ზემო თელეთელების გასაჭირი და თბილისიდან იქ გადასახლებული ყველის ჯადოქარი - გზაპრესი

ზემო თელეთელების გასაჭირი და თბილისიდან იქ გადასახლებული ყველის ჯადოქარი

სოფელი ზემო თელეთი თბილისთან ახლოს, შავნაბადის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. სოფელი გარდაბნიდან 45 კმ-ით არის დაშორებული და იქ 2014 წლის აღწერის მონაცემებით 890 ადამიანი ცხოვრობს. თელეთის წმინდა გიორგის სასწაულქმედების შესახებ ოდითგანვე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და მას დღესაც ბევრი მომლოცველი ჰყავს. სოფელს XIX საუკუნემდე "ხატის თელეთი" ერქვა აქ დავანებული წმინდა გიორგის საკვირველმოქმედი ხატისა და მისი სახელობის ეკლესიის გამო. თელეთი ფეოდალურ ეპოქაში ადმინისტრაციულად "საბარათიანოში" შედიოდა. სახელი კი ამ ადგილებში გავრცელებული ხის ჯიშის, თელის ტყეების სიმრავლის გამო ეწოდა. ისტორიულ დოკუმენტებში XVI საუკუნიდან იხსენიება თელეთის მთა, თელეთის ღელე. ვახუშტი ბატონიშვილის დროსაც რამდენიმე თელეთი ყოფილა. ამიტომაც, სოფლის სახელს მრავლობით რიცხვში იხსენიებს. "კუმისის აღმოსავლეთით მტკვრისკენ, არის თელეთელები", - წერს ის.

თელეთის შემოგარენში არაერთხელ შერკინებია ქართველობა შემოსეულ მტერს. განსაკუთრებით ტრაგიკული იყო კრწანისის ომი. ერთ-ერთი გადმოცემით, ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს კი მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს, მაგრამ ჭაბუკი ვერსად უნახავთ. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება და წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის წმინდა გიორგის ეკლესია. ამ სასწაულის გამო სახალხო დღესასწაულიც დაწესებულა, შავნაბადობა. წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს წმინდა ნინოს დედათა მონასტერია, სამსართულიანი, გუმბათიანი ეკლესია, ახალი აშენებული.

სოფელი პატარაა, გაჩერებიდან ფეხით კარგა მანძილი გავიარე და პირველი, რაც თვალში მომხვდა, უსუფთაობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ უბნებში ნაგვის ურნები დგას, მაინც ბევრგან შეაჩნევთ ნაგვის პარკებს, ბოთლებს, აღარაფერს ვამბობ ლამის პირდაპირ გზის პირებზე დაყრილ ნაკელზე - ბევრი ოჯახი, რომელიც მესაქონლეობას მისდევს, როგორც ჩანს და როგორც იქაურებმაც აღნიშნეს, არაფრად აგდებს თანასოფლებების უკმაყოფილებას და თავს არ იწუხებს სოფლის სისუფთავეზე ზრუნვით. წყაროსთან რამდენიმე მოხუცი შევამჩნიე, ისხდნენ, ჭურჭლის ავსებას ელოდებოდნენ და თან საუბრობდნენ. გამოველაპარაკე, თქვენს სოფელზე ვაკეთებ მასალას და მომიყევით თქვენი გაჭირვებისა და დალხინების ამბავი-მეთქი. დამთანხმდნენ, თუმცა სურათების გადაღებაზე ვერც ერთი ვერ დავიყოლიე.

GzaPress მანანა მერაბიშვილი: - დალხენილობისა რა გითხრა, შვილო, გაჭირვებაა და ახლა როგორი გაჭირვება. სულ რომ არაფერი, ჯერ მარტო უწყლობა გვტანჯავს. ბავშვი დილით რომ გავუშვი სკოლაში, მას შემდეგ წამოვედი წყაროზე. აჰა, რომელი საათია, მე კი ისევ აქა ვზივარ და ველოდები, როდის აივსება. უსუფთაობაც გვაწუხებს. ნაგვის ურნები კი დადგეს, მაგრამ რად გინდა, ხალხი თვითონ არ უფრთხილდება აქაურობას...

ირინა მერაბიშვილი:

- აი, ნახეთ, რა ხდება - პირდაპირ ჩემი სახლის კედელზეა მოყრილი ეს ამდენი ნაკელი და ფუნა, დაჭაობებულია აქაურობა. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რა გზას მივმართო. დამაკვალიანეთ ვისთან მივიდე ამ პრობლემის მოსაგვარებლად? გარემოს დაცვის სააგენტოდან მოვიდნენ, სურათები გადაიღეს, მაგრამ არანაირი რეაგირება და შედეგი არ მოჰყოლია. ცენტრალური, ეკლესიისკენ მიმავალი გზაა, ბევრი ხალხი ადი-ჩადის ამ გზაზე. წარმოიდგინეთ, ზაფხულში რა სუნი იქნება, რა დღეში გვიწევს ყოფნა.

- რამდენი ხანია, აქ ცხოვრობთ?

მანანა მერაბიშვილი:

- 53 წელია, რაც ამ სოფელში ვცხოვრობ. 15 წლისა ვიყავი, რომ გავთხოვდი, წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან ვარ. მშობლებმა გამათხოვეს, მაშინ სად იყო შენს ნებაზე გათხოვება? მე-9 კლასელს არც არავინ მკითხა, მომწონდა თუ არა საქმრო. უნდოდათ მშობლებს? - ე.ი. თანხმობა უნდა გეთქვა.

თინა მერაბიშვილი:

- მეც 53 წელია, ამ სოფლის რძალი ვარ. მე და მანანა ბიძაშვილის ცოლები ვართ. სანამ პატრონი ჰყავდა სოფელს, კარგი იყო, ადრე ხალხიც პატიოსანი გახლდათ, მეზობლობაც იცოდნენ და ერთმანეთის მოფრთხილებაც. ახლა ლამის ერთმანეთი დაჭამონ.

მანანა:

- როგორც დები, ასე ვიყავით, ერთმანეთს ზედმეტს არაფერს ვაკადრებდით. ახლანდელები კიდევ, ნუ იტყვი...

- რით ირჩენთ თავს, მხოლოდ პენსიით?

- საქონელი გვყავს, ძირითადად ეს არის ჩვენი საარსებო წყარო. წყალი არ არის და რაც გინდა, დათესო, მაინც არაფერი მოდის.

საუბარში დოდო ასლამაზიშვილიც შემოგვიერთდა. მშობლებმა თქვენც ძალით გაგათხოვეს-მეთქი? - ვკითხე.

- ჩემი ნებაც რომ არ ყოფილიყო, მთლად ძალით როგორ გამათხოვებდნენ? კაცი მომეწონა და გავყევი.

- ე.ი. იცნობდით?

- ქვემო თელეთიდან ვარ. ის უფრო მიცნობდა, ვიდრე მე. დედაჩემი შეხვედრისა და გაცნობის უფლებას მომცემდა? ჩემს მშობლებთან მოვიდნენ ხელის სათხოვნელად და მეც დავთანხმდი. მას შემდეგ მოვდივართ მე და ჩემი ქმარი შრომითა და წვალებით, მგონი, ბოლოშიც გავედით უკვე (იცინის). 69 წლის ქალი ვარ. ყოველ დილით 5 საათზე ვდგები, ჯერ ბოსელს ვასუფთავებ, ვგვი, ნაკელი გამაქვს, მერე ძროხებს კუდს ვუბამ ხოლმე, რომ არ გაიქნიონ და ხელი არ შემიშალონ მოწველისას, მერე ცურებს ვბან და ვწველი. ახლა 7 მეწველი მყავს, დღეში 100 ლიტრამდე რძე მაქვს. ხვალ-ზეგ კიდევ მეყოლება სხვებიც. რა ვქნათ, უწვალებლად და უშრომელად არაფერი მოდის. ჩემი შვილებისა და შვილიშვილების სამყოფი ბოსტნეულიც მომყავს. ჭაბურღილი გვაქვს და ისე ვრწყავ მიწას, აბა, ამ წყლის იმედად ვინ იქნება? სოფელში ზოგს ღორებიცა ჰყავს, მე ზამთრისთვის დასაკლავად ვზრდი; ქათმები გვყავს, ყველს ვყიდით და ასე გავდივართ იოლას. მე და ჩემს ქმარს ისეთი საქონელი გვყავს, თვალი რომ დაგრჩება ზედ.

GzaPress

- რამდენი შვილი გყავთ? - 3 მყავდა და ერთი დამეღუპა. ხედავ, შვილო, ადამიანს მაინც როგორი გული აქვს? ცხოვრება როგორია, ხვდები? მეზობლებმა კი იციან, როგორი შვილიცა მყავდა, მშრომელი, სხვების დამხმარე, დაუზარელი, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრება ყველას და ყოველთვის არ გვანებივრებს.

ამასობაში ჩემი მასპინძელიც გამოჩნდა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე. ის 2010 წლიდან ფესტივალების "ქართული ყველი" და "კავკასიური ყველი" ორგანიზატორი და პროექტის "ქართული ყველი" ავტორია. დაუღალავი შრომის შედეგად მოიძია და აღადგინა ძველი, მივიწყებული ქართული ყველების რეცეპტები. ზოგი ამბობს მასზე, ყველის მიკ ჯაგერიაო, ზოგი ყველის "ნარკობარონშას" ეძახის, თუ რატომ, მოგვიანებით გეტყვით, მე კი მისი უგემრიელესი, რამდენიმე სახეობის ყველის დაგემოვნების შემდეგ ყველის ჯადოქარს დავარქმევდი.

უკვე 6 წელია, რაც ანამ თელეთში იყიდა სახლი და იქ ცხოვრობს. ამ სოფელზე იქაურებზე არანაკლებადაა შეყვარებული და წუხს, რომ ახალგაზრდებს ეთაკილებათ სოფლად ცხოვრება.

- ყოველთვის მინდოდა სოფელში მეცხოვრა და მეურნეობა მქონოდა. ექსპედიციებიდან სასიამოვნო ემოციებით რომ ვუბრუნდებოდი ქალაქს, უკვე გაძლება მიჭირდა იქ. აქაური ენერგეტიკა სულ სხვაა. არავინ გეჩხუბება, ყველა გიღიმის, კომფორტის ზონა გაქვს. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ეს სოფელი. დამიჯერებთ, რომ მიწას ვეფერები ხოლმე? სხვანაირად მიწისგან ვერ მიიღებ იმას, რასაც დასთეს... პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ პედაგოგიური მოღვაწეობა მალევე დავამთავრე, რადგან ეს სფერო ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. ერთხანს უმუშევრად დავრჩი. ისეთი ტიპაჟი ვარ, მუდმივად სიახლეს რომ ეძებს - ვაკეთებდი მინანქარს, კერვაც დავიწყე, თიხაზეც ვმუშაობდი, ვწერდი ლექსებს. ერთი პერიოდი საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. ენაზე სულ ელექტრონული სწავლება, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია მეკერა. ამიტომაც ელექტრონულ ანას მეძახდნენ.

- ელექტრონული ანადან მეყველე ანა როგორ გახდით?

- 2007 წელს ვმუშაობდი წიგნზე "საქმიანი საქართველო". კონცეფციის ავტორი ვიყავი. პროექტის ფარგლებში გავიცანი საინტერესო ქალბატონი, ეთნოგრაფი თამილა ცაგარეიშვილი და სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვა: როგორ მოხდა, რომ ისტორიული მესაქონლეობის ქვეყანას მხოლოდ 4 სახეობის ყველი - იმერული, სულუგუნი, გუდა და ე.წ. ქარხნის ყველი აქვს-მეთქი? მიპასუხა, 4 კი არა, 50 სახეობის ყველი გვაქვსო. მოკლედ, კვლევა დავიწყე. ერთ ბროშურაში ნახსენები იყო ყველის სრულიად უცნობი სახეობები: ნარჩვი, შუშველა, დამბალხაჭო, ჩოგი, კალტი, ტენილი, შორა, მოთალი. საინტერესოა, რომ ხშირად ყველის სახელწოდებები პირდაპირ მათ ადგილწარმოშობაზე მიუთითებდა. მაგალითად, კობის ყველი, რომელიც სოფელ კობში კეთდებოდა და რაიკომის მდივნების ყველს უწოდებდნენ, რადგან ძვირი იყო. ერთი სიტყვით, გამიჩნდა ინტერესი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მე ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვაწყობდი ყველის ფესტივალს; რომ აუცილებლად დავასრულებდი კვლევას; რომ მივადგებოდი ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას და ა.შ. ასეც მოხდა, ახლა უკვე აქვს ქართულ ყველას საკუთარი ისტორია, ფესტივალი და მე სიამაყით ვამბობ, რომ ვარ მეყველე! თუ არსებობს ტერმინი "მეღვინე", უნდა იყოს მეყველეც, რატომაც არა! მართალია, ამ იდეას შეეწირა რაც მებადა, სახლით დაწყებული სამკაულებით დამთავრებული, მაგრამ არ ვნანობ. ახლა მაქვს მშვენიერი სახლი ძალიან ლამაზ სოფელში, აქაურობა მიყვარს, იდეები კი იმდენი მაქვს, არ ვიცი, რომლის განხორციელება დავიწყო.

GzaPress- ექსპედიციებში დადიოდით და რეცეპტებს აგროვებდით. მომიყევით, რომელი სახეობები აღმოაჩინეთ ასე?

- შეიძლება, ის მთხრობელი შენზე უფრო ფანტაზიორი აღმოჩნდეს და თუ სხვამაც არ დაგისდასტურა ინფორმაცია, მას არ ექნება ეთნოგრაფიული ღირებულება. მაგალითად, თაფლში დავარგებულ ყველზე არავინ არაფერი იცოდა. თაფლი გარსს უკეთებს ყველს, ვაკუუმირებას ახდენს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შენახვას. როგორც ჩანს, ამ მეთოდს უფრო აქტიურად სამეგრელოში იყენებდნენ. ერთმა 95 წლის ქალბატონმა, ვენია ჭედიამ მიამბო ამ ტექნოლოგიაზე, თუმცა კარგად არ ახსოვდა ყველაფერი. გამიმართლა და სხვა მთხრობელიც გამოჩნდა, ზუსტ ტექნოლოგიას მივაგენით და საშუალებაც მომეცა, ამ ყველისთვის ეთნოგრაფიული მიმართულება მიმეცა. მესხეთში ერთმა ადგილობრივმა კაცმა მითხრა, ყველი რომ გამიფუჭდება, ქოთანში ვყრი და მიწაში ვმარხავ, მერე ნიორს, წიწაკასა და ქონდარს ვამატებ და გემრიელიაო. შემთხვევით წავაწყდი რაჭაში ნიგვზიან ყველს. ძალიან გემრიელია, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს. მე გადავახვიე, ბოლოებში ყველის თოკები მოვუჭირე და ისე შევბოლე. თან ორიგინალური ფორმა მივეცი და ყველას ძალიან მოეწონა. ცალკე თემაა ყველის გარეგნული იერი. ყველის ქოთნებს ვიყენებ სხვადასხვა კრემ-ყველის ჩასადებად და ვიღებ რამდენიმე გემოს ერთად. ვაიმე, ეს ქოთნებიც იჭმებაო? - უკვირთ ხოლმე. კახა ბენდუქიძესთან შეხვედრას გავიხსენებ. მრგვალ აკვარიუმში თაფლი ჩავასხი, შიგ ჩავყარე ერთი ვარძიელი ქალბატონის დამზადებული ყველის ბურთულები, გარგარის ჩირი, ნუში, პიტნის ფოთლები. ეს იყო ძალიან ლამაზი. მის კაბინეტში რომ შევედით და ვუთხარი, ეს ჩემგან საჩუქრად მიიღეთ-მეთქი, საფულედან 100 დოლარი ამოიღო და მაგიდაზე დადო. გავგიჟდი: საჩუქრად მოგიტანეთ-მეთქი. ახლა, რა მეტყობა მე, რომ შენ ყველი უნდა მაჩუქო ან რატომ უნდა მაჩუქოო? - ასეც რომ იყოს, ეს 100 დოლარი არ ღირს-მეთქი, ვუპასუხე. მაგაში რამდენი ტოტი აგდია ან რამდენი კილო თაფლია გეკითხები? მე ფულს ვიხდი ამ კონცეფციაში, თვალს ვერ ვაშორებ, ვგიჟდები, ისეთი ლამაზია და ისე მომწონსო. მთხოვა, საწარმო გავაკეთოთ, სრულ თავისუფლებას მოგცემ და სტუდენტებსაც ასწავლე ძველი და კარგი ყველის კეთებაო, მაგრამ ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა - ვერ გავბედე. ვიფიქრე, მას ვერ ავყვები, ის ცოდნა და ის ტემპი არ მაქვს, რაც მას აქვს-მეთქი.

- საინტერესოა, ყველის დავარგებას რა დრო სჭირდება?

- ყველი ახალია 2-3 დღე, მაქსიმუმ ერთი კვირა. მომწიფების ეტაპი რომ აკლდეს, ასეთი გემრიელი არ იქნება. დავარგებისთვის ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება, სულგუნს ერთი კვირა, პარმეზანს - წელიწადი და 2 თვე. 3 თვის შემდეგ ყველს უფრო "კეთილშობილი" გემო აქვს, იხვეწება. რაც უფრო ძველია, მით უფრო გემრიელია. ყველი შეიცავს ბედნიერების ჰორმონებს - ენდორფინებს, ძილის წინ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, რომ კარგად დაგეძინოთ და კარგ ხასიათზე იყოთ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ყველი შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც წარმოქმნის კაზომორფინებს - ნივთიერებებს, რომლებიც ემსგავსება მორფინს, ოღონდ ორგანიზმზე მსგავსი ზემოქმედების მიუხედავად, მათ არ გააჩნიათ ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ნეგატიური თვისებები. ამის გამო ხშირად ხუმრობით მეუბნებიან, "ნარკობარონშა" ხარო.

ნინო ჯავახიშვილი