კინოს ხიბლი და დაუვიწყარი ამბები - გზაპრესი

კინოს ხიბლი და დაუვიწყარი ამბები

გიორგი სალაძე კინოსტუდიაში ძველი თაობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი თანამშრომელია. ის მხატვარ-დეკორატორი და ფილმის დირექტორი გახლავთ. ბავშვობა ვორონცოვსა და პლეხანოვზე გაატარა, დადიოდა სპორტზე - საქართველოს ორგზის და ქალაქის სამგზის ჩემპიონი იყო კრივში. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 21 წლის ბიჭი ზუგდიდის თეატრში გაანაწილეს. იქ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა, რადგან ლანა ღოღობერიძის ფილმის "ერთი ცის ქვეშ" გადაღებებზე შემთხვევით მოხვდა და მაშინ გადაწყდა მისი ბედიც; ამ ფილმიდან დაიწყო კინოში მოღვაწეობა. გიორგი სალაძე 1961 წლიდან დღემდე კინოსტუდიაშია და 50-ზე მეტ ფილმზე იმუშავა.

- ლანა ღოღობერიძე ნოველას "თავადის ქალი მაია" (ფილმიდან "ერთი ცის ქვეშ") ანაკლიაში იღებდა. მაშინ ანაკლიაში ვცხოვრობდი, ბინა მქონდა დაქირავებული. გადამღებ ჯგუფს, ასე ვთქვათ, შევეჩეხე და აღარც მოვშორებივარ, მათ მივეკედლე. ყოველდღე მივდიოდი გადაღებებზე. მერე ქალბატონი ლანა გავიცანი. მახსოვს ეპიზოდი, რასაც იღებდნენ და რომელშიც ლიანა ასათიანი - ფანტასტიკური ქალი თამაშობდა. ეს იყო სცენა ზღვის სანაპიროზე, სადაც მთავარი გმირი ზღვას სწირავს თავის სამკაულებს. ახლაც ჟრუანტელმა დამიარა... როცა თბილისში ჩამოვედი, მივაკითხე რეჟისორს და უკვე ოფიციალურად, შტატში ამიყვანა კინოსტუდიის დირექტორმა მიშა კვესელავამ. ასე გახდა ჩემთვის პირველი ფილმი "ერთი ცის ქვეშ", რომლის ერთ-ერთ ნოველაში "ფრესკა", დამდგმელ მხატვარ დიმა თაყაიშვილს ვეხმარებოდი ინტერიერის მოხატვაში. გაგახსენებთ ეპიზოდს - მხატვრის როლს ასრულებს თენგიზ არჩვაძე, რომელიც ხარაჩოებზე დგას და ხატავს.

- ქალბატონი ლანა მკაცრი იყო?

- ყველა რეჟისორი თავისებურად მკაცრია. მასთან მხოლოდ ერთ ფილმზე ვმუშაობდი. ერთხელ, პავილიონში ვიყავი, როცა ქალბატონი ლანა რაღაც ეპიზოდს იღებდა. მაშინ შევესწარი, გაბრაზებულმა თქვა: რა არის, ამდენი ხანი ერთი დოქი ვერ მოიტანეთო? დირექტორმა დაავალა რეკვიზიტორს დოქის მოტანა, მაგრამ იმან დროზე არ მოიტანა... ასეც ხდება...

- ყველაზე ხშირად, რომელ რეჟისორთან გიმუშავიათ?

- რეზო ჩხეიძესთან ფილმიდან ფილმზე გადავდიოდი მხატვარ-დეკორატორად. კარგი ურთიერთობა გვქონდა, თორემ თუ არ დაიმსახურებ, რეჟისორი მეორე ფილმზე ახლოსაც არ გაგიკარებს. "ღიმილის ბიჭების" იმ ეპიზოდში, ხეებიდან ტოტები რომ ცვივა, ერთ ხეზე მე ვზივარ. მახსოვს რეზო მიყვიროდა: "ისროლე, ლამაზო"... ეს მეტსახელი მან შემარქვა "ზღვის ბილიკზე" მუშაობის დროს და ზოგმა ახლაც არ იცის ჩემი ნამდვილი სახელი. ერთხელ კინოსტუდიაში მეუღლემ მომაკითხა, გიორგი სალაძე იკითხა და ვერავინ გაიგო, ვის ეძებდა? არადა, იმ დროს პავილიონში დეკორაციას ვამზადებდი. ბოლოს, დარაჯი ტურაზოვი მიხვდა: ეს ხომ ლამაზოაო. რეზო ჩხეიძესთან ბოლო ფილმზეც "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" ვმუშაობდი. ფილმის გადაღება გაჭიანურდა, 5-6 წელი გაგრძელდა და მე მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე. ამ ფილმში სხვებთან ერთად, ცნობილი რუსი მსახიობი ლიდია ფედოსეევა-შუკშინა და ფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძე თამაშობდნენ. მახსოვს გადაღებები ტიმოთესუბანში, ეკლესიაში გვქონდა. მერე მოსკოვში წავედი.

GzaPress

- "მოსფილმში" მუშაობდით? - კი, "მოსფილმში" არაერთ ფილმზე ვიმუშავე... გია დანელიასთან მოსკოვსა და თბილისშიც მიმუშავია. ღმერთივით კაცია. ერთხელ გიამ, მე და ერთი ოპერატორი სახლში მიგვიპატიჟა და კარგად მიგვიღო. დანელია გარუსებული ქართველია, მეგრული თითო-ოროლა სიტყვა იცის. როცა ზუგდიდის თეატრში ვმუშაობდი, მეგრული ორ კვირაში ვისწავლე.

- ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია თქვენთვის "ჯარისკაცის მამა"... სერგო ზაქარიაძეზე მიამბეთ.

- დიდი პიროვნება იყო, ფილმის ნაწილს რიგაში ვიღებდით და იმ დროს დაემთხვა სერგოს დაბადების დღე. ეს დღე იქ აღვნიშნეთ პურმარილით. მან იცოდა, რომ ჯგუფის წევრები თანხას ვაგროვებდით, მაგრამ ვუთხარით, რომ ლუბას დაბადების დღისთვის ვემზადებოდით. რუსი მსახიობი ქალი ერთ ეპიზოდში მონაწილეობს, "ტელეჟკაზე" ზის ბავშვით ხელში. მართლა ახლოვდებოდა მისი დაბადების დღე. სერგო საოცარი მჭევრმეტყველი იყო. როცა გაიხსნებოდა, ისე საუბრობდა, ბიჭები პირღია ვუყურებდით. თავდაუზოგავი მუშაობა იცოდა, გადაღების დროს ლამის ტანკს შეუვარდა, კადრს მიღმა ვიდექით და საშველად გავვარდით... ფილმისთვის გერმანული თვითმფრინავის მესერშმიტის საკმაოდ მოზრდილი მაკეტი დავამზადე და კომბინირებულად გადავიღეთ მისი დაშვება, თუმცა კადრი არ იყო სრულყოფილი და ფილმში არ შევიდა. "ჯარისკაცის მამაში" ტანკებზე, ხიდზე წარწერები და ყველა დეკორაცია ჩემი გაკეთებულია.

- წელს ფილმის გამოსვლიდან 55 წელი სრულდება, რამეს გეგმავს კინოსტუდია? ფილმის ფერადი ვერსია მოგწონთ?

- საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით... რაც შეეხება ფერად ვერსიას, უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ფილმი ნამდვილად იმსახურებდა ასეთ განახლებას. სხვათა შორის, "ჯარისკაცის მამის" გადამღები ჯგუფის 70 წევრიდან, ორნიღა დავრჩით ცოცხალი - მე და ოპერატორი კუკური გვასალია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს.

- ფილმის დირექტორი როგორ გახდით?

- თემურ ბაბლუანმა მთხოვა, მას ვიცნობდი ფილმიდან "ღიმილის ბიჭები" და ვმეგობრობდით. რეზო ჩხეიძე არ მიშვებდა დირექტორად, თემურს უთხრა: ლამაზო მხატვარია და მხატვარ-დეკორატორად წაიყვანეო. თემურმა არ დათმო, ის თავის მხრივ ამბობდა: ეგ ისეთი კაცია, შეუძლებელს გააკეთებსო. რეზომ ბრძანებას ხელი არ მოაწერა. ერთი კვირა იდო განცხადება და მერე, სხვამ მოაწერა ხელი ჩემს დირექტორად დანიშვნას. მაშინ ვიმუშავე პირველად ფილმის დირექტორად, ბაბლუანი "უძინართა მზეს" იღებდა.

- რა არის რთული ამ მოვალეობის შესრულებისას?

- ძველი თბილისის იერის შესაქმნელად 50-იანი წლების ვაგონები და ტროლეიბუსები ჩამოვიტანე როსტოვიდან და ლენინგრადიდან. ამის ორგანიზება რთულია. საჭიროა სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებები. ჩამოყვანილი ტროლეიბუსი არ დადიოდა, ძველ კინოსტუდიაში იდგა. ავდექით, მისი შუა ნაწილი გავხვრიტეთ და "ზის-5"-ის ძრავა დავუყენეთ. სხვათა შორის, ელიავას ბაზრობის ადგილას გარაჟი გვქონდა, სადაც რეტროს სტილის 14 მანქანა, მათ შორის "ემ ადინი" მყავდა.

გიო მგელაძის ფილმების დირექტორი ვიყავი. კარგი კაცია, ყველაფერს ჩააწიკწიკებს ხოლმე. გიოს ერთ-ერთ ფილმზე ბათუმში გემი უფასოდ დაგვითმეს ჩემი ხათრით. ამ საქმეში გემის კაპიტანი და ასლან აბაშიძის სიძე დაგვეხმარა. 2 სამხედრო გემი ორი დღით "მოგვცეს". არადა, ერთი საათი 600 დოლარი ღირდა... გიოს მამასთან, გუგულისთანაც მიმუშავია ფილმზე "ბურთი და მოედანი". გუგული "დუშკა" კაცი იყო. მხატვარ-დეკორატორად ამიყვანა. 2 ხარისხიანი დეკორაცია გავუკეთე და ძალიან მოეწონა. სიკო დოლიძესთან ვიყავი გადამღებ ჯგუფში, ფილმის სახელი კი აღარ მახსოვს, მაშინ თავისი შვილი - ქეთი ასისტენტად ჰყავდა.

GzaPress

- ბოლოს რა ფილმზე მუშაობდით? - ლევან ანჯაფარიძესთან ვიმუშავე, ფილმს ჰქვია "მტერი ჩემი - მოყვარე ჩემი", აფხაზეთის თემაზეა. მე ვფიქრობ, რომ ლევანის ფილმებს შორის, ეს ყველაზე ძლიერი ნამუშევარია.

- თქვენი ფილმების ყურება გიყვართ?

- ძალიან მსიამოვნებს. ჩემი ცოლ-შვილი მეტყვის ხოლმე, გეყოფა ამდენი ყურებაო. ახლაც ასე ვარ, ყოველდღე ველოდები, ეთერში როდის იქნება.

- შვილებს აინტერესებთ მხატვრობა?

- პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი მყავს, მეორიდან - ორი გოგო. ამ ორიდან უფროსი უნივერსიტეტში სწავლობს, პატარა კი 15 წლისაა და ის ჩემზე უკეთ ხატავს...

- ხშირად მიდიხართ კინოსტუდიაში?

- ყოველდღე! აბა, სხვაგან სად უნდა წავიდე?

P.S. პირველ აპრილს გიორგი სალაძე 80 წლის ხდება. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიაში.

ნანული ზოტიკიშვილი