მანანა დუმბაძის ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება ავღანეთში - გზაპრესი

მანანა დუმბაძის ბობოქარი და საინტერესო ცხოვრება ავღანეთში

"წიგნში, რომელიც ავღანეთზე დავწერე - "ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან", მაქვს ერთი თავი სათაურით "ნამდვილი განგაში", სადაც დეტალურად აღვწერე, ფსიქოლოგიურად როგორ გადავიტანე რამდენიმე ცრუ, მოდელირებული განგაში და შემდეგ, ნამდვილი განგაშიც, რომლის მოწმეც მართალია, ერთხელ გავხდი, მაგრამ სამუდამო გადატრიალება მოახდინა ჩემს ფსიქიკაში," - ამბობს ნოდარ დუმბაძის შვილი, ქალბატონი მანანა...

- ყოველთვის მქონდა სურვილი, ის ადგილები აღმეწერა, სადაც ვმოგზაურობდი. ინდოეთში ვიყავი - ინდოეთზე დავწერე, ამერიკაში ვცხოვრობდი - ამერიკაზე, თურქეთში - თურქეთზე და ა.შ. ჟანრი მაქვს ასეთი - სამოგზაურო ლიტერატურა, დოკუმენტური პროზა. მხატვრულ ლიტერატურაში არასდროს გამიკეთებია სერიოზული განაცხადი, რადგან მეუღლე - ჯემალ თოფურიძე მყავდა, მამა - ნოდარ დუმბაძე... ყოველთვის გავურბოდი მწერლობაში ბედი მეცადა და გავხდი ლიტერატურათმცოდნე, მერე - ჟურნალისტი, შემდეგ ერთი-ორი დოკუმენტური მოთხრობაც შემომეპარა და დოკუმენტურ პროზაზე დავიწყე მუშაობა.

ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა გაზეთში მუშაობამ. 90-იან წლებში სრულიად მოულოდნელად, ჟურნალისტ დათო ჭელიძის რეკომენდაციით "დილის გაზეთის" რედაქციაში აღმოვჩნდი, რომელსაც ჟურნალისტიკის ნამდვილი მაესტრო, თემურ მეტრეველი რედაქტორობდა. ჟურნალისტიკის ანაბანას და "ხრიკებსაც" სწორედ მან მაზიარა. თავიდან ეკოლოგიის საკითხზე ვაქვეყნებდი მასალებს, მერე კულტურის განყოფილება ჩამაბარა, შემდეგ შაბათის გამოშვება და ბოლოს, ერთხანს მასთან ერთად გაზეთ "მოქალაქესაც" ვუშვებდით, რომელიც მაშინდელ მთავრობას არ მოეწონა და დახურეს. ჩემი პირველი წიგნი ჩემი საგაზეთო სტატიების კრებული იყო - "უმიკროფონოდ და უმეგაფონოდ". გაზეთის სამუშაო სტილი ჩემი ცხოვრების წესი გახდა: ღამის სამ საათამდე მუშაობა, გაგანია კრიმინალურ პერიოდში შუაღამეს ქალაქში ფეხით სიარული... სულ სხვა თვალით და პრიზმაში დანახული ქალაქი, მისი ბინადარნი, ურთიერთობები. ასეთ გარემოში თავისთავად იწერებოდა მოკლე ესეები, მოთხრობები, პამფლეტები, ანეკდოტები, ძალიან შინაურული საუბრები და ინტერვიუები ცოცხალ კლასიკოსებთან, ხელოვანებთან, პედაგოგებთან, უბრალო მოქალაქეებთან, სულ ახალგაზრდა, დამწყებ შემოქმედებთან და ა.შ. ბევრს ვმოგზაურობდი შინ და გარეთ, დიდი თავგადასავლებიც გადამხდა, ყველაფერს ვწერდი დოკუმენტური სიზუსტით, თითქმის მთლიანად მოვიცავი ის ავბედითი 90-იანი წლები და ჩემი ცხოვრების ისტორიაც მასთან ერთად.

შემდეგ მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამებში დავიწყე და კომუნიკაციის სფეროში ისეთ წარმატებებს მივაღწიე, რომ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორმა, შემდგომ მისი ხელმძღვანელობით ავღანეთში მიმდინარე პროექტის კომუნიკაციის დირექტორადაც მიმიწვია. თავიდან შევშინდი სიტყვა "ავღანეთის" გაგონებაზე, მაგრამ იმ პერიოდში პროექტები, რომლებზეც ვმუშაობდი, დასრულდა, ახალი სამუშაო არ მქონდა, არც ოჯახი მქონდა შესანახი, შემოთავაზებული პირობები კი მიმზიდველად ჟღერდა, ადგილმდებარეობა ავღანეთი - საოცრად დამაინტრიგებლად. კიდევ კარგი, შემოთავაზებას დავთანხმდი.

GzaPress- არ გეშინოდათ?

- არ მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი, ოჯახის წევრებს შეეშინდებოდათ და დიდხანს ვმალავდი. მახსოვს ჩემს დას ვუთხარი, საზღვარგარეთ მიწვევენ სამუშაოდ, მაგრამ დედას ვერ ვეუბნები-მეთქი და ჩემმა დამ მითხრა, - ხელს რა გიშლის, შენც ახლა ავღანეთში არ მიდიოდეო... გაგიჟდა, როცა ვუთხარი, რომ ზუსტად ავღანეთში მივდიოდი!

იქ კარგი საცხოვრებელი პირობები მქონდა, მაღალი ხელფასი, მაგრამ ერთ დიდ მავთულხლართებიან და გალავანშემოვლებულ ზონაში ვიყავი გამოკეტილი. ზონიდან გარეთ, ქალაქში ბრონირებული მანქანით გადავაადგილდებოდით, მანქანაში კი ყოველი შემთხვევისათვის, გვერდზე ჯავშანჟილეტი და ჩაჩქანი გვედო. სინამდვილე ისაა, რომ სადაც ცხოვრობ, მერე იქ ყველაფერს ეჩვევი. ხალხი ციხეშიც ხომ ცხოვრობს?! ჩვენი კომპლექსი სამხედრო აეროპორტის გვერდით მდებარეობდა. ვერ ვიტყვი, რომ მთლად უშფოთველად ვცხოვრობდით. ერთხელ ნამდვილი განგაშის მოწმეც გავხდი, რამაც სამუდამო გადატრიალება მოახდინა ჩემს ფსიქიკაზე: დავრჩი სულ მარტო სხვა ქვეყანაში, სხვა ხალხში, სხვა კულტურაში, რა დავარქვა იმ ბუნკერს, არც კი ვიცი, ნოეს კიდობანი, ბაბილონის გოდილი... უცნობ ნიაღვარს მივყვები ამ კიდობანში და არ ვიცი, ხუთ წუთში სად აღმოვჩნდები, ცაზე თუ მიწის წიაღში. იმ კიდობანში სულ ორი მეგობარი მეგულება და ვიდრე იმათ სახეებს დავინახავ, რაც წვრთნების დროს მასწავლეს, ყველაფერი ერთთავად იშლება გონებაში... საბედნიეროდ, ბოლო კეთილია. ჩვენი დასახლების დაცვის უფროსებმა მოახერხეს დემონსტრანტების დაშოშმინება და ე.წ. საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

ტერორისტულ აქტსაც შევესწარი: ბრიტანეთის დამოუკიდებლობის დღეს, დილით, მანქანით ბრტანეთის ყოფილ, ეროვნულ საბჭოს შენობას ჩავუქროლეთ. უკანა გზაზე იმ შენობის ნაცვლად ორმო დაგვხვდა. საბედნიეროდ, შენობაში ბრიტანეთის საბჭო აღარ ფუნქციონირებდა. ტერორისტებს მისამართი შეეშალათ და ასე გადარჩა ხალხი სიკვდილს. მეჩეთშიც აიფეთქა ექვსმა თვითმკვლელმა თავი და ამას 160 უდანაშაულო მლოცველი შეეწირა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი წიგნი ერთობ მხიარული და ადამიანურია. 2011 წელს დავამთავრე მისია ავღანეთში, ჩემს ავღანურ დღიურებსაც დავუსვი წერტილი და იმ წელსვე გამოიცა წიგნი, რომლის მთელი ტირაჟი ეგრევე გაიყიდა. მკითხველები და კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ წიგნში ახალი კუთხითაა მოწოდებული ავღანეთი, ახალი ხედვითაა გადმოცემული ქვეყანა, რომელზეც ყველა მარტო საშინელებებს წერს... მე ვწერ უბრალო ავღანელების ცხოვრებაზე, რომლებსაც ომი არ სურთ და მშვიდობა არ ეღირსათ. მათ სულ პატარა სიხარულებზეც ბედნიერებისგან უბრწყინავთ თვალები. ძალზე საინტერესოა იქაური ქალების ცხოვრება... მზე რომ გამოანათებს, ისიც კი უხარიათ! ჩიტებივით იწყებენ ჟღურტულს. სულ საფრთხის მოლოდინში არიან და საფრთხეს შეგუებულებმა კარგად იციან უბრალო, ადამიანური ცხოვრების ნამდვილი ფასი.

მე ქაბულის გარეუბანში ვცხოვრობდი. ქაბული ავღანეთის ნიუ-იორკია, იქ უფრო თავისუფალი ცხოვრებაა, ვიდრე რეგიონებში. ქაბულში შეხვდებით ქალებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ბურკას არ ატარებენ. ქაბულის უნივერსიტეტი სავსეა ულამაზესი და თანამედროვე ქალიშვილებით. სამაგიეროდ, სოფლებსა და განაპირა ქალაქებში ქალი მამაკაცის გარეშე უსაფრთხოდ ვერ გაივლის. მაგალითად, ყანდაღარში დედა-შვილი ჩაქოლეს იმის გამო, რომ ქუჩაში არასასურველ დროს, მამაკაცის გარეშე აღმოჩნდნენ.

- ავღანელი ბავშვების ცხოვრება როგორია?

- 90-იან წლებში თბილისში უმძიმესი ცხოვრება იყო, ეზოებში ავტომატებით დარბოდნენ, მაგრამ ბავშვებს ბავშვობა არ დაუკარგავთ. Aასევეა ავღანეთშიც. იქაურ ქუჩებში უფრო გაჭირვებული, მტვრიანი, ხანდახან ტანშიშველი, ფეხშიშველი და სიცივისგან ლოყებ და ხელებდამსკდარი ბავშვები დარბიან, მაგრამ თამაშობენ, დასდევენ ერთმანეთს, იცინიან, ონავრობენ. იქ მუშა მუშაობს, ქალი სადილს ამზადებს, მწერალი წერს, მხატვარი ხატავს და წარმოიდგინეთ, გამოფენებს აწყობს... მართალია ტერორის შიშის ქვეშ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება ომის რეჟიმშიც კი. ასეთია ჩემი ავღანური დღიურები. უკეთესია, თუ წაიკითხავთ. იქ ყველაფერი დაწვრილებითაა ნაამბობი.

- ავღანეთში ყველაზე მეტად რამ განგაცვიფრათ?

- იქ ყველაფერი გაკვირვებს და გაოგნებს. სრულიად სხვანაირი კულტურაა, მამაკაცები ქალებს სხვანაირად ელაპარაკებიან, ქალები სხვანაირად იმზირებიან, სამყაროს სხვანაირად აღიქვამენ. ზოგი ქალი მრავალცოლიანობას აპროტესტებს, ზოგი - ამართლებს. მეუბნებოდნენ, თქვენს კაცებს საყვარლები ხომ ჰყავთო?! ჰოდა, ჩვენთან, ცოლებს ოჯახში ერთნაირი უფლებები გვაქვსო...

- დედას როდის გაუმხილეთ ავღანეთში რომ იყავით?

- დედამ იცოდა, რომ ამერიკაში ვიყავი მივლინებული. მოგეხსენებათ, ავღანეთსა და საქართველოს შორის დროის განსხვავება სულ რაღაც ნახევარი საათია და როცა სახლში ვრეკავდი საღამოობით, დედა მეკითხებოდა, ამ დროს სახლში რატომ ხარო? ჰოდა, მეც ხან რას ვიმიზეზებდი, ხან - რას. როცა მკითხავდა, რა იყიდეო? ვპასუხობდი, ხალიჩა-მეთქი. ის გაოცებული მეკითხებოდა, ამდენი ხალიჩა რად გინდაო? არადა, ავღანეთში სხვა რა უნდა მეყიდა? ერთხელ რაღაც მთხოვა, ჩამომიტანეო - ისეთი რამ, რასაც ქაბულში ვერ ვიყიდდი და საგონებელში ჩავვარდი. მერე, შვებულების დროს, ორი დღე საგანგებოდ დავრჩი დუბაიში, "არააღმოსავლური" სუვენირების საყიდლად და დედაჩემის დავალების შესასრულებლად.

წიგნი რომ გამოვეცი, დილემის წინაშე აღმოვჩნდი: პრეზენტაციაზე დედა ხომ უნდა წამეყვანა? ჰოდა, სწორედ მაშინ გავუმხილე სიმართლე... მანამდე გაკვრით ვაჩვევდი აღმოსავლეთის ქვეყნების პროექტში ვმუშაობ და მივლინებით მგზავნიან ხან სირიაში, ხან ლიბანში, ხან იორდანიაში და ხან ავღანეთში-მეთქი და ავღანეთის ხსენებაზე ისეთი კივილი ატეხა, მეტჯერ არ მიხსენებია. სიმართლე წიგნის პრეზენტაციის წინადღეს ვუთხარი ჩემი დის და შვილის თანდასწრებით (თავდაცვის ჯგუფი გავაძლიერე). ხაზი გავუსვი იმას, რომ მართალია, ერთი წელი იქ ვიყავი, მაგრამ ცოცხალი ვარ, უვნებელი და წიგნიც "გამოვაცხვე"-მეთქი. ქალი გაგიჟდა, ერთი წელი როგორ მატყუებდი, არადა, რაღაცას კი მიგრძნობდა გულიო...

- ამჟამად ისრაელში ცხოვრობთ, სადაც დაძაბული ვითარებაა. ახლაც ხომ არ უმალავთ დედას, მანდ რომ ხართ?

- არა, იცის, ისრაელში რომ ვარ. ჩემთანაც მყავდა და ძალიან უყვარს აქაურობა! დიდ პატივს სცემს ებრაელების უშრეტ შრომისუნარიანობას, მიზანდასახულობას, პატრიოტიზმს. ქართველმა ებრაელებმა და ჩვენმა ქართველმა ემიგრანტებმა ისე ჩაიხუტეს გულში, რომ ეს არასოდეს დაავიწყდება...

მანანა გაბრიჭიძე