"მსოფლიო გზა" - ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია
font-large font-small
"მსოფლიო გზა" - ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია
"10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ"

ჯუმბერ ლეჟავას შემდეგ კიდევ ერთი ქართველი აპირებს გრანდიოზული ველომარათონის განხორციელებას. "მსოფლიო გზის" საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პროექტის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, დაახლოებით 40-მდე ცნობილი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისაგან შედგება. მარათონის მიზანი ხალხთა მშვიდობისა და მეგობრობის გაძლიერება, ასევე - სპორტის, ტურიზმისა და ხალხური ტრადიციების პოპულარიზაციაა. პროექტის შესახებ გვესაუბრება მარათონის მთავარი მონაწილე ნოდარ ბერიძე.


- "მსოფლიო გზა" ჯუმბერ ლეჟავას მიერ გავლილი გზის განმეორებაა?
- არა, ჯუმბერ ლეჟავას გზის განმეორების მცდელობაც კი არასერიოზულია. რომც გაიმეორო, აუცილებლად დააკლდება ის სიმძაფრე და განსაკუთრებულობა, რაც მის განვლილ გზას გააჩნია. მე ბატონ ჯუმბერთან ვმეგობრობდი, ვიყავი მისი მენეჯერიც. ის იყო მეცნიერი, ექსტრემალი, პროფესიონალი. ბევრი რამ დაგვიგეგმავს ერთად, გაგვიკეთებია კიდეც, მაგრამ დავამატებ იმას, რომ ეს ადამიანი მართლაც განუმეორებელი და განსაკუთრებული მოვლენა იყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში!
GzaPress- 2013 წელს ერთად განახორციელეთ საქართველოში საინტერესო ველოტური...
- დიახ, ეს იყო 17-დღიანი ველოტური 42 ქალაქსა და რაიონში. გვქონდა კიდევ ბევრი გეგმა, მაგრამ 2014 წლის 25 ივლისს ბატონი ჯუმბერი გარდაიცვალა...
- როგორც ვიცი, ბატონი ჯუმბერის პროექტი - "ყველა მშვიდობისათვის" განახორციელეთ.
- ეს პროექტი 2014 წელს დაიგეგმა. კიევის ცენტრიდან დავიწყე მოგზაურობა და მაშინ, თუ დამიჯერებთ, ველოსიპედის წესიერად ტარებაც არ ვიცოდი. როცა ლვოვში ჩავედი, დაღლილობისგან ხელის თითებს ვერ ვიმორჩილებდი. პირსაც კი ვერ ვიბანდი, ისე მქონდა დაკრუნჩხული. წარმოიდგინეთ, რა საერთო ფიზიკური მდგომარეობა მექნებოდა... ამ ტურის დროსაც ჩემს ველოსიპედზე საქართველოს დროშა იყო დამაგრებული და უამრავი ადამიანი მხვდებოდა, რომლებსაც ვაცნობდი ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ბატონი ჯუმბერის შესახებაც ვუამბობდი!
- ამ მარათონის მერე ფიქრობდით, რომ აღარ გააგრძელებდით ველომარათონებს?
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბატონი ჯუმბერის საფლავთან მოვიყარეთ თავი. ვფიქრობდი, რომ ველოსპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჯამლეტ ხუხაშვილმა მითხრა, - გააგრძელე! თუ შეძლებ, არ გაჩერდეო. მერე პატრიარქმაც ასეთივე სურვილი გამოთქვა და მეც არ ვჩერდები!
- ასეთი მასშტაბის პროექტებს დიდი თანადგომა ესაჭიროება. ვინმე გეხმარებათ?
- თუ თქვენ ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობთ, მხოლოდ ერთხელ გადმომცა ერთმა ადამიანმა 1.000 ლარი. სხვა ფინანსური მხარდაჭერა არასდროს მიმიღია. ჩემი ოჯახისა და მეგობრების ხარჯებით ვახერხებ ყველაფერს.
- როგორ ეგუება ოჯახი თქვენს ამ გატაცებას?
- თავიდან რთული იყო. მერე მამამ მითხრა, კარგ საქმეს აკეთებ და აუცილებლად უნდა გააგრძელოო. კომუნიკაცია ოჯახთან სულ მაქვს, ახლა ამის შესაძლებლობას ტელეფონი იძლევა.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას მეტყვით?
- ჯერ ერთი შვილი მყავს, 8 წლისაა. მინდა კიდევ მყავდეს და ღვთის ნებით, ეგეც იქნება (იღიმის).
- ფაქტია, სპორტულ ბრენდს აყალიბებთ, რომელიც ემსახურება ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას. უარს იტყვით ბიზნესისა და თქვენი სპორტული ცხოვრების ჰარმონიზაციაზე? ანუ თქვენ რომ რეკლამირება გაუწიოთ და მათ ფინანსურად დაგიჭირონ მხარი...
- რასაკვირველია, უარს არ ვეტყვი. როცა ამხელა მასშტაბის პროექტს ახორციელებ, გიყურებს უამრავი ადამიანი, სახელმწიფოები, მედია, უკეთესი სარეკლამო მხარდაჭერა რა იქნება, თუ ჩემს ველოსიპედზე იქნება რომელიმე კომერციული სტრუქტურის ემბლემა?
- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრიც ხართ...
- ბათუმის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. მაშინ ეს სკოლა კომაროვის სკოლას ჩამორჩებოდა მხოლოდ რეიტინგულად. ძალიან კარგად ვსწავლობდი გეოგრაფიას. ყველა გამორჩეული გეოგრაფიული ობიექტის შესახებ იმ დროიდან მაქვს ინფორმაცია. ჩემთვის გეოგრაფიული საზოგადოების წევრობა საამაყოა.
- შეიძლება შევადაროთ სპორტსმენისა და ნარკომანის დამოკიდებულება?
- არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ ვერაფერს გეტყვით, რა სიძლიერის დამოკიდებულება აქვს ნარკომანს ნარკოტიკის მიმართ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეში 10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ.
- ჩანს, რომ აქტიურ სპორტში დაგვიანებით ჩაებით...
- 90-იან წლებში ნაკლები იყო იმის შესაძლებლობა, რომ აქტიური სპორტით დაკავებულიყავი. ბნელი და მოუწესრიგებელი წლები ამის საშუალებას არ იძლეოდა. მოსწავლეობის და ახალგაზრდობის პირველ ეტაპზე ვერ შევძელი სპორტული რეალიზება, სამწუხაროდ...
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტული ცხოვრების დაწყება არასდროსაა დაგვიანებული?
- ნამდვილად ასეა. ლვოვში ვთქვი, რომ ველოსპორტს თავს დავანებებდი და იქ სპორტსმენებმა მითხრეს, რომ ამას ვერ შევძლებდი! ახლა დილის ოთხ საათზე ვიღვიძებ, ვიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და უკვე ხუთიდან უკვე ვატრიალებ "პედლებს"! ყველა ოლიმპიელი ვერ გახდება, მაგრამ დღე-ღამეში ნახევარ საათს თუ დაუთმობ სპორტს, ჯანმრთელიც იქნები და მომხიბვლელი აღნაგობაც გექნება. შემიძლია ვთქვა, რომ სპორტი აბედნიერებს ადამიანს!
- რამდენი ქვეყანა გაქვთ ერთი ველოტურის ფარგლებში გავლილი?
- მაქსიმალურად ვცდილობ, ციფრებს თავი ავარიდო. მეშვიდე ველოტურის დროს დაგეგმილი მქონდა 50-მდე ქვეყნის გავლა, მაგრამ მხოლოდ 26 ქვეყანა გადავლახე. ძირითადად, სავიზო რეჟიმის გამო ვბრკოლდები. რუსეთ-საქართველოს სავიზო ნებართვის გამო ოთხი თვეც კი დავკარგე და ასეთ დროს ძნელია, ყველა დაგეგმილ ქვეყანაში ჩახვიდე. აქვე დავძენ, მე არ ვარ ჯუმბერ ლეჟავა და არ მაქვს პრეტენზია, ვიყო ისეთივე დიდი მოგზაური, როგორიც ის იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ მედლები, რეგალიები და ასე შემდეგ არ გაინტერესებთ. რა არის თქვენი მიზანი?
- ჩემი მიზანია ქართული კულტურისა და სპორტის, ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაცია. ასევე მინდა, ხალხთა შორის იყოს მშვიდობიანი და კეთილი განწყობა.
- ველოსპორტი სახალხო დიპლომატიაა?
- დიახ, მართლაც ასეა. სახალხო დიპლომატიის საუკეთესო საშუალებაა სპორტი. გამოვრიცხავ დაპირისპირებებს ეთნიკურ ნიადაგზე. ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოს ყველა ქალაქში ვარ ველოსიპედით ნამყოფი, გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი...
- არასდროს შეგქმნიათ კონფლიქტური სიტუაცია მოგზაურობისას?
- როგორ არა! უკრაინაში მომთხოვეს, საქართველოს დროშა მომეხსნა ველოსიპედიდან ან წავსულიყავი სამშობლოში. არ მოვხსენი. ვცდილობ, დაპირისპირებული ადამიანი დავიმეგობრო. მოკლედ, ის ადამიანი, ვინც ცხვირწინ დანას მიტრიალებდა, დამიმეგობრდა და ახლაც ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას.
GzaPress
- ანუ კონფლიქტებს კარგად მართავთ...
- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიავის ღრუბელი გადამეფარება თვალებზე და კონფლიქტში ვერთვები. ჯარში ყოფნისას, 1989 წელს "ატვიორკით" დავჭერი სამხედრო პირი, გვარად გორბაჩოვი! წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის ნომერი პირველი პირის მოგვარე დავჭერი. კონფლიქტის საფუძველი ეთნიკური იყო. მერე დავფიქრდი, გადავაფასე ჩემი შეხედულებები და მივხვდი, იმ ადამიანთან არ ვიყავი მართალი. უამრავჯერ მოვუბოდიშე და მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა, ახლა ჩვენ ვმეგობრობთ!
- ამ მაგალითებს სხვებს თუ უყვებით?
- მაქვს შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან. ყველა შეხვედრის დროს ტელეფონის ნომერს ვაძლევ ახალგაზრდებს და ვეუბნები, ვიდრე ემოციით, გულფიცხელობით კრიმინალზე წახვალთ, ეგებ მე დამირეკოთ-მეთქი. არაერთს დაურეკავს, კარგი სამსახური გამიწევია მათთვის, რადგან მე "გრძელი ხელები" მაქვს. ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე დამილაშქრავს მანძილი და უამრავი მეგობარი მყავს წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანემდე. თითქმის ყველგან შემიძლია, ჩემი სამეგობროს დახმარებით პრობლემები მაქსიმალურად ხავერდოვნად მოვაგვარო...
საერთოდ, პრობლემების გადალახვას ახლავს სიხარული. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად საკმაოდ მდგრადი ადამიანი ვარ. იყო დრო, როცა თვეების განმავლობაში, უწყვეტად, დილიდან საღამომდე ფიზიკურად მიწევდა მუშაობა და სწორედ მაშინ ვისწავლე პრობლემის მოგვარება. გამოცდილი სპორტსმენები მეუბნებოდნენ, რომ სპორტით ვისიამოვნებდი და მართლა ასეა. რას შეეხება დისკომფორტს, გავიხსენებ 2017 წლის ზამთარს, როცა ვლადივოსტოკიდან ჟინით წამოვედი ევროპისაკენ. მაშინ ვფიქრობდი, თუ ამას არ გავაკეთებდი და ყინვაში არ ვიმოგზაურებდი, ჯუმბერ ლეჟავას ჩანაფიქრსა და პატრიარქის თხოვნას პატივის გარეშე დავტოვებდი. გავიხსენებ სტამბოლის ეპიზოდსაც: ქალაქში შესვლამდე ტემპერატურა საშინლად დაეცა. ხელთათმანები არ მეკეთა, ველოსიპედის მუხრუჭი გაიყინა და საშინელი სიცივის გამო იძულებული გავხდი, სასადილოში ქსოვილი მომეთხოვა, რომლითაც ხელები დავიფარე და ისე გავაგრძელე გზა.
- როგორ ფიქრობთ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება?
- პრობლემებს წუწუნით ვერ მოაგვარებ, უნდა იმოქმედო. რაც უფრო დიდ სირთულეს გადალახავ, მით უფრო ყოჩაღი ხარ და მეტი სიხარული გეწვევა. დღეში 40-დან 150 კილომეტრამდე მანძილი გადამილახავს ველოსიპედით - ანუ საქმე უნდა აკეთო სიამოვნებით და ყოველთვის მადლობელი უნდა დარჩე უფლის!
- ათასობით კილომეტრი გადაგილახავთ. ყველაზე მეტად, რომელი ქვეყანა გელამაზებათ?
- უამრავი ლამაზი პეიზაჟი მინახავს, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო ყველაზე მეტად მელამაზება. არის საქართველოში ადგილი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ, მაგრამ იქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი! ის არის მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ადგილი ჩემთვის!
- ზოგადად, რას ურჩევდით ქართველებს?
- მინდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა სპორტში. აქტიური სპორტი არაა აუცილებელი, მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყველასთვის უნდა დაინერგოს. 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს ვეტყვი, რომ დღეში 10 კილომეტრი მაინც გაიარონ ველოსიპედით - ეს მარტო რეკომენდაცია არაა, ეს ჩემი თხოვნა და მოთხოვნაცაა! თუ აქტიურ სპორტში იქნება ადამიანი, ეს მთლად უკეთესი. ჩვენი ქვეყანა შესანიშნავი სპორტული მონაცემებისაა. 140-მილიონიან რუსეთს რომ ვუგებთ რაგბს, ეს ცოტას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აქ კარგი პირობები გვაქვს სპორტისათვის და უნდა გამოვიყენოთ! ძველად ქართველები მთელი დღე იქნევდნენ ხმალს და სირცხვილი არაა, ახლა ჩვენს ღიპებს რომ ვეღარ ვეზიდებით? ქართულ სუფრაზე არაა აუცილებელი, უზომოდ დავლიოთ. სასმელიც ზომიერადაა საჭირო, ამაზე მეტად ქართულ სუფრას უხდება სიმღერა, ცეკვა და იუმორი...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პირადი ინტერესი"
"ჩემი ოცნება ყოველთვის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება იყო..."
100 წლის ქალბატონისა და მისი მოსწავლის დაუვიწყარი შეხვედრა - წლების შემდეგ
"სული ეშმაკს მივყიდე, სიცოცხლე უკვე აღარ მიღირს"
"სახასიათო როლები მიყვარს, არასოდეს მითამაშია და სულ ამაზე ვოცნებობ"
"დავიბრუნებთ წართმეულ უფლებას, ვიშრომოთ ღირსეულად, უსაფრთხო გარემოში"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
იქნებ შევძლოთ პატარა მარიამის დახმარება, რომ საოპერაციო ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს!
"მათი შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი