რძალ-დედამთილიანი ანუ როცა ოჯახის წევრი მტრად გადაგეკიდება
font-large font-small
რძალ-დედამთილიანი ანუ როცა ოჯახის წევრი მტრად გადაგეკიდება

ერთი თვეა, ჩვენი რძალი ხარ და ჯერ არ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთ ნიჭიერ ადამიანს შევალოცინეო

ჩემს ცოლს გამოუცხადა, - ისეთი ბებერი ხარ, შენს გაკეთებულ საჭმელს როგორ შევჭამო?





ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი რომ ხშირად ხდება, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა ორი ადამიანის კინკლაობას ოჯახი ეწირება, დამეთანხმებით, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. საბედნიეროდ, ჩემი ნაცნობის უმეტესობა დედამთილზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობს, მაგრამ ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეგობრების წრეში ერთ გოგონას შევხვდი, რომელმაც საკუთარ დედამთილზე ისეთი რაღაცები მიამბო, რომ თავი საშინელ ზღაპარში მეგონა. ჯადოს არსებობის როგორ არ მჯერა, მაგრამ ვფიქრობდი, - ჯადოქრებიცა და შავი მაგიის სხვა წარმომადგენლებიც წარსულში დარჩნენ. ახლა ადამიანს მოძღვარი თუ არ ჰყავს და წირვა-ლოცვას არ ესწრება, ღმერთის თავისებურად მაინც სწამს, მისნებს არ სტუმრობს-მეთქი. თურმე, მწარედ ვცდებოდი.

ანანო, 27 წლის:
- მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შვილის "გადარჩენის" მიზნით ჯადოს კეთებაზეც არ ამბობენ უარს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ჩემი ოჯახის წვერი გახლდათ... მე და ზაზამ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. მაშინვე ვიგრძენი, რომ მოვეწონე და სიმართლე გითხრათ, მეც პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე მისით. იმ საღამოს ზაზამ სახლამდე მიმაცილა, გვიან ღამით კი დამირეკა და მკითხა, - როგორ ახვედიო? მერე მესიჯი მომწერა. მეორე დღესაც მომიკითხა და ასე, ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა. თავდაპირველად მეგობრების გარემოცვაში ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი, როცა თავის გრძნობაში გამომიტყდა, ხშირად განვმარტოვდებოდით ხოლმე, თეატრსა და კინოს ვსტუმრობდით, კაფეშიც ხშირად მეპატიჟებოდა. ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას შემთხვევით, ქალბატონი ნანას (ზაზას დედა) გადავეყარეთ. ის ძალიან კარგად შემხვდა და მაშინვე შინ მიმიწვია, ფინჯან ყავაზე. მას მერე ნანა ხშირად მირეკავდა, ჩემს ამბებს კითხულობდა და ოჯახშიც ხშირად მეპატიჟებოდა. მოკლედ, ძალზე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ზაზა არ მუშაობდა და დაოჯახებისგან თავს ამიტომაც ვიკავებდით. ქალბატონმა ნანამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - მე რას ვაკეთებ, თქვენს ოჯახს როგორ ვერ შევინახავ? სასწრაფოდ უნდა დაქორწინდეთო! მოკლედ, მისი დაჟინებული თხოვნით, მე და ზაზამ ჯვარი მალევე დავიწერეთ, დედამისმა გრანდიოზული ქორწილი გადაგვიხადა და საქორწილო კაბიდან დაწყებული, დარბაზის დიზაინით დამთავრებული, ყველაფერი მისი გემოვნებით იყო შერჩეული.

კაბა ისე მიყიდა, მაღაზიაში ერთხელაც არ წავუყვანივარ ანუ არჩევანის საშუალებაც არ მომცა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამით პატივი მცა, მაგრამ თურმე ვცდებოდი... ქორწილიდან მეორე დღეს, ის დილის 9 საათზე, ჩვენს საძინებელ ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა და გვითხრა - რაღა დროს ძილია, სადაცაა სტუმრები მოვლენ, ახლავე აბრძანდითო. მისმა საქციელმა გამაკვირვა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ახალი პატარძალი საოჯახო საქმის კეთებას შევუდექი, ნანა კი მხოლოდ ბრძანებებს იძლეოდა და ზაზაც იმას აკეთებდა, რასაც დედამისი ჰკარნახობდა. ჰოდა, იმ დღესვე მივხვდი, რა შარშიც გავყავი თავი... სულ რაღაც ორი კვირის გათხოვილი ვიყავი, როცა მეუღლე შინ ნასვამი დაბრუნდა და სასტიკად მცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მის დაბრუნებას არ დაველოდე, ჩამეძინა. მეორე დღეს დედამთილმა "დამმოძღვრა": ქმარს პატივი უნდა სცე. რას ჰქვია, მის მოსვლამდე დაიძინე? იქნებ რაიმე შეემთხვა, შენ კი, ნერვიულობის ნაცვლად, ლოგინში გორაობდი. ღირსი იყავი, რომ გცემაო!.. გაოგნებულმა პასუხიც ვერ გავეცი. იმავე საღამოს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქვედაბოლო გაქრა. მთელი სახლი გადავაქოთე, მაგრამ ვერსად მივაგენი. დედამთილს ვკითხე, - სადმე თვალი ხომ არ მოგიკრავს-მეთქი? - არაო, - მიპასუხა. ძალიან შევწუხდი და ვთქვი, - დედაჩემთან დავრეკავ, ალბათ, იქ დამრჩა-მეთქი. ცოტა ხანში ნანამ დამიძახა, - შენი ქვედაბოლო ვიპოვეო და პარკში ჩადებული მომაწოდა. გამიხარდა და მაშინვე ჩავიცვი. საღამოს მეგობარი მესტუმრა. მისთვის ყავას რომ ვადუღებდი, მითხრა, - მაგ ქვედაბოლოზე რა გასხიაო? გავიხადე და უკანა მხარეს მართლაც, ყვითელი სითხე იყო დასხმული. მაშინვე გავრეცხე, მაგრამ ლაქა ვერ ამოვიყვანე. დედამთილს ვკითხე, - ქვედაბოლო სად იპოვე? ძალიან ჭუჭყიანია და თან, ლაქაც არ შორდება-მეთქი. - უკვე ერთი თვეა, ჩვენი რძალი ხარ და ჯერ არ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთ ნიჭიერ ადამიანს შევალოცინეო, - მიპასუხა. ლამის გავგიჟდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.... მეორე დღეს ყველა ტანსაცმელი შევამოწმე და ორ თეთრ პირსახოცზე იგივენაირი ლაქა შევნიშნე. დედამთილს გავუტანე და ვკითხე, - ამ პირსახოცებზეც შეალოცინე-მეთქი? - კი და ეს იმიტომ გავაკეთე, რათა შენ და ზაზს მყარი ოჯახი გქონდეთო. ამის შემდეგ ფრთხილად ვიყავი და რომელ ტანსაცმელზეც მსგავს ლაქას შევნიშნავდი, ახლოს არ ვეკარებოდი...

GzaPress

რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემს ფოტოალბომში რომელიღაც ფრინველის ბუმბულები, უშველებელი ბრჭყალები ვიპოვე - ისინი ერთმანეთზე ვიღაცის თმით იყო გადაბმული... ერთი მეგობარი მყავს, ნინო, რომელიც ზაზას ძმას, გიორგის მოსწონდა და სულ მთხოვდა, მისთვის საქმე ჩამეწყო, მაგრამ თავს ვიკავებდი - ჯერ ერთი, ჩემი მაზლი ჩემს ქმარზე სასტიკი ადამიანი ჩანდა, მეორეც, ნინოს აბსოლუტურად სხვა ბიჭი მოსწონდა და გიორგის ზედაც არ უყურებდა. ნანა ჩემს მეგობარზე ბრაზობდა, - გიორგის მისი დასაწუნი რა სჭირს?! ერთხელ ნინომ დამირეკა და მითხრა, გესტუმრებიო. ეს ამბავი ნანასთან წამომცდა. საღამოს, როცა მე და ნინო ოთახში განვმარტოვდით, ჩვენთან ნანა შემოვიდა, ნაყინი შემოგვიტანა. ამასობაში ზაზაც მოვიდა და ნაყინი რომ დაინახა, მითხრა, - ცოტა მეც მაჭამეო. ნანამ ხელები გაასავსავა: ნაყინი თუ გინდა, ფულს მოგცემ და იყიდე, ესენი კი გოგოებს მოვუტანეო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და ზაზას ჩემი ნაყინი მივაწოდე, - მე არ მინდა-მეთქი. დედამთილმა ყვირილი დაიწყო: მე პატივი გეცით და თქვენ ამ პატივისცემაზე უარს როგორ მეუბნებითო? გაოგნებულმა ნინომ ნაყინი სასწრაფოდ ჩაკბიჩა, მე კი თეფშზე დავდე, არ შევჭამე... მეგობარმა მეორე დღეს დამირეკა და შემომჩივლა: წუხელ ისე ცუდად გავხდი, "სასწრაფო" გამოვიძახეთ. ექიმები ვერ მიხვდნენ, რა მჭირდაო. მაშინვე ნანასთან გავვარდი და ვკითხე, - რა იყო იმ ნაყინში-მეთქი? - რა განერვიულებს, დედი? აბა, ნინოს იმის ნებას მივცემ, რომ ჩემს შვილს ზემოდან უყუროს? ნახე, ახლა, გიორგი თუ არ შეუყვარდეს. ისე, შენც რომ გეჭამა, ზაზა მეტად შეგიყვარდებოდაო, - მიპასუხა. - უნამუსო ჯადოქარი ხარ-მეთქი, - მივახალე და მაშინვე მშობლებთან დავრეკე. საწყალი დედ-მამა გაოგნებული მისმენდა, ჩემი მონაყოლის დაჯერება გაუჭირდათ. ნანას საკუთარი საქციელის არც კი რცხვენოდა, პირიქით, ამით ამაყობდა კიდეც: - მე ბავშვებს მყარი ოჯახის შექმნაში ვეხმარებოდი. არავითარი ჯადოქარი არ ვარ, უბრალოდ, მოლას შევალოცინეო. იმ სახლში ვინ გამაჩერებდა? მშობლებმა იმ დღესვე წამომიყვანეს. ამ ამბის შემდეგ მე და ნინო ქაშუეთის ეკლესიაში, მამა სოკრატეს კვეთებურებზე დავდიოდით და მის სენაკში ყოველი შესვლისას გული მიგვდიოდა... ერთი თვის წინ ნინო გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობს, მე კი ისევ, ძველ ჭრილობებს ვიშუშებ...

მაია, 32 წლის:
- ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის სიყვარულის ამბავი უნივერსიტეტში დაიწყო. თავიდან ვმეგობრობდით, მერე კი ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ის დღესასწაულებზე ოჯახში მსტუმრობდა, ჩემს მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ლაშა დედ-მამასთან და გაუთხოვარ დასთან ერთად, ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობდა, მე კი მართალია, ქალაქის გარეუბანში, მაგრამ სამსართულიანი, კარგად მოწყობილი სახლი მქონდა. მამაჩემი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მატერიალურად ნამდვილად არ გვიჭირდა. ლაშას ოჯახი მის დაბადების დღეზე გავიცანი. ყველა თბილად შემხვდა; მომავალი მული მაშინვე დამიმეგობრდა და თავის თაყვანისმცემლებზე დამიწყო ლაპარაკი, სადედამთილომ კი მითხრა, დაქორწინებას ნუღარ გადადებთო. როგორ უნდა დავქორწინებულიყავით, როცა ორივე სტუდენტი ვიყავით? ვის კისერზე უნდა გვეცხოვრა? ჰოდა, ლაშას ვეუბნებოდი, - ჯერ მუშაობა დავიწყოთ და ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქროთ-მეთქი. თავიდან თანახმა იყო, მაგრამ მისი დაბადების დღის მერე მითხრა, - ან ახლა დავქორწინდებით, ან არასდროსო! მშობლებს ლაშას ნათქვამი გადავეცი. მამამ მირჩია, - ჯობია, გაყვე. სხვათა შორის, ხალხის ჭორაობამ და კითხვებმა მეც დამღალა. თუ დაქორწინდებით, სამოთახიან ბინასაც გაჩუქებთ და ვიდრე მუშაობას დაიწყებთ, საჭმელსაც არ დაგამადლითო. ასეც მოხდა, მამაჩემმა პირობა პირნათლად შეასრულა...

თურმე, ლაშას ოჯახის წევრებს ჩემი ქონება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე - თავად მე. ქორწილიდან ერთ კვირაში დედამთილი მეახლა და მითხრა: მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეღარ ვეწყობით, უნდა გავშორდე და ცოტა ხანს თქვენთან მაცხოვრეთო. ჰოდა, დედამთილს ამ თხოვნაზე უარს ხომ ვერ ვეტყოდი?.. მართალია, მიკვირდა, ქმარს თუ გაშორდა, ყოველდღე იმ სახლში რისთვის მიდის-მეთქი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ერთხელაც, სახლის დალაგება გადავწყვიტე და ქვეშაგები გასამზეურებლად გავიტანე. შევამჩნიე, რომ ლეიბს კუთხეში თმა, ფრჩხილები და სანთლის ნამწვავები ჰქონდა მიკერებული. არადა, ის ლეიბი მე და დედამ შევიძინეთ, ჩვენვე დავაგეთ იმ საწოლზე და მაშინ მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს. ის საზიზღრობა მოვარღვიე და ფანჯრიდან გადავაგდე. მერე კარადაში ვიპოვე ბუმბულები, ნაძვის ხის სათამაშოში კი, რომელიც დედამთილმა მისახსოვრა და შემთხვევით გამიტყდა, ერთმანეთში გადახლართული სანთლის ნამწვავები იდო. დედამთილზე ეჭვს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიტანდი, რადგან ის ეკლესიაშიც დადიოდა, მარხვასაც ინახავდა და ეზიარებოდა კიდეც, ამიტომ შინ დაბრუნდა თუ არა, შევჩივლე, - ნახეთ, ეს ყველაფერი ჩემს ოთახში აღმოვაჩინე-მეთქი. თავიდან შეცბა, მაგრამ მერე მითხრა, - არა მგონია, ეს ყველაფერი საშიში იყოს, მომეცი და გადავყრიო... გარკვეული პერიოდის მერე, როცა შინ მშობლები მეწვივნენ, პატარა სუფრა გავაწყვეთ და ოჯახურ წრეში ვმხიარულობდით. სამზარეულოში გავდიოდი, როცა დედამთილი სკამიდან წამოხტა და სახეში რაღაც სითხე შემასხა. დედამ იკივლა, - რას უშვრებიო? - ნუ გეშინია, ნაკურთხი წყალი შევასხიო, - უთხრა დედამთილმა. არადა, წყალი ნამდვილად არ იყო, რადგან ცხიმი სახეზეც და თმაზეც გადამეგლისა. მაშინვე ვიბანავე, დედამ კი თავზე საკმეველი შემომატარა. მამამ ჩემს დედამთილს კატეგორიულად გამოუცხადა, - ახლავე წადი ამ სახლიდან და ეგ ნაკურთხი წყალი შენს გაუთხოვარ შვილს შეასხიო! იმ საღამოს წნევამ ამიწია და როგორც დედა იხსენებს, გავშავდი კიდეც. "სასწრაფო" გამოიძახეს, რომლის ექიმებმაც თქვეს, - კიდევ კარგი, დროულად მოვედით, თორემ ინფარქტს მიიღებდაო... ამ ამბის შემდეგ დედამთილი მტრად გადამეკიდა: თავის შვილს დაიბარებდა ხოლმე და ჩემ მიმართ აგრესიულად განაწყობდა. ჰოდა, შინ დაბრუნებული ლაშაც გამუდმებით მეჩხუბებოდა, - ჩემებს მატერიალურად რომ უჭირთ, რატომ არ ეხმარებიო? მისი უსამართლობა ცოტა ხანს კიდევ ვითმინე, მაგრამ ერთ დღესაც კარი ჩავკეტე და მშობლებთან დავბრუნდი. მალე ლაშამ დამირეკა, - კარს ვერ ვაღებ, სად ხარო? ვუთხარი, - დედაშენთან წადი, მე შენთან აღარ დავბრუნდები-მეთქი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. საბედნიეროდ, ლაშას ოჯახის არც ერთი წევრი აღარ მინახავს და თავს ნამდვილად, ბედნიერად ვგრძნობ...

GzaPress

გულნაზი, 65 წლის:
- რძლის გული ვერაფრით მოვიგე. ჩემი შვილი 18-ის იყო, როცა 17 წლის გოგონაზე დაქორწინდა. სად გაიზარდა ან ვინ გაზარდა ასეთი, არ ვიცი, მაგრამ ოჯახში შემოსვლისთანავე გამოგვიცხადა: ახლა ამ სახლის დიასახლისი მე ვარო და ყველაფერს ადგილი შეუცვალა. დანარჩენი ოთახები ჯანდაბას, ახალგაზრდები არიან და როგორც თვითონ სურთ, ისე მოაწყონ, მაგრამ ჩემს ოთახს რაღას ერჩოდა? მითხრა, - მიცვალებულების ფოტო ცუდი აურის მატარებელიაო, ჰოდა, როცა სახლში არ ვიყავი, ჩემი მეუღლის, მშობლების და ერთადერთი ძმის ფოტო დაუწვავს. ლამის გადავირიე, მთელი კვირა ვტიროდი... ახლა ბავშვი შეეძინათ და პატარას ახლოსაც არ მაკარებს, - მოხუცი ხარ და ხელიდან გაგივარდებაო. დამცინავად მეუბნება: თქვენ დროს პამპერსი სად იყო, ახლა რომ ისწავლო მისი გახდა-ჩაცმაო და თურმე, ვერც ბავშვის ჭურჭელს გავრეცხავ. ტანისამოსი, რომელიც შვილიშვილისთვის ვიყიდე, დაიწუნა, - ეს "დენიკინის" დროინდელი შარვლები სად იშოვეო და უკან მომიყარა. მოკლედ, ამ ლაწირაკის გული ვერაფრით მოვიგე. ახლა აიჩემა: ყველა ჩემი დაქალი, ქმართან ერთად, ცალკე ცხოვრობს და მე რატომ უნდა ვიცხოვრო დედამთილთან? იქნებ მინდა, ქმარს შუა სამზარეულოში მოვეფეროო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემი შვილიც მის მხარესაა და ამბობს: ახალგაზრდა წყვილი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. მოდი, ბინა გავყოთო. სხვა რა გზა მაქვს და მაკლერი ავიყვანე, საცხოვრებელს უკვე ვყიდით. ალბათ, ჩემთვის ერთოთახიან ბინას ვიყიდი, აბა, მეტი რაში მჭირდება? ვმუშაობ, როგორც ინვალიდს, პენსიაც მეკუთვნის, ქალიშვილის ქმარიც თან მყვება და იმათ იმედად ვიქნები... სამწუხაროდ, ვაჟმა ამაგი ვერ დამიფასა. თურმე, მასზე ტყუილად ვდარდობდი...

ჩემი მომდევნო რესპონდენტი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცია, რომელიც რედაქციაში მესტუმრა. მან საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და მითხრა, - ეს ჩემმა რძალმა რომ წაიკითხოს, შინიდან გამომაგდებს. თქვენთან უბრალოდ, გულის გადასაშლელად მოვედიო.

გურამი, 73 წლის:
- ერთადერთი შვილი მყავს, გიორგი. მისი გაჩენის შემდეგ ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა შეერყა, სხვა შვილი აღარ გვეყოლა. ცხადია, გიორგის თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით, ცივ ნიავს არ ვაკარებდით. ვასწავლეთ, გავზარდეთ, უმაღლესშიც მოვაწყვეთ და მერე მისთვის კარგი სამსახურის შოვნაზეც ვიზრუნე. მუშაობა დაიწყო თუ არა, გიორგიმ ლიკა გაგვაცნო და გვითხრა, - ჩემი საცოლეაო. გოგონა ძალიან მოგვეწონა, მისი რძლობის საწინააღდეგო არაფერი გვქონდა. მალევე დაოჯახდნენ და სამოგზაუროდაც წავიდნენ. სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული რძალი ვეღარ ვიცანით. - ახლა ეს ჩემი სახლია და როგორც მე მინდა, ისე უნდა მოვაწყოო, - გამოგვიცხადა. ჩემმა მეუღლემ უთხრა: როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ახალგაზრდა ხარ და უფრო კარგი გემოვნება გექნებაო. მოკლედ, რაც არ მოეწონა, ლიკამ ყველაფერი ჩვენს ოთახში შემოყარა, - გინდათ გადაყარეთ, გინდათ თქვენთვის დაიტოვეთ, ეს გოიმური ნივთები მე არაფერში მჭირდებაო. არც ამაზე ამოგვიღია ხმა, მაგრამ ცოტა ხანში ჩემს ცოლს გამოუცხადა, - ისეთი ბებერი ხარ, შენს გაკეთებულ საჭმელს როგორ შევჭამ? ჩემს ქვაბებს ცალკე კარადაში დავაწყობ და ხელი არც ერთმა არ დააკაროთ; თუ გინდათ, საჭმელი თავად გაიკეთეთ, თუ გინდათ, მშივრები მომკვდარხართო. იმ დღეს ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, ინფარქტი დაემართა, ერთი თვის მერე კვლავ გაუმეორდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც დედამთილი "თავიდან მოიშორა", ჩემი რძალი სულ გადაირია - ოთახიდან გამოსვლის ნებას არ მაძლევს, ზიზღნარევი მზერით მიყურებს და შვილიშვილთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოევლინა ქვეყნიერებას, მიახლოებასაც კი მიკრძალავს, - შენი ბინძური ხელები არ მოკიდოო.

- თქვენი შვილი არაფერს ეუბნება?
- არ ვიცი, ჩემს შვილს ასეთი რა გაუკეთა, მაგრამ ის ცოლის ჭკუაზე დადის. თან, უჭკუო გოგო არაა. გიორგის მხოლოდ ასე მიმართავს, - ჩემო სიცოცხლეო, მისი თანდასწრებით არასდროს მეჩხუბება. როცა მარტო რჩებიან, ქმარს ეუბნება: მამაშენი სულ გამოჩერჩეტდა და არ მინდა, სახლიდან გავიდეს, ქუჩაში რაიმე არ შეემთხვასო. ჰოდა, გიორგისაც სჯერა მისი. მეუბნება: - შენი ასაკის მოხუცი ოთახში უნდა იჯდეს და წიგნს კითხულობდესო. მე კი აღარ შემიძლია იმ გამოკეტილ ოთახში ყოფნა, სუფთა ჰაერი მჭირდება. უკვე სიკვდილზე ვოცნებობ, რათა ჩემს ცოლთან წავიდე, ამათმა კი რაც უნდათ, ის ქნან...

P.S.
იმედია, მსგავსი პრობლემები არასდროს შეგექმნებათ, ოჯახში შესული რძლები კი თავიანთ ნაბიჯებზე კარგად უნდა დაფიქრდნენ - თუ ქმარი გიყვარს, უნდა შეეცადო, მის მშობლებს გული არ ატკინო, მაგრამ ხშირად, ოჯახში შესულ ადამიანს თავად ოჯახის წევრები ხვდებიან ცუდად - ამ შემთხვევაში, რძალს ვერავინ დაადანაშაულებს. დედამთილებმა, მულებმა და სხვებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკუთარი სისხლისა და ხორცის ოჯახის დანგრევით, ბედნიერებას ვერ ჰპოვებენ...


ნათია ჟივიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
10.02.2015
თურმე რძალი სახლში რომ შემოვა არ უნდა გადაყვე თან რაც უფრო პატივს ცემ მეტს ითხოვს.არც ერთი დედამთილი არაა ცუდი რძლები არიან საშინელი უზნეოები. ან კიდევ თავიდანვე არ უნდა შემოუშვა სახლში ქირით წავიდნენ და მოიწყონ ცხოვრება როგორია ცხოვრების მოწყობა გამოსცადონ ერთი წუთიც არ უნდა გააბედვინო ახალ შემოსულს არაფერი თორემ შეიძლება ისეთი რამე დაგაბრალოს ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენ. ყველა ერი თარგითაა მოჭრილი, ეხლანდელი გოგოები ვისაც არაფერი აქვს და უნახავს ის უფრო ბობოქრობს დაკვირვებული ვარ.
ნელიკო
28.11.2014
Xalxoooooo rit ver xvdebit saqartveloshi bneletshi tsxovrobt,gaigvidzettttt!!!!
sardzlo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დაჰკარი დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია..."
ვახტანგ ჭაბუკიანის უცნაური და ცუდი შედარებები
"ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარეს და გაირკვა, რომ რაზმი ღამით კი არ გამოდიოდა, არამედ - მზიან დღეს"
რა შეიძლება ვისწავლოთ მტრისგან და როგორ გავამრავლოთ სიკეთე
"ეს იყო საოცარი სამყარო, სადაც შური და ბოროტება არ არსებობდა"
"ბედნიერება უნდა მოითმინო"...
"მას ბოლო წლებში ტანვარჯიშზე გული აუცრუვდა..."
ყალბი ღიმილი, რომელიც უნიფორმასავით აქვთ სახეზე მიწებებული
"ყველა პრობლემა მაინც, მამაჩემის სახელს უკავშირდება..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი