"სპორტმა საკუთარ თავში ძალა მაპოვნინა..." - გზაპრესი

"სპორტმა საკუთარ თავში ძალა მაპოვნინა..."

ქართველმა კაპრალმა, პარასპორტსმენმა თემო დადიანმა იაპონიაში თხილამურებით კროსში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე იასპარეზა და საუკეთესო ათეულში შევიდა. ტურნირამდე მოსამზადებელი ეტაპი სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გაიარა. მებრძოლი ბუნების ადამიანია, უკან დახევა არ უყვარს. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ სპორტის რამდენიმე სახეობაშია წარმატებული - ფარიკაობაში საქართველოს სამგზის ჩემპიონია, აზიდვებში გინესის ორგზის რეკორდსმენი და 2015 წელს ჩემპიონი გახდა მკლავჭიდშიც.

- აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნადან ვარ. ცელქი ბავშვი ვიყავი. ზაფხული არ გავიდოდა, რომ საიდანმე არ ჩამოვვარდნილიყავი და რამე არ მომეტეხა (იცინის). მყავს მშობლები და უფროსი ძმა. ისინი ახლა სოფელში ცხოვრობენ, მე კი აქ მარტო ვარ. რთულია, მაგრამ ასე მირჩევია. მათთან ერთად რომ ვცხოვრობდე, გამაზარმაცებდნენ.

- ხიფათიანი პროფესია აგირჩევია. არ გეშინოდა, რა იქნებოდა მომავალში?

- ჯარისკაცობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 2010 წლის ზაფხულს კი მივიღე გადაწყვეტილება, მემსახურა შეიარაღებულ ძალებში. როდესაც ამ გზას ირჩევ, იცი, რა შეიძლება მოჰყვეს შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე ფიქრი რომ აშინებდეს კაცს, მაშინ ჯარისკაცი არავინ იქნებოდა. შეიძლება სიკვდილმა სახლში, დივანზე წამოწოლილს გიწიოს და შეიძლება ბრძოლაში მოკვდე - რაც გიწერია, ვერ აიცილებ.

- ფორმა საოცარ ძალას მაძლევსო, ამბობ.

- როგორც კი ფორმას ჩავიცვამ, სუპერგმირი ვხდები, მართლა მემატება ძალა და შიში მიქრება; მონდომება და სულისკვეთება მიორმაგდება, თითქოს სხვა ადამიანი ვხდები. ასე იცის საქმის სიყვარულმა.

GzaPress

- მალევე წახვედი ავღანეთში? - 33-ე ბატალიონის ჩარლი ასეულის მეორე ოცეულში ჩავირიცხე და მათთან ერთად წავედი ავღანეთში, 2011 წლის აპრილში, ეს ამბავი კი აგვისტოში მოხდა. წითელ ზონაში ვიყავით - ნაღმებისგან გაუწმენდავი იყო ტერიტორია, თან ბაზებს ვაშენებდით. თალიბანის დაჯგუფებებთან ყოველდღიურად სროლა და ბრძოლა გვიწევდა. მინდოდა, საკუთარი თავი ომში გამომეცადა, არასდროს მიფიქრია სიკვდილზე, იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ ჩავხედე თვალებში...

- ადგილობრივებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- პატრულირების დროს მოსახლეობისგანაც ვიღებდით გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ბოლომდე არავინ გვენდობოდა. ეშინოდათ, რომ ტერორისტებს მათზე არ ეყარათ ჯავრი - თქვენ რომ წახვალთ, მერე ვინ დაგვიცავსო? - გვეუბნებოდნენ. ქართველების მიმართ კარგად იყვნენ განწყობილები. მათ ბავშვებთან ხშირად მიგვქონდა ტკბილეულობა, წვენი, რვეულები, კალმები და უხაროდათ.

- ის დღე გაიხსენე, როდესაც ეს ამბავი შეგემთხვა.

- ბრიფინგი უნდა გვქონოდა ოპერაციამდე და რატომღაც ისე მოხდა, რომ არ დავესწარი. თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო... მეთაურმა შეტყობინება მიიღო საეჭვო სახლების შესახებ და მათი შემოწმება, "გაწმენდა" დაგვავალა. შესაბამისი განკარგულებების გაცემის შემდეგ დავალებაზე გავედით. ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან, რომელიც რკინის იყო, რაც ავღანეთში იშვიათობაა, ნაღმის საძიებო აპარატმა შესაბამისი რეაგირება მისცა ლითონს. მე მესამე შევედი. როგორც კი მარცხენა ფეხი დავდგი, თვითნაკეთი ნაღმი მოქმედებაში მოვიდა. გონება არ დამიკარგავს, სუნთქვა მიჭირდა, სანამ თანამებრძოლები პირველად სამედიცინო დახმარებას აღმომიჩენდნენ, ლამის გავიგუდე - ცხვირ-პირი მიწით მქონდა სავსე. 3 დღე ბაგრამის ბაზაზე ვიყავი, შემდეგ გერმანიაში გადამიყვანეს. მეათე დღეს გავიღვიძე, მაგრამ მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, 1 თვის შემდეგ მოვედი გონს.

- საკმაოდ რთული პერიოდი გაიარე...

- საბოლოო ჯამში 28 ოპერაცია გადავიტანე. მძიმე დეპრესია არ მქონია. ამერიკაში გავიარე რეაბილიტაციის კურსი. სხვა სამხედროების ნახვამ სტიმული მომცა და შეიძლება ითქვას, მაშინ თავიდან დავიბადე. იქ იყვნენ სამხედროები, ვინც უკვე გაიარა რეაბილიტაცია და თვითონ, დამოუკიდებლად დადიოდნენ. კიდევ ჩემი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შემაძლებინეს ამ ყველაფერთან გამკლავება. თუმცა, ვერავინ და ვერაფერი გადაგალახვინებს განსაცდელს, თუ საკუთარ თავში არ იპოვე ძალა, უნდა დაკავდე რაღაც საქმით. მე აქტიურად დავკავდი სპორტით, 2013 წელს ჩავაბარე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და შარშან დავამთავრე კიდეც.

- რაც შეეხება სპორტს, ბევრ სახეობაში მოსინჯე ძალა...

- 2013 წლიდან უკვე კარგ ფორმაში ვიყავი. ამერიკაში ყოფნის დროსაც ყოველდღიურად ვვარჯიშობდი რამდენიმე სახეობაში. სერფინგით, ველორბოლითა და ფარიკაობით ვიყავი დაკავებული. საქართველოში რომ დავბრუნდი, ფარიკაობა დავიწყე. ვარ საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მერე იყო მკლავჭიდი - მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი ვარ და ასევე, რეკორდსმენი აზიდვებში. შარშან დავიწყე პარათხილამურებზე ვარჯიში. საკმაოდ რთული სპორტია და მინდოდა, ამ სახეობაშიც მქონოდა შედეგი.

- ოცნებობ სპორტდარბაზზე, სადაც სხვებს ავარჯიშებ...

- კი, ასეთი ოცნება მაქვს - მინდა, ყველა გამოვიყვანო ჩაკეტილი ოთახებიდან და აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნო. სპორტი ძალიან დაეხმარებათ ყველაფრის დაძლევაში. სწორედაც სპორტმა მაპოვნინა საკუთარ თავში ძალა, მებრძოლა და არ დავნებებულიყავი.

ნინო ჯავახიშვილი