ცნობილი კომპოზიტორებისა და რეჟისორების გარემოცვაში გატარებული წლები - გზაპრესი

ცნობილი კომპოზიტორებისა და რეჟისორების გარემოცვაში გატარებული წლები

ნათელა ნაცვლიშვილმა (იგივე მუზნათელა) კინოსტუდიაში მაშინ დაიწყო მუშაობა, როცა მთავარი მუსიკალური რედაქტორი, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და შესანიშნავი პიროვნება არჩილ კერესელიძე იყო. რა თქმა უნდა, პირველი ფილმიც ახსოვს - "მთვარის მოტაცებაზე" იმუშავა. იმ დროს ბატონი არჩილი ქუთაისში იყო წასული, დაურეკა და უთხრა: აბა, შენ იცი, პარტიტურები გადასაწერია, ორკესტრი შესაკრები და კავსაძის გუნდია საჭირო, ქორწილის თემის ჩასაწერადო. როგორ გაართვა თავი პირველ ამოცანას და ვისთან ერთად უმუშავია წლების მანძილზე? - ქალბატონი ნათელა კინოსტუდიაში მუშაობის 50-წლიანი მოგონებების შესახებ გვესაუბრა.

- ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, როცა ბატონმა არჩილმა დავალება მომცა. მე ხომ ახალი მოსული ვიყავი სტუდიაში რედაქტორ-ორგანიზატორად და ჯერ არაფერი ვიცოდი. ჩვენთან საორგანიზაციო საკითხებს (ფილმის ექსპლიკაცია, ხარჯთაღრიცხვა და სხვა) სუსანა კაპიტონოვნა-კვარაცხელია აგვარებდა. ეტყობა, მას დაურეკა არჩილ კერესელიძემ და სთხოვა, ჩემთვის ყველაფერი აეხსნა. ქალბატონ სუსანას ქართული კარგად ესმოდა, მაგრამ რუსულენოვანი გახლდათ. მოვიდა და ოდნავ მკაცრი ტონით ქართულად მითხრა: "დაჯექი და კარგად მომისმინე!" მეც მოვუსმინე და საქმეს შევუდექი. დავურეკე ბატონ სანდრო კავსაძეს და ვუთხარი, რომ მეორე დღეს კინოსტუდიაში უნდა მოსულიყო გუნდთან ერთად, 4 საათზე და ა.შ. ეს იყო პირველი ნაბიჯი. მერე ორკესტრი ჩაიწერა ჩვენს დიდ დარბაზში, ეს არის ერთადერთი დახურული დარბაზი ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელიც ციმბირული მუხითაა მოპირკეთებული. ფილმ "მთვარის მოტაცების" კომპოზიტორი სულხან ნასიძე იყო. იმის მერე, ჩემს ხელში უამრავმა ფილმმა გაიარა.

- მუზნათელა ვინ დაგარქვათ?

- ერთხელ ბატონი მიხეილ ჭიაურელი მოვიდა ჩვენთან, მაშინ მულტგაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, დახმარება სჭირდებოდა. ვსხედვართ ბატონი არჩილ კერესელიძე, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე და მე. გიგას სპექტაკლისთვის მუსიკა აინტერესებდა და არჩილი უხსნიდა: ახალი მუსიკის ჩაწერა არაა აუცილებელი. ნათელამ ზეპირად იცის, რომელი კომპოზიტორის ნაწარმოები შევიდა ფილმში და რომელი არა, ყველაფერი აქვს შენახულიო. კომპილაციური მუსიკა ჰქვია იმას, როცა სხვისთვის შექმნილ მუსიკას ხელმეორედ იყენებენ. ამაზე უნდა შეთანხმდნენ რეჟისორი და კომპოზიტორი, რათა უსიამოვნება არ მოხდეს. ჩემი ჩანაწერების ჟურნალი ავიღე და ამათ ვეუბნები, - აქ ეს მუსიკა გამოვიყენეთ, იქ ის და ა.შ. ბატონი მიშა არჩილს ეკითხება: ტუხა (ასე მიმართავდნენ), ვინაა ეს ანგელოზივით გოგო? - ეს, ჩემი მოადგილეაო. ჭიაურელმა მკითხა სახელი, გვარი, სად ვსწავლობდი... კონსერვატორია უკვე დამთავრებული მქონდა. ბოლოს, ბატონმა მიშამ ბრძანა: დღეიდან დაიმახსოვრე, შენ ხარ მუზნათელა! ეს სახელი შემრჩა და ყველა ასე მომმართავს.

- მუსიკას ალბათ, ბავშვობიდან ეზიარეთ...

- დედაჩემი ეთერ ჟღენტი მუსიკოსი იყო, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრა. დედ-მამა კახეთში სამუშაოდ გაგზავნეს, სადაც ისინი #2 პროფტექნიკური სასწავლებლის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ. ეს იყო ყვარლის რაიონი სოფელი ენისელი. იქ დედას ჰყავდა თავისი გუნდი. მე და ჩემი ძმა ნოდარი ვმღეროდით, სოლისტები ვიყავით. კონკურსებში ვმონაწილეობდით და ოთხჯერ ოქროს მედალიც დავიმსახურეთ. ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ბატონი მიშა ჩირინაშვილი იყო, რომელსაც მერეც არაერთხელ შევხვდით. მას ჩვენზე დიდი ამაგი აქვს. თუ სადმე რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, მე და ჩემი ძმა დედასთან ერთად ვმონაწილეობდით. რამდენიმე ფესტივალზე მოსკოვშიც წავედით.

- რომელ კომპოზიტორებთან გიმუშავიათ?

- გოგი ცაბაძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, შოთა მილორავა... ასეთ კომპოზიტორებთან მუშაობა არის მოვლენა. ყველასთან ლამაზი ურთიერთობა მქონდა. ჩემს თაობას წილად ერგო გასაოცარი ადამიანების გვერდით ყოფნა. ისინი პატივს გვცემდნენ, ჩვენ მათ ვაღმერთებდით, თუმცა ყოველთვის იყო ზღვარი, რომელსაც არ გადავაბიჯებდით - ზედმეტად არ გავუთამამდებოდით და არც ისინი გვაკადრებდნენ რამეს. გია ყანჩელისა და ნოდარ მამისაშვილის გარდა, სამწუხაროდ, ბევრი აღარ არის ცოცხალი..

GzaPress

- როგორები იყვნენ ეს დიდი ადამიანები მუშაობის დროს? - კინოალმანახის მუსიკაზე ვმუშაობდით, ბატონმა ჯანსუღმა დამირეკა და მითხრა: მუზნათელა, დამაგვიანდება. ორკესტრი თავის დროზე მოვა და მიხედეო. ბატონი ჯანსუღი საზღვარგარეთ მიდიოდა და შეხვედრა ჰქონდა კულტურის მინისტრ ოთარ თაქთაქიშვილთან. ბატონ ჯანოს პარტიტურისა და პარტიების შესახებ ვკითხე. რომ მოვალ, ყველაფერს ავაწყობო. ჩვენი დარბაზის რემონტის გამო, მუსიკის ჩაწერა ტელევიზიაში მიდიოდა. რეჟისორები სხედან, მათ შორის ხმის რეჟისორი შოველ ჩიტიძე და ველით მაესტროს. მოვიდა ბატონი ჯანო და დაიძახა, - მუზ, მანდა ხარო? სადირიჟორო პულტთან დადგა, პირველი დუბლი წაიღიღინა, მერე დაუფშტვინა და ამით ყველას თავისი ფრაზა მიაწოდა, ბოლოს უსიტყვოდ იმღერა. გასაგებიაო? - იკითხა. დიახ, მაესტრო, - ითქვა და ჩავწერეთ. კინოალმანახიდან ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი რამაზ შარაბიძე გაკვირვებული მეკითხებოდა, ასე მალე ჩავწერეთო? ასევე, გავაკეთეთ სამონტაჟო ფურცლების მიხედვით ფილმისთვის საჭირო "დაპისკები", გარბენები... არ მახსოვს, ჯანსუღ კახიძეს რომელიმე კომპოზიტორისთვის თანაგრძნობა არ გაეწია და თავისი ფრაზა არ შეეტანა ორკესტრში. ზეიმი იყო მასთან მუშაობა.

რეზო ჩხეიძის ფილმში "რაიკომის მდივანი" ცნობილი სიმღერა ჰამლეტ გონაშვილს უნდა ემღერა. მერე გადაწყდა, რომ კახიძეს შეესრულებინა, მის ხმას ლირიკულობის გარდა, დრამატიზმი და საერთოდ, ყველანაირი შესაძლებლობები ჰქონდა. ნაწარმოები საოცრად გაალამაზა ბატონი ჯანოს შესრულებამ. გია ყანჩელის ეს სევდიანი სიმღერა "მელოდიაში" ჩაიწერა. ბატონმა ჯანომ სიმღერა რომ დაამთავრა, ტაშის გრიალი ატყდა. თურმე "მელოდიის" თანამშრომლები სტუდიის კართან იდგნენ და უსმენდნენ. ჩვენ საოპერატოროში ვისხედით და გაშტერებული მივჩერებოდით ამ ხალხს. ყველაზე კარგი რა იყო, იცით? 120-კაციანი ორკესტრი რომ ყოფილიყო, რაც ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია, ბატონი ჯანსუღი და "მელოდიის" ხმის რეჟისორი მიშა კილასონიძე ზუსტად გეტყოდნენ, რა ნაწილსა და რა პუნქტში, რომელ მუსიკოსს შეეშალა. ასეთ საოცარ ხალხთან ერთად გავიზარდე. უკეთილშობილესი და მოკრძალებული ჰამლეტ გონაშვილი როცა სიმღერას წერდა, "მელოდიაში" არავინ მუშაობდა, ყველანი მონუსხულები იდგნენ.

- რამდენად ახლოს იყო კინოსამყარო თქვენთან?

- ფოლკლორისტი ვარ და აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი, მაგრამ სამი თვის შემდეგ ყველაფერში გავერკვიე. გარდა ამისა, ხმის სამონტაჟო და ხმის ჩამწერ საამქროებში შევდიოდი გოგონებთან და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მთელი ცხოვრება კინომუსიკას და ჩემს სტუდიას ვემსახურები. უამრავი ლამაზი დღე მახსოვს. არჩილ კერესელიძის შემდეგ მთავარ რედაქტორად ბატონი ევგენი მაჭავარიანი დაინიშნა, ჩვენ ჟენიას ვეძახდით. აქ ყოველთვის განათლებული, პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანები მუშაობდნენ: რედაქტორები, ფონოთეკარები, ტექნიკოსები, სარედაქციო კოლეგია. რომელი ერთი გავიხსენო: ნინო აბესაძე (ოთარ აბესაძის ქალიშვილი), მარინა ქავთარაძე, ნინელი ნაკაშიძე, თამარ ნადარეიშვილი... სტუდიის ბედნიერება იყო ისიც, რომ ჩვენთან უამრავი ლამაზი ადამიანი მოდიოდა - მსახიობები, მწერლები, რეჟისორები...

ბატონი რეზო ლაღიძე, ფილმის ჩაწერა რომ დამთავრდებოდა, თავის ნანადირევს მოიტანდა, მაგალითად, ლოქოს ქინძმარში და სტუდიის თანამშრომლები ორი დღე მივირთმევდით (იცინის).

- რეჟისორებთან ურთიერთობაზე მიამბეთ.

- გამორჩეული ურთიერთობა მქონდა ელდარ შენგელაიასთან, დევი აბაშიძესთან, გიგა ლორთქიფანიძესთან. ქალბატონ ლანა ღოღობერიძესთან ყველა ფილმზე ვიმუშავე, დიდებული ადამიანია. როცა ფილმს დასჭირდა, ვიმღერე კიდეც: "ბაბილინაში", "სამანიშვილის დედინაცვალში" ჯანოსა და ბიჭებთან ერთად, გიორგი შენგელაიას ფილმში "ქვიშანი დარჩებიან". ნანა ჯანელიძისა და ნოდარ მანაგაძის ფილმების გარდა, სხვა უამრავი ფილმის რედაქტორი ვიყავი. სპექტაკლებზეც მიმუშავია. ერთ-ერთი იყო ქუთაისში გოგი ქავთარაძის დადგმული "დავით აღმაშენებელი".

- თქვენი საყვარელი კინომუსიკა რომელია?

- მიყვარს გია ყანჩელისა და ბიძინა კვერნაძის მუსიკის მოსმენა, ხშირად ვუსმენ ჯანო კახიძის მიერ გაფორმებულ ფილმებს. 20 წლის ვიყავი, როცა კინოსტუდიაში მოვედი და ძალიან ბედნიერი წლები გავიარე. ახლა ბედნიერება ტკივილმა შეცვალა, რადგან აღარ არიან რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე... და სხვები, ვისი მოსვლაც სტუდიაში ზეიმის ტოლფასი იყო. ისინი დარჩებიან ჩემი და ჩემი თაობის ადამიანების მოგონებებში. ნუგზარ ვაწაძე ყველაზე ახალგაზრდა მოვიდა სტუდიაში. თავიდან ბატონ ნუგზარს ვეძახდი, მერე მთელი ცხოვრება ვაწოს (იღიმის). მისი ნაწარმოები გუგული მგელაძის ფილმისთვის ჯანომ ჩაწერა. ვატყობ, რომ ნუგზარს რაღაც აწუხებს და არ ამბობს. ვერ შეჰკადრა ბატონ ჯანოს, რომ ეთქვა, ერთ ადგილზე ფლეიტა პიკოლომ დაუკრასო. ნუგზარი ხმის რეჟისორის მიკროფონით კი არ დაუკავშირდა კახიძეს, პირადად ჩავიდა მასთან.

ერთხელ, აღარ მახსოვს ვისი ფილმის მუსიკას ვწერდით, ვერც ერთი მუსიკოსი ვერ მიესადაგა იმ თემას, რომელიც გვჭირდებოდა. ბატონ ჯანოს ვუთხარი, - არ გინდათ, იღიღინოთ-მეთქი? გადმომხედა: მუზნათელა, თავს გამალახვინებო (იცინის). ჯანოს ჩაწერილი თემა მთელი ფილმის ტიტრებში წავიდა.

- კინოსტუდიის მიღმა, დღეს რა დოზით არის თქვენ ცხოვრებაში მუსიკა?

- სახლში პატარა დისშვილიშვილები მყავს, რომლებიც სიმღერით მართობენ. ორივე, გოგოც და ბიჭიც შესანიშნავად მღერის.

ნანული ზოტიკიშვილი