"სიმარტოვე" - კედელი ცოლქმრულ და შემოქმედებით ცხოვრებას შორის - გზაპრესი

"სიმარტოვე" - კედელი ცოლქმრულ და შემოქმედებით ცხოვრებას შორის

ხელოვანი ან თუნდაც არახელოვანი წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში მათი კარიერული წინსვლისა თუ შემოქმედებითი სრულყოფილებისთვის გადამწყვეტ როლს ხშირად მეორე ნახევრები ასრულებენ... ისტორიას ბუნებრივია, მხოლოდ შემოქმედებითი წვის შედეგი და ავტორის სახელი რჩება. ის ადამიანი კი, ვის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ყოველდღიურ ყოფით პრობლემებსა და შემოქმედებით პროცესს შორის კედლის აღმართვა - ჩრდილში რჩება. ჩრდილში რჩება მისი ფერებისგან სრულად დაცლილი განვლილი ცხოვრება, რომელიც მეუღლის საქმიანი ცხოვრების გაფერადებაზე დაიხარჯა...

მამუკა სალუქვაძის პიესა "სიმარტოვე", რომლის პრემიერაც დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისორობით ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა, სწორედ ხელოვანი მამაკაცის ცხოვრებაში ქალის მიერ გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. რას თმობს და რისი დათმობა უჭირს, სად გადის ზღვარი ნებაყოფლობით მორჩილებასა და დაუფასებელ მსახურებას შორის, შესაძლებელია თუ არა, იყო მეუღლის რუტინული ყოფის, მძიმე უღლის უღალატო გამწევი და ამავდროულად - სასურველი ქალი?! უნდა გასცე თუ არა სრულად დრო და ენერგია ერთი ადამიანისთვის? არის თუ არა სწორი და საჭირო, რომ ერთსულ და ერთხორცად გადაქცევის პროცესში ფიქრები, რეაქციები, სიზმრებიც კი ერთნაირი გახდეს? - რეჟისორის მიერ დასმულ ღრმად ცხოვრებისეულ, რთულ, მრავალწახნაგოვან საკითხებზე მაყურებელი სპექტაკლის ხილვის შემდეგ უნდა დაფიქრდეს...

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

- ეს ნაწარმოები წლების წინ ზუგდიდში დავდგი, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი ჩემი ნამუშევრით. არადა, ყოველთვის მომწონდა ნაწარმოებიც და მისი ავტორიც. მამუკა არაჩვეულებრივი პოეტი იყო. მინდოდა, მისი დრამატურგიული ნამუშევარი კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა მაყურებლისთვის. სპექტაკლში ელენეს როლზე დრამატურგის ოჯახის წევრი, მისი და - ია შუღლიაშვილი მოვიწვიე. ამის ერთ-ერთი მიზეზი იმ სამყაროსთან კიდევ უფრო დაახლოება იყო, სადაც მამუკას ცხოვრება, მუშაობა უხდებოდა.

- ნაწარმოებზე არჩევანის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ გაუცხოებისა და ოჯახების დანგრევის თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია?

- დიახ, ოჯახების ასეთი სიხშირით ნგრევასთან დაკავშირებით თანამედროვე ავტორებში შესაბამის ნაწარმოებს ვეძებდი. საბოლოოდ, ისევ ამ სცენარს დავუბრუნდი, რადგან მასში პრობლემა მართლაც, ექსპრესიულადაა ნაჩვენები.

- სპექტაკლის მთავარი სათქმელი გამოვკვეთოთ...

- სიყვარული ხელოვნების ნაწილია. სიყვარულის უნარი ყველა ადამიანს გააჩნია, მთავარია, ეს აღმოაჩინო. როცა ხელოვნება ხელობად იქცევა, ღირებული ვერაფერი შეიქმნება. იგივე ითქმის სიყვარულზეც: როცა ის ხელობა ხდება, გრძნობის ნაცვლად ინერციად იქცევა და შედეგად სახეზეა გათითოკაცება, გაუცხოება. ამ მიზეზით კი საბოლოოდ, ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. ხელოვნებაც, როგორც სიყვარული, გრძნობაა... არც ერთი მათგანი ხელობად არ უნდა იქცეს. სიყვარულს გამუდმებით სჭირდება კვება. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ბოლომდე ამოიცნობს, არასაინტერესო ხდებიან. ოჯახების შენარჩუნების ერთ-ერთი "საშუალება" საკუთარ და პარტნიორის სულიერ სამყაროზე ზრუნვაა. ვერ გეტყვით, ჩვენ რამდენად გამოვხატეთ ეს, მაგრამ პიესაში სწორედ ეს პრობლემაა წინ წამოწეული... სასიყვარულო ურთიერთობების ხელობად გადაქცევა აწუხებს ორივეს. ისინი აბსოლუტურად ერთნაირად აზროვნებენ, წინასწარ იციან ერთმანეთის პასუხი დასმულ შეკითხვაზე, მოსალოდნელი რეაქციები, სავარაუდო ფიქრები. ამ თვალსაზრისით მათი ცხოვრება უინტერესო და ერთფეროვანია. ქალი თავად ირჩევს ცხოვრების ასეთ წესს - სამსახური აქვს და იქაც ცდილობს არ წავიდეს, საქმე სახლში გააკეთოს, ის დროც მეუღლის კომფორტს შესწიროს. ინდიფერენტულია. გრძნობა გაქრა, ის მხოლოდ იმპულსების დონეზეა დარჩენილი. თითქოს ამას აცნობიერებენ და სურთ რაღაც შეცვალონ, მაგრამ სპექტაკლი ისე მთავრდება, არ ჩანს ხელჩასაჭიდი მიზეზი, რომ რამეს შეცვლიან. ამდენი განსჯისა და დავიდარაბის შემდეგ ისევ იმას ამბობენ - იქნებ ერთნაირი სიზმარი ვნახოთო... ვითომ ამას ებრძვიან, მაგრამ იმდენად არიან ამგვარ ყოფაში ჩაძირული, გაქცევას ვერ ახერხებენ...

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, რაზე დააფიქრებს მაყურებელს სპექტაკლი? - ყოველ ახალ დღეს თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი და ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო, ამაღლებული და ემოციური გახდება. მე ჩემს პირად ცხოვრებაში ამას ვცდილობ, იმავეს ვგრძნობ მეუღლისგან და შვილებიც ყოველდღიურად იზიარებენ მსგავსი ურთიერთობის დადებით შედეგებს.

- სპექტაკლის მიხედვით, ელენემ და ლუკამ ერთად 18 წელი იცხოვრეს. როგორ ფიქრობთ, ბზარი ურთიერთობაში მამაკაცის მიერ ცოლისადმი "მომხმარებლური" დამოკიდებულების გამო გაჩნდა?

ბესო მეგრელიშვილი, მსახიობი:

- ქართველ მამაკაცებს მეტ-ნაკლებად გვახასიათებს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება მეორე ნახევრების მიმართ, რაც ბუნებრივია, კარგი არ არის. ითხოვენ ყველანაირ კომფორტს მეუღლისგან და ფიზიკური სითბოსთვის სხვასთან გარბიან. თუმცა, ვფიქრობ, ამაში მხოლოდ მამაკაცი არ არის დამნაშავე. მის მსგავს საქციელში წვლილი ქალსაც აქვს.

- ქალს, რომელიც გამუდმებით იმაზე ფიქრობს, როგორ შეუქმნას მეუღლეს კომფორტული გარემო?

- ბევრს ჰპატიობენ - ესაა მათი მთავარი "დანაშაული"...

- როგორაა გადაჭრილი სპექტაკლში ერთფეროვანი, რუტინული ყოფის პრობლემა?

- ფინალი ბუნდოვანია, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, ერთად დარჩება თუ არა ცოლ-ქმარი. ვფიქრობ, მაინც "შეჩვეულ ჭირს" აირჩევენ. ცოლქმრულ ურთიერთობაში საუკეთესო ვარიანტია, როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ვნებაც გააჩნია და დიდი სიყვარულიც. ვფიქრობ, ქალმაც და მამაკაცმაც რაღაც თავისთვისაც უნდა დაიტოვოს, ყველაფერი არ უნდა გასცეს. ეს ზრდის გარანტიას ერთმანეთისთვის საინტერესო დარჩნენ. ოჯახურ ურთიერთობაში მხოლოდ ხელფასის განაწილება და სადილების მომზადება არ არის გადამწყვეტი. რაც შეეხება ქალს, ის უნდა იყოს ქალი და არა მხოლოდ მოსამსახურესთან გაიგივებული დიასახლისი. თმენის უნარი აუცილებელი და ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ამაშიც არსებობს ზღვარი.

- ლუკას მთავარ შეცდომად რა მიგაჩნიათ?

- ქალში მხოლოდ დიასახლისს, დედას და ცოლს ხედავს. ვერ შეინარჩუნა ვნება, სიყვარულს მისცა გაუფერულების უფლება. ორივე თანაბრადაა დამნაშავე. დანაშაული ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

- ქალბატონო ია, შემწყნარებელი ხართ დიასახლისების მიმართ, ვინც დიდ დროს უთმობს იმაზე ფიქრს, მეუღლეს დილით კვერცხი მოუხარშოს თუ ომლეტად მიართვას?

ია შუღლიაშვილი, მსახიობი:

- ოჯახსა და მის კვებაზე ფიქრი მეც მიხდება, მაგრამ ეს არ არის ჩემი ფიქრის ძირითადი წყარო. საერთოდ, დღევანდელი ქალი ბევრად მეტით არის დაკავებული, ვიდრე ეს მხოლოდ ყოველდღიური კვების რაციონია...

- ფიქრობთ, რომ სწორედ ზედმეტი მზრუნველობა გახდა მათი ურთიერთობის გაუფერულების მიზეზი?

- ფაქტია, ერთმანეთი უყვართ, უბრალოდ, იმდენად მიჩვეულები არიან ერთმანეთს და რუტინულ ყოველდღიურობას, მათი სიყვარული ფერებს კარგავს. ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი შანსია, ყველაფერი სიამოვნების მომგვრელი არ იყოს, მაგრამ თუ სიყვარული არსებობს, ადამიანები თავისთავად უძლებენ ყველანაირ ტკივილს და ლახავენ შემხვედრ ბარიერებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, სპექტაკლი იმ სათქმელსაც მოიცავს, რომ საბოლოოდ, ყველა ადამიანი მარტოა საკუთარ თავთან. მართალია, ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთთან გვაკავშირებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარტოსული ვართ. როცა ერთ-ერთი შემოქმედია, თანაბრად ვეღარ განაწილდება "როლები". ქალს მეუღლე იმდენად ნიჭიერად და დიდ შემოქმედად მიაჩნია, ნებაყოფლობით სწირავს მთელ თავის დროსა და ენერგიას. უბრალოდ, ზოგჯერ გული სწყდება, რომ მისი ეს გარჯა სათანადოდ არ ფასდება.

- არადა, ხაზგასმულია, რომ ქალი კაცზე არანაკლებ ნიჭიერია და პერსპექტივის შემთხვევაში, ვინ იცის, იქნებ ქმარზე კარგადაც დაეწერა...

- დიახ, ამ ქალის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ურჩევნია სახლში იყოს, იფუსფუსოს, სადილი აკეთოს, ინფორმაციას უსმინოს მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით ქმარს მიაწოდოს და მან კი, თუ საჭიროდ მიიჩნევს, თავისი პიესისთვის გამოიყენოს.

შორენა ლაბაძე