იმედი - იზა მასწავლებელი
font-large font-small
იმედი - იზა მასწავლებელი
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"

იზა ხეცურიანს დროც ზუსტად აქვს დათვლილი, შემოსავლებიც, მანძილიც. გასაცემი სიკეთე კი ვერ დაითვალა, რადგან ის მას ულევად აქვს...


სურამში მძღოლმა მიკროავტობუსი შეაჩერა. მგზავრების უმეტესობა მანქანიდან ჩავიდა და ნაზუქები შეიძინა. მოხუცი ქალის ჩუმად წარმოთქმული, - ფული რომ მქონდეს, მეც ვუყიდდი შვილიშვილებსო, დარბაისელი ქალბატონის ყურს მისწვდა. მძღოლს წუთით მოცდა სთხოვა, ხუთი ნაზუქი იყიდა და მოხუცს ტაქტიანად მიაწოდა, ძალიან გამიხარდება, თუ იჩუქებთო. მოხუცს სახეზე ერთდროულად მოულოდნელობა, სიხარული და გაკვირვება გამოეხატა, მორიდებულად იუარა კიდეც, მაგრამ ვერა გააწყო რა. თავმოყვარეობა დაიჯაბნა მჩუქებლის უანგარო ღიმილით და ყველა მგზავრმა გაიგონა მოხუცის წრფელი სიტყვები, - ამიტომ არ გადავშენდებით ქართველებიო...
კასპის ერთ პატარა სოფლის სკოლაში მასწავლებელმა წინასაახალწლოდ იკითხა, რას მისწერდნენ სანტას, რას სთხოვდნენ დღესასწაულის გასალამაზებლად. ყველას ბავშვური ფანტაზია გადასწვდა ლამაზს, ტკბილსა და გემრიელს, მხოლოდ ერთმა პატარამ გამოაცხადა, - არაფერს მივწერ, ჩემს სურვილს არასდროს ასრულებს, არც არსებობს და იმიტომო! სანტას თავი დავანებოთ, შენ რა გსურსო? - იკითხა მასწავლებელმა. ბიჭმა უიმედოდ თქვა, ტელეფონი ან კომპიუტერი მინდოდა, იქ საინტერესო ამბებსა და მუსიკას მოვისმენდი, წავიკითხავდი სპორტზე, უფრო მეტს გავიგებდი სამყაროზეო. - სანტა არ არსებობს, მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები, - გაიფიქრა მასწავლებელმა. სამეგობრო წრის დახმარებით შეაგროვა ფული და საახალწლოდ პატარას შინ მიაკითხა. სიღატაკე მშიერი მგელივით იცქირებოდა ერთოთახიანი სახლიდან. აქ შვიდი ადამიანი როგორ ცხოვრობს, როგორ ეტევიან? - იფიქრა მასწავლებელმა, მაგრამ ახლა მთავარი ის იყო, რომ საახალწლოდ სურვილი აუსრულა პატარებს, მართალია, არასანტურად, მაგრამ მაინც!..
ამავე თემის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს კასპელი პატარა ანდრიას თანადგომა: ბავშვს კიდურების ატროფია აწუხებდა და დაავადება პროგრესირებდა. არავის ეგონა, რომ ვინმე გამოჩნდებოდა კაცთა შორის, რომელსაც გულს ატკენდა ანდრიას სევდა. 12 სკოლის მოხალისეები გაერთიანდნენ, თეთრს თეთრი მიაწებეს, სათქმელიც უფრო ხმამაღლა თქვეს და ახლა ანდრია ლაღად, ხალისით და შეუფერხებლად დადის. უბრალოდ, ესეც იმ ქალბატონმა ითავა, ვისზეც ამ სტატიას ვამზადებ!
GzaPress
მესტიაში არის ულამაზესი სოფელი ეცერი. იქ დადეშქელიანების კოშკის, ლაილას, აფრასიძეების ნასახლარის, რამდენიმე ტაძრისა და უშბის მწვერვალის მიღმა ბევრი რამ იჩქმალება. მივიწყებული 35 წლის დახურული კლუბის შენობა ერთ დღეს ადგილობრივებმა გააღეს, დაასუფთავეს, რადგან მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვის მხარდასაჭერად კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. იმღერეს, ისიამოვნეს ადგილობრივებმა. გაიხარა თითქოს კლუბის მივიწყებულმა კედლებმა და ჭერმაც. ფერი და ხალისი მიეცა ყველაფერს. ათას ლარამდე შეგროვებული თანხა ბავშვის ბებიასა და ბაბუას გადაეცა, რადგან პატარას მხოლოდ ისინი ჰყავდა პატრონად. თურმე რა იოლად შეიძლება უმნიშვნელო თანხის შეკრებით მნიშვნელოვანი რამის გაკეთება... უხაროდა ყველას, დასაჩუქრებულ ოჯახს, მეზობლებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს და ეს სიხარული იყო მაშინ მთავარი! მერე ეს სიხარული უშგულამდე ავიდა - იქ მეცხრე ამგვარი კონცერტი ჩატარდა ისევ იმ ადამიანის მეშვეობით, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი და კიდევ უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით.
იზა ხეცურიანი ახერხებს კასპსა და ცაგერში მუშაობას. ორშაბათსა და სამშაბათს კასპის პატარა სოფლის სკოლაში ატარებს მუსიკის გაკვეთილებს, ოთხშაბათიდან შაბათამდე ცაგერის სკოლასა და კულტურის ცენტრშია დატვირთული. ერთი შეხედვით, ამდენი შრომა არ ესაჭიროება, ერთი სამსახურიც ეყოფოდა, რადგან შვილებს განათლება აქვთ, დაოჯახებულებიც არიან, მაგრამ როგორ მიაწოდოს დაუყვედრებელი თანადგომა იზა მასწავლებელმა ხალხს, ბევრი თუ არ იშრომა?
ცაგერის მოსახლეობას ახსოვს, როგორ გარდაიცვალა 33 წლის ასაკში იზას მამა. ფილტვის სიმსივნით გარდაცვლილ კაცს იმ ქვეყნად წაჰყვა სამი შვილის და 26 წლის ქვრივად დარჩენილი ცოლის დარდი. ქვრივს დები დაუდგნენ გვერდით, სამივე შვილის გაზრდაში დაეხმარნენ. პატარა იზას მუსიკის სიყვარულის გამო, განსაკუთრებული საჩუქარი ერგო - დეიდამ ფორტეპიანო აჩუქა. სრულიად პატარამ ბედი მოსინჯა თბილისის #1 სამუსიკო სასწავლებელში და იმ ხუთ გამორჩეულ მოსწავლეს შორის მოხვდა, რომლებსაც ნიჭიერებასთან ერთად, იღბალიც დაჰყოლოდათ. ამ სკოლას მაშინ ხელმძღვანელობდა ლეგენდარული მსახიობი და მუსიკოსი თენგიზ მუშკუდიანი, რომლის ავტორიტეტი და ნიჭიერება მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავდა სკოლის სახელს. 18 წლისამ დაასრულა სამუსიკო სკოლა და მერე პედაგოგიური განათლებაც მიიღო უმცროსი დის დაჟინებული მოთხოვნით. მართალია, უმცროსი და მასზე წლებით პატარაა, მაგრამ ცხოვრების ალღო და ჟინი ბევრად უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე იზას, თითქოს უფროს დაზე ზრუნვაც მის მოვალეობაში ღვთის განგებით დაწერილიყო...
20 წლის იზას სიყვარული ეწვია. დაქორწინდა კრიმინალურ ავტორიტეტზე:
"სიყვარულით გავთხოვდი, მომხიბლა მისმა ჯენტლმენურმა მანერებმა და თითქმის ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად. მერე წავიდა თბილისში და იქ მეორე ოჯახი შექმნა. მეუღლის ოჯახი არ დამიტოვებია მანამ, ვიდრე ჩემმა ვაჟმა არ მომთხოვა, წავსულიყავით დედაჩემთან. მითხრა, რომ ასე სჯობდა. უკვე დიდები მყავდნენ შვილები, სკოლას ამთავრებდნენ, როცა დედასთან გადავედით და არასდროს დამიშლია ნაქმარევისთვის შვილებთან ურთიერთობა, ნახევარდასთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ უბრალოდ, ზედმეტი ხმაურის გარეშე დავასრულეთ მე და ჩემმა მეუღლემ ურთიერთობა. ასე მახასიათებს, რაც დასასრულებელია, არ დავედევნები. საქმე ბევრი მქონდა, პასუხისმგებლობებიც და კონფლიქტებს ვერ შევწირავდი ჩემს შესაძლებლობებს. მერე ნაქმარევი შიომღვიმეში მორჩილებაში დადგა, ბოლოს უკურნებელი სენით დაავადდა და ბერად აღკვეცილი თიანეთის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. ჩემი ნიკოლოზი ბერებთან ერთად მის გვერდით იყო ბოლო დროს, მამას უვლიდა. ვამაყობ შვილებით, რადგან მათ სიყვარულიც იციან და თანადგომაც. დაკრძალვაზე ავედი მონასტერში. მეუფე თადეოზმა მითხრა, შენმა ქმარმა შენზე ბევრი მიამბო, ვიცი, რამდენად ღირსეული ქალი ხართო. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ამბები მარტო ჩემს თავს არ ხდება, არც პირველი ქალი ვყოფილვარ და არც ბოლო ვიქნები, ვისაც ქმარმა უღალატა... მერე სინდისის კარნახით წავიდა მონასტერში... ისე კი, ზოგადად, ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება, სხვას ნაკლებად ჰპატიობენ...
ორიოდე სიტყვას ვიტყვი კიდევ ჩემს შვილებზე, ალბათ არავის უნდოდა ისე ჩემი ასპარეზზე გასვლა, როგორც ჩემს დას და შვილებს..."
ცაგერის მუნიციპალიტეტში მუსიკის სულ რვა მასწავლებელია. რატომღაც, საქართველოს ბევრ სკოლაში მუსიკის გაკვეთილები საათობრივი დატვირთვის ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე იმ სასწავლო საგნისას, რომელმაც მოსწავლეებს სახელოვნებო და კულტურული უნარები უნდა შესძინოს. იზა მასწავლებელი პროფესიონალი და კვალიფიციური პედაგოგია, რაც მის მოსწავლეებზე პირდაპირ აისახება და ცაგერიდან ჩასულ ბავშვებს ცნობილი ქართველი კომპოზიტორები არაერთხელ მოუხიბლავთ საშემსრულებლო კულტურით. იზა მასწავლებელს ერთადერთი შემთხვევა ჰქონდა, როცა უსიამოვნოდ დარჩა სახელოვნებო ღონისძიება. ლენტეხელი ბავშვი იდგა სცენაზე და უეცრად შეწყდა ფონოგრამა. რაღა ჩემი შვილის გამოსვლისას გაწყდა ფონოგრამაო, - გამოხატა წყრომა დედამ. მერე დაემუქრა კიდეც იზას, ლენტეხში ფეხს ვერ ამოადგამ ცაგერიდან, ვიდრე ცოცხალი ვიქნებიო. ეს მუქარა ცარიელ სიტყვებად დარჩა, მაგრამ მაინც ძნელი ასატანია, როცა რაღაცას უსამართლოდ გაბრალებენ. გავიდა დრო და ის ბავშვი შემთხვევით გადაეყარა გზად და მოუბოდიშა, - იზა მასწავლებელო, მაშინ როგორ გაწყენინათ დედაჩემმა, გვაპატიეთო...
ცხენისწყლის ვიწრო ხეობაში ახლა ქარები ღრუბლებს ისე მიერეკება, როგორც მწყემსი ცხვრის ფარას. იზა მასწავლებლის მშობლიურ ცაგერში მარტის ბოლო დღეების სევდიანი განწყობა აპრილსაც გადაედო, მოიღუშა ტყემლისა და ატმის ყვავილები სიცივისგან, ადამიანებიც მუშტისტოლა ხდებიან ავდრისას, თუმცა, იზა ხეცურიანისგან თუ ისწავლი ცხოვრებისგან საკუთარი ბედნიერებების მოპოვებას, ყველა უსიამოვნებას ჯანდაბას ისე გააყოლებ, როგორც ადიდებულ ცხენისწყალს ატანენ ბავშვები პატარა ნაფოტებს. აპრილი ჩვილი ბავშვის სულივითაა, მალხაზი, ლამაზი და მიმზიდველი. ამ დროს ალმაცერი და უსამართლო ბედისწერაც სასიკეთოდ იცვლის ნირს და ნაზამთრალი სული ახალი ძალით ივსება. ეს ის ძალაა, იზა მასწავლებელს რომ დაატარებს კასპსა და ცაგერს შორის, სულის მალამოსაც თავისებური რეცეპტით ამზადებინებს და მერე დადის მკურნალად ჩვილიდან მოხუცამდე, მთიდან ბარამდე, გაზაფხულიდან ზამთრამდე ღიმილით, კეთილხმოვანებითა და იმედით. ისე, რომ იცოდეთ, ამ იმედს ბევრი იზა მასწავლებელს ეძახის...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პირადი ინტერესი"
"ჩემი ოცნება ყოველთვის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება იყო..."
100 წლის ქალბატონისა და მისი მოსწავლის დაუვიწყარი შეხვედრა - წლების შემდეგ
"სული ეშმაკს მივყიდე, სიცოცხლე უკვე აღარ მიღირს"
"სახასიათო როლები მიყვარს, არასოდეს მითამაშია და სულ ამაზე ვოცნებობ"
"დავიბრუნებთ წართმეულ უფლებას, ვიშრომოთ ღირსეულად, უსაფრთხო გარემოში"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
იქნებ შევძლოთ პატარა მარიამის დახმარება, რომ საოპერაციო ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს!
"მათი შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი