"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!" - გზაპრესი

"მგონია, რომ აფხაზეთში ჩემი ბავშვობა მოკლეს!"

"15 წლიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიჭირავს ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე, რა არის ცხოვრება. დღესაც, 18 წლისაც ვმუშაობ. ჰო, ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ჰო, ჩემთვის არ არის ზღვა, მთა და გართობა, მაგრამ მე ვაგროვებ იმ საგზალს, რომელიც ზამთარში მარჩენს.

ჰო, არ ვარ გარეგნულად კალმით ნახატი, არ ვარ "გაჩითული", არ ვცხოვრობ თბილისში, არ მაქვს ფოტოებზე უამრავი ლაიქი, არ მაქვს ცხოვრება ფერად ფერებში. ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, რამაც დიდი ტკივილი დატოვა ჩემში. სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?

არასდროს იწუწუნოთ, თუ "აიფონი" არ გაქვთ - ეს დასასრული არ არის. იშრომეთ, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა "ბირჟაზე" სიცხეში უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს, როდის გიყიდიან მშობლები ჩანთას სკოლაში მისასვლელად.

მე ბავშვობა დავკარგე... შეუნარჩუნეთ, მშობლებო, თქვენს შვილებს ბავშვობა. თუ ამ ყველაფრის გამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია".

ზუგდიდელ რომეო მალაზონიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ამ სტატუსმა საზოგადოება გულგრილი ვერ დატოვა - აქტიურობდნენ უფროსებიცა და რომეოს თანატოლებიც. ყველა უწონებდა საქციელს, ბევრმა გაამხნევა კიდეც სიტყვით. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის ეს ახალგაზრდა ბიჭი. რომეო 23 მარტს 19 წლის გახდება, თუმცა, როგორც თავად მითხრა, ამ ასაკში უკვე "მოასწრო" და ბევრი განსაცდელი გამოიარა, ბევრი გაჭირვება ნახა. ჯერ კიდევ 15 წლისამ სკოლაში სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო.

- ამ პოსტით, რაც გულში მქონდა, ყველაფერი ვთქვი. ისედაც, ყოველთვის გულწრფელი ვარ. ბევრი ჩემი თანატოლი მწერდა, რომ ამ სტატუსით ბრძოლისა და მუშაობის სტიმული გავუჩინე, უფროსები კი მწერდნენ, - ნეტავ, შენს დედასო... ერთ რამეს მივხვდი, რომ ცხოვრება დიდი ბრძოლაა და არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ვცდილობ, ყოველთვის მხიარული და პოზიტიური ვიყო. სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. 4 წლის განმავლობაში სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ვიყავი, არაერთი ორგანიზაციის წევრი ვარ, მოკლედ, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება მომწონს და მიხარია, თუ რამეში ჩემი წვლილი შემაქვს.

- ასეთი აქტიურობითა და მიზანდასახულობით ნამდვილად ბევრს მიაღწევ, წარმატებებს გისურვებ, ახლა კი შენზე და შენს ოჯახზე უფრო მეტი მიამბე.

- რთული ბავშვობა მქონდა, 3 წლამდე საავადმყოფოში ვიწექი, რადგან ექიმების დაუდევრობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. მყავს მშობლები და ძმა - რომანოზი, რომელიც ივნისში 21 წლის გახდება და ამჟამად მონასტერშია.

სრულიად განსხვავებული ბავშვები ვიყავით. ის ძალიან პედანტი, მოწესრიგებული, ყურადღებიანი და წყნარი იყო, მე კი ხმაურიანი, ანცი, თამამი. როგორც ყველა, ჩვენც ვჩხუბობდით, თუმცა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, გვიხაროდა ერთმანეთის არსებობა. ვიზრდებოდით ბედნიერად და ლაღად. რომანოზი ყოველ დილით სკოლაში ძალით მექაჩებოდა, რადგან მეზარებოდა საწოლიდან გამოძრომა. გარკვეული პერიოდი - 2005 წლიდან 2011 წლის მიწურულამდე აფხაზეთში, გალში ვცხოვრობდით, რადგან დედა აფხაზეთიდანაა.

GzaPress

- უკან რატომღა დაბრუნდით, რა შეგემთხვათ? - რამდენჯერმე დაგვაყაჩაღეს და ვეღარ გავრისკეთ იქ დარჩენა. დღემდე მწარედ მახსოვს 2011 წლის ზამთარი. "გთხოვთ, წადით აქედან, ბავშვები არ შემიშინოთ!" - ჩამესმა 11 წლის ბავშვს დედის ხმა, ღამის 4 საათზე. თურმე ვიღაც ნიღბიანები სახლში შემოპარვას ცდილობდნენ. "მამიკო, რა უნდათ ამ შავ კაცებს ჩვენგან, დავუშავეთ რამე?" - ვეკითხებოდი შეშინებული მამას. არა, შვილო, ახლავე წავლენ, ნუ გეშინიაო, - მამშვიდებდა ის. ამდენი ხნის მერეც მზარავს იმის გააზრება, რა მოხდებოდა, კარი რომ შემოემტვრიათ. რომანოზი ძალიან ფრთხილი იყო, მისი სასთუმლის ქვეშ ვიპოვეთ ტელეფონი და დასახმარებლად ვუხმეთ მეზობლებს. იმ ღამით რომანოზმა ბალიშის ქვეშ დაიდო დედაღვთისმშობლის ხატი და, როგორც თვითონ ამბობს, ამ ამბავმა უფრო დაახლოვა უფალს. მაშინ ორივემ დიდი სტრესი მივიღეთ, თან ასეთი შემთხვევა კიდევ სამჯერ განმეორდა. ამ ყველაფერმა აფხაზეთის მიმართ ცუდი მოგონებები დამიტოვა. მგონია, რომ მანდ ჩემი ბავშვობა მოკლეს!

2012 წლის იანვარში საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვედით, დევნილთა კორპუსის მე-4 სართულზე, ერთ ოთახში. ის იყო მისაღებიც, სამზარეულოცა და საძინებელიც. ამოტრიალებული ვედრო სკამის როლს ასრულებდა, სკამებს შორის გადებული ფიცარი კი - მაგიდის როლს. "დაჩა" და ჩაი ჩვენი დღის რაციონი იყო. ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის. ერთხელ ჩემს ძმას ვუთხარი, - მოდი, ტელევიზორი დავშალოთ, იქნებ სპილენძი იყოს შიგნით, გავყიდოთ და საჭმელი ვიყიდოთ-მეთქი. ასეც მოვიქეცით, მერე ფეხით წავედით ჯართის ჩასაბარებლად და უკანვეც ფეხით წამოვედით, ფული რომ არ დაგვეხარჯა. იმ ფულით პური და კარაქი ვიყიდეთ. ეს ჩვენი ყოველდღიური რეალობა იყო. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მძიმე პერიოდი გავიარეთ, თუმცა ჩვენ არასდროს გავმტყდარვართ, ერთმანეთის სიყვარულით ვიდექით ფეხზე! ზუგდიდში გადმოსვლის შემდეგ შევედით ქართულ სკოლაში. თავდაპირველად ქართულად საუბარი გვიჭირდა, რადგან აფხაზეთში მხოლოდ რუსულად გვქონდა ხმის ამოღების უფლება.

- რომანოზზეც მიამბე - ის ახლა ყაზბეგში, თრუსოს მამათა მონასტერში მსახურობს, ხომ?

- მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მსახურების ინტერესი. პირველად 4 წლის იყო, რაღაც გამოსახულება დახატა და თქვა, იესო ქრისტეაო. ხატების წერაც პატარაობიდანვე დაიწყო, ნელ-ნელა დახვეწა სტილი, მიდგომები, რამაც სრულყოფილ მხატვრად, ხატმწერად აქცია. 2015 წლის მაისში კი მონასტერში წავიდა და მას შემდეგ მარტო დავრჩი ამ ჩემს პატარა ოთახშიც და ზოგჯერ მგონია, რომ მთელ სამყაროშიც. ეს გადაწყვეტილება თურმე 2011 წელს მიიღო, იმ ღამეს, როდესაც სახლში ნიღბიანები შემოგვიცვივდნენ. მშობლებმა თავიდან მტკივნეულად აღიქვეს მომხდარი, მამას სახლში დაბრუნება აღარ უნდოდა, დედა სულ ტიროდა, მაგრამ ნელ-ნელა გაიაზრეს ყველაფერი.

GzaPress- რომეო, რატომ გადაწყვიტე ასეთ ადრეულ ასაკში გემუშავა?

- გაჭირვებამ მაიძულა... მამა ხეზე მუშაობს, დიდი არაფერი შემოსავალი აქვს, დედა უმუშევარია. ბევრჯერ, როდესაც კლასელები საქეიფოდ იკრიბებიან, მე ვერ მივდივარ, რადგან ვერ ვდებ იმ 15 ლარს. მართალია, ისინი ყოველთვის მთავაზობენ, რომ წავიდე და ფული არ დავდო, მაგრამ მათი კეთილგანწყობით რამდენჯერ ვისარგებლებ? აი, დღესაც იკრიბებიან რესტორანში, მაგრამ ვერ მივდივარ. ამიტომაც გადავწყვიტე 15 წლიდან მიმტანად მემუშავა. ელემენტარული რამისთვის რომ არ სთხოვ ფულს მშობლებს? მოლარედაც ვიმუშავე. მახსოვს მიმტანად მუშაობის დროს პირველი ხელფასი - 15 ლარი, ერთი დღის ნამუშევარი რომ მომცეს, როგორი ბედნიერი და გახარებული ვიყავი. მეშინოდა, ვაითუ ჯიბიდან ამომივარდეს და დამეკარგოს-მეთქი და ხელში ჩავიკუჭე. სახლში ვფიქრობდი, სად დავდო ისეთ ადგილზე, თაგვმა რომ არ მომპაროს-მეთქი (იცინის). რა აღარ ვიფიქრე, მერე ავდექი და ამ ჩემს ფულს ზედ 15 წიგნი დავადე, რომ არც ვინმეს აეღო და არც დაკარგულიყო.

- შენმა თანატოლებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი?

- თავიდან ისე მიყურებდნენ, როგორც ძალიან საცოდავსა და საწყალს, რატომღაც ყველას ვეცოდებოდი. ვიცი, ბევრ ჩემს თანატოლს ეთაკილება მუშაობა, მაგრამ მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ სწავლას ვეღარ ვასწრებდი - სკოლიდან პირდაპირ სამუშაოდ მივდიოდი, რაც საკმაოდ დამღლელი იყო. ღამის 3 საათამდე სხვის ბედნიერ სახეებს ვუყურებდი და მერე დაღლილ-დაქანცულს შუაღამისას მიწევდა გაკვეთილების მომზადება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს, სად აპირებ ჩაბარებას?

- სხვათა შორის, თიხაზე ვმუშაობ, ასევე, ტყავითა და თექით ქალბატონებისთვის ვაკეთებ ლამაზ აქსესუარებს, მაგრამ მასალები ძვირი ღირს და ამის ფუფუნება ხშირად არ მაქვს. ინტერნეტით ვისწავლე ყველაფერი. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ძალიან მიყვარს წერა და ჟურნალისტობა მინდა. ცნობისმოყვარე ვარ, ბოლომდე ჩავეძიები ხოლმე, როცა რამე მაინტერესებს, მაგრამ როდესაც სიცივეში გიწევს ყოფნა, როდესაც არ იცი, ქირა როგორ გადაიხადო, ცოტა ძნელია მომავალზე ფიქრი. ახლა უმუშევარი ვარ და ძალიან ვნერვიულობ.

- რას ეტყოდი შენს თანატოლებს?

- მინდა, ყველას ვუთხრა, რომ მე, 18 წლის ბიჭს, ბევრი რამის ატანა მიწევს - სიცივის, გაჭირვების, უფულობის, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია და ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება!

ნინო ჯავახიშვილი