პირველი ქართველი მეცნიერი, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში ფეხი დადგა - გზაპრესი

პირველი ქართველი მეცნიერი, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში ფეხი დადგა

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსმა, არნოლდ გეგეჭკორმა დედამიწას სამჯერ შემოუარა, 40 წლის მანძილზე ფეხი ხუთ კონტინენტზე დადგა და ჩვენი პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა დალაშქრა. პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სამეცნიერო მივლინებებს ველზე ატარებდა, ასევე ერთადერთი ქართველი მეცნიერია, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში დადგა ფეხი. ამჯერად ბატონ არნოლდს ავსტრალიელების მიერ მერვე საოცრებად დასახელებული მონოლითური კლდის, აიერს-როკის შესახებ ვესაუბრეთ. ის დღემდე რჩება ერთადერთ ქართველად, ვინც ქალაქ ალის სპრინგსიდან სამხრეთ-დასავლეთით 320 კილომეტრზე მდებარე ეს ბუნების უძველესი (600 მილიონი წლის) ძეგლი დალაშქრა.

- ბატონო არნოლდ, როგორ აღმოჩნდით ერთადერთი ქართველი, ვინც ავსტრალიის კონტინენტის "წითელ ცენტრში" კლდოვანი წარმონაქმნი - აიერს-როკი დალაშქრა? კლდე, რომლის ასაკი 600 მილიონი წლითაა განსაზღვრული.

- ავსტრალიის ორ უმაღლეს სასწავლებელთან - მელბურნისა და სიდნეის უნივერსიტეტებთან სამწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული. ლექცია-სემინარების შემდეგ მახლობელი კუნძულების მიხედვით ბიოგრაფიულ და ანთროპოლოგიურ-ეთნოგრაფიულ დაკვირვებებს ვაწარმოებდი. მახსოვს, როცა კონტინენტის გეოგრაფიულ ცენტრში, ალის-სპრინგში ჩავფრინდით და თვითმფრინავთან მომდგარი ტრაპის საფეხურები ჩავიარე, მეგონა, გავარვარებულ თონეში აღმოვჩნდი (ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსი იყო). სიდნეის უნივერსიტეტს ალის-სპრინგში სტაციონარი აქვს. იქ ჩასულს სტაციონარის ორი თანამშრომელი დამხვდა და ლენდროვერისკენ გამიძღვა. პატრიკი სტაციონარის ხელმძღვანელი ბოტანიკოსი იყო, პენი კი ზოოლოგი გახლდათ, სადოქტორო დისერტაციას უდაბნოს ჩანთოსნების შესახებ ამზადებდა. მეორე დღეს კარვებითა და სხვა საველე ინვენტარით დატვირთული მანქანით ალის-სპრინგიდან დასავლეთით გავემგზავრეთ. პატრიკმა მითხრა, რომ თუ "წითელი ცენტრის" ფოტოფირებზე აღბეჭდვა მინდოდა, ავსტრალიის ეროვნული სიმბოლოს სანახავად უთენია უნდა წავსულიყავით. ასეც მოხდა და როცა უკუნ სიბნელეში ხელოვნური შუქით განათებული აიერს-როკი ჰორიზონტზე გამოჩნდა, მონუსხულივით ვუყურებდი ავსტრალიელების მიერ მერვე საოცრებად დასახელებულ ამ მართლაც საოცრებას... იქიდან ოლგასკენ გავემართეთ... უდაბნოს პირობაზე იმდენი საინტერესო მომენტი იქმნებოდა მანქანის ფანჯრებიდან, აღარც დაღლილობას ვაქცევდი ყურადღებას და არც სიცხეს. მსგავს განწყობას ხელს უწყობდა ადგილობრივი ველური ბუნების ხელუხლებლობა. ემუს მშვიდად მიჰყავდა თავისი წიწილები ტრიალ მინდორზე, კენგურუ რამდენიმე ნახტომის შემდეგ უკანა ფეხებზე დგებოდა და ცნობისმოყვარეობით გვადევნებდა თვალს, ნაირფერი თუთიყუშები შოშიას გუნდივით შესეოდნენ აკაციის პარკებს და ერთმანეთს არ აცლიდნენ მახვილი ნისკარტით მათგან თხილების ამოცლას.

GzaPress- აღნიშნავთ, რომ სამხრეთის მიწა (თერრა Aუსტრალის) დედამიწის ყველაზე ეგზოტიკური და უჩვეულო კუთხეა...

- დიახ, მისი ბევრი რაიონი და უწინარესად, ცენტრალური ნაწილი ისევეა შემონახული, როგორც ის 200 წლის წინ ავსტრალიის თეთრკანიანი ადამიანის მიერ კოლონიზაციამდე იყო წარმოდგენილი - ერთ მუჭა აბორიგენებს კონტინენტის ცენტრალური ნაწილისთვის არასოდეს დაუტყვიათ გარემოზე ადამიანის ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი მსახვრალი ხელი.

არაორგანული ბუნების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ძეგლს, აიერსის კლდეს ვხვდებით სწორედ კონტინენტის "წითელ ცენტრში". დედამიწის სხვა გეოლოგიურ იშვიათობებთან ერთად, უსიცოცხლო ბუნების ეს წარმონაქმნი მარტინ შვარცბახს, ცნობილ პროფესორს შეტანილი აქვს წიგნში - "ბუნების უდიდესი ძეგლები". ორ ქედს, მაკდონელსა და მასგრეივს შორის უზარმაზარ გაუდაბურებულ დაბლობებს ადგილ-ადგილ თიხის უსწორმასწორო ხეობებით დაღარული ზეგნები - ბედლენდები ენაცვლება. რელიეფის ამ ერთფეროვნებაში მკვეთრი დისონანსი შეაქვს ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ სამ ამაღლებას - აიერს-როკს, მთა კონორსა და მთა ოლგას. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც პირველია. პირველქმნილ ვაკე ლანდშაფტზე კუნძულივით აღმართული გეოლოგიური და უფრო მეტად გეომორფოლოგიური თავისებურებებით მართლაც არ უდებს ტოლს დედამიწის არც ერთ სხვა შესაფერის ძეგლს. ფორმით ის გიგანტურ კუს ბაკანს მოგაგონებთ. ვაკიდან 350 მეტრზეა აღმართული (აბსოლუტური სიმაღლე - 860 მეტრი), გარშემოწერილობით კი 9 კილომეტრია. აიერს-როკს "მსოფლიოს უდიდეს მონოლოთადაც" მოიხსენიებენ. მასიური, დაუნაწევრებელი და მრგვალი ფორმის გამო ბუნების ეს ძეგლი მართლაც ტოვებს მონოლითის შთაბეჭდილებას. მსგავსად ნებისმიერი სხვა "კუნძულოვანი მთებისა", ეს გეოლოგიური წარმონაქმნიც უთვალავ, საუკუნეთა განმავლობაში ეროზიისა და დენუდაციის პროცესს დაუღარავს, დაუშაშრავს და დაუნაოჭებია, ხოლო ტროპიკულ მზეს გამოუფიტავს, გამოუწვავს და წითელი ფერი მიუცია. აბორიგენთა შეხედულებით, ქვის ეს მონსტრები აქ იმ დროს აღმართულან, როცა ადგილობრივთა შორეული წინაპრების სულები სამყაროს ქმნიდნენ.

- ბუნებრივია, სხვა შეხედულებები აქვთ მეცნიერებს...

GzaPress- უდაბნოს მთები და მაგარ ქანთა სხვადასხვა წარმონაქმნი რელიეფის ის გაქვავებული ნარჩენებია, რომლებმაც ბუნების ძალთა ზემოქმედებას გაუძლეს და ქვიშადქცეულ სხვა რბილ ქანთა ფონზე დღემდე ასე, "უდაბნოს დარაჯებად" შემორჩნენ. ევროპელმა ადამიანმა აიერს-როკი პირველად 1870 წელს ნახა. ერნესტ გილმა და უილიამ გოსემ პირველებმა შემოდგეს ფეხი მელბურნიდან ესოდენ დაშორებულ უდაბნოებში. უცნაურ მთას აიერსი უწოდეს. ის აგებულია წვრილი და მსხვირლმარცვლოვანი, რკინითა და კვარციტით გამდიდრებული ქვაქვიშისგან. ასეთ წარმონაქმნს არკოზს უწოდებენ. ეს ადგილი 600 მილიონი წლის წინ ქვიშის დიუნებით გარშემორტყმული ზღვის წყლებით იყო დაფარული, 500 მილიონი წლის წინ ზღვამ უკან დაიხია. ათეული მილიონობით წლის განმავლობაში ყოფილი ზღვის ფსკერისა და სანაპიროს ქვიშა დღეს ხმელეთად ქცეულ ქვაქვიშად დაიპრესა. ქვიშის შემადგენელი რკინა ატმოსფერული ჟანგბადის ზემოქმდებით დაიჟანგა და ფერიც წითელი მიიღო, ამიტომ, როგორც ადგილობრივი უდაბნოს ვაკე ადგილების გრუნტი, ისე მთა-გორაკები სისხლისფერია. დედამიწის ქერქში მიმდინარე ვულკანური პროცესების გამო ერთმანეთისგან ათეული მეტრების დაშორებით რელიეფი მხოლოდ სამ ადგილზე წამოიწია და მთების ფორმა მიიღო. ესენია აიერს-როკი, რომელსაც ადგილობრივი აბორიგენები, ანანგუს ტომი, ულურუს ანუ წმინდა მთას უწოდებს, 30 კილომეტრზეა ამავე წარმოშობის მთა ოლგა და ამავე რაიონში აღმართული ქვაქვიშისგან ნაგები მთა კონერი. აიერს-როკის მისადგომებთან არაერთი გამოქვაბულია. თითოეული მათგანი ანანგეულთა წმინდა სალოცავია, რთული და მრავალფეროვანი მედიტაციებისთვის ერთგვარი ნავთსაყუდელი, რუფიგიუმებია. სალოცავებში მათი შესვლა აკრძალულია. 1987 წლიდან აიერს-როკისა და მისი მეზობელი მთის, ოლგას მიდამოებს ულურუს ეროვნული პარკის სტატუსი მიანიჭეს. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ეს ტერიტორია (132 538 ჰექტარი ფართობი) ისტორიულად მისი პატრონის - აბორიგენების მფლობელობაში გადავიდა. ისინი დგანან ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის სამსახურში. ჩემი იქ ყოფნისას არსებული მონაცემების მიხედვით, თერმული შოკის გამო აიერს-როკზე 319 ადამიანი გახლდათ დაღუპული. ვინც ავსტრალიის უდიდეს ქალაქებში, მელბურნში ან სიდნეიში ყოფილა, მას ეს შორეული კონტინენტი უნახავს, მაგრამ ვისაც კუნძული-კონტინენტის ცენტრალურ ნაწილშიც დაუდგამს ფეხი, თამამად შეუძლია თქვას - მას მართლაც რომ გაუთავისებია ჭეშმარიტი ავსტრალია. კონტინენტის 70% გამომშრალ ლანდშაფტებს - უდაბნოებსა და სავანებს მოუცავს. ავსტრალიის შუაგული კი ნალექებით ძუნწი გარემოს, მიწის, ფლორისა და ფაუნის, მათთან შეგუებული აბორიგენების ტიპური გამოხატულებაა. ყოფილი ზღვისგან აქ მხოლოდ მარილებით უხვად გაჯერებული, მლაშნარი ან ქვიშნარი, აგრეთვე მზის ჭარბი სხივებისგან გადაწითლებული უდაბნოები, დაშრობის პირას მისული ტბები და ნატბეურთა ჩაღრმავებებია შემორჩენილი. ლანდშაფტის ტიპური შემადგენელი ნაწილია დროებითი მდინარეებიც. ასეთები დინებით გარკვეულ მონაკვეთზე, ქვიშის დიუნებსა და მზისგან გამომწვარ, მყარგრუნტიან უდაბნოებში იკარგებიან, ამიტომ ინდოეთის ოკეანემდე ვერ აღწევენ. ამ მოსწორებულ, გაუდაბნოებულ რელიეფში იშვიათად, ადგილ-ადგილ თუ შეაქვთ თავისი "შესწორებები" ამაღლებებს. ესენი გახლავთ ეროზიით დაღარულ-გამოფიტული უძველესი წარმოშობის ზეგნები და გორაკები. მათ შორის ყველაზე მასშტაბური მაკდონელისა და მასგრეივის ქედებია. მთლიანობაში, რეგიონი ავსტრალიის ცხელი, უწყლო და გაუდაბურებული ნაწილია. ქვიშისა და ეროზირებული მთების მეტწილად წითელი ფერის გამო ავსტრალიელები აქაურობას "ქვეყნის წითელ გულს (ცენტრს)" უწოდებენ. ვეებერთელა ტერიტორია, რომელიც კავკასიას ათჯერ მაინც აღემატება, ცივილიზებული ადამიანით თითქმის დაუსახლებელია. სიმპსონის უდაბნოებს დასავლეთით დიდი ქვიშისა და ვიქტორიის უდაბნოები ერტყმის. ყველანი ერთად ფართობით დედამიწაზე საჰარას თუ ჩამორჩება. XIX საუკუნეში მათ აღმოჩენას არაერთი მკვლევრის სიცოცხლე შეეწირა. ვისაც უდაბნოსთვის დამახასიათებელი ეგზოტიკა - უძირო ლურჯი ზეცა, გორაკთა პასტელი ფერები, მირაჟები, მზის დაუნდობელ სხივებთან შეგუებული ფლორა და ფაუნა, ღამის ცის დაუთვლელი ვარსკვლავები, პრეისტორიული კულტურის აბორიგენი იზიდავს, უკეთეს ადგილს იშვიათად ნახავს დედამიწაზე.

შორენა ლაბაძე