არც ისე შორია ევროპამდე - გზაპრესი

არც ისე შორია ევროპამდე

ბოლო დროს ხშირად მიწევს სოციალურ თემებზე მუშაობა, განსაკუთრებით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე. ნათელია, რომ საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული მიდგომები ნელ-ნელა, მაგრამ ირღვევა. ყველაზე მეტად ამ პროცესს ხელს უწყობს შშმ პირის სტატუსის მატარებელი მოქალაქეების სოციალიზაცია და სრულფასოვან სამოქალაქო ცხოვრებაში სანიმუშოდ ჩართვა. ერთ-ერთი იმ ადამიანთთაგანი, რომელმაც კარიერული წინსვლით დაამტკიცა ბარიერული გარემოს გადალახვა, სიმონ პეტრიდისია. მისი აზრით, ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპულ სტანდარტებამდე და ძალიან მალე საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად უპასუხებს საქართველო.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია, რომ სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის მრჩეველი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებში. პეტრიდისი სამართალმცოდნეა, დამთავრებული აქვს ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველის პოსტზე. მის მოვალეობაში შედიოდა კანონპროექტების ანალიზი, კორექტირება, დასკვნების მომზადება, ახალი კანონპროექტების მომზადება-ინიცირებისთვის და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

- საინტერესოა, როდის გაჩნდნენ ზუგდიდში პეტრიდისები?

- პეტრიდისების გვარის ზუგდიდური ისტორია საუკუნეზე ოდნავ მეტ პერიოდს მოიცავს. დიდი ბაბუა იყო გემთმფლობელი და მოგზაური. იმხანად საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში გახშირებული იყო გემების გატაცების შემთხვევები. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ბაბუას გემი გაიტაცეს, რის გამოც მოუწია საქართველოში შეყოვნებამ. ის იმდენად მოხიბლულა ქართული ტრადიციებითა და კულტურით, რომ ზუგდიდში დარჩენა გადაუწყვეტია. რადიკალურად შეუცვლია საქმიანობის სფერო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მეაბრეშუმეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

- შენზეც გვიამბე რამე...

- ჩემი შრომითი ბიოგრაფია დაიწყო ადვოკატობით და გაგრძელდა სხვადასხვა, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მიმართულებებით. ვმუშაობდი როგორც კერძო, ისე არასამთავრობო სექტორში, მოგვიანებით კი აღმოვჩნდი საჯარო სამსახურში.

- შშმ პირის სტატუსი გაქვს...

- ეს ამბავი დაკავშირებულია ვირუსთან და ექიმების შეცდომასთან. არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია კუნთების მოდუნება. ექიმებს იმედი დაუკარგავთ და ოჯახის წევრებისთვის პირდაპირ უთქვამთ, ვერ იცოცხლებს და შეეგუეთო. მიუხედავად ამისა, მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მათ დავყავდი სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ კლინიკებში, რათა ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ყველგან თითქმის იგივე პასუხი ჰქონდათ, რაც საქართველოში. ბოლოს მაინც გავიმარჯვეთ მე და ჩემმა მშობლებმა. ღრმად მწამს, რომ ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია მის რწმენაზე და არა ფიზიკურ მდგომარეობაზე. ვიდრე გულში გაქვს სამყაროს სიყვარული, მანამდე მასაც სჭირდები და სწორედ ეს საჭიროება ზოგჯერ სასწაულადაც აღიქმება.

GzaPress- სწავლას დღესაც არ წყვეტ, არა?

- დიახ, ასეა! ნათქვამია, სწავლა სიბერემდეაო და მეც ასე ვიქცევი. ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დოქტორანტი. ადრეც, სწავლას ყოველთვის ვუთავსებდი ჩემს სამუშაოს. ზუგდიდში ჯერ კიდევ სტუდენტობისას სამშენებლო კომპანიის ოფისის მენეჯერობა მანდვეს, შემდეგ ჩავერთე საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში. ვიყავი ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინატორი და პარალელურ რეჟიმში ვეუფლებოდი უცხო ენებს. ამჟამად ვეუფლები ჩინურს.

- საინტერესოა შენი ცხოვრების გზა ზუგდიდიდან თბილისამდე...

- ჩემი, როგორც იურისტისა და აქტიური უფლებადამცველის საქმიანობა არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. სრულიად მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება ბატონი შალვა თადუმაძისგან. მაშინ არც მისი სტატუსი იყო ჩემთვის ცნობილი და არც იმ დიდ საქმეებზე მქონდა წარმოდგენა, რასაც მისი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი უძღვებოდა. ეს იყო ადვოკატისთვის საუკეთესო სამსახური მრავალფეროვანი სამართლებრივი გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის დასამახსოვრებელი და მუდამ აღტაცებით მოსაგონარი იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში არაერთ საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობის პერიოდი. ახლახან, მოულოდნელად, საქართველოს პრეზიდენტმა შემომთავაზა მის გუნდში ყოფნა და ჩემთვის დიდი პატივია პირველ ქალ პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებზე მუშაობა და ფიქრი.

- მიუხედავად იმისა, რომ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი ხარ, კრიტიკულად უდგები სოციალური პოლიტიკის ნაკლოვან მხარეებს, რომელიც შშმ პირებს შეეხებათ.

- სოციალური პოლიტიკის ნაკლოვან მხარეებზე საუბარმა შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს და ამისთვის ერთი ინტერვიუ არ იქნება საკმარისი. ჩემი აზრით, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია შშმ პირთა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ საკითხზე ხშირად მომმართავენ და მათი გადაჭრის გზებზე მიწევს ფიქრი.

- როგორია შენი მოსაზრება დღის ცენტრების შესახებ?

- დღის ცენტრი არის კომუნიკაციისა და ურთიერთგანვითარების ინკლუზიური ადგილი, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირების დამოუკიდებლობის და ცოდნის გაუმჯობესების პროცესს. ქვეყნის წარმატება ფასდება მისი სოციალური პოლიტიკით. დღის ცენტრების მომსახურებით ყველა იმ პიროვნებამ უნდა ისარგებლოს, ვისთვისაც ამგვარი სერვისი საჭიროა!

- 18 წლის ასაკის შემდგომი პერიოდის შშმ პირების ზოგადი მდგომარეობა საქართველოში შემაშფოთებელია. ვერ ხერხდება ინტენსიურად საჯარო ან კერძო სექტორში მათი დასაქმება. კერძო სექტორი თვლის, რომ შშმ პირისთვის სამუშაო გარემოს შექმნა ძვირი უჯდება, საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხვედრითი წილიც დაბალია...

- ქვეყანა მუშაობს შშმ პირებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. დღის წესრიგში დგას მათთვის სამუშაო ადგილების შექმნის და დამსაქმებლების სტიმულირების საკითხი. პრობლემები ბევრია და ეს არავისთვისაა უცხო. მთავარია, დაწყებულია ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და არის გარკვეული შედეგებიც. თუმცა, ეს არ იძლევა მიღწეულით კმაყოფილების გამოხატვის საშუალებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობ არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. უახლოეს მომავალში დავიწყებთ თემატურ ჯგუფებში ჩვენი გეგმებისა და არსებული გამოწვევების განხილვას, რის შედეგადაც გვექნება კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია. ამას აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას.

- ვიცი, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ და უფრო სასიამოვნო ამბების გახსენება გიყვარს...

- წყენის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ უსიამოვნო ამბებს არ ვიმახსოვრებ. არ მიყვარს მეხსიერების დატვირთვა უსარგებლო აზრებით. რომ ვცადო, ვერ გავიხსენებ ისეთ ფაქტს, რომლის გამოც შეიძლება ღელვა დაუსრულებლად. რაც შეეხება პოზიტივებს, ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა მსიამოვნებს. გავიხსენებ ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში მიწვევას და იქ ყოფნით მიღებულ გამოცდილებასა და პოზიტიურად დატვირთულ პერიოდს. სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები საჯარო სამსახურში. ყველას უკვირდა, თუ როგორ შემარჩიეს. მთავრობის ადმინისტრაციის ისტორიაში ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათთვის უცნობმა პიროვნებამ დაიკავა ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი. გამიმართლა კოლეგებსა და ხელმძღვანელში. მათგან ბევრი მხარდაჭერა მახსოვს. რომ არა ქალბატონი სალომე, არც არასდროს ვიფიქრებდი სხვაგან წასვლაზე, მაგრამ როცა საქმეს სჭირდები და ზუსტად იცი, რა უნდა აკეთო, არჩევანზე ფიქრიც არ ღირს. ადვოკატობაც შშმ პირების დასაცავად გადავწყვიტე, საჯარო სამსახურშიც სტერეოტიპების დასამსხვრევად მოვედი. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც მაშინ ევროინტეგრაციულ საკითხებზე მუშაობა იყო გამოწვევა, ისეა ახლაც და მაქსიმუმს ვეცდები, წარმატებით გავართვა თავი სამსახურებრივ ვალდებულებებს.

როლანდ ხოჯანაშვილი