საბრძოლო ხელოვნებაზე შეყვარებული სენსეის თავგადასავალი - გზაპრესი

საბრძოლო ხელოვნებაზე შეყვარებული სენსეის თავგადასავალი

სკოლაში სწავლისას სპორტულ სექციაზე არ დადიოდა, მაგრამ დარბოდა, შტანგას ეწეოდა, ძელზე ტრიალებდა... საბრძოლო ხელოვნებით საკმაოდ გვიან, ჯარის მერე დაინტერესდა. ეს დარგი მისი ცხოვრების დედააზრი გახდა. თავის დროზე, კარატეს წრეზე შესასვლელად ცნობა რომ დასჭირდა, ჰკითხეს: რა არის კარატეო? მალე დადგა ის დროც, როცა სპორტის ეს სახეობა აიკრძალა. არ იყო ლიტერატურა, არ იყვნენ მწვრთნელები და საერთოდ, არაფერი მოიპოვებოდა. ალიკა წურწუმიამ ყველა სირთულე დასძლია და დღეს მას სენსეი დაცის სახელით იცნობენ, რაც პროფესიონალის მიმართ უდიდესი პატივისცემის გამომხატველია. ალიკა წურწუმიას გადმოცემის განსაკუთრებული უნარი აქვს. მოსწავლეებთან მუშაობისას, რასაც ოსტატი ერთ წელიწადში აღწევს, სხვებს იგივე დონისთვის, 4-5 წელი სჭირდებათ.

- კარატეს რიგიდან ჩამოსული პედაგოგი გვასწავლიდა. მერე, როცა ეს სპორტი აიკრძალა, ისიც წავიდა ზუგდიდიდან. ამ სახეობის შესახებ მასალა რთული მოსაძიებელი იყო. არალეგალურად ვეძებდი ინფორმაციას და დაინტერესებულ ადამიანებს. მივაგენი ორ-სამ სკოლას (მათ შორის, ჩინურს) და დავიწყე ჩემი გზის ძიება. ე.ი. ვიღებდი ილეთს და მას ვუყურებდი ასეთი კუთხით - გამოდგება თუ არა ქუჩისთვის? სპორტული კარატე არის ლამაზი, მაგრამ არარეალური. ის არის ქორეოგრაფია, ამიტომ ნამდვილ ბრძოლაში ვერ გამოიყენებ. ბევრს ვფიქრობდი თითოეულ ილეთზე, რაღაცას ვცვლიდი, ვამოწმებდი შერკინებაში. ვწვალობდი, სულ ვმუშაობდი და ზოგჯერ თავს საფრთხეშიც ვიგდებდი, ღამეები არ მეძინა. ილეთს დიდხანს ვამუშავებდი. მერე ვიტყოდი, - მორჩა, მაგრამ ისევ არ მომეწონებოდა, სხვა ილეთზე გადავდიოდი და ასე დაუსრულებლად.

- რა რეგალიები და ტიტულები გაქვთ?

- არა მაქვს და მისწრაფებაც არასდროს გამჩენია. რეგალიები და ტიტულები არის სპორტულ კარატეში, სადაც ჩემპიონატები და შეჯიბრებები ტარდება. მე სპორტსმენებს არ მივეკუთვნები. ჩემი სკოლა მაქვს, ეს არის საოჯახო მიმართულება - ამის პრეცედენტები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს სკოლები თავს არიდებენ მასობრივ გამოსვლებში მონაწილეობას. სიტყვა "ოსტატი" ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას თავისი წონა უნდა ჰქონდეს. ჩემთან მოდიოდნენ სპორტსმენები და ორთაბრძოლაში მიწვევდნენ. მათ ვეუბნებოდი: სპორტულად კი არა, რეალურად ვიმუშაოთ, გინდათ-მეთქი? თუ დამეთანხმებოდნენ, ვიბრძოდით და იმედგაცრუებულები მიდიოდნენ. დამიჯერეთ, ვერავინ მომერევა (იღიმის).

GzaPress

- ე.ი. თქვენ ასეთი მიდგომა გაქვთ, განსხვავებულად ასწავლით. - ეს არის მეომრის გზა. სიმართლე გითხრათ, სპორტული კარატე ბალეტად მიმაჩნია. სპორტსმენი არ ვარ და სადაც ვმუშაობდი, ყველგან იმას ვამტკიცებდი, რომ საჭიროა რეალური ბრძოლა. პირველი ჯგუფი როცა მოვამზადე, ისინი რეგიონში საუკეთესოდ აღიარეს.

- გარკვეული კუთხით, თვითნასწავლი გამოდიხართ?

- კი, თვითნასწავლი ვარ. ახალგაზრდობაში ოდესაში მოვხვდი და იქ ცნობილ, გამოცდილ კასკადიორ ვლადიმერ ჟარიკოვთან ერთად ვმუშაობდი. ის ძალიან ძნელ ილეთებს გვაკეთებინებდა და მათი შესრულების დროს შეიძლებოდა, ასჯერ მაინც დამტვრეულიყავი. დღეს ჟარიკოვი, 80 წლის პოეტი და მწერალია, ხანდახან ერთმანეთთან მიმოწერა გვაქვს. ოჯახური სიტუაციის გამო საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე კასკადიორების სკოლა ჩამომეყალიბებინა, რაც აქ არ არსებობდა. 80-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე, საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავდა. მაშინ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ჩემი მოწაფეები ილეთებს დაზღვევის გარეშე აკეთებდნენ, არ იყო ინვენტარი, ხშირად დარბაზიც არ გვქონდა. ჩემთვის ყველა მოსწავლე შვილივითაა, გამორჩეულებიც მყავს: დავით ხუბუა და მამუკა ქვარცხავა, რომლებიც დღეს ამ საქმეს დიდი სიყვარულით და წარმატებით ემსახურებიან.

- ილეთების გარდა, პირველ რიგში, რას ასწავლით მოსწავლეებს და როგორ აქებთ ხოლმე?

- პირველ რიგში, ეს საქმე უნდა უყვარდეს, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ყველაზე მთავარი თვისება კი არის კეთილშობილება. არ შეიძლება ზურგს უკან ლაპარაკი - რასაც ფიქრობ, ის უნდა თქვა. ყოველი ილეთის შესრულებას მღელვარება ახლავს, მაგრამ არ უნდა გეშინოდეს, რადგან ამ დროს შეიძლება უბედური შემთხვევაც მოხდეს. ღელვა საჭიროც კია, რადგან სრულყოფილად გინდა ილეთის გაკეთება. მანამდე თუ ვთქვათ, ათჯერ სწორად შეასრულე, შეიძლება მე-11 შეგეშალოს და არ გამოგივიდეს. შექებას რაც შეეხება, სიტყვაძუნწი კაცი ვარ. როცა ვიტყვი, მომწონს, ე.ი. მომწონს და თუ არ მომწონს, ამასაც პირდაპირ ვამბობ.

GzaPress

- თქვენი მეთოდისა და სტილის შესახებ რამე დაგიწერიათ? - მინდოდა დამეწერა, მაგრამ ვინ დამიბეჭდავდა ან სად გამოვაქვეყნებდი? დავიწყე და გავჩერდი. ერთი ვაჟი მყავს, სერიოზულად არის ავად, ამიტომ მას ვერ გადავცემ ამ ცოდნას. გადავწყვიტე, როცა მოვკვდები, ჩემი სისტემაც მოკვდება ჩემთან ერთად. კლასიკური კარატეს მიმდევრებს არ მოსწონთ ისინი, ვინც საკუთარ სტილს აკეთებს, ამიტომ ამბობდნენ ბრიუს ლიზე ცუდ რამეებს. მე ყველა სტილს და ყველა სკოლას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი კონცეფცია მაქვს და მას არ გადავუხვევ.

- ვფიქრობ, თქვენი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს...

- რა ვიცი, ალბათ დავწერ (იღიმის). მარტო "კატაზე" 16 წელია ვმუშაობ. რატომ? ვმუშაობ, ვამოწმებ, ვორჭოფობ, კრიტიკულად ვუდგები და საკუთარ თავს არაფერს ვპატიობ, ძალიან მომთხოვნი ვარ. "კატა" საბრძოლო ხელოვნებაში არის ილეთების თანამიმდევრობა, ერთი და იმავე შეიძლება მოჰბეზრდეს კაცს. ვთქვათ, არის 20 სხვადასხვა მოძრაობა, ჩემი სისტემით მუშაობის დროს, დინამიკაში ეჩვევა მეომარი ცალ-ცალკე დამუშავებულ ილეთს. ჯარში როცა ვმუშაობდი, თითოეულ ილეთს ჯარისკაცებზე რეალურად ვამოწმებდი. ხუმრობით ვიხსენებ ხოლმე, ერთხელ ნაწილში გენერალ-ლეიტენანტი ჩიქოვანი ჩამოვიდა ოფიცრების ჯგუფთან ერთად. ნახა ჩემი ვარჯიშის მეთოდი და მიმიხმო: რა წოდება გაქვსო? ვუთხარი, რომ ზემდეგი ვარ. ჩიქოვანი მაიორს მიუბრუნდა: ამას, ლეიტენანტის წოდება მიეცითო!

- რა არის ყველაზე მთავარი, რასაც თქვენი საქმე გაძლევთ?

- ეს არის გზა სიმშვიდისკენ. მე ვარ უბრალო, მოკრძალებული ადამიანი, რომელსაც საბრძოლო ხელოვნება უყვარს და პროვინციაში ცხოვრობს, როგორც განდეგილი. ესაა ჩემი ცხოვრების სტილი. გულწრფელად გეუბნებით, კარიერა არ მაინტერესებს, არც სახელი მინდა, არც პოპულარობა, არც კომპლიმენტები...

ნანული ზოტიკიშვილი