"სალათების კონკურსით" დაწყებული ფლორისტობა - გზაპრესი

"სალათების კონკურსით" დაწყებული ფლორისტობა

თბილისის გარეუბნები ძირითადად, კომუნისტური არქიტექტურით აგებული, ესთეტიკისგან შორს დგას, თუმცა, არის შემთხვევები, როცა შაბლონურ მასივებს ადამიანის ხელი ალამაზებს და გამორჩეულს ხდის. წარმოუდგენელია "ბეტონის კოლოფების" ხელაღებით შეცვლა, მაგრამ ამ "კოლოფების" ეზოებსა და სარკმლებს თუ კარგად შევურჩევთ დეკორატიულ მცენარეებს, მაშინ ურბანიზაციის ერთსახოვნებაც ნელ-ნელა დაიკარგება.

სამიოდე წლის წინ ერთმა ყმაწვილმა მცენარეების მომრავლება დაიწყო. სახლში როცა ვეღარ "დაეტია", მამის რჩევით, ეზოში "გაასახლა" ზოგიერთი და ამის შემდეგ ლევან ჯომიდავა მუდამ ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი მცენარით შეუტიოს გარემოს ერთფეროვნებას, ულმობელმა არქიტექტურამ რომ შექმნა მის ირგვლივ.

ლევანი ახლა 15 წლისაა. ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სახლში უფროსები დასაქმებული არიან, მაგრამ ოჯახის უმცროსი წევრიც მუდამ ფუსფუსებს და ან მცენარეებს უვლის, ან მცენარეთა შესახებ ლიტერატურას თარგმნის ინგლისურიდან და მერე ხალხს ინტერნეტით აცნობს, სკოლაშიც დადის და ფიქრობს, რომ ბიოლოგი გახდება...

ლევანი:

GzaPress- 7 წლის ასაკში თბილისის 136-ე საჯარო სკოლაში მიმიყვანეს. მალევე შევეწყვე კლასელებს. ბევრი საინტერესო მოგონება მაქვს სკოლის ცხოვრებიდან, მაგრამ განსაკუთრებულად მახსოვს, მე-4 კლასში ბუნების მასწავლებელმა როგორ ჩაგვიტარა ე.წ. სალათების კონკურსი. ბევრი სახეობის სალათა დავამზადეთ, ყველა დავაგემოვნე. განსაკუთრებული და სამახსოვრო დღე გვქონდა. ამ კონკურსმა დამანახვა "მწვანე სამყაროს" განსაკუთრებულობა. 12 წლის რომ ვიყავი, დავიწყე ბატონი ზურა შევარდნაძის სატელევიზიო რუბრიკის ყურება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩემში ფლორისტული ინტერესი. დავიწყე ოთახის მცენარეების შეგროვება. ვასახლებდი მათ სახლში, აივანზე. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ უკვე იმდენი ქოთნის მცენარე დამიგროვდა, რომ მამამ შემომთავაზა, ჩვენი კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის უკან შემომეღობა პატარა ადგილი და იქ გამეგრძელებინა საქმიანობა. ასეც მოვიქეცი. პირველი მცენარე, რომლის მოვლაც დავიწყე, იყო ფიკუსი. პირველ წელიწადს იშვიათი ხარისგულა პომიდორიც მქონდა - ცოტა, მაგრამ გემრიელი მოსავალი მივიღე. ბევრი ფერად-ფერადი ყვავილი გავაშენე... ჩემი ეზოში საქმიანობის მოწინააღმდეგეც არავინ იყო. მეზობლებს უხაროდათ ეზოს გალამაზება და მეც აღფრთოვანებული ვიყავი მათი მხარდაჭერით. მეორე წელს უფრო გავაფართოე ჩემი ბაღნარი, უფრო მეტი მცენარე გავახარე. იმავე გაზაფხულს დავიწყე სუკულენტების და კაქტუსების შეგროვება. ეს მცენარეები ძალიან მიყვარს. ახლა მესამე წელი დადგა და მოუთმენლად ველი გაზაფხულს... სხვათა შორის, მიხარია, რომ ბევრი თანატოლი და უმცროსი თაობის ბავშვი ინტერესდება ჩემი საქმიანობით. წარმოიდგინეთ, ყველა ჩვენგანმა თითო მცენარეს რომ მოუაროს კორპუსთან, რა სიმწვანე და სილამაზე შეიქმნება... ამბობენ, რომ დიდ ქალაქებში მიწის გოჯსაც კი არ ტოვებენ ისე, რომ მასზე მცენარე არ დაასახლონ. ასე მინდა იყოს თბილისსა და საქართველოს ყველა ქალაქში და ძალიან მოვლილი ქვეყანა გვქონდეს. ყველა ადამიანს დავუდგები მხარში, ვისაც მოუნდება, რომ უფრო ლამაზი გახადოს თავისი ბინა და ეზო.

მომავალში ბიოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელებ სწავლას.

დეკორატიული მემცენარეობის სფეროში განსაკუთრებულად გამორჩეული ქალბატონია თელავში მცხოვრები ფიქრია ცისკარიშვილი. ის ძალიან სათნო და კეთილშობილი ადამიანია, საოცარი ორანჟერეა აქვს თელავში. ძალიან მინდა, ვესტუმრო. არ მავიწყდება მისი ნათქვამი: "თუ ადამიანი მცენარეს შეიძენს და რაღაც მიზეზების (ზედმეტი მორწყვა, სინათლის ნაკლებობა და ა.შ) გამო გაუხმა ან გაუფუჭდა, ამის მერე კიდევ ბევრჯერ იყიდის ამ მცენარეს, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ჰყვარებია ყვავილები..." სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ფიქრიას, ყვავილების სიყვარული ზერელედ არ ხდება, მცენარეს სჭირდება თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე პატრონი...

ლევანმა რამდენიმე რჩევაც მოგვცა:

- ფიკუსი ოთახის მცენარეა. საკმაოდ ადვილი მოსავლელი და გასახარებელია. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის შედეგადაც მცენარე შეიძლება დალპეს, ზედმეტი მორწყვაა. მოულოდნელი ტემპერატურის დავარდნა და ცივი ამინდი არ არის ამ მცენარისთვის სასურველი. ფიკუსისთვის საშუალოდ ოთახის ტემპერატურა 15-25 გრადუსი კარგია. კარგად განათებული ადგილი იდეალურია მისთვის, ოღონდ მზის პირდაპირი სხივების გარეშე. მორწყეთ მცენარე მაშინ, როდესაც ზედაპირზე მიწა გამოუშრება. ქოთანს ფსკერზე უნდა ჰქონდეს ხვრელები, რათა ზედმეტი წყალი ამ ხვრელების მეშვეობით გარეთ გავიდეს. კარგად დრენაჟირებული ნიადაგი სჭირდება, რომელიც შეიძლება შევქმნათ ტორფისა და ქვიშის ნაზავით, შესაძლებელია, ფიჭვის ქერქებიც შევურიოთ ნიადაგს. აპრილიდან ივნისამდე გადარგეთ ფიკუსი, როდესაც მცენარე მთელ ქოთანს შეავსებს ფესვებით ან მაშინ, როდესაც მცენარე ძალიან ახალგაზრდაა. ნიადაგს ყოველ წელს ვუცვლი. გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში გამოკვებეთ თხევადი სასუქით, ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ზაფხულის ცხელ პერიოდში ტენიანობა რომ შეუნარჩუნოთ, დანამეთ წყლით... რაც შეეხება გასხვლას: მოჭერით მცენარიდან ტოტი და გამოაშრეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. სანამ ტოტს მიწაში ჩარგავდეთ, წაუსვით ფესვების გამომტანი ჰორმონი, მაგრამ წასმული ტოტი პირდაპირ რომ ჩავდოთ მიწაში, ჰორმონი დაიკარგება, ამიტომ ფანქრით ან კალმით გააკეთეთ ღრმული და მასში ტოტი ფრთხილად ჩადეთ. ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 21-24 გრადუსი. როდესაც ფიკუსი თქვენთვის სასურველ სიმაღლეს მიაღწევს, შეგიძლიათ ის გადასხლათ. შეგიძლიათ ქვედა ტოტებიც მოაჭრათ და დააფესვიანოთ. თუ ფოთლები დაუმტვერიანდა, გაწმინდეთ ნაზად, ნელ-თბილი წყლით დასველებული ღრუბლით და ისიამოვნეთ სუფთა, პრიალა ფოთლებით.

დიფენბახია - ოფისებსა და სახლებს ძალიან უხდება. ამ მცენარესთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას ვაწყდებით სხვადასხვა სიტუაციაში. ყველაზე გავრცელებული მაღალტენიანობაა. ზოგადად, ზედმეტი მორწყვა პრობლემაა დეკორატიულ მემცენარეობაში. დიფენბახია უნდა ჩარგოთ კარგად დრენაჟირებულ ნიადაგში, მორწყათ მსუბუქად, ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი. სხვა პრობლემა შეიძლება იყოს არასაკმარისი განათებაც. როდესაც ვზრდით დიფენბახიას, იცოდეთ, რომ მას ურჩევნია ნათელ ადგილას, ფანჯარასთან ცხოვრება. მისთვის ფილტრილებული და სათანადო სინათლე აუცილებელია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც დიფენბახია ინტენსიურ ზრდას იწყებს. ამ დროს მცენარის ფოთლებს პირდაპირი მზის სხივები თუ მოხვდა, დაიწვება. შეატრიალეთ მცენარე რეგულარულად, რათა მოხვდეს სინათლე მის ყველა მხარეს. სხვადასხვა დიფენბახიის სახეობა სხვადასხვაგვარად იზრდება, შეამოწმეთ მცენარის ზრდის სიჩქარე და თუ ძალიან ნელა იზრდება ან საერთოდ წყვეტს ზრდას, ეს სინათლის დეფიციტის ბრალიც შეიძლება იყოს. სასურველია ორგანული სასუქის მიწოდება თვეში ორჯერ. ქვემოთა ფოთლების გაყავისფრება ნორმალურია, მოაჭერით ისინი, რათა მცენარე ლამაზად გამოიყურებოდეს. თუ ობობებმა და მწერებმა შეუტიეს, სჯობს სარეცხი საპნის სპრეი ან ზეთიანი ნემსი გამოიყენოთ და არა ქიმიკატები. თუ შეამჩნიეთ წვეთები მცენარის ფოთლებზე, არ იდარდოთ, ეს მცენარის ზრდის პროცესია.

GzaPressკოლეუსი, რომელსაც ზოგჯერ ჭინჭარასაც ეძახიან, ერთ-ერთი ულამაზესი მცენარეა, რომელიც რომც არ ყვავილობდეს, საოცარ ფერებს იძლევა ფოთლებით. მისი მოვლა ძალიან მარტივია. მოძველებული კოლეუსის ჯიშები, რომლებიც თესლით მრავლდება, კარგად იზრდება ჩრდილშიც, მაგრამ ახალი და კულტივირებული თანამედროვე სახეობები თავიანთ ნამდვილ ფერებსა და სილამაზეს მხოლოდ სრულ მზეში ამჟღავნებენ. ფერადოვნება და სილამაზე დამოკიდებულია კლიმატზე. თუ თქვენ ცხოვრობთ ცხელ, მშრალ რეგიონში, ყველა სახეობა ამ შემთხვევაში უნდა იზრდებოდეს ჩრდილში, განსაკუთრებით შუადღეს; ხოლო უფრო ცივ, მოკლე სეზონის მქონე ადგილებში, კოლეუსს მეტი მზე სჭირდება, რათა გათბეს. კოლეუსებს ურჩევნიათ ნეიტრალური, ოდნავ ტუტე ნიადაგი, მაგრამ არანაირი პრობლემა არაა მჟავე ნიადაგიც (თუ მასში ბევრი ორგანული ნივთიერება იქნება, უკეთესია). სწრაფად მზარდ კოლეუსებს დღეში შესაძლოა, ორჯერ მოუნდეთ "წყლის დალევა", მაგრამ წყალი უნდა მიეწოდოს ზომიერად, ისევე, როგორც სასუქი! ცივი კლიმატის დროს შესაძლოა, კოლეუსი ზედაპირულად მოიყინოს, მაგრამ ეს მისი "გარდაცვალება" არაა.

კაქტუსების ქოთნებში გახარება და მოვლა ძალიან მარტივია, თუ რამდენიმე რჩევას დაიმახსოვრებთ: როდესაც კაქტუსს სახლში მოიტანთ და ის პატარა ქოთანშია, უნდა გადარგოთ - მას საკვები "პროგრამის" განახლება ესაჭიროება. სასუქს გაზაფხულზე ვაწვდი მცენარეს და ეს დოზა მას გამოკვებავს 6-8 თვემდე, თუმცა სამჯერ შეიძლება დავაყაროთ სასუქი (გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე). წყალში ხსნადი სასუქი მთელი წლის განმავლობაში გამოადგებათ კაქტუსებს.

საბინაო პირობებში კაქტუსი უნდა მოირწყას თვეში ერთხელ ან ორჯერ, თუ გარეთ გაქვთ, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ. ნიადაგის შესამოწმებლად მიწაში ფანქარი ბოლომდე ჩაარჭვეთ; როცა ამოიღებთ, თუ მიწა სველი და ტენიანია, მაშინ მორწყვა არ უნდა. ქოთანში კაქტუსი კარგად გაიზრდება და იყვავილებს, თუ მას საკმარისი რაოდენობით სინათლე მიეწოდება. დადგით კაქტუსი ფანჯარასთან, საიდანაც იგი მიიღებს საჭირო რაოდენობით სინათლეს. თუმცა, გაითვალისწინეთ: კაქტუსს სითბო უყვარს, მაგრამ ზაფხულის მზემ შეიძლება იგი დაწვას.

როლანდ ხოჯანაშვილი