ილუსტრატორი, რომელმაც მთელი მსოფლიო ვირტუალურად შემოიარა - გზაპრესი

ილუსტრატორი, რომელმაც მთელი მსოფლიო ვირტუალურად შემოიარა

30 წლის ლიკა კვირიკაშვილი წიგნის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია. ის ამჟამად რამდენიმე უცხოურ გამომცემლობასა და კომპანიასთან თანამშრომლობს. ლიკა კლიენტების მოთხოვნებზე მორგებულ, სტილისტურად განსხვავებულ და უნიკალურ ილუსტრაციებს ქმნის. დღეს უკვე 44 ნაბეჭდი წიგნისა და 27 ქინდლის - ციფრული წიგნის ილუსტრატორი გახლავთ, მათ შორის, რამდენიმე ბესტსელერია.

- ბავშვობიდან ვოცნებობდი მხატვარი ვყოფილიყავი. თურმე ფანქარს ხელიდან ვერ მაგდებინებდნენ, ეზოში ლამის ძალით ჩავყავდი მშობლებს, მერჩივნა სახლში ვმჯდარიყავი და მეხატა. პირველ კლასშივე განმიცხადებია თანაკლასელებისთვის, მხატვარი უნდა გამოვიდე-მეთქი. შეიძლება ეს იმანაც განაპირობა, რომ მამა და ბიძა - ორივე მხატვრები არიან, მათაც სამხატვრო აკადემია დაამთავრეს. 4 წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუსტრირება. ერთხელ ლექტორმა მითხრა, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი, შენ წიგნის ილუსტრირებაში დიდ წარმატებას მიაღწევო. აკადემიის დამთავრების შემდეგ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. პირველი ილუსტრაციაც გავაკეთე და ძალიან კარგად რომ გამომივიდა, მივხვდი, რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავი. სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე სამსახურის ძიება, გაუთავებლად დავდიოდი გასაუბრებებზე, მაგრამ ამაოდ - ან გამოცდილი კადრი სჭირდებოდათ, ან მე არ მაწყობდა მათი პირობები. ფრილანსერად დავრეგისტრირდი რამდენიმე საიტზე და დაახლოებით ათ დღეში შემომივიდა პირველი პროექტიც. 6 წელი გახდება, რაც ვმუშაობ. მთავარია, როგორ შეასრულებ პირველ შეკვეთას და რამდენად დადებით შეფასებას მიიღებ შესრულებული სამუშაოსთვის, მერე უკვე ყველაფერი დროის ამბავია - რეიტინგიც იმატებს და გაყიდვების რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებებმა მართლაც მალევე მოიმატა, ამ ამბავს არასერიოზულად ვუყურებდი. არ მჯეროდა, რომ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვიმუშავებდი და სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. ამიტომ, პარალელურად სტაბილურ სამსახურს მაინც ვეძებდი, ეს საქმე კი დამატებითი შემოსავლის წყაროდ მიმაჩნდა, მაგრამ მთელი დღე კომპიუტერთან რომ ვიჯექი და ვმუშაობდი, სივის გაგზავნის დროც არ მრჩებოდა და ვეღარც გასაუბრებებზე დავდიოდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ სამსახური, საკმაოდ სტაბილური შემოსავლით უკვე მქონდა. როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში ავიღე და ჩემი ნახატები დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი - ეს იყო 2013 წელს. ის წიგნი გერმანიაში დაიბეჭდა, მწერალმა კი ნამუშევარი გამომიგზავნა.

- მოლაპარაკებებსაც ინტერნეტით აწარმოებ?

GzaPress- დიახ, ყველაფერს ინტერნეტით ვაკეთებ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შემოვიარე ვირტუალურად. წიგნის ავტორები და გამომცემლობები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან მიკავშირდებიან - ინგლისიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან. ძირითადად, წიგნის ილუსტრაციებზე ვმუშაობ, მაგრამ გამიკეთებია მუსიკალური ალბომის ილუსტრაციებიც. შარშან გაზაფხულზე იტალიური რესტორნის გრაფიკულ ილუსტრატორადაც ამიყვანეს. რესტორანი ინგლისში მდებარეობს. ახალი გახსნილი იყო, ილუსტრატორს ეძებდნენ და ჩემი პორტფოლიოს ნახვის შემდეგ, დამიკავშირდნენ. გავაკეთეთ საცდელი ვარიანტი, რომელიც ძალიან მოეწონათ. ამის შემდეგ ავსტრალიიდანაც დამიკავშირდნენ და მათაც იტალიური რესტორნისთვის გავუკეთე ილუსტრაციები.

- ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობ?

- ერთ-ერთ ინგლისურ გამომცემლობასთან თანამშრომლობით. ეს პროექტი მიძღვნილი იყო "ბიბისის" რადიოს 95 წლის იუბილესადმი. შეიქმნა საბავშვო წიგნი, რომლის მთავარი პერსონაჟი ბრიტანული კატაა, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, რომელსაც ადამიანური თვისებები აქვს, დროში მოგზაურობს და ბავშვებს უყვება "ბიბისის" რადიოს ისტორიას დაარსებიდან დღემდე. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ჩამოართვეს ამ გამომცემლობის დამფუძნებელს, რომელმაც ისაუბრა ადამიანებზე, ვინც ეს პროექტი განახორციელა. ისაუბრა ჩემზეც, ილუსტრატორზე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომელსაც პირადად არ იცნობს. როდესაც ჩემი გვარი წარმოთქვა, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ შესაბამისი ბაზარი არ არის განვითარებული, არ არის შესაბამისი მოთხოვნა ილუსტრატორებზე, საზღვარგარეთ კი ეს სფერო ძალიან განვითარებულია და დიდი კონკურენციაა. აქ ფინანსური პრობლემის გამო არჩევენ, ვთქვათ, ინტერნეტში მოიძიონ ფოტო და წიგნის ყდისთვის ის გამოიყენონ, ვიდრე ილუსტრატორი დაიქირაონ. იმედი მაქვს, ეს სფერო უფრო განვითარდება.

- უცხო ენების არცოდნა დისკომფორტს არ გიქმნის? ილუსტრაციები რომ შექმნა, ნაწარმოების შინაარსი ხომ უნდა იცოდე?

- ზოგჯერ ბოლომდე მიწევს წიგნის წაკითხვა. როდესაც დროში ვერ ვეტევი, ვთხოვ ხოლმე, უშუალოდ ის მონაკვეთები მონიშნონ, რისი დახატვაც უნდათ. ძირითადი საკომუნიკაციო ენა ინგლისურია, ინგლისური კი ვიცი.

- თვლი, რომ იღბლიანი ხარ და გაგიმართლა?

- როდესაც პირველი შეკვეთა მივიღე, გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ შეიძლება ეს იყოს იღბალიც, მაგრამ შემდეგ უკვე შრომისმოყვარეობის ამბავია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გამოგივა პირველი პროექტი, ის სავიზიტო ბარათივითაა.

- სხვა გატაცება თუ გაქვს?

- ბავშვობიდან ვცეკვავ. თავიდან სამეჯლისო ცეკვაზე იმიტომ შემიყვანეს, რომ ფიზიკურად დავტვირთულიყავი, მაგრამ ძალიან მომეწონა და ისე მოხდა, რომ ანსამბლში "ვეგა" 8 წელი ვცეკვავდი. თებერვალში პირველად ჩავატარე თბილისში საჯარო ლექცია თემაზე - ილუსტრაცია-წარმოსახვის პირველადი სამყარო. ვილაპარაკე, როგორ დავიწყე ეს საქმიანობა, რა პროცესები გავიარე მანამდე... ამ მეგონა, ამდენი მსმენელი თუ მოვიდოდა. ამ შეხვედრამ ახალ-ახალი იდეებიც წარმოშვა. გარდა ამისა, ჩემი რამდენიმე პროექტი უკვე დასრულებულია, ბეჭდვაშია გაშვებული.

- როგორც ვიცი, საცურაო კოსტიუმების დიზაინზეც მუშაობ.

- ვთანამშრომლობ საცურაო კოსტიუმების რამდენიმე ბრენდთან მაიამსა და ესპანეთში, მე ვუხატავ დიზაინს და ისინი წარმოებაში უშვებენ. რამდენიმე დიზაინერთან მუშაობენ და ერთ-ერთი მე ვარ. სხვათა შორის, საქართველოს არსებობის შესახებ მათ ჩემგან გაიგეს. ეს სფერო ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა, რადგან პროფესიით ვარ დასაქმებული, როგორც მოდის დიზაინერი.

გამოყენებულია მაია ტოჩილაშვილის ფოტოები

ნინო ჯავახიშვილი