მხატვრობა - თოიძეთა პროფესიული "განაჩენი" - გზაპრესი

მხატვრობა - თოიძეთა პროფესიული "განაჩენი"

"თბილისი მთელი სიმფონიაა!" - მითხრა შეხვედრისას საქართველოს სახალხო მხატვარმა, შოთა რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა, თბილისის ორგზის საპატიო მოქალაქის ღირსების ორდენის კავალერმა გივი თოიძემ და საუბრის ერთი მესამედი თბილისის ტრფობას დაუთმო... ახსენებდა, როგორც უძვირფასეს ადამიანს, რომელიც მართალია, ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ მის ცნობიერებასა და ნახატებში ზუსტად ისეთი დარჩა, როგორიც უყვარდა - პატარძალივით მორთული, "პირველყოფილი", განუმეორებელი თავისი ხედებით, კოლორიტული უბნებით, დაუწერელი წეს-კანონებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერებით, ბუნებრივი ფერწერით... თბილისს უმადლის როგორც პიროვნული, ისე პროფესიული ჩამოყალიბების გზის წარმატებით გავლას...

გივი თოიძე ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის შთამომავალია. მამით ადრე დაობლებულს მზრუნველობას პაპის ძმა, მოსე უწევდა. "მოსე ჩემთვის ღმერთი იყო" - აღნიშნავს თავადვე... ცნობილი მხატვარი გახლდათ მოსე თოიძის ვაჟი, ირაკლი თოიძე და მოქანდაკე - გოგი თოიძე... მხატვრები არიან ასევე, გივი თოიძის შვილები, ტრადიციას აგრძელებს ბატონი გივის შვილიშვილიც...

გივი თოიძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან მუზეუმსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მის ნახატებს ფლობენ აშშ-სა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში უფროსი და ჟაკ შირაკი. რესპუბლიკის დამსახურებულ მხატვარს რუსთაველის პრემია მიენიჭა პანოსათვის - "დღესასწაული ხევსურეთში", რომლითაც ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ცენტრალური შენობის კედელი გამშვენდა...

ბატონმა გივიმ "გზასთან" ერთად კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი საკუთარი ცხოვრების გზას, გაიხსენა გზის დასაწყისში მდგარი დიდი წინაპარი, მოსე თოიძე და ძველი თბილისი - თვითმყოფადი და განუმეორებელი...

GzaPress- 1932 წელს ძველ თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე დავიბადე. ომის, შიმშილის პერიოდი იყო. მახსოვს როგორ წაიყვანეს მამა ჯარში. მე, დედამ და ჩემმა დამ გავაცილეთ. დაბრუნებულებს სახლი თითქოს, ჩაბნელებული დაგვხვდა. მალე მთელი ქუჩა დაცარიელდა, ყველა ახალგაზრდა ჯარში გაიწვიეს. ეზოს ძაღლიც კი არ დატოვეს, მათ წვრთნიდნენ ფრონტისთვის. ნავთი, ბენზინი არ იშოვებოდა, პურზე რიგი იყო, მხოლოდ 300 გრამს ვიღებდით. მახსოვს, ბიჭებს თოკზე ჩანგალი ჰქონდათ მობმული, გაზაფხულზე მშრალი ხიდის ტერიტორიაზე ავაგდებდით, ტოტს მოვტეხდით და აკაციას მივირთმევდით. ჩემს უბანში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, მათ შორის, სომხები, იეზიდები, რუსი და ქართველი ებრაელები. თბილისი სიყვარულის ქალაქი იყო. ჩემი თაობა ქუჩაში გაიზარდა. საკუთარ თავს თავადვე ვზრდიდით, მაგრამ გზას არ ავცდენილვართ. რომ არავის დავეჩაგრე, ვვარჯიშობდი. ჩხუბი ხშირი იყო, მაგრამ დანას ვინ იხმარდა?! ეს დიდი სირცხვილი გახლდათ. კაცობა, ქალის პატივისცემა ქუჩაში ყალიბდება. ერთი გოგო მომწონდა, სვანეთის უბანში ცხოვრობდა. რომ მივაცილებდი, ვიცოდი, იქიდან წამოსულს გამაჩერებდნენ და ასეც მოხდა. გამომკითხეს ვინ ვიყავი, ვინ იყო ჩემი ის გოგო, რომელიც სახლამდე მივაცილე. ვუთხარი, იარმუკელი ვარ-მეთქი. ჩვენი ძმა ყოფილაო და დავმეგობრდით. ყველა უბანს თავისი სახე, წესები ჰქონდა. ჩემს უბანში ბევრი დუქანი, ღვინის სარდაფი, პატარა სასაუზმე იყო. თბილისმა ყველაფერი მომცა იმისთვის, რომ მხატვრად ჩამოვყალიბებულიყავი. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ინგრევა, ჩემს ტილოებზე კი ქალაქი თავისი ძველი იერით რჩება. ის ერთ-ერთი ულამაზესი ფერწერული ქალაქი იყო. ასევე ქუთაისიც, სადაც ეტიუდებს ვწერდი. უბნის "შაიკა" წავიდოდით ხოლმე და ვორონცოვის ხიდიდან ვხტებოდით, წარმოდგენებივით ვმართავდით. "სიცოცხლე აღარ მინდა!" - დაიძახებდა ვიღაც და გადახტებოდა ხიდიდან. ზოგჯერ ქალები გვიახლოვდებოდნენ და გვარწმუნებდნენ "თავი არ მოგვეკლა"... გამორჩეულად სპორტულები ვიყავით. ვორონცოვის ხიდზე ვატარებდით გამოცდებს ტრამვაიდან ხტომაში. საინტერესო სპორტულ თამაშებს, მათ შორის, მრგვალ ვირს, ლახტს ვთამაშობდით... დედა სადილს რომ გაამზადებდა, გამორიცხული იყო ეზოში არ ჩამეტანა და ძმაკაცებს შორის არ გამენაწილებინა. მხოლოდ მე არა, ყველა ასე იქცეოდა. "სოროკი უნდა დაუდოო", ასე ვამბობდით, ეს ფრაზა - "ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო" - ამ ანდაზის ანალოგი გახლდათ. მამა 1943 წელს გარდაიცვალა, დაბომბვაში მოყვა. დედა დილით რომ წავიდოდა, საღამოს ბრუნდებოდა. მისთვის შრომის შესამსუბუქებლად მე და ჩემი და სახლს ვალაგებდით. მეზობლები ერთმანეთს ვეხმარებოდით. ღობეები, მოაჯირები, წიგნები აღარ იყო, სიცივეში წვავდა ხალხი.

- მიუხედავად სიდუხჭირისა, ხატვის განწყობა არ გტოვებდათ?

- ასე გამოდის. ყველამ იცოდა, რომ ვხატავდი. "ხუდოჟნიკა გივის" მეძახდნენ. ბავშვობაში სახლის კედლები ჩემი ნახატებით იყო "დამშვენებული". ძირითადად, ომის თემას ვეხებოდი, განსაკუთრებით, თვითმფრინავების ხატვა მიზიდავდა.

- თქვენმა პაპის ძმამ, მოსე თოიძემ თქვენი პიროვნული და პროფესიული ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული კვალი დატოვა...

- ჩემთვის სახელიც მოსე პაპას დაურქმევია. პიროვნულად თუ პროფესიულად ის სულ მხარში მედგა. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ - მისი დამსახურებით. მამით ადრე დაობლებული დედამ დიდ გაჭირვებაში გაზარდა. ხატვის ნიჭი ჯერ კიდევ სკოლაში გამოავლინა და 13 წლისა სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ იქვე დატოვეს ზეინკალ-მასწავლებლად. 25 წლის იყო, როცა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად გაემგზავრა. ჩაირიცხა ცნობილი მხატვრისა და სკულპტორის, ილია რეპინის ჯგუფში და მისსავე სახელოსნოში მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო "მცხეთობა", მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ეტაპით თბილისში გამოგზავნეს. 1901 წელს რუსეთთან საქართველოს შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სურათი ოქროს მედლით დააჯილდოეს. მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში. პეტერბურგში შესანიშნავ რუს მხატვართა წრეში ტრიალებდა. მის თვალწინ იქმნებოდა ბრწყინვალე მხატვრული ნაწარმოებები. სამშობლოში დაბრუნებული მოსე პაპა აქტიურად თანამშრომლობდა თბილისურ ჟურნალ-გაზეთებში. იყო ჟურნალ "კვალის" პირველი მხატვარი. მისი თაოსნობით 1922 წელს თბილისში სახელმწიფო სამხატვრო სტუდია დაარსდა, რომელსაც 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა. გატაცებული იყო ასევე, ილუსტრაციების შექმნით. ლითოგრაფიული წესით ქართველ მწერალთა პორტრეტების სერიის გამოცემის მიზნით დახატა რუსთაველის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგისა და სხვა ქართველ მწერალთა პორტრეტები. მხატვრის სახლ-მუზეუმში დაცულია მისი ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე მისი შვილის - მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები.

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი "მეფისტოლა კაცი" თქვენი ოჯახის წევრი იყო, სამხატვრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად მისულს, მისი სახელი არ გიხსენებიათ...

- დიახ, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩემმა მეზობელმა, ვოვამ წამიყვანა. მიღება უკვე დასრულებული იყო. იქ მისულმა თენგიზ გიგაური გავიცანი, რომელსაც სწავლა ქანდაკების განხრით სურდა. თაბაშირის ცხვირის დახატვა დაგვავალეს. დირექტორს, კოტე კიკნაძეს ნამუშევარი მოეწონა და გვარი მკითხა. როცა ვუპასუხე, გაუკვირდა, - მოსე ვინ არის შენიო? ვუთხარი, ბაბუა-მეთქი. რომ არ დაურეკავსო?! რატომ უნდა დაერეკა-მეთქი? - ასევე გაკვირვებით ვუპასუხე. კარგი ბიჭი ხარო და ჩამრიცხეს. როგორც ჩანს, მოსე პაპას ამის შესახებ სახლში ჩემს მისვლამდე მოახსენეს. მისულს კარგ ხასიათზე, მოღიღინე დამხვდა: ყოჩაღ! კაცი გამოხვალო! პაპას ყოველთვის აინტერესებდა, ფერის როგორი გრძნობა მქონდა. ერთხელ ძველ თბილისში გამგზავნა, რაც მოგეწონება, ის დაწერეო (დახატეო). აბანოთუბნის სიღრმეში ჩანჩქერი გადმოდის. იქ ქალები ხალიჩებს რეცხავდნენ. ამ ხეობას გადმოყუდებული ძველი სახლები ისეთ ფერებშია, ტანში გაგაჟრჟოლებს, მით უფრო, თუ ფერმწერი ხარ! დავწერე. მივუტანე. ამ დროს მასთან მოსკოვიდან ჩამოსული ბიძები - ირაკლი და გოგი იყვნენ. მათ მიმართა: "ნახეთ, რა ეტიუდია! მაგის ნახატს ხელი რომ მოვაწერო, დაიჯერებენ, რომ ჩემია!"

- მკაცრი არ იყო?

GzaPress- სადაც საჭირო იყო, მკაცრიც გახლდათ. ისე შემოგხედავდა, ტანში გაგცრიდა. მოსე რომ მუშაობდა, ოთახში შესვლის უფლება ჩემ გარდა, არავის ჰქონდა. ძალიან ფრთხილად შევდიოდი, რომ ხელი არ შეშლოდა. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს. ყურადღება თუ გადაიტანე, ერთიანად გეშლება წარმოსახვა, თავიდან ვარდება ყველა ჩანაფიქრი. მხატვრობა დიდ სიყვარულს, უზარმაზარ შრომასა და ფანატიზმს მოითხოვს... მეუღლე მეუბნებოდა ხოლმე, ამდენი ხნის ცოლ-ქმარი ვართ და შენი ვერაფერი გავიგეო. შენ რა უნდა გაიგო, როცა საკუთარი თავის თავად ვერაფერი გამიგია-მეთქი. ძალიან სიმპათიური კაცი იყო. სხვათა შორის, მამსგავსებენ ახლაც, ასაკშიც და ახალგაზრდობაშიც ძალიან ვგავდი. მოგეხსენებათ, მოსე ღირსების ორდენით იყო დაჯილდოებული. ამის გამო ყოველთვიურად გარკვეული თანხა ერიცხებოდა. მე რომ დავიბადე, მოსემ ის ორდენი დედას გადასცა და მას შემდეგ ამ თანხით ჩვენ ვსარგებლობდით. სასწავლებელი დამთავრებული არ მქონდა, როცა ერთხელ რუსთაველზე მიმავალს ნათესავი შემხვდა, - ჩქარა, მოსე პაპა ცუდადააო. გავიქეცი, სასწრაფოდ ჟანგბადის ბალიშები ვიყიდე, მაგრამ ცნობიერება უკვე დაკარგული ჰქონდა და მალევე დალია სული... ეს დიდი ტრავმა იყო ჩემთვის. ჯერ კიდევ თბილი გახლდათ, როცა ჩემივე დაჟინებით წვერი გავპარსე... თან ვტიროდი. მოგვიანებით, ოთახში ჩავიკეტე და მისი პორტრეტი დავხატე - სასახლეში ყვავილებით. მოსეს და ნატო ვაჩნაძის დაკრძალვის დღე ერთმანეთს დაემთხვა. ახლობლებმა მოილაპარაკეს და ჯერ ნატო დაკრძალეს, შემდეგ მოსე მივაბარეთ დიდუბის მიწას.

- ცნობილი გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ასევე მხატვარი ირაკლი თოიძე...

- გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების ცნობილი სიმბოლო, ირაკლის მიერ შექმნილი პლაკატი - "დედასამშობლო გვიხმობს!" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პლაკატადაა აღიარებული. ირაკლი სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი იყო. 1930 წელს სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მის მიერ 1937 წელს "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისათვის შესრულებული ილუსტრაციები დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა.

- ოჯახზე გვითხარით... მხატვრობა ამ შემთხვევაშიც გადაეცა სისხლით შთამომავლობას?

- ასე გამოდის. ოთხი შვილი მყავს, მათგან სამი: ვახტანგი, მაია და თეა მხატვრები არიან. თეა თავის ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, ნინო კი - ინგლისში. ერთ-ერთი შვილიშვილიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, უკვე აქვს საკმაოდ სერიოზული ნამუშევრები. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა. მისი რამდენიმე პორტრეტი მაქვს შექმნილი. ნუნუ ჩემი მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან ნინო და ვახტანგი მყავს, მაია და თეა კი - მეორე ქორწინებიდან. უნდა ვაღიარო, ჩემი გაძლება არც ისე მარტივი იყო... მან კი შეძლო და გაიარა ამ ბეწვის ხიდზე...

- თუნდაც იდეალური ხასიათი გქონოდათ, მხატვრის უღლის განაწილება ადვილი ვერ იქნებოდა...

- ასეა. ნუნუ არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი იყო, ნათესავებისა და მეგობრების დიდი მოყვარული. საერთოდ, უკვე ბევრი ახლობელი წავიდა და ეს მეტად რთული გადასატანია. მეზობელიც ბევრი დამაკლდა. თუ კარგი მეზობელი არ გყავს, რა აზრი აქვს იმ სახლში ცხოვრებას?!

შორენა ლაბაძე