ხუთი ფრაგმენტი ემიგრანტი ქალის ცხოვრებიდან - გზაპრესი

ხუთი ფრაგმენტი ემიგრანტი ქალის ცხოვრებიდან

საფრანგეთის ქალაქ რენში ერთ დიდ ოჯახში ოთხ ენაზე შეუძლიათ ლაპარაკი: ესპანური, ინგლისური, ფრანგული სახლგარეთა საჭიროებისთვისაა მხოლოდ, ქართული კი მშობლიურია და მშობლიურადვე დარჩება! თითქმის ყოველ დილით ამ ოჯახში ისმის ამგვარი კითხვა-პასუხი:

- დეე, ჩემი სპორტული მაისური სად არის?

- გარდერობში ნახე, მეორე თაროზე, მარჯვნივ, ლურჯი პერანგის ქვეშ!

- დედა, თბილ წინდებს ვერ ვპოულობ!

- "ატაპლენიაზეა" გაფენილი "ზალაში"!

- ნინო, ფოტოაპარატის "ჩიპი" არ გინახავს?

- შენს ოთახშია, კარადის მესამე უჯრაში!

- დეე, შავი ჯინსის შარვალი სადაა?

- გასარეცხებშია!

- ჩემი სათვალე სად დევს?

- ტელევიზორთან ნახე თაროზე, მარჯვნივ!

GzaPress მერე ისევ გრძელდება: დეე, ბოტასები; დეე, ჩანთა; დეე, რვეული; დეე ქუდი; დეე, ხელთათმანები; დეე, დეე, დეე, დეე... დედამ ყოველთვის იცის, სად დევს ვაჟიშვილების ნივთები და ქმრისიც, ბუნებრივია! მაგრამ სად დევს საკუთარი ხელჩანთა, ქურთუკი, გასაღები, ეს აღარ იცის! საქმემოჭარბებულს ზოგჯერ ისიც არ ახსოვს, ჭამა თუ არა საჭმელი! როცა ემიგრანტებზე სასაუბროდ მიდგება საქმე, ძირითადად სენტიმენტალურ ამბებზეა აქცენტი. ქალი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, ხუთი ვაჟის დედაა და სულაც არ ფიქრობს, რომ თავისი გასაჭირის შესახებ უნდა იწუწუნოს. შესაძლოა, ცხოვრებამ ასწავლა პოზიტივების მოლოდინი ან სულაც, მართლა თავიდან ბოლომდე მშვენიერია ცხოვრება, უბრალოდ, ამის დანახვის ნიჭი უნდა გქონდეს!

ნინო თედიაშვილი წლებია, ემიგრანტია და არავის აყვედრის მრავალშვილიანობას, განვლილ ან გასავლელ ცხოვრებას. ბავშვობისას ისწავლა ხელსაქმე. კერვა, თმის შეჭრა, ფეხსაცმელების შეკეთება და ათასი რამ ემიგრანტობამდეც გამოადგა და მის მერეც. ბავშვობისას ოცნებობდა დამლაგებელი ან პარიკმახერი გამოსულიყო. ოღონდ, ჩაფიქრებული სკოლის დამლაგებლობის ან რაიკომის შენობაში განთავსებული სადალაქოს "პარიკმახერობის" ნაცვლად, ხვადაგიანების უზარმაზარი ოჯახის დალაგება და თმის მოვლა ევალება სხვა "დედურ ვალდებულებებთან" ერთად.

ხუთი შვილის დედას საქმეს რა გამოულევს, თანაც, ეს შვილები დედის სიამაყეები არიან. აბა, წარმოიდგინეთ, მოდის სახლში მეოთხე შვილი სკოლიდან და მოაქვს ადმინისტრაციისგან გაცემული "გმირობის დიპლომი", რადგან თანაკლასელი დახრჩობისგან გადაურჩენია! ზოგადად, ნინოსთვის უმთავრესი მაინც ისაა, რომ შვილები ჰყავდეს კარგად, დანარჩენი თავისთავად მოვა!

როცა ოჯახში გენდერული ბალანსი რაოდენობრივად აშკარად დარღვეულია, ერთი ქალი მხოლოდ სიყვარულით თუ აუვა დალაგებას, სისუფთავის დაცვას და საჭმლის მომზადებას. ამას ემატება ქარგვა, ქსოვა, ხატვა, ძერწვა და პოზიტივების განაწილება მეგობრებისთვის! ამას დაუმატეთ "არაფრისგან რამეების კეთება". მაგალითად, არაფერია პლასტმასის ბოთლი, რომელიც ნინოს ხელში თაიგულად იქცევა. არაფერია ლენტები და ძაფებიც, რომლითაც ისეთი რამეები იქმნება, რომ პრეტენზიული ფრანგებიც ვერ უვლიან გვერდს გულგრილად. ქალაქ რენეს ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ნინოს ნამუშევრებს ერთი კედელი აქვს დათმობილი და მკითხველს ზოგჯერ ავიწყდება წიგნი, რადგან თითქოს კედლიდან იღრინება ავთვალა მგელი ან მოგეჩვენებათ, რომ ცხენი აჭიხვინდება, ჩიტები ბუდეს ფრთხიალით დატოვებენ, ან სულაც, ყვავილებს მწერები ბზუილით დაეხვევიან! 20-მდე ნაქარგი და აპლიკაცია ხვადაგიანების ბინიდან ბიბლიოთეკაში "გადასახლდა" და ამის მერე მკითხველები ხშირად ურეკავენ ნინოს, რათა მოახსენონ, რომ ძალიან კარგი ნამუშევრების ავტორია და თუ ნებას დართავს, სიამოვნებით შეხვდებიან! ამ ზარების შემდეგ მრავალშვილიან ქალს უათკეცდება ენერგია, შემოქმედებითი მისწრაფებები და თავდაჯერებულობაც. ეს უკანასკნელი კი სულ აკლდა და ხშირად მეგობარს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა, სრუტუნით (ეს მასზე პერსონალურად მორგებული თვითირონიული დატვირთვის სიტყვაა) უყვებოდა გასაჭირზე, პრობლემებზე, იმედგაცრუებებზე. ახლა ეს სრუტუნის დროც წარსულს ჩააბარა და კომპლექსების ტყვეობიდან თავდახსნილი ბედნიერი ქალია, რადგან ჰყავს ერთი დიდი და მუდამ "პატარა" ხუთი ხვადაგიანი, რომლებიც ერთად პატარა სოციალური სახელმწიფოა, ბედნიერი სახელმწიფო!

წავიდა დარდის დრო და საუბრისას ლამაზ ამბებს იხსენებს ნინო.

GzaPress

ამბავი პირველი:

- რაღაცნაირად მომინდა კოტეზე მოგიყვეთ. 13 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა ფერმიდან ახალდაბადებული ციკანი მოიყვანა. დედამისი მის მშობიარობას გადაჰყოლია. მივუჩინეთ თავისი ადგილი ჩემს საძინებელ ოთახში, მაგრამ მთელი ღამე კიკინებდა და იძულებული გავხდი, გვერდით მომეწვინა. მერე ისე მიეჩვია, რომ სულ ჩემთან იწვა. სახელის შერქმევაზე ბევრი ვიფიქრეთ, თავიდან ბეკო-ბეკოს ვეძახდით, მაგრამ რაღაც ორიგინალური გვინდოდა. კოსტაიაც ვიფიქრეთ, მაგრამ დასაძახებლად რთული მომეჩვენა, ნამეტანი გრძელი სახელი იყო. საბოლოოდ, კოტე დავარქვით. "სოსკით" ვაჭმევდი. ხშირად გვიხდებოდა ავად, რადგანაც ფაფებს კარაქით ვუმზადებდი. გაიზარდა კოტე. თეთრი, ფითქინა ბეწვი ჰქონდა, შუბლზე ნაცრისფერი "ჩოლკით". უცნაური რქები ჰქონდა, ზამბარასავით დახვეული და გრძელი. კოტე ძაღლივით გვყავდა ეზოში, ძალიან ავი იყო. უცხოს არ გააჭაჭანებდა, რქებით გაექანებოდა და აფრთხობდა ყველას. მარტო ეზოში შემოსულები კი არა, ქუჩიდანაც გვიყვიროდნენ, კოტე დააბით, სახლის წინ ვერ გაგვივლია მაგის შიშითო. სკოლაშიც გვაცილებდა. აბა, ვინმეს გაებედა მოკარება...

ერთხელ ბიჭებმა "ჯოკერი" ითამაშეს ჩვენს ეზოში და ჩემმა ძმამ კოტეს დაკვლა წააგო. დავფაცურდით ბავშვები, გადავმალეთ დანები, კოტეს შემოვეხვიეთ და ვპირდებოდით აცრემლებული თვალებით, რომ მის თავს არავის დავაკვლებინებდით.

GzaPressჩემი ძმა კი ღიმილით მოვიდა და მოგვახსენა, რამ გაფიქრებინათ, რომ კოტეს დაკვლას შევძლებდი? ხედავთ, უკვე ბერდება და საცაა თავისით მოკვდება. ვიცი, მაგის სიკვდილს ვერ გადაიტანთ, ამიტომაც მეცხვარეს მოველაპარაკე და ცხვარში ვუცვლი. კოტე ფარას გაუძღვება, ზუსტად ასეთი ვაცი სჭირდებათ წინამძღოლადო. კიდევ ბევრი ახსნა-განმარტება დასჭირდა იმის დასარწმუნებლად, რომ კოტე იქ უფრო კარგად იგრძნობდა თავს და როგორც იქნა, დაგვითანხმა. მართლაც, ძალიან დიდი ცხვარი მოიყვანა მეორე დღეს და კარგად მოილხინეს! მის მერე, ძალიან დიდი ხნის მერეც კი, წარმოვიდგენდი კოტეს ცხვრის ფარის "უფროსად", ალბათ ცოლიც ეყოლება და შვილებიც-მეთქი, პატარა კოტეები და უსაშველოდ მიხაროდა, რომ ჩემმა ძმამ ასეთი კეთილი საქმე გააკეთა!

ამბავი მეორე:

- ერთი ამბავი გამახსენდა სიყვარულზე. ჩემს ბავშვობაში ათასნაირი ცხოველი და ფრინველი გვყავდა ეზოში. ქათმები სხვადასხვა ჯიშის: იაპონკა, ყელტიტველა, ქოჩორა, ბაჯბაჯა (ეს რაც გავიხსენე) და მტრედებიც ნაირ-ნაირი - ულამაზესი ჯიშები. ერთხელაც, ერთ ჩვეულებრივ, ახალგაზრდა თეთრ მტრედს შეუყვარდა ყველაზე ხანდაზმული, გადაკრუხებული, გაქუცული, წითელი ქათამი - იმ დღიდან მტრედმა ფრენა დაივიწყა, ფრთაც აღარ გაუშლია, სულ თავს დასტრიალებდა ქათამს. ერთად ადიოდნენ კიბით საქათმეში, დილით ერთად გამოდიოდნენ. მთელი დღე ეღუღუნებოდა სატრფოს, საკენკს თავისი ნისკარტით აჭმევდა, ეჭვიანიც იყო, ახლოს არავის აკარებდა. გავიდა ხანი და ქათამი სიბერით მოკვდა (როგორ დავკლავდით მათი სიყვარულის შემყურე)... მარტო დარჩენილი მტრედი სამი დღე და ღამე გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილას, ფრთებჩამოყრილი და თავჩაღუნული. მეოთხე დღეს ჩემი დაიკო მაკა (10 წლის იქნებოდა მაშინ) მიუახლოვდა მტრედს, მოფერება უნდოდა, მაგრამ როგორც კი ხელი შეახო, ოდნავ წაიფორთხიალა მტრედმა, გვერდზე გადავარდა და სული დალია.

ეს რა ნაღვლიანი ამბავი გამოვიდა. არადა, მეგონა, სახალისო სასიყვარულო ამბავს მოგიყვებოდით!

ამბავი მესამე:

- ყელტიტველა ქათამი მყავდა, უფრო თუ დავაკონკრეტებ, ვარია, ქათმებს ამოჩემებული ჰყავდათ, მოტიტვლებულ კისერს უკორტნიდნენ და სულ დასისხლიანებული იყო, ამიტომაც ვერ ვტოვებდი საქათმეში და ჩემთან მყავდა ოთახში. ერთად ვიძინებდით, ერთად ვიღვიძებდით, ერთად ვჭამდით. სულ კუდში დამდევდა. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა - სულ ჟღურტულებდა, მძინარეც არ ჩერდებოდა. ერთხელაც, შუაღამისას გამომეღვიძა, ოთახში სიჩუმე იყო. შეშინებული წამოვხტი და ძებნა დავუწყე ვარიკას... არსად არ იყო. გარეთ გამოვედი, ვეძახე, მაგრამ ამაოდ. დილამდე ვეღარ დავიძინე, ვნერვიულობდი... მერე სასკოლოდ გავემზადე და ლოგინის დალაგებისას ჩემი ვარიკა ვიპოვე. კედელსა და საწოლს შუა იყო გაჩხერილი. ტირილით გამოვვარდი ოთახიდან, ვარიკა მოვკალი, გავჭყლიტე ლოგინში, - ვყვიროდი მთელი ხმით. მამშვიდებდნენ, დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებდა, ცუდად იყოო, მაგრამ თავს ვიდანაშაულებდი და მთელი ცხოვრება მომყვება მის მიმართ დანაშაულის გრძნობა. ყველაზე მეტად ვუყვარდი და ჩემი წერა გახდა!

ამბავი მეოთხე:

- დღეს დილით რატომღაც ადრე ავდექი და სამზარეულოში ვფუსფუსებდი, როცა აფეთქების ხმა გაისმა. რა მოხდა, ხანძარია?!- იკითხა მეუღლემ და აივანზე გავიდა. მართლა ცეცხლი უკიდია, სართულს ვერ ვარჩევ, შავი ბოლია ზედა სართულებზეო. დავიბენი. დავრბივარ წინ და უკან. უცებ ყველა შვილი ერთად გამახსენდა: ვაჩე 7 საათზე გავიდა სახლიდან, ოთო და ნიკა ახლახან წავიდნენ სასწავლებელში, გაბრიელი მამამისმა წაიყვანა სკოლაში. უი, ზურიკო?! გვიან დაიძინა და რა გააღვიძებს ახლა? შევვარდი ზურიკოს ოთახში. მალე ადექი, რა! ჩქარა, გაიღვიძე! - ვუყვირე გამწარებით. გადმობრუნდა და ძილიდან გამოუსვლელი მეკითხება:

- რა არის, "პაჟარია"?

- ჰო, ადე მალე!

- კაი რაა, ჯერ ყავა არ დამილევია, რა დროს ეგაა!

უცებ გამოფხიზლდა და იყვირა, ჩქარა ჩანთები მომიტანე, აპარატურა ჩავალაგოო. მივუტანე დიდი ჩანთები და დაიწყო ტექნიკის ჩალაგება. მეც შევვარდი ჩემს ოთახში, შევხედე კედელზე გამოფენილ ნაქარგებს, რომელი ავარჩიო, არ ვიცი, ყველა მენანება დასაწვავად. უკვე დამწვრის სუნი იგრძნობოდა ბინაში. რაც იქნება, იქნება, ღმერთი არ გაგვწირავს, გავიფიქრე და კარისკენ წავედი. უი, ძაღლები?! ეს შტერუკანებიღა მაკლდა, ძლივს ვიპოვე საყელოები და შევაბი ორივეს. სადარბაზოში უკვე პანიკა იყო, თექვსმეტივე სართულიდან თავპირისმტვრევით ჩამორბოდა ხალხი. გურამი (მეუღლე) კაი ხნის ჩასული იყო დაბლა, ზურიკო თავისი კომპიუტერებით და ფოტოაპარატებით დატვირთული ჩანთით ჩამოვიდა, მე კი ორი ძაღლით. სულიერი არავინ დარჩა მთელ კორპუსში, ჩემი ნაქარგების გარდა. ჰო, ჩემი ნაქარგები სულიერია! მალევე მივხვდით ყველა, რომ საშიში არაფერი იყო. უცებ ჩააქრეს მეხანძრეებმა ცეცხლი. მერე კი გვეცინებოდა, რამ დაგვაფეთა ასეო...

GzaPress

ამბავი მეხუთე:

- ღიმილი გიხდებაო, ხშირად მეუბნებიან. ვერ ვიტყვი, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა-მეთქი. ერთი ჩვეულებრივი, კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი. მინდოდა, ლამაზი ვყოფილიყავი. ვნატრობდი, რომ ვინმეს ჩემზეც ეთქვა, რა ლამაზი ბავშვიაო. ეს სიტყვები ხშირად მესმოდა ჩემი დის მისამართით, ეკას ყველაფერი უხდებაო, ეკა ყველაზე ჭკვიანიაო, ეკას იმედი ყველას გვაქვსო. ეს მაშინ მწყინდა, თორემ დიდობაში ყოველთვის ვამაყობდი მისით! მაშინ 11-12 წლის ვიქნებოდი, უფროს დასთან ერთად ნუცუბიძის პლატოზე მაღაზიაში შევედი. მე შესასვლელთან ავიტუზე და ველოდებოდი, როდის აუწონიდა გამყიდველი ხორცს. ულვაშიანი, ასაკიანი კაცი იყო ხორცის გამყიდველი. ვიდრე ხურდას დაუბრუნებდა, მე გამომხედა და გამიცინა, მეც გავუღიმე. მისი სახე არასდროს დამავიწყდება. - ნახეთ, როგორ უხდება ამ ბავშვს ღიმილი, გენაცვალე ბაბუ, სულ უნდა იღიმოდე, პატარავ! - მითხრა თბილად. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემს მეხსიერებაში.

იმ დღიდან ხშირად ვიღიმოდი და ხასიათშიც გადამეზარდა. ასეც ხდება, ერთი ტკბილი წინადადებით ბავშვმა შეიძლება ცხოვრება გაიუკეთესოს!

როლანდ ხოჯანაშვილი