ანა შალიკაშვილი - ცნობილი ანიმაციური ფილმების უცნობი მხატვარი - გზაპრესი

ანა შალიკაშვილი - ცნობილი ანიმაციური ფილმების უცნობი მხატვარი

შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მისი გვარ-სახელი ცნობილი არ იყოს, მაგრამ საკმარისია ჩამოვთვალოთ ანა (ნანიკო) შალიკაშვილის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება...

GzaPressანა შალიკაშვილი ფერმწერი, გრაფიკოსი, ანიმაციური ფილმების მხატვარ-ილუსტრატორი იყო, ანუ საკმაოდ მრავალმხრივი მხატვარი. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და მან, როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა. 1948-1972 წლებში მუშაობდა ნახატ ფილმებზე: "გაზაფხულის სტუმრები", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა", "როგორ მარხავდნენ თაგვები კატას", "რწყილი და ჭიანჭველა", "გლახაკი და ქილა ერბო" და ა.შ.

5-დან 15 მარტის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50-მდე ფერწერული, გრაფიკული და ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მხატვრის ხელწერაზე გავლენა დავით კაკაბაძესა და ვალერიან სიდამონ-ერისთავთან სწავლის პერიოდმა იქონია; ანა შალიკაშვილი 1950-იან წლებში აქტიურად მოგზაურობდა ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, რომელსაც ელენე ახვლედიანი ედგა სათავეში და მის ხელოვნებაში ეთნოგრაფიული მუხტი სწორედ ამ ექსპედიციების დროს მიღებული შთაბეჭდილების შედეგად ჩნდებოდა. თემატურად მრავალფეროვან ნამუშევრებში კარგად ჩანს ანიმაციური და ილუსტრაციული ესთეტიკა, ლაკონიურობა და ფრაგმენტირებული თხრობა.

ანა შალიკაშვილს პირდაპირი შთამომავალი არ ჰყავს და არც მისი თაობის მხატვრების დიდი ნაწილია დღეს ცოცხალი. მხატვარზე სასაუბროდ მის ნათესავს, ბატონ დავით ჭუმბურიძეს მივმართე. მისი ინიციატივით, პირველად ანა შალიკაშვილის გამოფენა 2009 წელს, "ქარვასლაში" გაიმართა, ახლა მეორე გამოფენა, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გაცილებით მასშტაბური იყო.

როგორც ბატონმა დავითმა მითხრა, ქალბატონი ანას ცხოვრება მთლიანად შემოქმედებით შემოიფარგლებოდა, არც ფოტოების გადაღება ჰყვარებია და ამიტომ, საოჯახო ალბომში მისი ორიოდე ფოტო ძლივს მოვიძიეთ.

- ბატონო დავით, წლების წინ, "ქართული ფილმის" თანამშრომლებისა და ძველი თაობის მხატვრებისგან მსმენია ანას შესახებ, მაგრამ მასზე ზოგადად ძალიან მცირე ინფორმაციაა. მას ახლობლები ნანიკოთი იხსენებთ. იქნებ თქვენი მოგონებების მიხედვით მისი პიროვნების შესახებ მეტი შევიტყოთ...

- დედაჩემის, ციალა ჩუბინიძის მამა და ნანიკოს მამა ძმები იყვნენ, ანუ ნანიკო ბაბუაჩემი მიშას ძმის - ბორიას შვილი იყო. მართალია ანა ერქვა, მაგრამ ხან ნანის და ხან ნანიკოს ეძახდნენ. ყველა ასე მიმართავდა და ბოლომდე შერჩა ეს სახელი. ანას ფოტოების გადაღება არ უყვარდა. ერთი ავტოპორტრეტი ჰქონდა გაკეთებული, ხოლო მეორე ქეთევან მაღალაშვილის დახატულია.

ანა ქუთაისში, 1919 წელს დაიბადა, გაიზარდა ზესტაფონში. თბილისში გადმობარგებამდე მისი ოჯახი ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის პირდაპირ მდგარ დიდ, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. დედამისი ანიჩკა ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული, ხოლო მამა ბორია (ბარო) ინჟინერი გახლდათ.

ნანიკო ბავშვობიდან ხატავდა. ჩვენი ნათესავი იყო პავლუშა იაშვილი, რომელიც იმ პერიოდში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. ნანიმ თავის ნახატები ბიძია პავლეს მიუტანა შესაფასებლად, მას კი უთქვამს, "ჩტო ზა მაზნიუ ტი პრინისლა". მას შემდეგ შეეცვალა ნინიკოს პავლეს მიმართ დამოკიდებულება.

- ეწყინებოდა, ბუნებრივია... თბილისში სად ცხოვრობდა?

- თავდაპირველად მუხაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, 15 სული ერთ ბინაში. ნანიკო იქვე ხატავდა. შემდეგ მას სახელოსნო მისცეს - ოთახნახევრიანი ფართობი, ჭავჭავაძის ქუჩის სახლის სხვენში. ეს იყო მისი სახელოსნოც, სტუდიაც უამრავი სურათით და იქვე ეძინა... ვხედავდი, რომ ანას ნახატები ფუჭდებოდა. სწორედ იმ პერიოდში გია ჯოხთაბერიძე მუზეუმს აშენებდა, შემოთავაზება მივიღე და შთამომავლობისთვის შემოსანახი ნანიკოს ნამუშევრები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადავეცი. 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გია ჯოხთაბერიძემ ნანიკოს დიდებული გამოფენა მოუწყო. მგონი, ამაზე დიდი საჩუქარი მხატვრისათვის არაფერია.

- ანა შალიკაშვილს მოსწავლეები ჰყავდა?

- არ ვიცი... თუმცა, მის სახლში უამრავი მხატვარი დადიოდა. მათ შორის იყო ელენე ახვლედიანი და მთელი მათი თაობა. ამერიკიდან რომ ჩამოვიდა გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ნანიკოს ესტუმრა. გამგზავრებამდე ნანის მისთვის 2 სურათი უჩუქებია. გენერალს უკითხავს, ასეთ ბნელ ნახატებს რატომ ხატავ, რატომ არ არის მეტად ნათელიო? ნანიკოს გაღიმებია, ნათელ სურათს ვერ ვხატავ, ასეთი სტილი მაქვსო.

GzaPress- თუ აკეთებდა რამე ჩანაწერებს, თუნდაც მიხეილ ჭიაურელთან მუშაობის პერიოდზე ან სხვა მსგავსი მოგონებები მისგან არ დაგრჩენიათ?

- არა, ჩანაწერებს არ აკეთებდა. სამწუხაროდ, მოგონებები არ დაგვრჩა. ეგ კი არა, ფოტოებიც არ შემოგვრჩა. მამაჩემს ძალიან უყვარდა ფოტოების გადაღება და როცა ნანიკო მას ფოტოაპარატით დაინახავდა, მახსოვს, როგორ გაურბოდა და ემალებოდა.

- უმთავრესად სახლში მუშაობდა, ხომ?

- დიახ, უსაქმოდ არასდროს იყო. სახლში დასვენებულს ან წამოწოლილს ვერ ნახავდით. ბევრ ესკიზს ქმნიდა. ბოლო ხანს, საღებავებისა და მუყაოების მიტანას მე მთხოვდა. იმ ნამუშევრებს, რომლებიც არ მოსწონდა, ფუნჯით გადახაზავდა ხოლმე და ყრიდა, არ ენანებოდა.

- რომელიმე თავისი შექმნილი ანიმაციური ფილმი ხომ არ უყვარდა გამორჩეულად?

- ვიცი, რომ "წუნა და წრუწუნა" უყვარდა გამორჩეულად. 1961-1963 წელს მამაჩემი ავთო ჭუმბურიძე საზღვარგარეთ მუშაობდა. ის კორეაში კიმ ირ სენის მრჩეველი და საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის უფროსი იყო. ეს ანიმაციური ფილმი საელჩოში უჩვენეს, ძალიან მოსწონებიათ და ჩვენების ბოლოს ტაშიც დაუკრავთ. ელჩის ბრძანებით "წუნა და წრუწუნა" ხელმეორედ გაუშვიათ. თბილისში ჩამოსულმა მამამ ეს ამბავი ნანის რომ უამბო, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

GzaPress- დედათქვენი როგორ ახასიათებდა მას? პირადზე თუ ესაუბრებოდა ან შთამომავლობა რომ არ ჰყავდა, ამას ხომ არ განიცდიდა?

- დედას და ნანიკოს დიდი სიყვარული და მეგობრობა აკავშირებდათ. დედა ექიმი იყო, მაგრამ საერთო ხასიათი და ინტერესები ჰქონდათ. რაც შეეხება სინანულს ან გულისწყვეტას, არაფერი მსგავსი არ გამიგია. ფაქტობრივად, ნანიკო ჩვენს ხელში დაიღუპა, 2004 წელს. გარდაცვალებამდე 10 დღე იავადმყოფა. იმ პერიოდში, მისი მეგობრები, ვინც ცოცხალი იყო და ჩვენ, ნათესავები, ყველანი თავზე ვადექით. ნანიკო საბურთალოზე, საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალეთ.

ანა კალანდაძე