ანა აბაშიძე - პირველი ავტოასისტენტი ქალი - გზაპრესი

ანა აბაშიძე - პირველი ავტოასისტენტი ქალი

ანა აბაშიძე რამდენიმე თვეა, რაც ავტოასისტენტად მუშაობს. მიზანდასახული და ექსპერიმენტების მოყვარული 21 წლის სტუდენტი გოგონა ხშირად ამსხვრევს სტერეოტიპს. 16 წლის იყო, კაფეში რომ დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ მუშაობდა მიმტანადაც, არიგებდა ფლაერებს. მოკლედ, პატარ-პატარა სურვილების დასაკმაყოფილებლად თავისი შემოსავალი ჰქონდა, რაც დამოუკიდებელს ხდიდა.

- მიყვარს ექსპერიმენტები. სულ მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იყო დამოუკიდებლობა. მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და სურვილის მიხედვით გადამენაწილებინა ხარჯები. იმის საჭიროება, რომ ასეთ ასაკში მემუშავა, ნამდვილად არ იყო. მშობლები ზრუნავდნენ, რომ რაც მინდოდა, არ მომკლებოდა, მაგრამ გამიჩნდა ინტერესი, თვითონ მეშოვა ფული. ვფიქრობდი, რომ უკვე დიდი ვიყავი და არავინ იყო ვალდებული, ჩემთვის რაღაცები ეყიდა. კარგად მახსოვს, პირველად 400 ლარი ავიღე ხელფასი და ძალიან გამიხარდა. ის ფული უაზრო რამეებში გავფლანგე, რადგან მაშინ არ ვიცოდი, სწორად როგორ გადამენაწილებინა.

- არა მგონია, ბავშვობაში ავტოასისტენტობაზე გეოცნება...

- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა საკუთარი პროფილაქტიკა და მანქანები შემეკეთებინა, რაც ნაწილობრივ ავიხდინე კიდეც. ავტომანქანები მამაჩემისა და ჩემი ძმის წყალობით პატარაობიდანვე შემიყვარდა. 13-ის ვიყავი, როდესაც მამამ დამოუკიდებლად დამსვა საჭესთან და მას შემდეგ ვმართავ ავტომობილს.

- როგორც მითხარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ხარ. ეს პროფესია რატომ აირჩიე?

- იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ვიცოდი, დიდხანს ვერსად ვიმუშავებდი, როგორც დაქირავებული, დაქვემდებარებული პირი. მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა და ამიტომაც გადავწყვიტე მესწავლა, როგორ ვაკეთო ბიზნესი. მარკეტინგი და პიარი მომწონს, ამ კუთხით მინდა განვვითარდე. სამომავლოდ ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, მთავარია, როგორ განვახორციელებ.

GzaPress

- რა გევალება როგორც ავტოასისტენტს? როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე? - ჩემმა ძმამ, რომელმაც ეს კომპანია დააფუძნა, მომცა საშუალება მეკეთებინა საქმე. ვიცი, უკვე ბევრი ქალი ტაქსაობს, მაგრამ ავტოასისტენტი ქალი აქამდე არავინ ყოფილა, პირველი ვარ. მე მევალება მივიდე კლიენტთან, წამოვიყვანო მანქანა, ვაჩვენო ხელოსანს, გავარკვიო რა სჭირს, რა დაჯდება მისი შეკეთება და მერე კლიენტს ამის შესახებ შევატყობინო. თუ მისთვის მისაღებია შეთავაზებული ფასი, შევაკეთებინო და დავუბრუნო "ჯანმრთელი", "ნამკურნალევი" ავტომობილი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მანქანა მიმყავს გასარეცხადაც, ტექდათვალიერებაზეც. დანარჩენ დროს ოფისში ვმუშაობ.

- ახლობლებმა რა გითხრეს ამ ახალი საქმიანობის შესახებ, მოგიწონეს იდეა? განსაკუთრებით მეუღლის რეაქცია მაინტერესებს.

- დედაჩემი იმდენად მიჩვეულია ჩემს უცნაურ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, რომ არც გაჰკვირვებია; გაეღიმა და მეტი არაფერი. არასდროს ვყოფილვარ განაზებული და გაპრანჭული გოგო, ყოველთვის ბიჭური რაღაცები მომწონდა. მეგობრებიც იმდენად კარგად მიცნობენ, რომ არც მათ ჰქონიათ რეაქცია, მითხრეს: კარგია, შენი საქმე რომ იპოვეო. ჩემი მეუღლეც, ლევან ვეკუა ჩვენთან მუშაობს ავტოასისტენტად. ასე რომ, ჩემს საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.

- კლიენტებზე რას იტყვი, ეჭვით ხომ არ გიყურებდნენ?

- სხვათა შორის, ქალები მამხნევებდნენ, კაცებს - უკვირდათ, ზოგი ეჭვითაც მიყურებდა - ახლა ამას როგორ ვანდო და გავატანო მანქანაო? მერე ნელ-ნელა გაჩნდა ნდობის მომენტიც. ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და უნდობლობის მიზეზს არავის ვაძლევ.

- ნაწილების სახელწოდებები თუ იცოდი მანამდე?

- ელემენტარული რამის გაკეთება მეც შემიძლია, მაგალითად, საბურავის გამოცვლა და ა.შ. ეს ყველას უნდა შეეძლოს. ხმის მიხედვით ვხვდები, რისი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მანქანას. ნაწილების სახელწოდებები მანამდეც ვიცოდი, თუმცა ახლა უფრო გავერკვიე და ვიცი, რას რა ჰქვია, სად რა ნაწილი იყიდება, ვესწრები შეკეთების პროცესსაც. ხელოსნები ახლა უკვე დიდ ყურადღებას იჩენენ ჩემ მიმართ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოტყუებას ცდილობდნენ - ამას რა ეცოდინება ან ხელობის და ან ნაწილების ფასებიო, მაგრამ ახლა მსგავსი რამ აღარ ხდება.

- საკუთარი თავისთვის თუ გრჩება დრო?

- დრო საერთოდ არ მაქვს, დილით გამოსული სახლში ღამის 10 საათზე ვბრუნდები, ვერ ვნახულობ მეგობრებსაც. ერთადერთი, რაზედაც უარს ვერ ვამბობ და რაც ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ვარჯიშია. ვთვლი, რომ ქალი ნებისმიერ სამსახურში და ნებისმიერ დროს მოვლილი უნდა იყოს, თუმცა მაკიაჟი და ზედმეტი გაპრანჭვა არ მომწონს. თან წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო, ეს ხომ დიდი დისკომფორტი იქნება ჩემთვის.

ნინო ჯავახიშვილი