რას ჰყვება 17 წლის ერაყელი ალი აბასი - გზაპრესი

რას ჰყვება 17 წლის ერაყელი ალი აბასი

საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როდესაც მათი მონაწილეობით დადგმული სპექტაკლის - "პატარა უფლისწულის" ნაწყვეტები ვნახე. როგორც თათა ჭითავამ, ორგანიზაციის "საზოგადოებრივი დამცველი" აღმასრულებელმა დირექტორმა და საგანმანათლებლო და სოციალურ-კულტურული მიმართულების კოორდინატორმა მითხრა, ინტეგრაციის ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს და არაერთ აქტივობას ახორციელებს. სხვადასხვა მიზეზის გამო ბავშვებმა უარი თქვეს ჩემთან საუბარზე, მხოლოდ 17 წლის ერაყელი ბიჭი - ალი აბასი დამთანხმდა.

თათა ჭითავა:

- ბავშვები ძირითადად ერაყიდან, უკრაინიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან არიან. ამ ცენტრში ისინი სწავლობენ ქართულ ენას, სამოქალაქო განათლებას, გვაქვს სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლების კურსები. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს: ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დავდგით აჭარული ცეკვა, ბავშვები დადიან წრეებზე მოსწავლეთა სასახლეში, მივდივართ ექსკურსიებზე (იმერეთსა და აჭარაში ვიყავით უკვე). ცენტრში ფუნქციონირებს საკონსულტაციო სერვისიც. რამდენიმე თვის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამ ბავშვების მონაწილეობით და ონისე ონიანის რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლი "პატარა უფლისწული". ლტოლვილმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად ქართულ ენაზე პირველად ითამაშეს ფრანგი მწერლის, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პოპულარული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში. სპექტაკლს ესწრებოდნენ მონაწილე ბავშვების ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ღონისძიება გაიმართა პროექტის "საქართველოში ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა" ფარგლებში და მიზნად ისახავდა საერთაშორისო დაცვის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებელთა წარმატებულ ინტეგრაციას მიმღებ საზოგადოებაში.

ალის ქართულად საუბარი არ უჭირს. ის უკვე 6 წელია, საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და როგორც მითხრა, აქაურობა ძალიან შეუყვარდა.

- მშობლები და 3 ძმა მყავს: ერთი ძმა ჩემზე უფროსია, მეორე - უმცროსი, მეოთხე, ნაბოლარა კი საქართველოში დაიბადა. ჩვენი გადასაწყვეტი არ ყოფილა, საკუთარი ქვეყნიდან წამოვსულიყავით თუ არა, მშობლებმა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

- იქაურ ცხოვრებაზე მიამბე რამე...

- რა გითხრათ, ჩვეულებრივ ვცხოვრობდით. რაღაც მსგავსება მაინც ვიპოვე ჩვენს ტრადიციებს შორის. მაგალითად, სტუმართმოყვარეობა - ჩვენთანაც ისეთი დიდი პატივისცემითა და სითბოთი ხვდებიან სტუმარს, როგორც აქ. ბიჭიანობა ჩვენთანაც განსაკუთრებით ახარებთ. ჩვენთანაც იციან ტრადიციულად დიდი ქორწილებისა და სუფრების გაშლა, ყველას უყვარს ქეიფი და მოლხენა. იქ მამა, ანუ კაცი ითვლება ოჯახის უფროსად და მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ დანარჩენები. ბუნებით მხიარული და გახსნილი ხალხი ვართ, უბრალოდ, მაინც მკაცრი ტრადიციები გვაქვს.

- რას გულისხმობ?

- ყველა იცავს მკაცრ წესებს, მაგალითად, ქალებს თავსაბურავის ტარება ევალებათ...

- როდესაც აქ ცხოვრება გადაწყვიტეთ, თუ იცოდით რამე საქართველოს შესახებ?

- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ გვქონდა, სად მოვდიოდით. როგორც ექსკურსიაზე ათვალიერებ რაღაც ახალს და გაინტერესებს, ასე იყო ჩვენთვისაც.

- მერე, როგორ მოგეწონა აქაურობა?

- ძალიან მომეწონა ბუნებაც, ხალხიც, ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე. თავიდან ქირით ვცხოვრობდით, მერე ბინა ვიყიდეთ. ქართული, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, კერძო მასწავლებელი ავიყვანეთ და სამივე ძმამ დავიწყეთ სწავლა. სახლში არაბულად ვლაპარაკობთ, რადგან მშობლებმა მაინც ვერ ისწავლეს ქართული - ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. როცა არ გვინდა მშობლებმა გაიგონ იმის შესახებ, რაზეც ძმები ვსაუბრობთ, მაშინვე ქართულად ვიწყებთ ლაპარაკს (იცინის). პატარა ძმა, რომელიც აქ დაიბადა, ორივე ენაზე ლაპარაკობს - ხან ქართულად და ხან არაბულად. მოკლედ, შევედით ქართულ სკოლაში. ცოტა დაკომპლექსებული კი ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ ბავშვები, მაგრამ თურმე, ტყუილად ვნერვიულობდი. გიორგის წყალობით (თავის მეგობარზე მანიშნებს. - ავტ.) ქართულიც უკეთესად ვისწავლე და ბავშვებიც გავიცანი. მეკითხებოდნენ, მართლა ერაყელი ხარ? იქ როგორ ცხოვრობდით? როგორი ქვეყანაა? ეს სიტყვა როგორ გამოითქმისო და ა.შ.

გიორგი აწკარუნაშვილი:

- ალის მანამდეც ვიცნობდი, ვიდრე სკოლაში დაიწყებდა სიარულს. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და მალევე დავმეგობრდით. კარგი ადამიანია, ყველაფერში გაგიგებს.

- ალი, ყველაზე დიდი სირთულე შენთვის რა აღმოჩნდა?

- ენის შესწავლა, სხვა ბარიერი არ მქონდა, არც ხალხისგან მიგრძნია უარყოფითი დამოკიდებულება.

- საქართველოს რომელი მხარე მოგეწონა?

- ჯერ ყველა კუთხე არ მინახავს, მაგრამ ნანახიდან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბორჯომის მხარემ, ბაკურიანმაც მომხიბლა - ზაფხულშიც ვიყავი და ზამთარშიც, ორივე სეზონზე ლამაზია.

- სად აპირებ სწავლის გაგრძელებას, რა გეგმები გაქვს?

- ჩემი უფროსი ძმა სამედიცინოზე სწავლობს, მე საავიაციოზე ჩაბარება მინდა, ბავშვობიდანვე პილოტობაზე ვოცნებობ. ისე მოხდა, რომ სპექტაკლშიც მფრინავის როლი შემხვდა და უფრო მომეწონა ეს პროფესია.

- მითხარი, მსახიობობა თუ მოგეწონა?

- როდესაც თათამ გვითხრა სპექტაკლში მონაწილეობის შესახებ, სიამოვნებით დავთანხმდი. შეხვედრაზე გიორგისთან ერთად წავედი. ონისე ონიანი სპექტაკლის შესახებ დაგველაპარაკა და ისე მოხდა, რომ გიორგიც ჩაერთო ამ საქმეში. უნდა ვაღიარო, მსახიობობა მომეწონა, მაგრამ მაინც პილოტობა მინდა.

- როდესაც ამბობ სიტყვას - "სამშობლო", რა შეგრძნება გაქვს?

- ფაქტობრივად, აქ გავიზარდე და როდესაც მაგ სიტყვას ვამბობ, უფრო აქაურობა დამიდგება ხოლმე თვალწინ, აქაურობა უფრო ახლობელია ჩემთვის. ჯერჯერობით არ ვფიქრობთ უკან დაბრუნებას, ჩვენს სახლში ამჟამად ახლობლები ცხოვრობენ, მიწერ-მოწერა გვაქვს იქ დარჩენილ ნათესავებთან. ამ 6 წლის განმავლობაში არასდროს ვყოფილვართ ერაყში. შევეჩვიეთ აქაურობას, ხალხს, მეგობრები მყავს და გამიჭირდება აქედან წასვლა...

ნინო ჯავახიშვილი