"ვახშმიანი საღამოები" ბაშში და ენამოსწრებული, სტუმართმოყვარე ბაშელები
font-large font-small
"ვახშმიანი საღამოები" ბაშში და ენამოსწრებული, სტუმართმოყვარე ბაშელები
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"

ამისთანა სოფლიდან კაცი არ წავაო, - ამბობენ ბაშელები, თუმცა მაინც ბევრს მიუტოვებია იქაურობა სარჩოსა და სამსახურის შოვნის იმედით. არადა, მართლაც ლამაზია იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს გაშლილი სოფელი, რამდენიმე ნაწილად რომ არის დაყოფილი - ზედა, ქვედა და შუა ბაში, ასევე პირველ ეწერბაში და მეორე ეწერბაში. ისტორიულ წყაროებში ბაში პირველად 1578 წელს არის მოხსენიებული. სახელწოდება წარმომდგარია სიტყვიდან "ბაჟი", რადგან შუა საუკუნეებში შავი ზღვიდან გემები შემოდიოდა და საქონელს ბაჟს აქ ადებდნენო.


ძირითადად გავრცელებული გვარებია კაშიები, გერაძეები, კაშმაძეები, ბაშალეიშვილები, ჟორჟოლიანები. ხშირად აღვნიშნავ, რომ რომელ სოფელშიც უნდა ჩავიდე, ყველგან საუკეთესო მასპინძლები მხვდებიან - სტუმართმოყვარეები, სიყვარულით სავსენი, თავიანთ სოფელზე შეყვარებულები და უბრალოდ, კარგი ადამიანები, კარგი ქართველები! ამჯერად რამაზ კაშიას ოჯახმა მიმასპინძლა, ბაშში კი მისი ნათესავის, ავთო კაშიას წყალობით აღმოვჩნდი - ბატონი ავთო რამდენჯერმე ტელეფონით დამიკავშირდა და ისე გულიანად მთხოვა ბაშში ჩასვლა, უარს ვერ ვეტყოდი. როგორც იმერლებს შეშვენით, ხელდახელ გაიშალა სუფრა, სოფლის დათვალიერებაც მოვასწარი მოკლე დროში და საინტერესო ადამიანების ჩაწერაც.
გენადი ჟორჟოლიანსა და მერი კაშიას 7 შვილი ჰყავთ - 6 გოგო და ერთი ვაჟი. მშრომელი და ძლიერი ოჯახია, ბევრი რომ უნდა შენატროდეთ, ისეთი... ხარები რომ დაიღლებოდნენ, მამაჩემი უღელში მე მაბამდა. ადრე თუ არ იმუშავებდი, გიჭერდნენ, ახლა იქით იხვეწები, ოღონდ გამუშაონო, - იხუმრა საუბრისას.
გენადი ჟორჟოლიანი:
- ჩემი დღე და მოსწრება მეურნეობას მივდევ. 75 წლის ვხდები და უკვე თვითონვე მრცხვენია, თოხი რომ დავიჭირო ხელში. არ იტყვიან, რით ვერ ეყო მუშაობა, თავისი სამყოფი რით ვეღარ მოაგროვაო? რა ვქნა, არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა, ახლაც ვერ ვისვენებ და ჩემს ეზო-კარმიდამოში ვტრიალებ. იმდენი მომყავს ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს ეყოფათ, როცა მესტუმრებიან. ადრე იმდენი საზამთრო მომყავდა, ბავშვებს ვეუბნებოდი, მარტო გულები შეჭამეთ, დანარჩენს თავი დაანებეთ-მეთქი. ჟურნალ-გაზეთებს ყოველთვის ვყიდულობ, მაგრამ წასაკითხად ვერ ვიცლი ამ ხნის კაცი. შრომას ვარ მიჩვეული და იმიტომ.
მერი კაშია:
- ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა, რადგან დედისერთა ვიყავი, მაგრამ ამდენს თუ მოვახერხებდი, ნამდვილად არ მეგონა - 7 შვილი ხომ ჩემი მყავდა და 9 წლის იყო ჩემი დისშვილი, როცა ჩემს ოჯახში მოვიყვანეთ და ისიც ჩვენ გავზარდეთ საკუთარი შვილივით. ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა. 12 შვილიშვილი გვყავს, ორიც ჩემს დისშვილს ჰყავს და სახლში 18-ზე ნაკლები არასდროს ვართ ხოლმე. ჩემი შვილიშვილი ხუმრობს: ერთი შუქნიშანი უნდა დავკიდოთ, სახლში მოძრაობის წესები რომ დავიცვათო. ბიჭი როდის დაცოლშვილდება, მაგასღა ველოდებით.
გენადი:
- ამას წინათ მეუბნება ჩემი ცოლი, წადი, მაღაზიიდან პური მოიტანეო. 7 შვილი იმიტომ გავზარდე, კიდევ მე გამგზავნო-მეთქი (იცინის)? ამ ასაკის ვარ, ბევრი სირთულე გამომივლია, მაგრამ არასდროს მითხოვია ვინმესთვის დახმარება, ყოველთვის თავად ვეხმარებოდი სხვებს.
ავთო კაშია წოდებით ვიცე-პოლკოვნიკია, პროფესიით იურისტი. 78 წლის ხდება პირველ მაისს. გამორჩეულად უყვარს თავისი მშობლიური სოფელი და გული შესტკივა მასზე.
- ბატონო ავთო, ასე ჯიუტად რატომ გინდოდათ, თქვენს სოფელზე დამეწერა? ყველაზე საუკეთესო ჩვენი სოფელიაო, - მეუბნებოდით. მაინც, რით გამოირჩევა?
- ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან ალალი ხალხი ცხოვრობს აქ - შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე. ყველაფერს გვერდზე გადადებენ, ოღონდ სტუმარს ასიამოვნონ. მამუკა ხაზარაძის მამა აქ დაბადებული და გაზრდილია. საერთოდ, აქედან არის ხაზარაძეების გვარი. მამუკამ ააშენა წმინდა მარიამისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები, სკოლა კი - გენერალ-მაიორ გიორგი ხაზარაძის თაოსნობით აშენდა, ამ სოფელზე შეყვარებული და ზედ გადაყოლილი კაცია.
- თქვენ შესახებ მითხარით, რა პროფესიის ხართ?
- მოსკოვის მილიციის სპეციალური სასწავლებელი დავამთავრე, სამუშაოზეც გამანაწილეს, მაგრამ დედაჩემის გამო ვერ დავრჩი. მან ტანჯვა-წამებით, ობლობაში გაგვზარდა 3 ბიჭი და სულ იმის დარდში იყო, მანდ მუშაობას თუ დაიწყებ, რუსის ქალს შეირთავ და დარჩები, დაკარგული იქნები ჩემთვისო. ამიტომაც ჩამოვედი და ქუთაისელი ქალი მოვიყვანე ცოლად - გულიზა დეისაძე, ფილოლოგია. 2 შვილი გვყავს - ორივე შინაგან საქმეთა ორგანოს მუშაკები არიან - გოგო რაიონულ სამმართველოში მუშაობს სამტრედიაში, ბიჭი ქუთაისში რკინიგზის პოლიციის დაცვის განყოფილების უფროსია. 4 შვილიშვილი მყავს - 2 გოგო და 2 ბიჭი. სამსახური დავიწყე გურიაში, ჩოხატაურში ვიყავი სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი 4 წელი. 36 წელიწადზე მეტი გავატარე შინაგან საქმეთა ორგანოებში. იყო შემოთავაზებები, მაგრამ სამტრედიიდან არსად წავსულვარ. ჩემი რაიონი იყო, მიყვარდა და ამიტომ. ამჟამად ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ სამტრედიაში. ჩემს შვილებს ვერავინ ეტყვის, მამათქვენმა უკანონოდ დაგვსაჯაო. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი, უდანაშაულო კაცი არასდროს დამისჯია... არ მაკლდა დაჭრა, შეტაკებები... რამ აღარ გადაიარა ჩემს თავზე, მაგრამ ცოცხალი ვარ (იღიმის).
GzaPress
- გაიხსენეთ რამე ძველი ამბებიდან...
- სოფელ დაფნარში ყაჩაღები ხალხს ძარცვავენო და, გამოძახებაზე გავედით. ჩვენ ვერ გავიმეტეთ დამნაშავე, თვითონ კი უცებ დატრიალდა დანით ხელში და 3 კაცი დაგვჭრა. მაინც დავაკავეთ. 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... არასდროს დამავიწყდება ერთი ამბავი: გამომიძახეს, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. სასტუმრო "სამტრედიაში" მიბარებდა რაიონის განყოფილების უფროსი რობერტ კოხრეიძე. იქ დამხვდა ვახტანგ ჯაფარიძე, რომელიც შს სამინისტროში მუშაობდა. ჩოხატაური კარგად იციო? - 5 თითივით-მეთქი. მაშინ ჩვენი მეგზური უნდა გახდე, ყაჩაღი მდინარაძე უნდა ავიყვანოთო. თავზე ხელაღებული ყაჩაღი იყო, ოზურგეთელი, სულ შეიარაღებული დადიოდა. ხალხს ძალიან აშინებდა და აწიოკებდა. იქვე შევიმუშავეთ გეგმა. ღამის 2 საათზე გავედით სამტრედიიდან. სულ 25 კაცი ვიყავით. ჩოხატაურის ადგილობრივ მილიციას არაფერი გავაგებინეთ, მანქანები სოფლიდან მოშორებით დავტოვეთ და ფეხით გავუყევით გზას. მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა ფეხბურთში, ამ ყაჩაღს ფეხბურთის ყურებაში ჩასძინებია და გაგვიმართლა, თორემ ალბათ ყველას დაგვხოცავდა. დავინახეთ, ვიღაც კაცი გამოვიდა ეზოში. ავიყვანეთ და ოჯახის უფროსი აღმოჩნდა. როგორც კი შეხვალთ, პირველ სართულზე, ხელმარჯვნივ წევსო, - გვითხრა. მძინარეს დავადექით თავს, ბალიშის ქვეშ მართლაც გამზადებული ხელყუმბარა ედო.
- არ გეშინოდათ, თქვენ ხომ ოჯახი გყავდათ?
- 2 პატარა ბავშვი მყავდა, მაგრამ ასეთი სამსახური მქონდა და მეუღლე შეგუებული იყო ამას.
ლინეტა თვალავაძემ კარგად იცის სოფლის ისტორია:
- სოფელში ცხოვრობდა ბაშალეიშვილების ოჯახი, ქალ-ვაჟი ჰყავდათ, ბიჭი ომიდან არ დაბრუნებულა. გიორგი ხაზარაძეს გაუჩნდა იდეა, შინმოუსვლელი ჯარისკაცების მოსაგონებლად საბრძოლო დიდების მუზეუმი გაეკეთებინა. აქედან 416 კაცი იყო წასული ომში, მხოლოდ 190 დაბრუნდა. ერთ წელს დაამთავრეს თუ არა სკოლა, კლასის ბიჭები, ყველანი ერთად წავიდნენ ომში მამაჩემთან, ლავრენტი თვალავაძესთან ერთად, რომელიც მათი მათემატიკის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი გახლდათ. კულტურის სახლის დირექტორი სამსონ კაშმაძე, რომელმაც ომში ფეხიც დაკარგა და თვალისჩინიც, ლექსებს წერდა და ერთ-ერთ ლექსში ასე ამბობდა, "არვინ მითხრას, სამშობლოსთვის ვალმოხდილი ხარო". წარმოიდგინეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი შესწირა სამშობლოს და მაინც არ თვლიდა თავს ვალმოხდილად. როდესაც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნაო, გვიხარია, რომ ამაში ბაშელებსაც წვლილი გვაქვს შეტანილი.
რამაზ კაშია, ბაშის გამგებელი:
- იუსტინე ჯანელიძე გაგიგონიათ? ქართველი ქირურგი, საბჭოთა კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი, რომელმაც 1913 წელს პირველად მსოფლიოში წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა. დედა აქაური ჰყავდა და თვითონაც აქ მიიღო განათლება... ამჟამად სოფელში 600-მდე კომლია, აქედან 450 ძირითადი მცხოვრებია. 145 მოსწავლე გვყავს სკოლაში. ადრე, როდესაც სოფელს რაღაც პრობლემა ჰქონდა, ე.წ. ვახშმიან საღამოებს ატარებდნენ. დაპატიჟებდნენ სოფლის სიძეებს, ოჯახებს, მოჰქონდათ მაგიდები, მზა სუფრები, იმართებოდა ჭიდაობა, დოღი, სიმღერა, ცეკვა, სუფრებს კი ყიდდნენ. ვთქვათ, 2 ოჯახი გაამზადებდა სუფრას, ვიღაცები შეევაჭრებოდნენ: რა ღირსო? თქვენ რამდენის გადახდა შეგიძლიათო? მოკლედ, ეს ფული იკრიბებოდა, აძლევდნენ ან სოფლის მამასახლისს, ან მღვდელს და ერთიანი ძალებით სოფლისთვის კარგ საქმეს აკეთებდნენ. ეს ხდებოდა კომუნისტების მოსვლამდე...
ბაშელები მესაქონლეობით ირჩენენ თავს, ბაშის ყველს არაფერი შეედრება, მაგრამ ბოლო ხანს ბევრს საქონელი მოჰპარეს და კვალსაც ვერ მიაკვლიეს, ზოგსაც იქვე დაუკლეს - ეს ბიზნესია, მაგრამ "ბიზნესმენებს" ვერ ვცნობთო, - ხუმრობით მითხრა ბატონმა ომარ გერაძემ (პედაგოგი, ისტორიკოსი და ფილოლოგი. წლების მანძილზე ბაშის სკოლის დირექტორი გახლდათ). ის იმერული ენამოსწრებულობით გამოირჩევა და რამდენიმე სახალისო ამბავიც გაიხსენა:
- მიშამ რომ "გაითამაშა" გადადგომა, იმ პერიოდში სამტრედიაში ჩამოვიდა. თავსხმა წვიმა იყო. მიგვრეკეს პედაგოგები, მოიყვანეს დიდეკრანიანი მანქანა. გადის რაღაც სიუჟეტები, ხან სიმღერა ჩაირთვება. მოკლედ, სანახაობაზე ერთი ლოთბაზარაც შემოგვემატა და იღრიალა: "კინოა?" ამ დროს გამოვარდა მიშაც, არ ეშინია წვიმის და დაიწყო: "ვინ იყო ის, ვინც აღადგინა დაქცეული ქვეყანა?! ვინ იყო ის, ვინც ააშენა დემოკრატია?! ვინ იყო ის..." და ამ დროს პასუხად სერგია ლოთმა იღრიალა: "მახმუტი! მახმუტიიიიიი!" ფილმი "მამლუქი" ჰგონებია...
ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა, ბათუმიდან სიმამრი რომ მესტუმრა. რაღაცით მინდოდა, თავი მოგვეწონებინა, მაგრამ ცუდი წლები იყო და სად წაგვეყვანა ან ისეთი განსაკუთრებული რა გვეჩვენებინა, ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბოლოს მე და ჩემმა მეგობრებმა "ჟიგულიში" ჩავსვით და ვიფიქრეთ, სოფელი მაინც დავათვალიერებინოთო. სოფელი ფაქტობრივად, დაცლილი გახლდათ და ლუკმაპურის საშოვნელად ყველა დედაქალაქში იყო წასული. ჩემი მეგობარი, გენადი გზადაგზა უხსნიდა ჩემს სიმამრს: ეგია წიფლარის სასაფლაო, ცოტას კიდევ გავივლიდით და: ეგია ამაღლების სასაფლაო. ერთი 5 სასაფლაო რომ ვაჩვენეთ, ეს კაცი შეფიქრიანდა, ესენი ნამდვილად რაღაცას მიპირებენო და იკითხა, - რა უბედურებაა ამდენი სასაფლაო, რა გჭირთ ასეთიო? გენადიმ უპასუხა: სასაფლაოები კი არის ოხრად, მაგრამ რად გინდა, ხალხი გამეილიაო.
GzaPressდაბოლოს, კაშიების ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრი - დოდო ბებია მინდა გაგაცნოთ, რომელიც 85 წლის ხდება მაისში, თუმცა ასაკს არ უტყდება და ძალიან ყოჩაღად გამოიყურება:
- 19 წლისაც არ ვიყავი, აქ რომ გამოვთხოვდი. ქვედა ბახვიდან ვარ, გურიიდან, გვარად ბაჯელიძე. ჩემმა ქმარმა სავალდებულო სამსახური ოზურგეთში მოიხადა, იქ ბიძაშვილი ჰყავდა გამოთხოვილი. მისი ბიძაშვილი ბიცოლად მეკუთვნოდა, ბიძაჩემის ცოლი იყო. მდიდარ კაცზე უნდოდათ ჩემი გათხოვება, მაგრამ მე ვინც მინდოდა, მაინც იმას გამოვყევი. რა გირჩევნია, მდიდარს გაჰყვე და მოხუცებულს თუ ახალგაზრდას და ღარიბსო? - მკითხა მამაჩემმა. სიმდიდრე არ მინდა-მეთქი, - ვუპასუხე. ალბათ, ბედიც იყო და გამიმართლა, კარგი მეუღლე და კარგი მამა აღმოჩნდა ჩემი ქმარი. ერთი პატარა სახლი გვქონდა, მერე ეს სახლი ვიყიდეთ და ნელ-ნელა გავაკეთეთ. ნუ გეშინიაო, - მამა მეუბნებოდა, ყველაფერში ხელს შეგიწყობო, ბახვის საბჭოთა მეურნეობის მთავარი ბუღალტერი იყო, განათლებული და შეძლებული კაცი. აი, ხომ ხედავთ აქაურობას, მგონი, შევძელით ოჯახი ფეხზე დაგვეყენებინა და შვილები - გზაზე...
- დოდო ბებია, ძნელია სიბერე?
- ვიდრე მეუღლე გარდამეცვლებოდა, უფრო უკეთესად ვიყავი, ძალიან ვიდარდე მისი სიკვდილი. თქვენ არ გინახავთ, მე როგორი ვიყავი ახალგაზრდობისას... მეტს ვერაფერს ვიტყვი, სხვა რომ ილაპარაკებს, ის სჯობია. წეღან რომ მკითხეთ, რაზე გწყდებათ გულიო, არაფერზე მწყდება გული, შვილო. შვილებიც კარგი მყავს და რძლებიც, შვილიშვილებიც. ეს გოგო მე ავირჩიე სარძლოდ, იმერელია, წყალტუბოს რაიონიდან (უმცროსი ვაჟის, რამაზის მეუღლეზე, ელისოზე მანიშნებს. - ავტ.). სულ იმას მეუბნებიან, დაჯექიო, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერსო, მაგრამ ვერ ვისვენებ. მითხარი, რაფერ დავჯდე, როცა ამდენი საქმეა გასაკეთებელი?.. ახლა არ კმარა, რაც ვილაპარაკე? დაჯექი სუფრასთან და მიირთვი რამეო, - მითხრა მოხუცმა და დამპირდა, თბილისში ჩემს შვილებთან რომ ჩამოვალ, შენც აუცილებლად გნახავო...
ასეთი იყო ჩემი ერთი დღე ბაშში და ბაშელებთან. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი და წამოსვლისას ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სტუმართმოყვარე სოფელსა და ხალხს აუცილებლად დავუბრუნდები კიდევ ერთხელ, ოდესმე...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
279 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი