"ავთანდილი უმღერის ყველა თაობის ადამიანს სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთსა თუ აჭარაში" - გზაპრესი

"ავთანდილი უმღერის ყველა თაობის ადამიანს სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთსა თუ აჭარაში"

არაფერი უხდება ქუთაისს ისე, როგორც ვარდები, იუმორი და სიმღერა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში სამივე კომპონენტი უხვადაა. ბაღის კიდედ წოდებული ქუთაისის ბულვარი სავარაუდოდ, სახუმაროდ და სიმღერისთვის შექმნილა. აქვეა ქუთათურების თავმოსაწონებელი ოპერაც, რომელსაც ისეთი წარსული აქვს, რომელიც განსაკუთრებულად საამაყოა. საამაყო წარსულში, ზოგჯერ ისეთი ამბავიც გამოერევა, სხვა ქალაქს რომ არ მოუხდება და მხოლოდ ქუთაისისაა... ინტერნეტის გამომყენებელი ბევრი ადამიანი იცნობს ქუთაისური "ოტელოს" ტრაგიკომიკურ ისტორიას, ამიტომ მასზე ახლა ყურადღებას არ შევაჩერებ და ოპერის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის, როზა დვალიშვილის მოგონებას გთავაზობთ უცვლელად:

"თეატრში ფალიაშვილის "დაისი" დავდგით. სპექტაკლზე მოწვეული მყავს საკრებულო, მერია... მირეკავს ერთ-ერთი "ჩინოსანი" და მეკითხება, საიდან არის შემოსასვლელი ოპერაში? იქნებ დამხვდე გარეთ და შემოვალთო... მოვიწმინდე სიმწრის ოფლი, გადავაბიჯე სრულიად შელახულ მუსიკალურ თავმოყვარეობას და დავხვდი. ორნი იყვნენ. მიმდინარეობს სპექტაკლი. იმ მომენტიდან, საიდანაც ფალიაშვილის მუსიკა იწყება, რომელიც საქართველოს ჰიმნშია გამოყენებული, წამოხტა ეს ჩვენი ღრმად "მუსიკალური" ჩინოვნიკი, მიიდო გულზე ხელი და ეპატიჟება მეორესაც, ჰიმნი დაიწყო და ადექიო... ლამის პიჯაკი ჩამოვახიე, ძლივს დავსვი აღტკინებული... შერცხვენილმა "დამანამუსა", არ გამამხილოო. სანაცვლოდ, კომისიის სხდომაზე დუმილისათვის 25 ათასი დავამატებინე თეატრის ბიუჯეტზე... ვინაობას ახლაც არ ვამხელ, თადარიგს ვიჭერ, რა ვიცი, კიდევ სად ვნახავ მას და მასავით ბრძენ "ჩინოვნიკს" ნაწვიმარზე ამოსული სოკოსავით "ამოწვერილს"!

ვერ გეტყვით სხვა მაგალითს სხვა ქალაქების თეატრალური ცხოვრებიდან, რომელიც ამ ამბის ტოლფასი იყოს თავისი ტრაგიკომიკურობით, რომელიც ასე კარგად გამოხატავს ერთდროულად ჩვენს სავალალო და საამაყო მდგომარეობას.

როგორ შეიქმნებოდა ქუთაისის აკადემიური და სახალისო მუსიკალური ისტორიები, რომ არა ადგილობრივების ნიჭი... ამჯერად, ერთ ახალგაზრდაზე ვისაუბრებთ, რომელიც 19 წლის ასაკში აღიარებულია, როგორც გამორჩეული ვოკალისტი. ავთანდილ ჭიქავა უკვე მრავალი დიპლომის, სიგელის, წოდების მფლობელია. მის ხმას მსოფლიოს ბევრ ბარიტონისას ადარებენ...

წლის ბოლოა და გადავხედე ახალ სახეებს, რომლებიც ამ წელმა "მომიტანა". ბევრი კარგი ადამიანია 2018 წლის ჩემეულ "ანგარიშზე", თუმცა, ავთანდილი მაინც გამორჩეულია. ზოგადად, ადვილი არაა თავის დამკვიდრება ქუთაისის კულტურულ წრეებში. უბრალოდ, აქ მაღალი სტანდარტები მოქმედებს. ცისფერყანწელების, ბალანჩივაძეებისა და ფალიაშვილების ქალაქში სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. არავისთვის ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კლასიკური ხელოვნებისთვის მარტო ნიჭიერება არ კმარა, მისი ერთგული მსახურებაც საჭიროა!

ქუთაისში 1969 წელს დაარსდა საოპერო თეატრი. თეატრის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა ძირითადად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 1970 წელს შექმნილმა ქუთაისის ფილიალმა იტვირთა. ამ ფილიალს ამჟამად უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის სტატუსი აქვს და ზრდის სხვადასხვა პროფილის ინსტრუმენტალისტსა თუ ვოკალისტს. სწორედ ამ აღსაზრდელთა შორისაა ავთანდილ ჭიქავა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ათასჯერ გამიგონია, რომ მუსიკა უფრო რთულია, ვიდრე მათემატიკა. თუმცა, ადამიანის ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის წინაშე ყველა სირთულე მარტივდება... მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში ახალგაზრდები ევფონიური სამყაროს რთულ ბილიკებზე ფრთხილად, მოკრძალებულ ნაბიჯებს დგამენ, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია წარმატებების მიღწევა. ავთანდილის სასწავლო გრაფიკი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და სამუსიკო კოლეჯის განრიგზეა დამოკიდებული. ძნელია, მაგრამ ახალგაზრდა მუსიკოსი ინარჩუნებს უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტის სტატუსსაც, ინტენსიურ სპორტსაც მიჰყვება და სასწაულებრივად ახერხებს დროის დათმობას მეგობრებისთვისაც.

თუ დაეკითხებით პროფესორ რამაზ კუბლაშვილს, ავთანდილის ვოკალის პედაგოგს, ის გეტყვით, რამდენად იმედისმომცემი და პერსპექტიულია მისი აღსაზრდელი.

მუსიკოსობა თითქოს განაჩენი და ბედისწერაა ავთანდილისთვის. ლაპარაკი სიმღერით დაუწყია, ყოფილა მსმენელის აღტაცებაც, ბევრი ტაშიც, ბევრი აღიარებაც, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელიც და სასწავლიც. ასე ფიქრობს ავთანდილი, მერე რა, რომ მას ყველა ეუბნება, რომ კარგი ახალგაზრდაა, წარმატებული და ნიჭიერი.

GzaPress ოზიმოს მუსიკალური აკადემია იტალიაში ეპატიჟება განათლების მისაღებად, ბრიტანეთიდანაც აქვს 6-თვიანი მიწვევა, არაერთი ემიგრაციული ცენტრი აპირებს მის სოლო კონცერტების მოწყობას ბარსელონაში, ბერლინში, ათენში, ტალინში... ყველაფერი დროის საკითხია, ჯერ ავთანდილი მხოლოდ 19 წლისაა და მოასწრებს ყველაფერს, უბრალოდ, ჯერ საქართველოში უნდა აჩვენოს ადამიანებს, სამშობლო და ქუთაისი მისთვის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი ჰონორარი ახლა მისთვის ქართველი მსმენელის გულწრფელი ტაშია! ორ პატარა ამბავს გავიხსენებ, რომლებიც ავთანდილის პორტრეტის წარმოდგენისათვის სრულად დაეხმარება მკითხველს:

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქუთაისს ხშირად უცხოეთიდან ეწვევიან ხოლმე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ტურისტული ობიექტების გარდა, მათ მოხიბვლას ქართული სუფრითაც ცდილობენ. ქართულ სუფრას კარგი სიმღერაც უხდება. საერთაშორისო საბალეტო კონკურსის დამფუძნებელი ელენე ზავერშენსკაია სათაფლიის მონახულების მერე, ქუთაისში გასტრონომიულ "ტერორიზმს" დაემორჩილა, ქართულ სუფრას ფოტოები უხვად გადაუღო, - გერმანიასა და რუსეთში გამამართლებელ საბუთებად წარვადგენ, რატომ მოვიმატეო (ეს ქალბატონი თანამედროვე რუსული ბალეტის "დედაა") და მალე დაივიწყა ხაჭაპურიც, მწვადიც, "ლავროვიი არომატიც", რადგან ავთანდილმა ქართული და უცხოური არიები შეასრულა. "სცენისთვის დაბადებული", - აღმოხდა სტუმარს და იქვე დაამატა, რომ ხელოვნებას არ გააჩნია ეროვნება...

ფოთისა და ხობის ეპარქიაში განსაკუთრებულად ზეიმობენ მარიამობას. ღვთისმშობლის მიძინების დღეს უამრავი მორწმუნე ხობის დედათა მონასტერს აკითხავს. ამ მონასტერში დიდხანს ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა დიდი სიწმინდეები. ამბობენ, რომ ამ მონასტერს იგივე მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოსთვის, რაც სვეტიცხოველსა და გელათს. წლევანდელ მარიამობასაც, ტრადიციულად მეუფე წირავდა და ლიტურგიის დასრულებისას მგალობელთა გუნდმა სამჯერ ზედიზედ შეასრულა მრავალჟამიერი, რომლის მრავალხმიანობაში ჯერ მოკრძალებულად გაისმა ავთანდილის ხმა, მერე - მთელი სიდიადით... ტრაპეზობის ჟამსაც "საქართველოო ლამაზო" და რამდენიმე ცნობილი შედევრი იმღერა. სამღვდელონი და საერონი ერთად აღნიშნავდნენ ხმის სიკეთეს...

ავთანდილი უმღერის ყველა თაობის ადამიანს სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთსა თუ აჭარაში. ამ ნამღერს კი არ სჭირდება თავისი უპირატესობის მტკიცება, რადგან კლასიკა თავადვეა უპირატესობა...

როლანდ ხოჯანაშვილი