ლეგენდად ქცეული ქართველი ფეხბურთელი - გზაპრესი

ლეგენდად ქცეული ქართველი ფეხბურთელი

სპორტზე იშვიათად ვწერ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ ბორის პაიჭაძის შესახებ წერის ცდუნებას ვერ გავუძელი. ბორის პაიჭაძის საიუბილეო თარიღი ახლახან იყო. 3 თებერვალი ის რიცხვია, რომელიც მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა აღინიშნებოდეს, რომ "ქართული ფეხბურთის ბერმუხა" ამ დღეს დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში სპორტული ცხოვრების მეტად პოპულარიზაცია მოხდეს; დარწმუნდეს ახალგაზრდა თაობა, რომ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის საერთაშორისო სარბიელზე გამოჩენის საშუალება სპორტიცაა. ეს ჩვენი ქვეყნის სპორტულმა ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა და ჩვენდა საბედნიეროდ, კვლავ გრძელდება ოქროს ასოებით ჩაწერილი ქართველი სპორტსმენების სახელებისა და გვარების სია.

GzaPress104 წლის წინ ჩოხატაურის ღარიბ სოფელ ონჭიქეთში დაიბადა ქართველი "ფეხბურთის კარუზო" (ეს სახელი ბორისს რუმინეთში, "დინამოს" ტურნეს შემდეგ შეარქვეს).

ის 1934 წელს ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში თამაშობდა, მერე ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდის ღირსებას იცავდა, 1936 წლიდან კი "დინამოელი" ხდება და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან სასწაულებს ახდენდა მოედანზე. თითქმის 16 წელი ცენტრალური ფორვარდის მაისური ატარა ბორისმა, უამრავი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორი იყო მისი ცხოვრება სტადიონს მიღმა...

აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელად, ეროვნული სტადიონის დირექტორად დაინიშნა, სადაც 23 წელი მუშაობდა. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერიც გახდა. თუმცა, მთავარი მაინც მისი სპორტული ხელოვნებით გატაცებული გულშემატკივრების სიყვარული იყო.

სოლომონ პაიჭაძე, ბორისის მამა პორტის მტვირთავთა ბრიგადირი გახლდათ და სპორტის ამ სახეობას სერიოზულად არც უყურებდა. მეტიც, ის სპარტანულად ზრდიდა ვაჟს და უმკაცრეს მამას სულაც არ სურდა, მის შვილს ბურთის გორებით შეექცია თავი. როცა მამა შინ ბრუნდებოდა, ბავშვები თურმე თამაშს თავს ანებებდნენ. მკაცრი აღზრდა თითქოს მემკვიდრეობით ერგო ბორისს და ისიც არავის ანებივრებდა. მას შეეძლო სრულიად უცხოს დახმარებოდა დაფიქრების გარეშე, ოჯახის წევრებს კი ულტიმატუმს უყენებდა, თავად მიაღწიეთ წარმატებებს, ჩემი სახელით სარგებლობის უფლებას ვერ მოგცემთო...

გასაოცარ ფაქტად თვლიდნენ ნაცნობები და ნათესავები სოლომონის მიერ ბორისის ფეხბურთელობასთან შეგუებას. სამსახურიდან დაბრუნებულ მამა პაიჭაძეს ორკესტრის ხმა და ოვაციები გაუგონია _ ეს ოვაციები მის ვაჟს ეკუთვნოდა, რადგან ბორისს ხარკოვის "მეტალისტისთვის" გადამწყვეტი გოლი გაუტანია და ფოთელებმა ახალგაზრდა სპორტსმენი ხელში ატაცებული მიიყვანეს შინ! გაკვირვებულ სოლომონს ცოლისთვის უკითხავს, როდის ისწავლა ჩვენმა შვილმა ასეთი თამაშიო? ამ ფაქტის მერე მამას შვილისთვის თამაში აღარ დაუშლია. დიდ სპორტზე მეტად, ბორისი თურმე მეზღვაურობაზე ფიქრობდა, როგორც ფოთელი ვაჟების უმეტესობა. ეს ჩანაფიქრი მან აისრულა, ნავთობის გადამზიდ გემზე მექანიკოსის დიპლომით მოეწყო და ბათუმი-ოდესის რეისზე მუშაობდა. ერთხელაც მას ფოთიდან საგანგაშო შინაარსის დეპეშა მიუღია, _ მამა კვდება, ჩამოდიო. ტუაფსედან შუაღამით ჩავიდა მეზღვაური ფოთში, თუმცა მომაკვდავი მშობლის მაგიერ ფოთის გაჭირვებაში მყოფი ფეხბურთის ნაკრები დახვედრია. ორიგინალურად ჩამოტყუებული ბორისი არ აპირებდა ბათუმელებთან შერკინებას, მაგრამ სოლომონს უთხოვია და ერთწლიანი სპორტული პაუზის მიუხედავად, ორი გოლის გატანით გამარჯვება მოუტანა ამომავალმა ვარსკვლავმა ფოთელებს. მაშინ უცდია ბორისს, რომ გაეგო დეპეშის ავტორის ვინაობა, თუმცა, ეს საიდუმლო მხოლოდ 50 წლის მერე გაიხსნა _ ყოფილი თანაგუნდელი კაკო იმნაძის ინიციატივა ნახევარსაუკუნოვანი საიდუმლო იმიტომაც იყო თურმე, რომ ბორისს რკინის მუშტები ჰქონია და კრივის ილეთებით შეეძლო არც ისე სასიამოვნო კვალი დაეტოვებინა იმნაძის სახეზე...

ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდი 1936 წელს დატოვა და "დინამოელი" გახდა. ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაშაყმაძე ამ ფაქტს ძალიან აუღელვებია და სტუდენტ პაიჭაძეს უყვიროდა თურმე, _ როგორ გააკეთე ასეთი რამ, რამდენი გადაგიხადესო? ინსტიტუტის რექტორმა რა იცოდა, რომ პაიჭაძის "მოღალატეობას" ჰქონდა წმინდა ადამიანური საფუძველი. ლავრენტი ბერიას ინიციატივით ბორისი "დინამოელობას" იმ იმედით დასთანხმებია, რომ მამას გაუთავისუფლებდნენ პატიმრობიდან. ბერიასთვის, რომელიც საბჭოური სისტემის მაღალი ეშელონის წევრი გახლდათ, სოლომონის გათავისუფლება არ იყო პრობლემა, თუმცა, სპორტსმენის მამა სამშობლოში ვერ დაბრუნდა. 1936 წელს ჩეკისტების "მამისთვის" ბორისს ვერ გაუბედავს მამის გათავისუფლების თხოვნა. მერე, 1941 წლის დასაწყისში თავად სოლომონს მოუწერია ოჯახისთვის, ფული გამომიგზავნეთ, მათავისუფლებენო. მერე ომი დაიწყო და არავის სცხელოდა ფოთის პორტის მტვირთავთა ყოფილი ბრიგადირის ბედისთვის, 1942 წელს კი თავად ბერიას უთქვამს ბორისისთვის, _ სად იყავი აქამდე, უკვე დაგვიანდაო...

GzaPressდინარა პაიჭაძე, ბორის პაიჭაძის შვილიშვილი:

"შესაძლოა ბერია თამაშობდა ბაბუას მეგობრის როლს, მაგრამ ფაქტია, ის ბორისს აფასებდა. ქართული მედია ამ ფაქტის გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ რეალობაა, რომ ლავრენტი ბერია და "ჩეკა" "დინამოს" წარმატებას ხელს უწყობდა, შეიძლება უმეტესად მრისხანე და არაჰუმანური ფორმებით, მაგრამ წარმატებები ნამდვილად დიდი იყო".

ბორის პაიჭაძეს ქართული ფეხბურთის რაინდსაც ეძახდნენ, რადგან ის არასდროს კარგავდა მოწინააღმდეგისადმი პატივისცემას. ერთადერთი შემთხვევა, როცა კორექტულობა დაივიწყა ქართველმა სპორტსმენმა, გამოწვეული ყოფილა აბეზარი მოწინააღმდეგე თავდამსხმელის თავხედობით. უამრავი გაფრთხილებისა და შენიშვნის მიუხედავად, მაინც ცდილობდა, ბორისისთვის წონასწორობა დაეკარგვინებინა და ამის გამო, ერთ მატჩზე პაიჭაძისაგან ტრავმა "დაიმსახურა". ფაქტი მსაჯს "არ შეუნიშნავს", რადგან ბორისის ავტორიტეტიც დიდი იყო და მოთმინებასაც საზღვარი ჰქონდა...

"ფეოლა ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ გამოჩენილი მწვრთნელი გახლდათ. მახსოვს, როდესაც 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავრილ კაჩალინთან ერთად ვბრუნდებოდი, ლონდონის აეროპორტში ფეოლა ვნახეთ. როგორც გაირკვა, იგი მშობლიურ რიო-დე-ჟანეიროში კი არ მიფრინავდა, არამედ იტალიაში. თურმე, მას ბრაზილიის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა ვერ აპატიეს და სამხრეთამერიკელი გულშემატკივრები სამშობლოში არ უშვებდნენ. არადა, მანამდე ფეოლას თავკაცობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ასეთია მწვრთნელის ბედი", _ იხსენებდა ბორისი მოგვიანებით, როცა მან თავი დაანება აქტიურ სპორტს და როგორც ახლა იტყვიან, სპორტის მენეჯმენტში გადაინაცვლა...

GzaPress

დინარა პაიჭაძე: "თასი რომ მოვიგეთ, ტელევიზორს ბაბუასთან ერთად ვუყურებდი. დარასელიამ რომ დაარტყა, მივხვდი, გოლი გადიოდა და ბაბუას გადავხედე, მისი სიხარულის ნახვა უფრო მინდოდა. თავშეკავებული, ღირსეული სიხარული და სიამაყე ჩაუდგა თვალებში. დამსახურებული იყო ის გამარჯვება, გვეკუთვნოდა. ჩვენი მხრებისთვის იყო ის მანტია განკუთვნილი. ხერხემალი გამიმტკიცა მაშინ ბაბუას გამოხედვამ.

ერთხელ სტადიონის აუზმა გაჟონა. ბაბუამ მოიძია ბიუჯეტი, ფონდები. ყველაფერი დახარჯული იყო უკვე. ბინა ჰქონდა ახალი მიღებული. რემონტდებოდა. ჰოდა, რომ მივედი, ერთ დღესაც, ბებია დამხვდა გაწიწმატებული, _ ბაბუაშენს ჰგონია, კარაქიანი პური პირდაპირ ხეზე იზრდებაო. მე ვირბინე, ვიყიდე, მე მოვიტანე, რა უფლებით მიაქვს ცემენტი სახლიდანო?! გაჩერებული აუზი სტადიონისთვის დიდი ზარალი იყო. მაშინ შეწყვეტილი რემონტი კი ბაბუას სიცოცხლის ბოლო წელს დაასრულეს მამამ და ბიძაშვილმა...

მამაჩემის ნაამბობია: ფეხი რომ მოიტეხა, ბერიამ მოსკოვიდან გამოგზავნა ექიმი, მერე მთელი ოჯახი თავის აგარაკზე გააგზავნინა, ზღვაზე. ერთ ქარიან დღეს მამა და ოთარი ბიძია (მამაზე უმცროსი იყო 2 წლით) ერთმანეთის ჯიბრით, აღელვებულ ზღვაში შევიდნენ. კიდევ კარგი, დროზე მოჰკრა თვალი მამამისმა. გამოქცეულა იმ გიფსიანი ფეხით და ორივე ყვინჩილა გამოუთრევია ტალღებიდან. ცურვა კი იცოდა, გაგიხარია. ალბათ ამ შემთხვევის ბრალია, რომ ბორის პაიჭაძის ფეხმა დიდი ფეხბურთისთვის ვეღარ ივარგა.

ბაბუას ძალიან გაუხარდა საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება. მოსკოვში მას აფასებდნენ და უყვარდათ, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, ხოლო როგორც რაღაც სტრუქტურის ხელმძღვანელს, ყოველთვის აგრძნობინებდნენ, შენს სკამს ჩვენსაზე დაბალი ფეხები უნდა ჰქონდესო. მაგალითად, ძალიან გააბრაზეს და გული დასწყვიტეს სტადიონის ტაბლოს გაკეთებისას. ამიტომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი მისთვის დიდი ბედნიერება იყო, მაგრამ თან გული ეთანაღრებოდა, _ ეს ხომ ტორტის ნაჭერი არაა, ჩამოჭრა და შენთვის წამოიღოო. დაინგრევა ყველაფერი და ბიჭებს იქიდან მოუწევთ დაწყება, საიდანაც მე და ჩემმა თაობამ დავიწყეთო. ვერც მაშინ მივხვდი და არც ახლა მესმის, რა დაინგრა, რა მოიშალა 90-იანებში სსრკ-ის დანგრევით. სტადიონები, საწვრთნელი ბაზები ჩვენ დაგვრჩა, ფეხბურთის დონეც მაღალი იყო. მეგონა, 1-2 წელი ერთმანეთთან თამაშით ფორმას შეინარჩუნებდნენ, მერე გვაღიარებდნენ და ჩვენც ნარნარად ჩავერთვებოდით ევროპის ჩემპიონატში, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოხდა, როგორც ბაბუა ამბობდა. კაი, დავუშვათ, ბერიამ ტუმბო მიამაგრა თბილისის "დინამოს" და მისი დახმარებით ავიდა თამაშის დონე იმ სიმაღლეზე. ახლა ისეთ ტუმბოს ვერსად ვიპოვით?.."

P.S. საუბრის ბოლოს ქალბატონ დინარას ბავშვობის დროს გაგონილ ამბავს მოვუყევი: თითქოს ბორის პაიჭაძეს კარში მაიმუნი ჩაუყენეს, რას უზამდა მის მიერ დარტყმული ბურთი. ბურთმა მაიმუნს მუცელი გაუნგრია და შიგ ჩარჩაო, ამბობდნენ მთქმელები. ქალბატონმა დინარამ ღიმილით უარყო ფაქტი და მხოლოდ ის გაიხსენა, რომ ერთხელ კარის ძელი გადაუმტვრევია, ოღონდ ის ძელი მოძველებული ყოფილაო. თუ იქნება ნეტავ ჩვენ შორის ისეთი ვინმე, ვინც მოძველებულ თუ დრომოჭმულ კარს ძელს მოსტეხს?

როლანდ ხოჯანაშვილი