეს მისთვის უკეთესია. აქამდე სხვადასხვა ტიპის ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მისია დედობა გახლდათ, ორი ბიჭი მყავდა გასაზრდელი; ახლა, როცა ისინი უკვე დიდები არიან, გადავწყვიტე, მეც დამეწყო ჩემი საქმე.

- თქვენი ვაჟი - სანდრო ძალიან პოპულარულია. რას გვეტყვით მასზე?

- სანდრო 20 წლისაა, აკაკი კი 12 წლის გახდება. თავიდანვე ვცდილობდით, ბავშვები სწორად გაგვეზარდა. ტრადიციების მქონე ქალაქში, პოპულარობა პასუხისმგებლობას ნიშნავს და ამას ვასწავლიდით. სანდროს სწორი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, ის უბრალოდ, მართლა ასეთია. როცა მასზე ვიწყებ საუბარს, მეუბნება: დედა, ჩემზე ნუ ლაპარაკობო.

GzaPress- ლელა დაგეხმარათ ბიზნესის დაწყებაში?

- ლელა ფაქტის წინაშე დავაყენე. კლინიკა გავხსენი და ამით სიურპრიზი მოვუწყვე.

- ცნობილია, რომ კეთილ საქმესაც აკეთებთ, კერძოდ, ქალბატონებს თითქმის უსასყიდლოდ აძლევთ შანსს, გამოკვლევები ჩაიტარონ...

- ადამიანებმა კეთილი საქმეები ჩუმად უნდა აკეთონ და ეს შეგნება ასაკთან ერთად მოდის. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირად ღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები.

ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ონკოლოგიური პრობლემები აქტუალურია, მაგრამ თუ ადრეულ ეტაპზე მოხდება მისი დიაგნოსტიკა, შესაძლებელია განკურნება. ოთხი წლის წინ დავამარცხე ეს დაავადება და ახლა თქვენ წინაშე გადარჩენილი ადამიანი ვარ.

- როგორ აღმოაჩინეთ, რომ სიმსივნე გქონდათ?

- ზღვაზე მივდიოდი და პრევენციის მიზნით მივედი ერთ-ერთ კლინიკაში. სწორედ იქ დამისვეს მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი. ამ დროს ყველაფერი გეხმარება, ღმერთი შენთან არის. ჩემი დაავადება მკურნალობას დაექვემდებარა და დროდადრო საკუთარ კლინიკაში ვიმოწმებ მდგომარეობას. პრევენცია უმნიშვნელოვანესია; ადრეულ ეტაპზე ყველაფერს ეშველება. უნდა დავიჯეროთ, რომ გამოსავალი არსებობს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. მართალია, ჩემი გოგოები დღე და ღამე ჩემთან ისხდნენ, შვებულებაც აიღეს, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგის თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უსაშველო არაფერი ხდება, სწორი და კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო, რომ განიკურნო. როცა ამ სიტუაციას თავს დააღწევ, ხვდები, რომ ასმაგად გიყვარს სიცოცხლე, სულ სხვა ინსტინქტები და პასუხისმგებლობა გიჩნდება. გინდა ყველას დაეხმარო, სამაგალითო გახდე და უთხრა, რომ ცხოვრება მშვენიერია და შეუფასებელი. სულ სიკეთე უნდა აკეთოს ადამიანმა და ეს ბონუსია თქვენი სულისთვის. სული არ კვდება, მთავარია, სად მოხვდება და როგორ. ამიტომ სიკეთე უნდა აკეთო მუდამ. ჩვენი წინაპრები ასე გვზრდიდნენ და ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. თუ რამე გამომდის ან არ გამომდის ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი ბრალია. მეუბნებიან, კონკურენციის არ გეშინიაო? ვამბობ, გალაქტიკაში ვარ ერთადერთი, რადგან ჩემნაირი კონცეფცია და მიდგომა არავის აქვს. თუ ვინმეს უნდა შემეჯიბროს, დაე, დამეწიოს. მთავარია, ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ მაღალხარისხიანად. ქართველებს ისეთი ქვეყანა გვიბოძა ღმერთმა, ჩვენი ნიჭით და გენით შეგვიძლია, ძალიან წარმატებული ქვეყანა ვიყოთ.

- დედათქვენი - ნინო ლომთათიძე მკაცრი იყო?

- ჩვენ ისეთ დროს დავიბადეთ, როცა სტუმარი მოდიოდა სახლში, ბავშვები ოთახიდან უნდა გავსულიყავით. ახლა გაწყობილი არ გაქვს მაგიდა, სუფრას ბავშვები შემოუსხდებიან. მე არ ვამბობ, რომ ბავშვები უნდა შევზღუდოთ, მაგრამ თავისი წესები აქვს ყველაფერს. ზედმეტს ვერ გავბედავდი, არც გამუდმებით დასჯილი ვიყავით და არც უბედურები. არაფერი გვაკლდა. ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. დედა იყო ცოტა მკაცრი, მაგრამ 27 წლის ასაკში ჰყავდა სამი შვილი და მესმის მისი, ადრე რომ გვაძინებდა (იღიმის).

GzaPress- თქვენ იყავით ლიდერი თუ ლელა?

- ლიდერი ლელა იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით სამივე და მახსოვს, ფანჯრიდან რომ გავიხედავდი, ეზოში ლელა იდგა და ბევრი ბიჭი. სულ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ხშირად ვჩხუბობდით და ახლა ვეუბნები, რა ვიცოდი, მაშინ ჩემს პატრონს თუ ვურტყამდი-მეთქი (იცინის). იმდენად საოცარი გოგოა, ხანდახან თქვენობით ველაპარაკები. საოცარი დობა გვაქვს, შესაძლოა, თვეები არ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ გაუცხოება არ გვაქვს. ერთი რაღაც რომ იშოვოს, "ერთ-ნახევარი" ჩვენია. ენატრება ჩემი ბავშვობის წლების ტრადიციული ოჯახები. დიდ დღესასწაულებზე ყველა ერთად ვიკრიბებით და ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი. ხშირად ჩავდივართ ხობში, იქ ჩვენი მამაპაპისეული სახლია, 130 წლის მეგრული ოდა, რომელიც სულ "გვეძახის". მის გარეშე ჩვენი ყოფა წარმოუდგენელია. ლელას, როცა ბათუმში და სამეგრელოში აქვს კონცერტები, თავადაც ჩადის ხობში.

- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

- ერთად ვართ ბიზნესში. შეიძლება რეალიზებული და წარმატებული იყო, მაგრამ თუ ოჯახში დასაყრდენი არ გყავს, დაცული არ ხარ. მეუღლე ცალკე პლანეტაა და გამიმართლა მასში. ვამბობ ხოლმე, - ერთი იყო გიგა და ისიც მე შემხვდა-მეთქი. მის გვერდით ძალზე ბედნიერი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი