კავკასიური ფიჭვი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და სახლი, სადაც თავის დროზე სტალინი იმალებოდა - გზაპრესი

კავკასიური ფიჭვი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და სახლი, სადაც თავის დროზე სტალინი იმალებოდა

ანთოკ-მარიამჯვარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს 2 პატარა სოფელი ერთმანეთზეა მიბმული და საგარეჯოდან 7 კილომეტრით არის დაშორებული. ანთოკის სიახლოვესაა მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის საერთო ფართობი 1022,5 ჰექტარია. მარიამჯვარის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო კავკასიური ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება. ამ ფიჭვების ანალოგი თურმე არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. ნაკრძალის 90% ტყითაა დაფარული. არსებობს როგორც სუფთა ფიჭვის კორომები, ასევე ფოთლოვან მცენარეებთან ნარევი ტყეებიც. ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით, ქართული მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი, ალაგ-ალაგ გვხვდება მურყნარებიც.

ნაკრძალის ტერიტორიაზე ფრინველთა და ძუძუმწოვრების არაერთი სახეობა გვხვდება: შველი და დათვი, ტყის კვერნა, ტყის კატა, მელა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, შაშვი, ღობემძვრალა, ქედანი, ოფოფი, გუგული, ძერა, მიმინო. სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლომდებარე სოფლებში შემორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის ქვის სახლები, ძველი მარნები და სამეურნეო ნაგებობათა ნიმუშები. როგორც ამბობენ, ნაკრძალს საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია საცხენოსნო და ეკოლოგიური ტურების მოსაწყობად, ასევე ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განსავითარებლად, მაგრამ იქაურების თქმით, სოფელზე არავინ ზრუნავს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, მარიამჯვარში 9 მოსახლეა, ანთოკში კი - 73. აქ ცხოვრობენ თარიმანიშვილები, მეკოკიშვილები, მღვდელაძეები, პაპუნაშვილები. გულდასაწყვეტია, რომ დღესდღეობით ეს პატარა სოფლები თითქმის დაცარიელებული და მიტოვებულია. თვალში მოგხვდებათ აბალახებული ეზო-კარი, უპატრონობით ჩამონგრეული სახლები, სიღარიბე, რაც უნებურად ცუდ განწყობას გიქმნის და უიმედობა გეუფლება... ერთადერთი, რამაც კარგ ხასიათზე დამაყენა, მზიან ამინდში ეზოში გამოშლილი ბავშვები და კიდევ, ფერდობზე შეფენილი საქონელი იყო - ცხვრები პატარა ბატკნებით, ძროხები, თხები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აქ ვიღაც ცხოვრობს...

ნანა მაისურაძე:

- ჩვენი სოფელი ადრეც, კომუნისტების დროსაც ასეთი გაპარტახებული იყო. სკოლის ასაკამდე აქ ვიზრდებოდი, მაგრამ მერე ჩემი მშობლები საგარეჯოში გადავიდნენ საცხოვრებლად. აბა, არც სკოლა იყო და არც ბაღი, რა ექნათ? საგარეჯოში სახლი ავაშენეთ, მაგრამ ბებია - მამაჩემის დედა აქ დარჩა. მამაჩემის დროს მარტო 4 კლასი ყოფილა. ადრეც გაუსაძლისი პირობების გამო დაცლილა სოფელი და არც ახლაა უკეთესობა. იციან, რომ ვარსებობთ, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით.

GzaPress- 4 წლის წინ დაბრუნებულხართ სოფელში. ეს რამ გადაგაწყვეტინათ?

- ტოპოგრაფიული დავამთავრე და მალევე გავთხოვდი თბილისში. მთელი ბავშვობა აქ გავატარე და 50-წლიანი ინტერვალის შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემს სოფელსა და მამაპაპეულ სახლს. უფრო სწორედ, კედლებიღა დამხვდა. 2 შვილი მყავს. ჩემი ქმარი, ვიდრე თბილისში ვცხოვრობდით, ხელობაზე მუშაობდა. არც მე ვიყავი უსაქმოდ - ხან საცხობში ვმუშაობდი, ხან დამლაგებლად, მაგრამ 250-ლარიან ხელფასზე როდემდე ვიმუშავებდი? თან შვილიშვილები გვეყოლა და გადავწყვიტეთ, სოფელში დავბრუნებულიყავით. ვიფიქრე, ბავშვები ქათამსა და კვერცხს მაინც ხომ შეჭამენ-მეთქი ნატურალურს? ქათმებიც მოვამრავლე, ერთი ძროხა მეზობელმა მაჩუქა, მადლობელი ვარ მისი. ნელ-ნელა, წვალებით მოვყვებით და ვცდილობთ, სახლსა და ეზოს დავამსგავსოთ ნამოსახლარი. მეუღლე წარმოშობით რაჭველია, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. ბევრჯერ უთქვამს, საცხოვრებლად იქ რომ წავიდეთ, იცოდე, ძალიან გაგვიჭირდებაო, მაგრამ არაფერს შევუშინდი...

- ბავშვობიდან რა გახსენდებათ?

- ურთიერთობები. ბებიაჩემის დროს იმდენად კარგი მეზობლობა ჰქონდათ, უერთმანეთოდ პურს არ გატეხდნენ, ზარმაცებიც არ იყვნენ - თესავდნენ, მოსავალი მოჰყავდათ, ასაკიანი ხალხიც შრომობდა. მახსოვს, უკვე ასაკში იყო პაპა, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი, სულ ფეხით გადაბარავდა ხოლმე ამხელა მიწას. თანადგომა იცოდნენ უწინ, ერთმანეთს არ გაჭორავდნენ, არ დაასმენდნენ. ძველი დროის ამ დროსთან შედარებაც კი არ შეიძლება. იცით, ამ ფიჭვნარისა და ჰაერის წყალობით როგორი ჯანმრთელი ხალხი ცხოვრობდა აქ? ერთი ძველისძველი სახლია, ამბობენ, სტალინს მარქსისტობის გამო რომ სდევნიდნენ, მანდ იმალებოდაო. სწორედ მაგ სახლში ცხოვრებდა ცოლ-ქმარი, 110 წლისები დაიხოცნენ.

- ვიცი, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა. ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?

- რიყის იქით ანთოკია, აქეთ - მარიამჯვარი, ასეა გაყოფილი დასახლება. სხვათა შორის, თინა ხიდაშელმა ჩვენს სოფელში გაატარა ბავშვობა, აქ სახლიც აქვს და ძალიან კარგადაც იცის ჩვენი ვარამი. გული მწყდება, რომ არავის სტკივა აქაურობა. არ გვაქვს გაზი, სკოლა, ბაღი; წყალი კვირაში ორჯერ მოდის, მაგრამ სასმელად არ ვარგა. სულ 25 კაცი ცხოვრობს და გაზს როგორ შემოგიყვანთო? - ასე გვეუბნებიან. შეშას ვყიდულობთ - საბუთში ფული უნდა გადაიხადო, მანქანას საწვავი უნდა ჩაუსხა და მძღოლსაც ფული უნდა მისცე. უგზოობა კიდევ სხვა საკითხია. ძალიან ჭირს აქ მანქანით ამოსვლა, რადგან ქვაღორღიან გზაზე პატარა მანქანა ფუჭდება და ამის გამო ყველა ერიდება სოფელში მობრუნებას. ერთადერთი სამარშრუტო დადის, ბავშვები დაჰყავს სკოლაში, გიორგიწმინდაში. ეს კაციც გაქცევაზეა გზის გამო. მესმის, გამგეობის თანამშრომლები თავიანთი ჯიბიდან რომ არ გააკეთებენ ამ ყველაფერს. ამბობენ, "ზევიდან" უნდა გაკეთდეს ყველაფერიო. სად ზევიდან, ის მაინც გაგვაგებინონ? ზევით ღმერთია მხოლოდ და იმასთან მისასვლელი გზა ვიცი ლოცვებით. თბილისიდან კახეთისკენ რომ მოდიან ეს დალოცვილები (მთავრობას ვგულისხმობ), ერთი აქაც მოვიდნენ, შეხვდნენ ხალხს, მოუსმინონ. მწარე სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, სხვანაირად საქმე ვერ გაკეთდება.

დეა გულისაშვილი ამ სოფლის თბილისელი რძალია, ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ისე უყვარს და ისე ზრუნავს სოფელზე, ბევრ მკვიდრს აჯობებს:

- გიორგიწმინდიდან ანთოკში გადასასვლელი რიყე წლების განმავლობაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ძალიან დაზიანდა, ფაქტობრივად, სოფლიდან სოფელში დაკავშირება შეუძლებელია მანამ, ვიდრე წყლის ნაკადი არ შეწყდება. წლების წინ ვითომ გაკეთდა ხიდი, ტენდერი გამოცხადდა, პროექტი ჩავარდა, ხოლო აღნიშნული თანხა გაქრა, რეალურად ხიდი არ გაკეთებულა. თანხა ახლაც გამოყოფილია, მაგრამ თვითონ ხალხიც არ აქტიურობს. სხვის იმედად არიან.

- გამოყოფილი თანხით რის გაკეთებას აპირებთ სოფელში?

- პირველ რიგში, სასმელი წყლის აუზის, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გატეხილია და წყალი ბინძურდება. გარკვეული თანხა მის რეაბილიტაციას მოხმარდება და რაც დარჩება, იმით გაკეთდება მოსაცდელი, რადგან ბავშვებს ქარიან და წვიმიან ამინდში უწევთ სკოლის ტრანსპორტის ლოდინი. გარდა ამისა, მოეწყობა პარკიც, სადაც ბავშვები გაერთობიან. სახელმწიფო მოგვიწოდებს, სოფლებში დაბრუნდითო, მაგრამ ვინც დავბრუნდით, მათზე ზრუნავენ? აქაურები ძირთადად სოციალური დახმარებით არსებობენ, ზოგი ხელობაზე მუშაობს, ზოგი ტყეში - შეშაზე, ზოგსაც საქონელი ჰყავს - ძროხა, თხა, ცხვარი და ასე გააქვთ თავი.

38 წლის თამაზ მექვევრიშვილისა და 35 წლის ნონა ხუციშვილის მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნონა ქარელიდან გამოთხოვილა კახეთში, ჯერ თბილისში უცხოვრია ცოლ-ქმარს და მერე გადმოსულან ანთოკში საცხოვრებლად. ნონას და თამაზს 4 შვილი ჰყავთ, ერთიმეორეზე ლამაზები და ხალისიანები - უფროსი გოგონა 12 წლისაა, ბიჭი - 9 წლის, ტყუპი გოგონა კი ზაფხულში ხდებიან 3-ის.

- კავშირგაბმულობის ტექნიკუმი დავამთავრე, მაგრამ არასდროს მიმუშავია ჩემი პროფესიით - მალევე გავთხოვდი და დავწვრილშვილდი. სამი შვილის ყოლას ვფიქრობდი, მაგრამ მესამე ორსულობაზე მითხრეს, რომ ტყუპს ველოდებოდი. თბილისში ქირას ვეღარ ვიხდიდით, ძალიან გაგვიჭირდა და ამიტომ გადავწყვიტეთ მამამთილისეულ, მიტოვებულ სახლში დაბრუნება. უკვე მეექვსე წელია, რაც აქ ვართ და თვითონაც ხედავთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ.

GzaPress

- ადვილი არ არის 4 შვილის გაზრდა, თან, არც შენ მუშაობ და არც მეუღლე. ვინმე გეხმარებათ? - სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. ჩემი მეუღლე ადრე საცხობში მუშაობდა, 3 წლის წინ მანქანა დაეცა ფეხებზე, მოსტყდა და ამის შემდეგ ფიზიკური დატვირთვა აუკრძალა ექიმმა. მაინც გავიდა სამუშაოდ, მაგრამ ვერ შეძლო და თავი დაანება. ვინ უნდა დაგვეხმაროს, ყველას თავისი გასჭირვებია. ამას წინათ ნორვეგიაში მცხოვრები ემიგრანტები დამეხმარნენ - დეასგან გაუგიათ ჩვენ შესახებ და წინასაახალწლოდ ფულითა და პროდუქტებით გაგვიმართეს ხელი. რაიონმა კი ერთადერთხელ მოგვცა 300 ლარი, ეს იყო და ეს...

P.S. იმედი მაქვს, ვინმე დაინტერესდება ამ სოფლითა და მისი პოტენციალით; გულთან ახლოს მიიტანენ მექვევრიშვილების გასაჭირსაც და დაეხმარებიან, მე კი ჩემი გულიანი მასპინძლის, ნანა მაისურაძის სიტყვებით დაგემშვიდობებით: "საქართველო ლამაზია, მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ რა გვჭირს ქართველებს, ვერ გამიგია! ხალხი არ ვვარგივართ თვითონ, ყველა სათავისოდ "ვიკუჭნებით" და საბოლოოდ არაფერი გამოდის, ერთიანობა თუ გადაარჩენს საქართველოს, მეტი არაფერი!" ამ სიტყვების თქმისას მის თვალებზე ცრემლი შევნიშნე და სიმართლე გითხრათ, გამიხარდა - ვიდრე ჩვენი ქვეყნის გასაჭირი თვალზე ცრემლს გვადენს, ესე იგი, არც ისე ცუდად არის ჩვენი საქმე...

ნინო ჯავახიშვილი