სასულიერო პირი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა - გზაპრესი

სასულიერო პირი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა

პოეტ მიხეილ (მიკი) ზანდუკელს ცოტა ხნის წინ 84 წელი შეუსრულდა. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციამ იუბილარ პოეტს ეს დღე გაულამაზა. მოწვეულმა სტუმრებმა და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დასამახსოვრებელი დაბადების დღე აჩუქეს. წლებია ბატონი მიხეილი ამ გარემოში ცხოვრობს და ამბობს, რომ პირობებით კმაყოფილია. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი მიხეილ ზანდუკელი წლების წინ ურთულესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ყაზბეგის გამზირზე, 114 კვადრატული ფართობის საცხოვრებელი ბინა დააკარგვინეს. ყველაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა და ვერც სამართალი იპოვა.

- ძალიან კარგ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი წინაპრები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. პაპაჩემი, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯალიაშვილი სასულიერო პირი გახლდათ. იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული. პაპაჩემი შეხვდა თურმე შემთხვევით უკანასკნელად ილია ჭავჭავაძეს, იმ საბედისწერო დღეს. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, ამის შემდეგ ილიამ გზა განაგრძო, იმ დროს ჩასაფრებული იყვნენ მისი მკვლელები და ერის მამა მოკლეს. იარაღის გასროლა გაიგო პაპამ... მთელი საქართველო გლოვობდა უდიდეს ქართველს. 7 სექტემბერს, საგურამოდან ილიას ცხედრის თბილისში გადმოსვენების დღეს, მცხეთის ჯვრის მონასტრის ძირში პროცესიას დახვედრია პაპაჩემი, მღვდელი ალექსანდრე, სამღვდელოებასთან და თავის ურიცხვ მრევლთან ერთად და მას იქ ემოციური, გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოუთქვამს...

მამა ალექსანდრე პედაგოგიც გახლდათ სკოლაში. 1915 წლის 4 მარტს, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 2017 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1917 წლის 12 მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 11-17 სექტემბერს საეკლესიო კრებაზე აირჩიეს საქართველოს პატრიარქი. შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და პაპაჩემი, მამა ალექსანდრე წილკნის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. თურმე თავისი ნიჭიერით, პატიოსნებით და ეკლესიისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. მაშინ საქართველოს კათალიკოსი იყო კირიონი, უნდოდა ავტოკეფალიის დაცვა და ის მოკლეს. 1919 წელს მამა ალექსანდრეც მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მისი მეუღლე ივლიტა 1945 წელს გარდაიცვალა.

GzaPressმამა ალექსანდრე ცნობილი მეფუტკრე იყო, ამ დარგში ბევრს მუშაობდა. დღემდე შემორჩენილია მისი ჩანაწერები ფუტკრის მოვლაზე, თაფლის სასარგებლო თვისებებზე. მამაჩემი გახლდათ გვარად ჯალიაშვილი, მაგრამ მე დედის გვარზე ვარ. ეს გამოწვეული იყო ჩვენი ოჯახის რეპრესიებით. 1937 წელს ისე მოხდა, რომ მამაჩემის ძმები დაიჭირეს, ჩვენს ოჯახს დევნიდნენ, ამიტომ დედის გვარზე დამწერეს და დედა საცხოვრებლად თავისი ძმის სახლში გადავიდა. 37 წელს მამაჩემის ერთი ძმა დახვრიტეს, მეორე მატარებლით ციმბირში გაუშვეს, სანდლები და მაისური ეცვა, როცა გააციმბირეს, მერე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, მაგრამ ჩეკისტებისთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი, რაც მეტს დაიჭერდნენ, მათთვის უკეთესი იყო. მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით. პაპაჩემი მამა ალექსანდრე 16 წლის გარდაცვლილი იყო, მე რომ დავიბადე. მეამაყება მისი შთამომავალი რომ ვარ.

მამაჩემი ალექსანდრე ჯალიაშვილი, ძალიან ლამაზი და საინტერესო კაცი იყო, კინომსახიობი გახლდათ. პირველი ფილმი, რომელშიც მონაწილეობდა, მიხეილ ჭიაურელის ფილმი "საბა" იყო, აქ მთავარ როლში ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ და მამაჩემი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, მისი ქმრის როლს ასრულებდა. თურმე ისე კარგად გაართვა თავი, ყველა აღფრთოვანებული იყო.

- დედის გვარს ატარებთ ახლაც?

- დიახ. წლების განმავლობაში ვერ ვხედავდი მამას, თურმე ისიც იდევნებოდა, შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას. ისიც უნდა დაეჭირათ, მაგრამ კინოსტუდიის თანამშრომელს მამაჩემისთვის უთქვამს, მგონი შენ გითვალთვალებენ და ჯობია დაემალო ამათო... დედისერთა ვიყავი, მეორე პაპა, დედის მამა ექიმი გახლდათ. ბალნეოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი და ამშენებელი. ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი სახელობის იყო ჩუბინიშვილის ქუჩაზე არსებული საავადმყოფო, მაგრამ მერე გააუქმეს. ძალიან ნიჭიერი კაცი გახლდათ, საქმის პროფესიონალი. პაპაჩემს ფოტოების გადაღება უყვარდა და ვაჟა-ფშაველას ცნობილი ფოტოების თითქმის 95 პროცენტი მისი გადაღებულია. ერთმა ადამიანმა შეისწავლა არქივი და დაიწერა კიდეც ამაზე სტატია. ლენინგრადის მუზეუმშიც არის სამი კაცის ხელით გაკეთებული კავკასიის განყოფილება და ის პაპაჩემმა, თედო სახოკიამ და მღვდელმა ჯაფარიძემ გააკეთეს.

- რამდენი შვილი გყავთ? გვიამბეთ, როგორ დაკარგეთ ბინა?

GzaPress- სამი შვილის მამა ვარ. უფროსი ვაჟი სამწუხაროდ, გარდამეცვალა. ბედნიერი ოჯახი მქონდა. მეცნიერ-თანამშრომელი ვიყავი. ერთ-ერთ ინსტიტუტში ვმუშაობდი. სააკაშვილის დედა და ბენდუქიძის დედაც ჩვენს ინსტიტუტში მუშაობდნენ. ჩემი თანამშრომელი გახლდათ ნელი ჩაფიძე, მერე აკადემიის პრეზიდენტი გახდა. ის მძიმე პერიოდი რომ იყო და მეცნიერებს ძალიან გვიჭირდა, მან მითხრა, ჩემი შვილი არ არის საქართველოში, ბინა რომ ჩავდო, მისი ხელმოწერა მჭირდება და მოდი, შენი ბინა ჩავდოთ, მე ირანში წავალ, იქ ხალხს შევხვდები, საქმეს გავაკეთებ და შემოსავალი გვექნებაო. სულელურად ვენდე და 5.000 დოლარის გამო დავკარგე ბინა. მატყუებდა, დაგიბრუნებო, მერე ვიჩივლე, საქმე სასამართლომდეც მივიდა. სხვას გადააბრალა, მეც მომატყუესო. ის სხვა ქალი დაიჭირეს ამ საქმეზე. მე ვინც მომატყუა, ასაკოვანი იყო და შემეცოდა ციხისთვის, თან მეუბნებოდა, არ გამწიროო და მპირდებოდა გამისტუმრებდა, ოღონდ ციხეში არ გამეშვა. ისევ მომატყუა და საბოლოოდ, გამიყიდეს ჩემი ბინა. არადა, ყადაღა მქონდა დადებული, ასეთი ბინა გაყიდეს. უამრავი საჩივარი დავწერე, მაგრამ სამართალი ვერსად ვიპოვე. ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მთელი ოჯახი დავრჩით ქუჩაში. იმ ქალის მეუღლეც ინსტიტუტში მუშაობდა, ადრე ჩემი მეზობელი იყო, ცოცხალი აღარ არის, ძალიან ვაფასებდი და ვერ წარმომედგინა, მისი ცოლი თაღლითობას თუ ჩაიდენდა. ქუჩაში დარჩენილი ამ ქალს ვთხოვდი, დაებრუნებინა ფული. მატყუებდა, - სპორტის სასახლის წინ ცხოვრობს ჩემი და, ჩვენს საერთო სახლში, იქიდან ავიღებ ჩემს წილს და დაგიბრუნებო. ესეც ტყუილი აღმოჩნდა, მისმა დამ მითხრა, - ეს ოთხოთახიანი ბინა ჩემია, აქ მისი არაფერი არისო...

ერთი პერიოდი ბინას ვქირაობდით, მაგრამ გადახდა გვიჭირდა, მერე ჩემი შვილები იძულებულები გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ, რადგან სახლი არ გვქონდა. გოგო ისრაელში წავიდა, ბიჭი მოსკოვშია, უფროსი ვაჟი გარდამეცვალა. კარგი შვილიშვილები მყავს, მეხუთე შვილთაშვილს ველოდებით ახლა. მაკითხავენ აქ და ყველა ტკივილს მავიწყებენ. ბევრი ცუდი შემხვდა ცხოვრებაში, მაგრამ შვილები და შვილიშვილები, შვილთაშვილები მახარებენ. ძალიან ბედნიერი ვარ მათი სტუმრობით.

7 წლის წინ მოვედი ამ თავშესაფარში. 2 წელი დამჭირდა რიგში ყოფნა, რომ აქ მოვხვედრილიყავი. 140-ზე მეტი ადამიანი იყო თავშესაფარში, ნელ-ნელა აკლდება ეს რიცხვი და ახლა 30-მდე ადამიანი დარჩა ცოცხალი. წლებია, აქ არავის იღებენ. არადა, რამდენი გაჭირვებული ადამიანია თავშესაფრის გარეშე და რა დიდი შეღავათი იქნებოდა მათთვის აქ მოხვედრა. სააკაშვილმა გამოსცა ბრძანება და გაუქმდა მიღება. იცლება აქაურობა, ვაცილებთ ერთმანეთს...

ამ ზამთარს ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი ქალიშვილი და ვაჟიც ჩამოვიდნენ, თავზე მედგნენ საავადმყოფოში, ფილტვების ანთების გამო დიდხანს ვიყავი რეანიმაციაში, მაგრამ გადავრჩი. ავადმყოფობის გამო დავსუსტდი, მაგრამ მინდა ახლა ჩვეულ ფორმაში ჩავდგე, ექიმიც მეუბნება უკვე შეგიძლია იარო, ივარჯიშოო.

- როგორც მითხრეს, ყოველ დილით ვარჯიშობთ და თბილისის ზღვაზე დადიხართ...

- პანსიონიდან თბილისის ზღვაზე ყოველ დილით ფეხით გავდიოდი კილომეტრებს. თბილისის ზღვას და ფიჭვნარს დილაობით მარტო მივუყვებოდი, ბევრს ვვარჯიშობდი. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ამ ზამთარს ვერ მოვახერხე სიარული ახლა ძალა მოვიკრიბე, მინდა ზაფხულში ჩვეულ რიტმში ჩავჯდე... ჩემმა ქალიშვილმა იერუსალიმში, წმინდა მიწის მოსალოცადაც წამიყვანა და უფლის საფლავზე მიმიყვანა, ეს დაუვიწყარი ემოცია იყო. საინტერესო ცხოვრება გავიარე. ბევრ ცნობილ ადამიანთან მაკავშირებს მეგობრობა. ლექსების წერა გვიან დავიწყე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები ჩემი მეზობლები და მეგობრები იყვნენ, მათ გვერდით ვერ ვბედავდი ლექსების წერას. სულ ვეხუმრებოდი, როგორ დამეწყო თქვენს მერე ლექსის წერა, ახლა ასაკში რომ შევედი, გავთამამდი-მეთქი. ნუგზარ წერეთელი, გიგის მამა ჩემი მეგობარია, ბევრი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანის წიგნი მაქვს ჩემს პატარა ოთახში და მასზე გაკეთებულია ავტორების მინაწერები, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. სათუთად ვინახავ და დროდადრო გადავშლი ხოლმე.

- როგორც ვიცი, თქვენი ახალი კრებული გამოვა...

- დიახ, ამ დღეებში გამოვა ჩემი მეორე კრებული და ეს ძალიან მიხარია. წლების მანძილზე ჩემი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ახლა ამ წიგნში შევა ჩემი ავტობიოგრაფია და ველოდები ახალ წიგნს. ლექსის წერა ბედნიერებაა, ამ დროს ცუდი ფიქრები არასოდეს გაქვს. მინდა ყველა ბედნიერი იყოს და გაჭირვებაში არ იყვნენ ადამიანები.

თეა ხურცილავა