რა აიძულებს ადამიანებს ნათესავების თავშესაფარში მიყვანას
font-large font-small
რა აიძულებს ადამიანებს ნათესავების თავშესაფარში მიყვანას
რეპორტაჟი მოხუცებულთა სახლიდან

შუადღე გადასული იყო, როცა მოხუცთა სახლის კარი შევაღე. დიდ დიღომში, ორსართულიან შენობაში ამ ეტაპზე 45 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც წესი, აქ დიდ დარბაზში ყველა ერთად უსხდება სუფრას, თუმცა სიცივეში მობინადრეებს სადილი ოთახებში ურიგდებათ. მართალია, მთელი შენობა თბება, მაგრამ ოთახებში გაცილებით თბილა, ვიდრე სასადილოს დიდ სივრცეში. დერეფანში ორი ქალბატონი შემხვდა, დიდი ქვაბით ღომი და წვნიანი უკვე ჩამორიგებული ჰქონდათ. სასადილოდ მეც მიმიპატიჟეს, მაგრამ მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ დირექტორთან შეხვედრა მქონდა დანიშნული და არ მინდოდა დამეგვიანა.


უკვე რამდენიმე წელია ლიანა ჩოფლიანი წმინდა ნინოს ორდენსა და მოხუცებულთა სახლს ხელმძღვანელობს. ქალბატონი ლიანა ოთახში არ დამხვდა. მითხრეს, ეზოში იქნებაო. დაველოდე და ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა.
GzaPress70 წლის ქალბატონმა ლიანამ ოჯახთან ერთად გამოიარა ჯერ აფხაზეთის ომის, ხოლო შემდეგ დევნილობის მძიმე ყოფა. მიუხედავად გადატანილი ტკივილებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, აქტიური ცხოვრების წესი აქვს. მას თითქოს ჩვევად ექცა სხვების დახმარება, ყოველდღიურად ბევრი კეთილი საქმის კეთება, რაც ძალას მატებს. თქვა, ალბათ საჭირო ვარ და ღმერთი მეხმარება; თან ამდენი მოხუცი ჩემთვის ლოცულობს და მეც ყველაფერს ვასწრებო.
- ქალბატონო ლიანა, საკმაოდ კარგი ეზო გაქვთ, მგონი რამდენიმე დასახელების ხილიც ხარობს...
- დიახ, ასეა... ახლა ღორებთან ვიყავი. ადრე კურდღლებიც მყავდა, მაგრამ ახლა მხოლოდ 2 დედა ღორი გვყავს. ბევრი საკვები გვრჩება და ამით იკვებებიან... ჩემს მოხუცებს ღორის ხორცს არ ვაჭმევ. ღორებს რომ ვზრდით, ვკლავთ. ხორცს ვყიდით და აღებული თანხით ვყიდულობ თევზს, საქონლისა და ქათმის ხორცს.
- რამდენი წელია, რაც ეს მოხუცებულთა სახლი არსებობს და რამდენი ხანია თქვენ ხელმძღვანელობთ?
- 10 წელია ვხელმძღვანელობ. ძველ ებრაულად "ბეთ" სახლს, ხოლო "ელ" ღმერთს აღნიშნავს, ანუ ეს არის "ღმერთის სახლი". საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ასოციაცია "ბეთელთან" არსებული მოხუცთა სახლის შენობა დაახლოებით 20 წლის წინ, მალხაზ სონღულაშვილმა ააშენა. ჯერ მხოლოდ ერთი კორპუსი იყო, 2009 წელს "გაეროს" დახმარებით მეორე მხარეც გარემონტდა და აქ ჩავასახლეთ ცხინვალის ომის შედეგად დევნილები. მათ შორის იყო 2 ორსული და ჩვენთან 2 პატარაც დაიბადა. შემდეგ ის ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა. ბენეფიციარები ჩეჩნეთიდან გვყავდნენ, რეაბილიტაცია გაიარეს და მათაც დატოვეს აქაურობა. ახლა აქ სულ 45 კაცი ცხოვრობს, როგორც აფხაზეთიდან დევნილები, ისე მოხუცები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, რამდენიმე ახალგაზრდაც მყავს, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება: ერთი ფერადკანიანი პასტორის შვილი აფრიკიდანაა, მეორე ახალგაზრდა ფოთიდან - მას 9 დედმამიშვილი ჰყავს და მამამისს არ აქვს საშუალება სტუდენტს ბინა თბილისში უქირავოს, ხოლო მესამე სტუდენტი ხევსურეთიდანაა.
- ყველაზე ხანდაზმული რა ხნისაა?
- სხვადასხვა ასაკის არიან: 90, 86, 83 წლისები და უმცროსებიც. რამდენიმე ბავშვობიდან აქ ცხოვრობს, წლების წინ სხვადასხვა დაავადება აქვთ გადატანილი და გონებრივად შეზღუდულები არიან.
- მომართვა როგორ ხდება? ხშირად მოჰყავთ შვილებს მშობლები?
- საუბედუროდ, ასეა. რუსეთში ვსწავლობდი, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში დავყავდით. თავს ვიწონებდი, ჩვენთან, საქართველოში მოხუცებს თავშესაფარში არავინ აბარებს-მეთქი. წინაპრებს ხომ ჩვენთან ყოველთვის დიდი პატივით ვექცეოდით. ახლა კი... მაგიდაზე 3 განცხადება მაქვს შესახლების თაობაზე, რომლებიც თებერვლის თვეშია შემოსული. ერთხელ შემოგრიალდა ეზოში დიდი ჯიპი, გადმოვიდა ოქროსა და ბრილიანტებში "ჩამჯდარი" ორი ქალბატონი, დაათვალიერეს თავშესაფარი და მითხრეს, ისე მოგვწონს თქვენთან, მამიდას შემოსახლება გვინდაო. ვკითხე, სად ცხოვრობდა მამიდა აქამდე? აღმოჩნდა რომ აქვე, დიდ დიღომში. ერთ-ერთი ქალბატონის ქალიშვილისთვის ბინა დაუტოვებია, მაგრამ, - ჩემი გოგო გათხოვდა და აბა, რომელ სიძეს უნდა სიდედრის მამიდა სახლშიო?! ასეთი შემთხვევები ბევრია. ცალკე უბედურებაა ბანკები და კაზინოები. ბანკების ვალის გამო ბევრი დარჩა უბინაოდ, ბევრიც კაზინოში თამაშობს და კოტრდება. არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ მიდიან და შვილი მშობელს თბილისში ტოვებს.
- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად ვინ მოგმართავენ: ისინი, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს ასაკოვანი ოჯახი წევრი თავისთან ჰყავდეს და მასზე იზრუნოს, თუ ისინი, ვისაც რეალურად არ აქვს ლუკმაპური, საცხოვრებელი ფართობი და იძულებულია, მშობელი აქ მოიყვანოს?
- როგორ გითხრათ?! ადამიანებზე კარგი წარმოდგენა მაქვს და მაინც ვფიქრობ, რომ ყველას გაჭირვება აიძულებს, ასეთი ნაბიჯი გადადგას... რამდენიმე მაგალითს გეტყვით: გვყავს ერთი, დიაბეტიანი, თან მხედველობის პრობლემები აქვს. ოჩამჩირედან დევნილია, შვილი გარდაეცვალა, რძალი და შვილიშვილები კიევში ცხოვრობენ; მეორეს ქმარი და მული სახლში ცოცხლად დაუწვეს, შვილი დაეღუპა, არავინ დარჩა და ჩვენთან ცხოვრობს; მესამეს შვილიც აფხაზეთის ომში დაიღუპა, თუმცა მეორე შვილი - ქალიშვილი და სიძე ჰყავს ბათუმში. პენსიაც კარგი აქვს, როგორც ოჯახის მარჩენალის დამკარგველს, მაგრამ მაინც აქ მოიყვანეს. ერთი ოჯახიდან სამი წევრი გვყავს: ბებია, მისი შვილი და შვილიშვილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევა თანაბრადაა.
- ქალბატონო ლიანა, თქვენზეც მიამბეთ...
GzaPress- ექიმი-გინეკოლოგი ვარ, აფხაზეთიდან დევნილი. გულრიფში სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ვიყავი. ჩემი მეუღლე აეროპორტში მუშაობდა. ქმარი და ორი შვილი თბილისში ბოლო თვითმფრინავით რომ გადმოფრინდნენ, მე იქ დავრჩი და არ წამოვყევი, მშობლებს ვერ დავტოვებდი. ჩემი მეუღლის მშობლები ბაბუშერაში ცხოვრობდნენ, ჩემი მშობლები - დრანდაში... ჩემი ქმარ-შვილი ვარკეთილში დასახლდნენ ნათესავთან. აფხაზეთში დარჩენილმა გადავარჩინე ჩვენი მშობლები და რამდენიმე წლის განმავლობაში, სათითაოდ მოვახერხე მათი გადმოყვანა... მათსავით ბევრი იყო იქ დარჩენილი, ხალხს იმედი ჰქონდა... მათაც ვეხმარებოდი. "წითელი ჯვრის" დახმარებით მარტო დარჩენილი ბევრი მოხუცი გამოვიყვანე ბაბუშერიდან, გულრიფშიდან... ომის დროს და მას შემდეგ ქირურგიც ვიყავი, გინეკოლოგიც, ექთანიც. დაჭრილებს ჭრილობებს ვუმუშავებდი. ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, ნუ ვილაპარაკებთ...
ერთხელ თბილისში, ჩემი მაზლის დაბადების დღის სუფრაზე ექიმები იყვნენ შეკრებილი. საუბარში მკითხეს, სადმე ვმუშაობდი თუ არა. ვუთხარი, რომ არ ვმუშაობდი. ამ დროს, ერთი ჩემთვის უცნობი კაცი ადგა და თქვა, ამ ქალბატონს ხვალიდან შეუძლია ჩემთან, სამსახურში მოვიდესო. ის რეაბილიტაციის ცენტრის მთავარი ექიმი ყოფილა. თურმე ომამდე, მამამისი გაგრაში ყოფილა დასასვენებლად, იქ ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. შვილს თბილისში უნდა გადმოესვენებინა, მაგრამ ვინაიდან ცხედარი "ცინკის" სასახლეში არ იყო, თვითმფრინავში არ აატანინეს. ბევრი ვინმე ჩამოუთვლია, ამას და ამას ვიცნობ, დავურეკავო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს ჩემი ოჯახი უხსენებია. ჩემი სახელი რომ გაუგონიათ, უთქვამთ, - ქალბატონ ლიანას თუ იცნობთ, მაშინ გაგატარებთო. რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევა იყო, მაგრამ ფაქტია, ასე გამოატანეს ცხედარი. ამის შემდეგ ეს კაცი სულ ფიქრობდა თურმე, ნეტავ თუ შევხვდები იმ ქალს, ვისი წყალობითაც მამას გადმოსვენება შევძელიო. მეორე დღეს პარასკევი იყო და მითხრა, ორშაბათიდან შეგიძლია სამსახურში გამოხვიდეო. რეაბილიტაციის ცენტრში გინეკოლოგად ამიყვანეს. ხელფასი 8 ლარი მქონდა. არ გვქონდა შუქი, გათბობა, პალატებს ნავთის ლამპით ვანათებდით. ვარკეთილის ბინა, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, პატრონს დასჭირდა და იძულებულები ვიყავით დაგვეცალა. 1995 წლიდან საცხოვრებლად რეაბილიტაციის ცენტრის ერთ ოთახში გადმოვედით. იმ ერთ ოთახში გვქონდა მისაღები, სამზარეულო და საძინებელიც. მთავარი ექიმის კაბინეტში მეძინა - მაგიდაზე ვიწექი. ღამით წარამარა კარს ავადმყოფები შემოაღებდნენ ხოლმე... იქ 20 წელი ვცხოვრობდით... შემდეგ ჩემმა გოგონამ, სოფიკო ხორგუანმა მე და ჩემს მეუღლეს სახლი გვიყიდა ამერიკულ სოფელში და ახლა იქ ვცხოვრობთ.
GzaPress- ისევ თავშესაფარს დავუბრუნდეთ. როგორ ნაწილდება ბენეფიციარების დღის რეჟიმი? სულ რამდენი თანამშრომელია?
- ყველა ოთახში თითო ადამიანი ცხოვრობს. აქვთ ტელევიზორი, კომპიუტერი, ინტერნეტი. ვისაც საზღვარგარეთ ჰყავს შვილი, შეუძლია "სკაიპით" ელაპარაკოს. მობინადრეები თავისი პენსიიდან 100 ლარს იხდიან, სხვა ხარჯი არ აქვთ. კვება სამჯერადია. ვცდილობ ყველაფერი ხარისხიანი მივაწოდო. ყველას დაბადების დღე ჩაწერილი მაქვს. ვთქვათ, თვის განმავლობაში 2-3 კაცის დაბადების დღეა, მათ თვის ბოლოს ერთად ვუხდი, მოგვაქვს ტორტი და აღვნიშნავთ იუბილეს.
ექიმი გვყავს, მზარეული და მისი დამხმარე, სანტექნიკი, 2 დარაჯი და 8 მომვლელი. ზოგს დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება და მათ დამხმარე სჭირდებათ. ხშირად მოგვიყვანია ტილიანი, ჭუჭყიანი მოხუცები. დავბანთ, ვასუფთავებთ. ერთხელ ვირთხის დაკბენილი მოვიყვანეთ. რძალი სამსახურში რომ მიდიოდა, დედამთილს სარდაფში კეტავდა. ქალს რომ ჩაეძინებოდა, ვირთხა ჰკბენდა. აცრები გავუკეთეთ და მოვუარეთ.
- ოთახებში რომ შევიდე და დავათვალიერო, ხომ შეიძლება?
- რა თქმა უნდა, წავიდეთ...
დერეფანს გავუყევით და რამდენიმე ოთახის კარზე დავაკაკუნეთ. ღიმილით გვხვდებოდნენ. ყველა მობინადრეს ვეკითხებოდი, შეიძლებოდა თუ არა მათთვის ფოტოების გადაღება. თითქმის არც ერთი ქალბატონი უარზე არ იყო, მამაკაცებს კი არ სურდათ საჯაროდ გამოჩენა. ბუნებრივია, ყველას სიტყვას ანგარიშს ვუწევდი. რამდენიმე წუთი ვრჩებოდით ბენეფიციარების ოთახში.
თინა გოგოხია - 79 წლისაა, აფხაზეთიდან დევნილი. "ტელევიზორს ვუყურებ, ახლოს ვზივარ, რადგან კარგად ვერ ვხედავ" - მითხრა და ფოტოს გადასაღებად საწოლზე გადაჯდა. ქალბატონ ლიდას წიგნები უყვარს, - მითხრა ქალბატონმა ლიანამ, როცა მორიგი ოთახის კარი შევაღეთ.
- ყველგან წიგნები გაქვთ, რას კითხულობთ, რამე კონკრეტული ჟანრია?
- დეტექტივები მიყვარს. მართლაც, ყველგან წიგნები მაქვს, კარადებზე, საწოლზე, ყუთებში, - მპასუხობს და წიგნებით სავსე ყუთებზე მიმითითებს.
შემდეგ ოთახში ნათელა მამულაშვილი ცხოვრობს, 83 წლის. ყოფილი მოცურავეა, თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი ყოფილა.
საკმევლის სურნელით კოდორიდან დევნილი 85 წლის ნათელა პირველის ოთახს ცნობენ, ხელსაქმით გატაცებულ 73 წლის გულიკო მეხრიშვილი კი ქარგავს და ცდილობს, ყველა მსურველს ასწავლოს ეს საქმე: "ჩემი და 12 წლიდან ქარგავდა. ძალიან ნიჭიერია. მე არ ვიყავი ამ საქმით დაინტერესებული, მაგრამ ამ სიბერეში მეც დავიწყე ქარგვა", - მეუბნება და საკუთარ ნახელავს მათვალიერებინებს.
81 წლის ნერონი ბაბუ 10 წელია თავშესაფარში ცხოვრობს, საწოლსაა მიჯაჭვული, დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ამიტომ, მასთან ხშირადაა დამხმარე. იგივე მდომარეობაშია ბატონი სერგო კალატოზიშვილი. ის ერთ-ერთი ახალი მობინადრეა: "85 წელი მისრულდება, ფეხების დამბლა მაქვს და ვერ დავდივარ. აქ დიდ ყურადღებას გვაქცევენ. ისე გვივლიან, მიხარია, მეშვიდე ცაზე ვარ". ბატონი სერგო ყოფილი მევიოლინეა, თითქმის ნახევარი საუკუნე მუშაობდა ოპერის ორკესტრში. დაასრულა მუსიკალური სკოლა, ტექნიკუმი, კონსერვატორია და შემდეგ 49 წელი იმუშავა ოპერაში. ორკესტრთან ერთად გამართულ გასტროლებსა და კონცერტებს იხსენებს, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი წლები აქვს გამოვლილი და აშკარაა, ეამაყება.
GzaPress
ეზოში რამდენიმე თავშესაფრის ბინადარი იქ მცხოვრებ ძაღლებს აჭმევდა. ქალბატონი ლიანა ამბობს: "ეზოში ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი, რაც გვინდა, ასფალტი და სკამებია. ეს საკითხი მოგვარებული რომ იყოს, იმ მცხოვრებლებს, ვინც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან (ზოგი ეტლით გადაადგილდება და რამდენიმე ლოგინსაც არის მიჯაჭვული), ეზოში გასვლის საშუალება ექნებოდა. ქალაქის მერიის მიმართ ერთადერთი, ეს თხოვნა გვაქვს და განცხადება უნდა გავგზავნო.
- გაგზავნეთ მერიაში თქვენი განცხადება და ვფიქრობ, აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. სტატიის ბოლოს მეც აღვნიშნავ, რომ მოხუცთა სახლის ეზოს ასფალტის საფარი სჭირდება.
- დიდი მადლობა...

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ სუფთა და კარგ პირობებში უწევთ ამ მოხუცებს ცხოვრება, მათთან შეხვედრა ადვილი მაინც არ აღმოჩნდა. აქ ყველას განსხვავებული წარმომავლობა, პროფესია და წარსული აქვს, თუმცა, აწმყო - ერთი. არავინ იცის, რა გველის ხვალ. წუთისოფელი დაუნდობელია, განსაკუთრებით - სიბერე...
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი