რა სტერეოტიპი დაამსხვრია სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ - გზაპრესი

რა სტერეოტიპი დაამსხვრია სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ

პუნქტუალობით, მიზანსწრაფულობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეულ ჰენრი კუპრაშვილს ბავშვობაში სურდა მფრინავი გამხდარიყო. ფაქტობრივად, მხოლოდ "მფრინავი" არ შედის მისი პროფესიული თუ სპორტული მიღწევების დაუსრულებელ ჩამონათვალში...

სპორტის დამსახურებული მოღვაწე, რომელსაც სხვადასხვა დროს ადამიანი დელფინი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი უწოდეს, პარალელურად ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, კეთილი ნების ელჩი და ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის მოწვეული პროფესორია. მის სახელს უკავშირდება ცურვის არაერთი ქართული სტილის აღდგენა, უნიკალური, კოლხურ-იბერიული მეთოდით ცურვის სწავლება და განვითარება. პირველმა ქართველმა საერთაშორისო მარათონელმა მოცურავემ სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს, დაამყარა მსოფლიოს რეკორდი ახალი წესით ცურვაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ქართული სამხედრო-საწვრთნელი წესით ანუ ოთხგან ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში (12 კილომეტრი) 3.15 წუთში გადაცურა. ის გახლავთ ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი ბიატლში, ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

- ცურვაზე პირველად სკოლის პერიოდში მივედი, მაგრამ მაშინ ვერ გამიტაცა, რადგან ერთი გოგო შემიყვარდა, ცურვისთვის გამოყოფილ დროს მის ფანჯრებთან ვატარებდი, სახლში წასვლისას კი პირსახოცს ვასველებდი, რომ მშობლებს ვერაფერი გაეგოთ. მას შემდეგ, რაც 1974 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის აუზი გაიხსნა, შეჯიბრებებს ორგანიზებას ვუწევდი.

- ურთიერთგამომრიცხავია - სპორტით ამ ინტენსივობით დაკავების პარალელურად, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, სამი მონოგრაფიის, შვიდი სახელმძღვანელოს, 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 400-მდე სტატიის, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გატანილი 50 მოხსენების ავტორი ხართ...

- დიახ, ასეა. უბრალოდ, არ შემიძლია ამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სრულად არ ასახავს ჩემს დღევანდელ საქმიანობას, სპორტს ცხოვრებაში არანაკლები დატვირთვა აქვს. ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთ დოქტორანტთან ვმუშაობ. "პოლიტიკა სამსჯავროზე" - საუკუნის პროექტად დაასახელეს. იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე ვმსჯელობთ, რამდენად შეესაბამებოდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სტუდენტებთან ყოფნა ჩემთვის საქართველოს მომავალთან კავშირის ქონასთან ასოცირდება და ამ განცდით ვცდილობ მათ ყველაფერი გადავცე, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება. დილაობით დავრბივართ, ვავარჯიშებ ცურვაშიც.

- ყინულჭრილში ცურვა სპორტის ერთ-ერთი სახეობაა მათ შორის, რომელ სახეობებშიც ასპარეზობთ...

- დიახ, სხვადასხვა სახეობაში ვასპარეზობ. მოგეხსენებათ, თანამედროვე ხუთჭიდი კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და სირბილს მოიცავს. საბჭოთა პერიოდში ის საკმაოდ განვითარებული იყო, ახლა აღარაა პოპულარული. თანამედროვე ხუთჭიდს ქვესახეობები აქვს: ბიატლი (სირბილი და ცურვა) და ტრიატლი (სროლა, ცურვა და სირბილი). ტრიატლონი კი სპორტის სამ დარგს - ცურვას, ველოსიპედით სიარულსა და სირბილს აერთიანებს. შარშან ოქტომბერში ჩემი ასაკის კატეგორიაში ბიატლში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ტრიატლში 60 წლის ასაკის ზემოთ კატეგორია იყო მხოლოდ, მაგრამ მაინც ჩავეწერე და ბრინჯაო მოვიპოვე. წელს თუ სპონსორი გამოჩნდა, ამერიკაში გამართულ ჩემპიონატზეც მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება ყინულჭრილში ცურვას, სლოვენიაში, ბლედის ტბაზე გამართულ ყინულჭრილში ცურვის მსოფლიოს თასის სარეიტინგო შეჯიბრებაზე, რომელშიც 40 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, თებერვალში ოთხი ოქრო მოვიპოვე. საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი. შარშან ესტონეთში გამართულ ზამთრის ცურვის მე-11 მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.

GzaPress- ქართული ცურვის უნიკალური სახეობები გააცოცხლეთ. მათ შორის, "ლაზური" ანუ "თავისუფალი კოლხური", "ოკრიბულა" (სპორტული სტილი), "ხელფეხშეკრული კოლხური" (სამხედრო-საწვრთნელი სტილი), "აფხაზური", "იბერიული", "ქიზიყური", "ხაშურული", "თახვია" (სავარჯიშო საწვრთნელი ყაიდები)...

- ცურვის სამხედრო სახეობა მსოფლიოში მხოლოდ ორია შემორჩენილი - იაპონური და კოლხური. ლობირებაა საჭირო, რომ ის სპორტული ცურვის სახეობად დაინერგოს. იაპონელები სულ ცდილობენ თავიანთი ეროვნული ფასეულობები მსოფლიოს აჩვენონ. მაგალითად, სუმო. რა ესთეტიკაა, მაგრამ მსოფლიო ტაშს უკრავს. მხედრული კოლხურის სახით ჩვენ უნიკალური განძი გაგვაჩნია. წყალმაშველმა უნდა იცოდეს ცურვის ეს სახეობა, რადგან ხელები და ფეხები სხვის გადასარჩენად სჭირდება. ხელფეხშეკრული ცურვა ორ მიზანს ისახავდა: მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს ხელფეხშეკრული დაძლევს, ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს. ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში კი, თუ შანსი მიეცემოდა, ტყვეობას თავს დააღწევდა. XVII-XVIII საუკუნეებში, მოგეხსენებათ, ტყვეები სტამბოლში გემით ხელფეხშეკრული გადაჰყავდათ. მეგრელები გამიზნულად სწავლობდნენ ხელფეხშეკრულ ცურვას. თუკი მოახერხებდნენ და ბორკილებდადებული წყალში გადახტებოდნენ, გადარჩენის შანსი ჰქონდათ.

- გარდა იმისა, რომ არაერთი ახალგაზრდა ცურვითა და სირბილით დააინტერესეთ, ბევრი მათგანი სპორტსმენად, მედალოსნად ჩამოყალიბდა...

- მათ შორის გამოვარჩევ ნიკა თვაურის შემთხვევას. ის უსინათლოა. ჩემთან მისი მშობელი მოვიდა და მითხრა, რომ მის შვილს ცურვის შესწავლა სურდა. რთული გზა გავიარეთ, თუმცა, მალე მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანე და ბრინჯაოს მედალი აიღო. ეს საქართველოს ცურვის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ. 17 წლის ანა ლომინაძემ კი მხედრული კოლხურით დარდანელის სრუტე გადაცურა. გახდა პირველი ქალი პლანეტაზე, ვინც იგივე გააკეთა, რაც მე - თავის დროზე.

- თქვენი დილა ვარჯიშით იწყება. კონკრეტულად, რას მოიცავს დილის ვარჯიში?

- პირველი, რასაც დილით ვაკეთებ, დაახლოებით ორი წუთით ძელზე დაკიდებაა. ძელიდან ველოტრენაჟორზე ვინაცვლებ და ფეხის კუნთებს ვახურებ. ამის შემდეგ სადარბაზოში გავდივარ და 16-სართულიანი შენობის კიბეზე პირველ ჯერზე ავდივარ, შემდეგ კი სამჯერ - ავრბივარ. ყოველდღე ერთი ასვლა და სამი არბენა, ათ დღეში ერთხელ კი ათჯერ არბენა. ამის შემდეგ კვლავ სახლში ვბრუნდები და მუცლის პრესის გასამკვრივებლად განკუთვნილ, სპეციალურ იატაკზე საგორაო რგოლს 50-ჯერ ვაგორებ. ამას მოჰყვება ლაზერული იარაღით სროლა და ლისის ტბაზე გადანაცვლება, სადაც ყოველდღიურად არანაკლებ 6-ს, პერიოდულად კი 10 კმ-ს დავრბივარ. ბოლოს ვაკეთებ გაწელვით ვარჯიშებს და ორ კილომეტრს ვცურავ.

- 72 წლის ბრძანდებით. ფიქრობთ, რომ ასაკი უბრალოდ ციფრებია?

- ცხადია. ოთხჯერ იყო ჩემთან ინტერვიუ ჩNN-ზე. პირველად - 2001 წელს. გარწმუნებთ, მაშინ ბევრად უფრო მეტად მეტყობოდა ასაკი, ვიდრე შემდეგ ინტერვიუებში. მაშინ ასეთი დატვირთვით არ ვვარჯიშობდი.

- ოჯახზეც გვითხარით...

- არაჩვეულებრივი მეუღლე, ოთხი შვილი, 8 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი მყავს. შვილებიდან სპორტით არც ერთი არაა დაკავებული. იმედია, შვილიშვილები დაინტერესდებიან.

შორენა ლაბაძე