"უბორნაიაში დაგდებული" ბელადის სიგელი და დასჯას გადარჩენილი მსახიობი - გზაპრესი

"უბორნაიაში დაგდებული" ბელადის სიგელი და დასჯას გადარჩენილი მსახიობი

"არ არსებობს დიდი და პატარა როლები" - ეს გამოთქმა ყველასთვის ცნობილია. არიან მსახიობები, რომელთა ეპიზოდებიც იმდენად დასამახსოვრებელია, რომ ფილმები მათ გარეშე ვერც წარმოგვიდგენია. გავიხსენოთ ნუნუ მაჭავარიანი, რომელმაც 20-მდე ფილმში ითამაშა. მისი ერთ-ერთი როლი გახლავთ, ნუნუ მასწავლებელი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა". მსახიობის თეატრალური როლების ამსახველ მასალას კი რამდენიმე თეატრის მუზეუმი ინახავს, რომელთა შორის არის მარჯანიშვილის თეატრი.

მანანა ივარდავა, ნუნუ მაჭავარიანის შვილიშვილი:

- ის იყო ჩემი ბებია დედის მხრიდან. 26 წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რამდენიმე წლის წინ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ნუნუ მაჭავარიანის მემორიალური დაფის გახსნის შესახებ. ის უნდა განთავსებულიყო მარჯანიშვილის 6 ნომერში, შენობის ფასადზე. სახლის ამჟამინდელმა მფლობელმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ კერძო საკუთრება არისო. თუმცა, ბებია 1975 წელს, სწორედ ამ ბინიდან გამოვასვენეთ, რომელიც რატომღაც სახელმწიფოს დარჩა. ნუნუ მაჭავარიანი თბილისში დაიბადა და სხვადასხვა წლებში რამდენიმე სახლში ცხოვრობდა. საბოლოოდ, მემორიალური დაფა 2017 წელს, პეკინის 14-ში გაიხსნა.

GzaPressმე და ბებიას საოცარი ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ მშობლებთან კონფლიქტი მომივიდა, ავიღე ჩემი ნივთები და სახლიდან წავედი. ვისთან მივიდოდი? ბებია ნუნუს მივადექი და ვუთხარი: რამდენიმე დღე შენთან დავრჩები, ოღონდ მშობლებს არ უთხრა, ცოტა ინერვიულონ-მეთქი. ბებიამ მომისმინა, დამამშვიდა და მხარში ამომიდგა. გადავეხვიე და ვაკოცე. მესამე დღეს მშობლებმა "მიპოვეს" და სახლში დამაბრუნეს (იცინის)... ერთხელ გადაღებაზე წამიყვანა და ფილმის "თოჯინები იცინიან" ერთ ეპიზოდში მოვხვდი კიდეც - სათამაშოების ფაბრიკაში ჯულიეტა ვაშაყმაძის გვერდით, მაგიდასთან ვზივარ.

ნუნუ მაჭავარიანი გახლდათ კინოსტუდიის ბაზაზე თეატრის შექმნის ინიციატორი, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. ეს მოხდა 1957 წელს. მანვე დადგა სპექტაკლი "ქრისტინე", სადაც ქრისტინეს როლს დედაჩემი ლია სარიშვილი ასრულებდა, ხოლო ნუნუ კინტოს თამაშობდა. ქრისტინეს როლის მეორე შემსრულებელი იყო მეგი წულუკიძე. პრემიერაზე მახსოვს, ბაბუაჩემიც იჯდა. მსახიობები ისე კარგად თამაშობდნენ, ხალხი ემოციებისგან ტიროდა. თეატრი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, მაგრამ სამწუხაროდ, მცირე ხანს იარსება.

ზაფხულობით არდადეგებზე ბებიას თეატრალური კოლექტივი გასტროლებზე დაჰყავდა, მეც თან მივყავდი. "ქრისტინე" აჩვენეს სიღნაღში, თელავში... სკოლა რომ დავამთავრე, ბებიამ მსახიობად ამიყვანა (იღიმის) და მის დაწერილ სკეტჩებში ვთამაშობდი. გარდა იმისა, რომ წერდა, ასევე გადასარევად ხატავდა. თავის დროზე მან სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. თავისი ავტოპორტრეტი დახატა, რომელიც ძალიან მომწონდა. როლებისთვის ტანსაცმელს თვითონ ირჩევდა და ირგებდა, ზოგჯერ თავად იკერავდა. მახსოვს ფილმში "წარსული ზაფხული" როგორი შლაპით იჯდა კადრში. პატარა სცენა აქვს "კეთილ ადამიანებში", აივანზე გადმომდგარი ეზოში ბავშვებს უბრაზდება... არ ვაჭარბებ, უნიჭიერესი და კოლორიტული არტისტი იყო.

ბებიას დედაჩემის გარდა, ჰყავდა ვაჟიც - თენგიზი, რომელიც სამამულო ომში დაიღუპა. რადგან ოჯახმა მისი საფლავი არ იცოდა, სად იყო, ნუნუ სულ ამბობდა, ცოცხალიაო. მერე მოგვივიდა ინფორმაცია, თითქოს თენგიზი საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ მაშინ ამას ვერავინ გადაამოწმებდა. ფილმში "ჯარისკაცის მამა" არის ეპიზოდი - ნუნუს გმირი მიადგება სატვირთო მანქანას, სადაც გიორგის (სერგო ზაქარიაძე) ეხვეწება: იქნებ ჩემი შვილის ამბავიც გაიკითხოო. ამ ფრაზაში საოცარი ემოცია იდო.

GzaPress ბებია ძალიან კეთილი ქალი იყო და ყველას უშურველად უმართავდა ხელს. მათ შორის, იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია. ნუნუ გურანდას დედასთან მეგობრობდა. ბებიას მეგობარი იყო მარლენ ხუციევის დედა, ქალბატონი ნინა. ნუნუსგან ვიცი, როგორ უყიდა მარლენს ფეხსაცმელი და თეთრი შარვალი, როცა ის მოსკოვში გამოცდების ჩასაბარებლად მიდიოდა. ბებიასთან სახლში, ვერაზე ხშირად მიდიოდნენ მისი მეგობრები, ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები: ცაცა ამირეჯიბი, იონა ვაკელი, დოდო ანთაძე, ნიკო გომიაშვილი... 1937 წელს ნუნუ მაჭავარიანი დახვრეტას გადაურჩა. ამ დროს, ის არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და წამყვან როლებს ასრულებს. ნუნუმ ითამაშა ვასო ყუშიტაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში "ბელადის სიჭაბუკე", რისთვისაც სტალინის სახელობის საპატიო სიგელით დააჯილდოეს. ჯილდოს გადაცემის მერე, ნუნუ მიდის პირდაპირ თეატრში. მას სპექტაკლი აქვს და თავისი "უბორნაიას" (ახლანდელი საგრიმიორო) მაგიდაზე სიგელს დებს. იწერება ანონიმური წერილი, რომ მსახიობმა ბელადის სიგელი "დააგდო უბორნაიაში". რა თქმა უნდა, ნუნუ მაჭავარიანი დაკითხვაზე გამოიძახეს. საბედნიეროდ, იმ ჩეკისტმა იცოდა სიტყვის მნიშვნელობა, რომ ეს არ იყო ტუალეტი, როგორც უნდოდათ წარმოეჩინათ. მსახიობი არ დაიჭირეს, მაგრამ თეატრიდან დაითხოვეს.

GzaPress თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ ნუნუ მაჭავარიანი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში მიიწვიეს, შემდეგ ქუთაისის, გორის, თელავისა და სიღნაღის თეატრებში მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ცხინვალის თეატრში მოღვაწეობდა. ბებიაჩემის თეატრალური როლების ამსახველი ფოტოები და ჩანაწერები მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმს გადავეცი. ლევან წულაძეს იდეა მივაწოდე, რომ კარგი იქნებოდა გარდაცვლილი მსახიობების გასახსენებლად თეატრის ფოიეში ფოტოსტენდები დაიდგას. ვთქვათ, ორი თვის მანძილზე ერთი მსახიობი გაიხსენონ, მერე მეორე და ა.შ. კარგი აზრიაო, დამეთანხმა, მაგრამ ამისთვის თეატრმა ჯერ ვერ მოიცალა. დაბოლოს, მინდა ვთქვა, ნათელში იყოს ნუნუ მაჭავარიანის სული, რომელმაც ძალზე მძიმე ცხოვრება განვლო და "იქ" მაინც იყოს გახარებული.

ნანული ზოტიკიშვილი