საქართველოზე შეყვარებული შვეიცარიელი ენათმეცნიერი - გზაპრესი

საქართველოზე შეყვარებული შვეიცარიელი ენათმეცნიერი

ალესანდრა სარტორის შესახებ შემთხვევით გავიგე - ეს ქალბატონი წარმოშობით შვეიცარიიდან გახლავთ. წლების წინ ჩვენი პოეზიითა და "ვეფხისტყაოსნით" მოხიბლულს, ქართული ენის შესწავლა გადაუწყვეტია. თავდაპირველად წიგნებით უცდია სწავლა და მერე უკვე ელექტრონული სწავლების კურსიც გაუვლია. ალესანდრა ამჟამად ოჯახთან ერთად, ლუგანოში ცხოვრობს.

- დავიბადე შვეიცარიაში, ციურიხში. ეს არის უდიდესი ქალაქი, რომელიც ჩრდილო-ცენტრალურ შვეიცარიაში მდებარეობს და მთავარი კომერციული და კულტურული ცენტრია. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ციურიხი მსოფლიოში "საუკეთესო ცხოვრების ხარისხის" ქალაქად დასახელდა. ამ ქალაქში გარკვეული პერიოდით ცხოვრობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან: ფიზიკოს-თეორეტიკოსი ალბერტ აინშტაინი, მომღერალი პატრისია კაასი, გერმანელი მწერალი თომას მანი, კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლენინიც კი. ამჟამად მე ლუგანოში ვცხოვრობ. ორიოდე სიტყვით ამ ქალაქის შესახებაც გეტყვით - ის სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობით შვეიცარიის მე-9 ქალაქია, რომელიც ლუგანოს ტბის ნაპირებზეა გაშენებული. მისი თბილი კლიმატი არაერთ ადამიანს იზიდავს, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს. ხშირად მას მეტსახელად შვეიცარიის მონტე-კარლოსაც უწოდებენ. ლუგანში ისეთივე ლამაზი ბუნებაა, როგორიც საქართველოში.

- პროფესიით ვინ ხართ და ამჟამად რას საქმიანობთ?

- ენათმეცნიერი ვარ, ქალაქ ჟენევაში დავამთავრე იტალიური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ახლა ლუგანში იტალიურ ენას ვასწავლი უცხოელებს და სტუდენტებს.

- რატომ გადაწყვიტეთ ქართული დამწერლობის შესწავლა?

- XX საუკუნის 20-30-იანი წლების იტალიურ პოეზიაში იყო ასეთი მიმდინარეობა - ჰერმეტიზმი, რომელიც გულისხმობს ჩაკეტილობას, სინამდვილიდან მოწყვეტას. ერთხანს ამ მიმდინარეობის მიმდევარი იტალიელი პოეტის შემოქმედებაზე ვმუშაობდი. თავის წიგნებში რუსთაველისა და თამარ დედოფლის შესახებ წერდა. 1991 წელს, საქართველოში გამომგზავრებამდე წავიკითხე რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესავალი და ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ქართულადაც წამეკითხა - ყველაფერი ასე დაიწყო. საქართველოს შესახებ მარტო ის ვიცოდი, რომ ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. დავინტერესდი, მოვძებნე და გავეცანი სხვადასხვა ინფორმაციას. ვიყიდე გრამატიკის წიგნიც და სწავლა დავიწყე. ბერნის უნივერსიტეტში კი შარშან ძველი ქართული ენის კურსიც გავიარე.

- ალბათ, თავდაპირველად ძალიან გაგიჭირდათ?

- ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, განსაკუთრებით რთული იყო ქართული ზმნების შესწავლა - ვიწვევ, ვეწვევი, ვიწევ - გავგიჟდი. მიყვარს ქართული ასო-ბგერები.

- საქართველოში თუ ყოფილხართ?

- საქართველოში უკვე რამდენჯერმე ვიყავი. პირველად 1991 წელს ჩამოვედი, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვნახე, რადგან ქალაქი ტანკებით იყო სავსე, ქვეყანაში საომარი სიტუაცია დამხვდა. მინდოდა, ქვეყნისა და ქალაქის ისტორია გამეგო. მახსოვს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან მომეწონა ქალაქიცა და ხალხიც. უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.

- რამდენ ენაზე საუბრობთ?

- ვიცი იტალიური, ფრანგული, გერმანული. ძალიან მინდა, ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრო საქართველოში, რომ უფრო კარგად და გამართულად შევძლო საუბარი. აქ თითქმის ვერავისთან ვლაპარაკობ ქართულად. მყავს რამდენიმე ქართველი მეგობარი, მაგრამ ისინი იტალიურად უფრო ლაპარაკობენ. თბილისშიც მყავს ერთი კარგი მეგობარი. ტელევიზიიდან რომ მომისმენია, განსაკუთრებით მომწონს მეგრული დიალექტი. რაც შეეხება პოეზიას, მიყვარს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, ზეპირადაც კი ვისწავლე ზოგიერთი. 1991 წელს ერთმა ქართველმა პროფესორმა მაჩუქა გალაკტიონის წიგნი და მაშინ გავეცანი ამ პოეტის შემოქმედებას.

- გალაკტიონის რომელი ლექსი უფრო მოგწონთ?

- "უსიყვარულოდ" და "ცელი კივის"...

- თქვენი ოჯახის შესახებაც მითხარით რამე...

- მყავს მეუღლე, რომელიც პროფესიით ეკონომისტი გახლავთ და 3 შვილი - 2 გოგონა და 1 ბიჭი. ჩემი შვილები ცხოვრობენ ფრაიბურგში, გერმანიაში და იქ ბევრ ქართველს იცნობენ. ამ წლის გაზაფხულზე ვფიქრობ საქართველოში ჩამოსვლას მარტო ან მეგობრებთან ერთად. მოუთმენლად ველოდები გაზაფხულის დადგომას...

ნინო ჯავახიშვილი