ცნობილ მწერლებთან ურთიერთობის ხიბლი და გალაკტიონის ძვირფასი საჩუქარი - გზაპრესი

ცნობილ მწერლებთან ურთიერთობის ხიბლი და გალაკტიონის ძვირფასი საჩუქარი

ლიტერატორი და მთარგმნელი ჯენეტო ჭანტურაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის იმ პირველი გამოშვების წარმომადგენელია, რომლებსაც სპეციალობად ჟურნალისტი ჩაუწერეს. მის კურსზე გამორჩეულ ახალგაზრდებს შორის იყვნენ თამაზ ჭილაძე, მორის ფოცხიშვილი, გალაკტიონის ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე, რომელიც მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე გახდა. ჯენეტო ჭანტურაია და ნოდარ ტაბიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. თსუ-ის შემდეგ, ბატონმა ჯენეტომ უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი დაამთავრა. ძალიან წუხს, რომ მეგობრებიდან მხოლოდ თითო-ოროლაღა შემორჩა. თავადაც ჯანმრთელობამ უმტყუნა, თუმცა 89 წლის დარბაისელი კაცი ენერგიულად საუბრობს და სიამოვნებით იხსენებს თავისი ცხოვრების ეპიზოდებს.

პირველი შეხვედრა გალაკტიონთან

- საშუალო სკოლაში მხატვრობითა და მუსიკით ვიყავი გატაცებული. სკოლის ორკესტრში ვალტორნაზე ვუკრავდი. პიონერთა სასახლეში სამხატვრო წრეზე დავდიოდი. ჩვენი პედაგოგი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელოვანი მხატვარი გრიგოლ მესხი გახლდათ, რომელმაც შესანიშნავი მხატვრების მთელი პლეადა აღზარდა. სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე ჩემს პედაგოგზე წიგნი დამეწერა. ხშირად მივდიოდი სასახლეში და ისიც მიყვებოდა საინტერესო ამბებს. წიგნი გამოვიდა კიდეც. ერთხელ ბატონი გრიგოლი და მე გამოვედით პიონერთა სასახლიდან და რუსთაველის გამზირს გავუყევით. ვხედავთ, გალაკტიონი მოდის. ბატონი გრიგოლი მიესალმა, გალაკტიონმა დაიბუბუნა: ოო, ჩემო გრიშა, საყვარელო, როგორა ხარ? პოეტი ისე ენერგიულად შემოეხვია მხატვარს, ლამის მოჭყლიტა და გააგრძელა: გახსოვს ქუთაისში?.. - როგორ არა, - მორიდებულად ამბობს გრიგოლი და იღიმის, მოკრძალებული კაცი იყო. ბობოქარი გალაკტიონი ახლა მე მომიბრუნდა: ამან მე დამხატა ქუთაისში, სურათი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. ჰოდა, უნდა წახვიდეთ და ნახოთო. მაშინ გალაკტიონს სევდის პოეტს ეძახდნენ. ამ განწყობილების შესაბამისად გრიგოლ მესხი და პოეტი ქუთაისის სასაფლაოზე წავიდნენ და მისი პორტრეტი იქ შეიქმნა. გალაკტიონს ძალიან გაცვეთილი, ძველი პიჯაკი ეცვა და მხატვარმა თავისი ლამაზი "პლაში" მოახურა თურმე, ეს ცნობილი სურათია.

გალაკტიონთან შეხვედრას გაგრძელება მოჰყვა: ზაფხულია, ცხელა. მზე გადასულია, მაგრამ ქალაქს მაინც ბუღი ასდის. მივუახლოვდით "ლაღიძის წყლებს", ცოტა გავკადნიერდი და ამ ხანდაზმულ ადამიანებს წლის დალევა შევთავაზე. - უჰ, კარგი იქნებაო, - თქვა გალაკტიონმა. შევედით, პოეტმა ლიმონის სიროფი მოითხოვა... დალევის დროს, ცოტა ჩამოეწვეთა და ხელით დაიფერთხა. ასე გავიცანი გალაკტიონი. გავიდა წლები და მან მაჩუქა 1927 წელს გამოსული გაზეთი "გალაკტიონი" და ლექსების კრებული თავისივე წარწერებით.

GzaPress საღამო უნივერსიტეტში - მე და ჩემმა მეგობარმა ნოდარ ტაბიძემ გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტში შეხვედრა მოვუწყოთ გალაკტიონს და ამაში ყველა ფაკულტეტი ჩავრთოთ. დიდი აჟიოტაჟია. ღონისძიებას ჩვენი ფაკულტეტის პარტბიუროს მდივანი, ძველი ქართული ლიტერატურის პროფესორი ლეო მენაბდე ხელმძღვანელობს. გვინდა ყველას ვაჯობოთ და თავი გამოვიჩინოთ, ჩვენ ხომ ლიტერატორები ვართ. გადაწყდა, რომ თითოეულმა ფაკულტეტმა კედლის გაზეთი გამოვუშვათ. ავიღეთ დიდი, ფართო ქაღალდები, ძველად "ტრამვაის" ქაღალდებს ეძახდნენ და წამოვაყენე წინადადება, მე დავხატავ გალაკტიონის პორტრეტს-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მსგავსება გამომივიდა. სურათი ცენტრში დავხატე, დანარჩენი ადგილები შევავსეთ ჩემი და ნოდარის მოწინავე წერილებით, პატარა-პატარა ცნობებით პოეტის შესახებ და სხვა სტუდენტების წერილებიც დავურთეთ. თუმცა ერთი ადგილი დავტოვე და ნოდარს ვუთხარი: მიუტანე ბიძაშენს და სთხოვე, რამე ლექსი დაგვიწეროს-მეთქი. ამ დროს ნოდარი გალაკტიონთან ცხოვრობს. - არა მგონია დაწეროსო, მაგრამ გაზეთი მაინც წაიღო. გალაკტიონს ძალიან მოსწონებია ჩვენი ნამუშევარი, ეგზალტირებული კაცი იყო, - უჰ, რა კარგიაო, უთქვამს და იმწუთას დაწერა ახალი ვარიანტი ლექსისა "ჩემი სიმღერა". ძველი ლექსის ნაწილი შეცვალა და თავისი ხელით დაწერა გაზეთზე: "ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,/ ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,/ სურათი რამე კარგზე მგლოვარი,/ ყველას რაიმე აქვს სახსოვარი..." და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენმა ნომერმა სხვებისას აჯობა. მოვიდა შეხვედრის საღამო, გალაკტიონი "პობედით" მოიყვანეს, უნივერსიტეტის შესასვლელ კართან დავხვდით და ტაში დავცხეთ. მერე შევიყვანეთ სააქტო დარბაზში, სადაც კედელზე გამოფენილი იყო 7 თუ 8 კედლის გაზეთი. გალაკტიონი თითოეულს გულდასმით ათვალიერებდა, ყველაზე დიდხანს ჩვენს ნომერთან შეჩერდა, თითქოს პირველად ხედავდა (იცინის), ის სცენასთან ახლოს ეკიდა. მერე გალაკტიონმა ლეო მენაბდეს მოწონების ნიშნად თავი დაუქნია და სცენაზე ავიდა...

ისევ გალაკტიონზე GzaPress- გამოვიდა გალაკტიონის შემოქმედების რვატომეული. მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობ, ის როგორც ავტორი, ფაქტობრივად ყოველდღე დადის "სახელგამის" გამომცემლობაში. ბოლო, მერვე ტომის რედაქტორი იყო შესანიშნავი პიროვნება რეზო ორჯონიკიძე, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი ავადმყოფობის გამო სმენა დაკარგული ჰქონდა. მხოლოდ ტუჩების გამოკვეთილი მოძრაობით ხვდება, თუ რას ამბობს ადამიანი. გალაკტიონს მოგეხსენებათ, წვერ-ულვაში ჰქონდა და არ უჩანდა ტუჩები, ამიტომ მე ვიყავი შუამავალი. როგორც კი დავინახავდი გალაკტიონს, იმ წუთში გავიქცეოდი რეზოსთან ლიტერატურულ რედაქციაში. რასაც გალაკტიონი მეტყოდა, იმას რეზოს "ვუთარგმნიდი"...

ქართული პოეზიის ანთოლოგიის პირველი ტომი გალაკტიონს დაეთმო. მას ხუტა ბერულავამ დაურეკა და სთხოვა, შენი ბიოგრაფია დამიწერეო. გავიდა დრო და პოეტისგან არაფერი ისმის. ხუტა რამდენჯერმე შეეხმიანა, ის კი პასუხობდა: არ მეწერება, ძამიკოო... სამწუხაროდ, ორი თვის მერე გალაკტიონი გარდაიცვალა. სხვა გზა არ იყო და პატარა შესავალი წერილის დაწერა ირაკლი აბაშიძეს ვთხოვეთ.

პოეზიის კონკურსი და ვინ სწავლობდა უნივერსიტეტში? - ბავშვობაში ლექსებს ვწერდი, მაგრამ მივხვდი, რომ არ იყო ჩემი მოწოდება, ამიტომ აღარ გავაგრძელე. ძალიან კარგი სკოლის დირექტორი გვყავდა - ვარლამ თავაძე, ქართულს კი დავით ჭყონია გვასწავლიდა. ორივე შესანიშნავი ფილოლოგები იყვნენ. ვარლამს პოეზია ძალიან უყვარდა და გადაწყვიტა სკოლაში პოეზიის კონკურსი ჩაეტარებინა. ვინ მონაწილეობდა კონკურსში? ჯანსუღ ჩარკვიანი და გივი გეგეჭკორი - ერთი წლით ჩემზე პატარები. ისინი პიონერთა სასახლეში ლიტერატურულ წრეზე დადიოდნენ და უკვე პოეტები ერქვათ, თაზო ბუაჩიძე - შემდეგში ფილოსოფიის დოქტორი, ზურაბ ჯაფარიძე - მერე ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა, ჯონდო გაფრინდაშვილი - მომავალი ლექტორი სამედიცინო ინსტიტუტში... მეც ვიყავი მონაწილეთა შორის, წარვადგინე ლექსი "ნატვრის თვალი". ჟიურიში იყვნენ: თავმჯდომარე ვარლამ თავაძე, გერმანულის მასწავლებელი შოთა ამირანაშვილი (შარადებს წერდა), სკოლის კომკავშირის მდივანი და კიდევ ვიღაცები. კონკურსი რომ დამთავრდა, კედლის გაზეთი გამოვუშვით, რომელიც მე გავაფორმე. გაიმარჯვა გივი გეგეჭკორის ლექსმა "ერთაწმინდის შარაგზაზე". მას საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" გადასცეს. მე და გივი ახლო მეგობრები ვიყავით. ერთი ზაფხული კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში ერთად გავატარეთ, იქ გივის ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ.

გასული საუკუნის 60-იანი წლების ცნობილი მწერლებისა და პოეტების უმრავლესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემს მომდევნო კურსზე სწავლობდა (მე ჩავირიცხე 1949 წელს). ესენი იყვნენ: ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, ზაურ ბოლქვაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ტარიელ ჭანტურია...

ფრანგულთან დაკავშირებული ამბები - მეორე ვაჟთა სკოლაში ფრანგულ ენას, საოცრად საყვარელი ქალი ქეთო ანთაძე გვასწავლიდა. 1937 წელს მას ქმარი დაუხვრიტეს, ხოლო მისი ორი ძმა საფრანგეთში წავიდა. ქეთო სამ შვილს ზრდიდა. გოგონები გვარად თევდორაძეები იყვნენ. შუათანა ცირა ბოლო კლასში სწავლობდა, როცა საშინელება მოხდა. გოგონა მეგობრებთან ერთად სადღაც მიდიოდა. ცირა დაძრული ტროლეიბუსიდან გადმოხტა, რადგან მისმა მეგობრებმა ტრანსპორტში ასვლა ვერ მოასწრეს. ის მოუხერხებლად დაეცა, თავი დაარტყა და სამი დღის მერე, ისე, რომ გონზეც არ მოსულა, გარდაიცვალა. ეს იყო ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია. მე-11 კლასელმა ბიჭებმა, მაშინ პირველად ვზიდეთ საკუთარი მხრებით ის საშინელი ტვირთი, რასაც სამუდამო განსასვენებელი ჰქვია. ქეთო ისეთი მშვიდი ქალი იყო, არ მახსოვს ოდნავ მაინც ხმააწეულს ეთქვა რამე. ბიჭები ვიყავით და არაფერს ვაშავებდით? შენიშვნასაც კი არ გვაძლევდა. მისი სიყვარულის გამო, მეც მომინდა, ფრანგულად მასავით მელაპარაკა, ამიტომ ჩავაბარე უცხო ენების ინსტიტუტში.

პირველად "დედოფალი მარგო" ვთარგმნე, მერე ფრანგული ზღაპრები და მოპასანის ერთი მოთხრობა. ეს იყო ჩემი ფრანგულიდან თარგმანები. შემდეგ რუსულად თარგმნაზე გადავედი. სხვათა შორის, ჩემი ნათარგმნი "დედოფალი მარგო" ოთხჯერ არის გამოცემული, მათ შორის ერთხელ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ.

ფრანგულიდან მთარგმნელთა შორის ყველზე ძლიერი იყო გერონტი ქიქოძე - საოცარი პიროვნება, დიდად განათლებული კაცი და უდიდესი მოღვაწე. გერონტი ქიქოძეს კარგად იცნობდა ილია გეგეჭკორი, რომელიც პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრის პედაგოგი იყო. არაერთხელ დავსწრებივარ ილიას ლექციებს. ერთხელ ლერმონტოვის ქუჩაზე სტუმრად ვიყავი ბატონ ილიასთან. შესანიშნავი ჰაერი იყო, მაშინ მანქანები არ დადიოდა და ჩვენ მოვსეირნობთ ქუჩაში. შემოგვხვდა გერონტი, ისიც იქვე ცხოვრობდა. საღამოს 7-8 საათი იქნება. ბატონი ილია მიესალმა ქიქოძეს და მოიკითხა, ერთმანეთი გადაკოცნეს. გზა ერთად გავაგრძელეთ, გერონტი საფრანგეთის ამბებს ჰყვება... აქედან გავიცანი და ამის მერე ხშირად მხვდებოდა. ყოველთვის ვესალმებოდი და ვეკითხებოდი: როგორ ბრძანდებით, ბატონო გერონტი? - კარგად ვარ, ჩემო შვილო, - ასე თბილად მომმართავდა ხოლმე. ძალიან საყვარელი კაცი იყო.

სხვადასხვა გამომცემლობაში - უცხო ენების ინსტიტუტში ჩვენი დეკანი იყო თამარ საჯაია, რომელმაც თარგმნა "გრაფი მონტე კრისტო", დიუმას "კავკასია"... თამარი ადრე კომკავშირის ცეკაში მუშაობდა. დიდი გავლენის მქონე ქალბატონს ვთხოვე, რამე სამსახური მოეძებნა ჩემთვის. საჯაია კარგად იცნობდა "სახელგამის" დირექტორს მგალობლიშვილს და მისი დახმარებით, იმ დროს საქართველოს ნომერ პირველ გამომცემლობაში, მუშაობა დავიწყე. ეს იყო 1957 წლის გაზაფხული. იმავე წლის ბოლოს რეორგანიზაცია მოხდა და სხვადასხვა გამომცემლობაში გაგვანაწილეს. ასე მოვხვდი "ცოდნაში" საკორექტორო განყოფილების გამგედ. ამავე დროს ვბეჭდავდი წერილებს და რეცენზიებს "ლიტერატურულ გაზეთში", რადიოში გამოვდიოდი, მერე ტელევიზიაც გაიხსნა... მთაწმინდაზე ტელესადგურში გრიშაშვილი ავიყვანე ტრამვაით. ბატონი სოსო გზაში რაღაც ამბავს მიყვება და მეუბნება: ეს ის დროა, როცა მარიჯანს ვეკურკურებოდი, ხომ იცი შენ ეს ამბავიო? არაფერი ვუპასუხე, თითქმის წამეჩხუბა (იცინის), როგორ არ იციო? მერე დავეთანხმე, კი ბატონო, ვიცი-მეთქი. ხუტა ბერულავა გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორად დანიშნეს და მან თავისთან გადამიყვანა (ადრე შემპირდა). სხვათა შორის, კარგი კოლექტივი შეკრიბა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა. რატომღაც ხუტა ბერულავას ღვაწლი დაუფასებელია. მისი იდეა იყო საბჭოთა ქართული პოეზიის ანთოლოგიის გამოცემა, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა. გადაწყდა, რომ ყველა პოეტს თავად დაეწერა საკუთარი ბიოგრაფია.

GzaPress გიორგი ლეონიძის "ავტობიოგრაფია" ქართული პოეზიის ანთოლოგიის მეორე ტომში გიორგი ლეონიძის ლექსები უნდა დაგვებეჭდა. ხუტა ბერულავამ მითხრა, გიორგის დაურეკე და უთხარი, ამის შესახებ, თან ავტობიოგრაფია დაგვიწეროს, სულ 2-3 გვერდი, მეტი არ გვინდაო. დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი. სხვათა შორის, ბატონი გიორგი რატომღაც, მგოსანოს მეძახდა. წიგნი დროზე უნდა გამოცემულიყო, ამიტომ ხშირად ვურეკავდი და ვეხვეწებოდი: ბატონო გიორგი, მასალა დროულად მოგვაწოდეთ-მეთქი. ის კი მპასუხობდა: ვწერ, მგოსანო, ვწერ და მაცალე. ასე გაუთავებლად მიმეორებდა - ვწერ, ვწერ... როგორც იქნა, ერთ დღესაც დამირეკა: მგოსანო დავწერე, ახლა მოვალ შენთან და მანდ დამხვდი, ქვემოთ ჩამოდიო. გამომცემლობა "ნაკადული" მარჯანიშვილის თეატრის წინ იყო. ბატონი გიორგი მანქანით მოვიდა, მეც მაშინვე ჩავირბინე. ზის წინა სავარძელში და მუხლებზე უზარმაზარი, გაბერილი საქაღალდე უდევს. გამოვართვი და ვფიქრობ, ეს არის ავტობიოგრაფია? ავედით შენობის მეორე სართულზე. ის წინ მიდის, მე უკან მივყვები ამ საქაღალდეთი, ხუტა ბერულავას კაბინეტი გრძელი დერეფნის ბოლოშია. ხუტა ეკითხება: გიორგი, რა მოიტანე ამხელა წიგნი? პოეტმა აუხსნა: ხომ მითხარი, დაწერეო. მეც, ჩემი მოგონებები დავწერე. 2-3 გვერდი კი არა, ლეონიძეს სურვილი გასჩენია, თავისი ბავშვობის დროინდელი ამბები გაეხსენებინა. ასე შეიქმნა ცნობილი მოთხრობები პატარძეულზე...

ზღაპრები - "ნაკადულის" დირექტორად ხუტა ბერულავას შემდეგ კონსტანტინე ლორთქიფანიძე მოვიდა. ერთ დღესაც მეუბნება: ვფიქრობ, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები ხომ არ გამოვცეთო. კარგი აზრია-მეთქი, ვუთხარი. ჰოდა, შენ რედაქციაში გავაკეთოთ და ყველაფერს თავად უხელმძღვანელეო. ამ დროს, საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვთა ლიტერატურის რედაქციის გამგე ვარ. ეს იყო გლობალური თემატური გეგმა, გათვლილი დაახლოებით ათ წელზე. წინასწარ დიდი მოსამზადებელი სამუშაო გავწიეთ. მოვიარე ლენინგრადისა და მოსკოვის ყველა გამომცემლობა. მოვიძიე კატალოგები ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაში, ვნახე რა გამოცემები იყო ფრანგულად. ჩამოვიტანე დედნები და ნათარგმნი, რუსულად გამოცემული ზღაპრები. უამრავი მასალა მქონდა. მერე ჩამოვწერე თუკი რამე ზღაპრები არსებობდა, ნებისმიერი ქვეყნის და ყველაფერი დავალაგე. შემდეგ გავუნაწილეთ მთარგმნელებს, რედაქტორად მანანა ზუბადალაშვილი შევარჩიე. თუმცა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, ყველაფერი წამეკითხა. ჩვენ გვარებს არ ვაწერდით, ამას ნორმები არ ითვალისწინებდა. წიგნებზე მხოლოდ ერთი რედაქტორის გვარია მითითებული, ხოლო გამომცემლობის რედაქტორი (ე.წ. ლიტმუშაკი) ვინ არის, კაცმა არ იცის. მის შრომას პატივს არ სცემენ და გულდასაწყვეტია.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიის გამოცემა, კარგი საქმეა. ზღაპრები აუცილებელია ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ და ზნეობა, პატიოსნება, ქალისადმი პატივისცემა, სიყვარული, სიკეთისათვის ბრძოლა - ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ზღაპრებშია ასახული. ამიტომ გვჭირდება ისინი დღესაც, რადგან ადამიანის სწრაფვა სიყვარულისკენ და სიკეთისკენ მარადიულია.

ნანული ზოტიკიშვილი