რა პირობა ჩამოართვა დოდო ალექსიძემ სტუდენტის საქმროს - გზაპრესი

რა პირობა ჩამოართვა დოდო ალექსიძემ სტუდენტის საქმროს

მსახიობი ლიკა ქუთათელაძე ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც ახმეტელის თეატრში დაარსების დღიდან მუშაობს. ცოტა ხნის წინ მისი შემოქმედებითი საქმიანობიდან 40 და მისი 60 წლის იუბილე ერთად აღინიშნა. მსახიობს სასაუბროდ თეატრში ვეწვიე. "16 წლის ასაკში ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და 20 წლისამ ავიღე დიპლომი. ყველაზე პატარა ვიყავი ჯგუფელებს შორის. 1979 წელს, ბატონმა ლერი პაქსაშვილმა თეატრი რომ გახსნა, მასთან სამუშაოდ მოვედი და 40 წელია, ახმეტელის თეატრის მსახიობი ვარ", - მითხრა მან.

- მამაჩემი ქირურგი გახლდათ. ბავშვთა დისპანსერისა და "დინამოს" მთავარი ექიმი, ხოლო დედა პედაგოგი იყო. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ფიქრობდნენ, რომ სამედიცინოზე ჩავაბარებდი, თუმცა, როცა მე სხვა არჩევანი გავაკეთე, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა - ორივეს ძალიან უყვარდა ხელოვნება და სცადეო, მითხრეს (იღიმის). ბატონი დოდო ალექსიძის ჯგუფში აღმოვჩნდი, რაც დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და ჩემი ჯგუფელებისთვის, რომლებთან მეგობრობას დღემდე ვაგრძელებთ. ჯგუფში ყველაზე ადრე გავთხოვდი. ბატონ დოდოს მაგალითად მოჰყავდა ერთი ოპერის მსახიობი, გვარად გურგენიძე და სულ ამბობდა, მას 4 შვილი ჰყავდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა სცენაზე დგომასა და სიმღერაშიო. ეს სიტყვები სულ მახსოვდა. ჩვენთან რეპეტიციის გაცდენა არ არსებობდა. უკვე ორსულად ვიყავი, როცა სადიპლომო სპექტაკლში მთავარი როლი მქონდა. ბავშვი 23 სექტემბერს გავაჩინე, იმ დილას რეპეტიციაზე ვიყავი და საღამოს - სამშობიაროში. 7 ოქტომბერს უნდა წარმოგვედგინა სპექტაკლი და თვე-ნახევრის მერე უკვე სცენაზე ვიდექი (იღიმის). პირველი შვილი ბიჭი შემეძინა, გიორგი, ხოლო 12 წლის მერე გოგონა - ნინო. მაშინ ქალბატონი ლია მირცხულავა საბავშვო სპექტაკლს დგამდა, სადაც მელიის როლს დღეში სამ სპექტაკლში 5 თვის ფეხმძიმე ვთამაშობდი. ნინო რომ წამოიზარდა, სკოლასა და მუსიკალურში შევიდა, მისი პირველი როლიც მელიის იყო. ყველა იცინოდა, მუცელშიც მელია იყავი და ახლაცო (იღიმის). გიორგისგან 19 წლის შვილიშვილი მყავს, რომელიც ვარშავაში სწავლობს და მეორე კურსის სტუდენტია, ხოლო ნინოს შვილი 9 წლისაა.

GzaPress

- ადრეულ ასაკში დაოჯახებულხართ და თქვენი საყვარელი საქმის პარალელურად, ბებიობაც მოგისწრიათ. თუმცა, ბევრი თვლის, რომ ნაადრევად ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის კარგი. თქვენ რას ფიქრობთ? - ეს ბედისწერაზეა დამოკიდებული. მე გამიმართლა. ჩემი მეუღლე ინჟინერია. სხვათა შორის, ბატონმა დოდომ დაიბარა, - იცოდე, ჯგუფიდან არ წაიყვანოო. ისიც დაჰპირდა, რომ ასე არ მოიქცეოდა და პროფესიაში დავრჩებოდი. ვთვლი, რომ ისევე, როგორც ჩვენს თეატრში, ბევრ მსახიობს აქვს ძალიან კარგი და მდგრადი ოჯახი. ჩვენ არ ვიცით ტყუილი. თუ არ მოგწონს და გიყვარს, მსახიობი თავის მეუღლეს ეტყვის, რომ გაებზარა ურთიერთობა და დაასრულებს. ჩვენ იმდენად ბევრს ვთამაშობთ სცენაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ვიქცევით. ბატონი დოდო გვეუბნებოდა ხოლმე, შეიძლება მსახიობის წყვილი ერთმანეთს გაშორდეს, მაგრამ სცენაზე მათ მაინც უნდა შეძლონ სიყვარულის თამაშიო. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანები უფრო მეტს იტანდნენ და ტყუილში ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენ პროფესიაში. 40 წელია ვუყურებ კოლეგებს. აბსოლუტურად ჯანსაღი, ალალ-მართალი ურთიერთობებია და არაერთი წყვილია ასეთი.

- ამ წლების განმავლობაში ბევრ ავტორთან და ნაწარმოებთან შეხებამ მოგიწიათ. არის რომელიმე მათგანი თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი?

- ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დაიდგა ჯერ კიდევ ლერი პაქსაშვილის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ყველა როლი მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ჩემთვის ყველაზე ძვირფასად ვთვლი ბატონ გურამ ბათიაშვილის ნაწარმოების "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" მიხედვით, ბატონების: გოგი ქავთარაძისა და ცოტნე ნაკაშიძე სპექტაკლში განსახიერებულ ზეინაბ დედოფლის როლს. მოგეხსენებათ, პარტნიორზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ამ სპექტაკლში ოთარ ბეგის როლს, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი ასრულებდა. ახლა ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა რეჟისორი გვყავს ირაკლი გოგია. მადლობა მინდა მას ვუთხრა, რადგან ძალიან საინტერესო რეპერტუარი მაქვს. ზოგჯერ თვეში 23 სპექტაკლში მიწევს მონაწილეობა. ერთ დღეს "თოვლის დედოფალში" ბიჭს ვთამაშობ და სცენაზე შორტით დავრბივარ, მეორე დღეს გოდერძი ჩოხელის "ბედისწერის თეატრში" 100 წლის მოხუცებულს ვასახიერებ. ძალიან საინტერესოა, რომ დიაპაზონი ასეთი ფართოა. ჩემს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეზო კლდიაშვილის პიესის - "იმერული რეკვიემი" (რეჟისორი ირაკლი გოგია) სპექტაკლში ვითამაშე. ეს სპექტაკლი ძალიან უყვარს მაყურებელსაც.

- ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გქონიათ პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით ეჭვი?

- არასდროს. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც ამ პროფესიას ავირჩევდი.

ანა კალანდაძე