მამა, რომელსაც შვილების გამო თირკმლის გაყიდვა სურდა - გზაპრესი

მამა, რომელსაც შვილების გამო თირკმლის გაყიდვა სურდა

34 წლის ბათუმელ აკაკი დავითაძეს ცხოვრების რთული გზა გაუვლია. სოციალური ქსელით დამიკავშირდა, დიდი გასაჭირი მაქვს და იქნებ ჩემს ოჯახზე დაწეროთო. სეზონზე რესტორნებში მუშაობს მიმტანად, ჯანმრთელობის გამო მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ვერ ასრულებს. ოცნებობს, შვილებისთვის სახლი ჰქონდეს, ხვალ-ზეგ ბავშვებთან ერთად ქუჩაში რომ არ აღმოჩნდეს.

GzaPress- 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ცხოვრება აირია და ჯოჯოხეთად მექცა, რადგან ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, დედამ 3 წლის მერე ახალი ცხოვრება დაიწყო, მამა კი ყურადღებას არც არასდროს მაქცევდა. დედამ სკოლა-ინტერნატში იმ იმედით დამტოვა, რომ მისი ძმა და ბებია მიპატრონებდნენ, მაგრამ ყველას დავავიწყდი. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ქუჩაში აღმოვჩნდი. გავიგე, დედა სადაც იყო გათხოვილი და 7 წლის ბავშვი მის მოსაძებნად იმერეთში წავედი. აღმოჩნდა, რომ ძალიან ღარიბ და გაჭირვებულ ოჯახში გათხოვილიყო. ვკითხე, - სკოლაში სიარული მინდა, როგორც ჩემს თანატოლებს და რას მიპირებ-მეთქი? - რა ვქნა, ხომ ხედავ, რა გაჭირვება მაქვს, ვერც გასწავლი და ვერც ვერაფრით დაგეხმარებიო. მართლაც, ისე უჭირდათ, ხანდახან მჭადიც არ ჰქონდათ. მამინაცვალი სულ სვამდა და არაფერს აკეთებდა. ხშირად ვეუბნებოდი დედას, დაშორდი მაგ კაცს, რომელსაც ჩემი თავი არ უნდა და არ მპატრონობს. არჩევანი შვილსა და ლოთ, უქნარა ქმარს შორის გააკეთე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. იძულებული გავხდი, სახლიდან წამოვსულიყავი. აი, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გახდა ნამდვილი ჯოჯოხეთი. ბევრი დამცირება და ტკივილი გამოვიარე. კარგა ხანს ქუჩაში ვცხოვრობდი, ღამეებს ვათენებდი სადარბაზოებსა და ზღვისპირა პარკებში. განსაკუთრებით ზამთრის თვეების გადატანა მიჭირდა. ბევრჯერ დავუჭერივარ ქუჩის ბიჭებს, მცემდნენ და ძალით მამათხოვრებდნენ. პოლიციაც ხშირად მიჭერდა და გლდანის გამანაწილებელში მივყავდი - ეს უკვე მაშინ, როდესაც თბილისში ჩამოვედი და დეზერტირების ბაზარში "მეკაჭკედ" დავიწყე მუშაობა, ტვირთს ვზიდავდი. ერთი სიტყვით, ბევრი სიმწარე და ტკივილი გამოვიარე. რამდენი ღამე გამითენებია დეზერტირების ბაზარში, დახლების ქვეშ. ორი კლასიც ვერ დავამთავრე.

- არც ნათესავი გყავდა, ვინმე სხვას მაინც რომ ეპატრონა თქვენთვის?

- როდესაც პატარა ვიყავი, მივიდა ვიღაც ჩემს ნათესავებთან, - ცოდოა ბავშვი, მიხედეთო, მაგრამ მათ უპასუხეს, მის მშობლებს არ უნდათ და ჩვენ რაში გვჭირდებაო? 2009 წელს ცოლი მოვიყვანე. ღვთის დახმარებით, მაშინ ვმუშაობდი და ასე თუ ისე, ოჯახს ვარჩენდი. ზოგჯერ მშივრებიც ვყოფილვართ. ბოლო სამი-ოთხი წელია, ძალიან გამიჭირდა, სტაბილური სამსახური არ მაქვს. ყოფილა ისე, რომ ქირის გადაუხდელობის გამო მე და ჩემს შვილებს ქუჩაში გვაგდებდნენ.

- ხელისუფლებას არ მიმართეთ? იქნებ ვინმე დაგხმარებოდათ...

- ბევრჯერ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. 200-ლარიან, ერთჯერად დახმარებას მომცემდნენ და იმით მიცილებდნენ. ისიც კი გადავწყვიტე, თირკმელი გამეყიდა და იმ თანხით მეყიდა სახლი, რათა ჩემმა შვილებმა არ გამოიარონ ისეთი ტანჯვა, რაც მე გამოვიარე. დახმარებას არავინ დაგინიშნავთ, სუფთა ბინაში ცხოვრობთ და ბავშვებიც სუფთად დაგყავთო, - ასე მეუბნებიან. მერია სულ იმას გაიძახის, ბიუჯეტი არ გვაქვსო. ერთი კვირაა, რაც სოციალური სამსახურიდან ახალი ქულები მომივიდა, მაგრამ მაისამდე ვერ ავიღებ დახმარებას.

GzaPress- მშობლებს თუ ნახულობთ ახლა?

- მამა დაახლოებით 7 წლის წინ გავიცანი, როდესაც კვდებოდა. მისი მხრიდან დედმამიშვილები მყავს. დედას ამბავს ვკითხულობ ხოლმე.

- ამჟამად როგორ ცხოვრობთ ან სადმე თუ მუშაობთ?

- მუშაობით მხოლოდ სეზონურად, რესტორნებში მიმტანად ვმუშაობ. მეუღლე დიასახლისია, შვილები სკოლაში დადიან და ვერ მუშაობს. ქირას 300 ლარს ვიხდი, უკვე 3 თვის მაქვს მისაცემი და იმის შიშში ვარ, რომ გამაგდებენ. გუშინ სახლის პატრონმა მითხრა, ერთი თვის მაინც მომეცი ან სხვაგან ნახე ბინაო.

- ძალიან ლამაზი შვილები გყავთ, როგორ ახერხებთ, მათთვის მაქსიმუმი გააკეთოთ? როგორც ჩანს, წარმატებული ბავშვებიც არიან.

- შეიძლება ითქვას, რომ მათით ვცოცხლობ. ვცდილობ, შვილებს პირველ რიგში, ვასწავლო ორი რამ: პატიოსნება და უფროსების პატივისცემა. თეკლა 8 წლისაა და ოცნებობს, გახდეს მოცეკვავე, მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს; ანდრია - 6 წლის, პირველკლასელია. მაქსიმუმს ვცდილობ, რადგან არ მინდა, მათაც ჩემნაირად ბევრი გაჭირვება ნახონ - სციოდეთ, სწყუროდეთ, შიოდეთ, მშობლების სიყვარული აკლდეთ. ბავშვებს ხშირად ჩუქნიან ტანსაცმელს, ხან ეკლესია მეხმარება. რაც მე დამაკლდა, ის ჩემს შვილებს მინდა მივცე. ცუდი ის არის, რომ ფიზიკურად ვერ ვმუშაობ - ხერხემლის თიაქარი მაქვს, ქუჩაში ერთიანად შემერყა ჯანმრთელობა. ერთადერთი ოცნება მაქვს, რომ ჩემი კუთხე მქონდეს და იმის შიშში არ ვცხოვრობდე, ვინმემ ქუჩაში არ გამაგდოს. თეკლა ხშირად მეკითხება, - მამა, ფული რომ არ გვაქვს, "ხაზეიკა" ხომ არ გაგვაგდებსო? მე კი ამ დროს არ ვიცი, რა ვუპასუხო...

ნინო ჯავახიშვილი