ხობელი ანა ხუნჯუას პირველი ისტორიული მედალი - გზაპრესი

ხობელი ანა ხუნჯუას პირველი ისტორიული მედალი

19 წლის ანა ხუნჯუა პირველი ქართველი მოკრივე გოგონაა, რომელმაც ვლადიკავკაზში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. როგორც ანამ გვითხრა, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრების წევრებთან, მწვრთნელებთან - ბეჟან ჭიჭინავასა და ლაშა დონდუასთან, ასევე კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა - მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ გამართეს. მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

- სპორტულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლიდან კრივზე სიარული დავიწყე. მამაჩემი მოჭიდავე და მწვრთნელია, დედა - დიასახლისი. მამისგან ბევრი რამ ვისწავლე სპორტული სამყაროს შესახებ. თავიდან 2-3 წელი დავუთმე კრივს, შემდეგ თავი ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაშიც ვცადე, მაგრამ შემდეგ ისევ კრივს მივუბრუნდი. ამ მიმართულებით განვაგრძე სისტემატური ვარჯიში. თავს არ ვზოგავდი, ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მივაღწევდი. გავედი ღია ტურნირებზე. შარშანწინ, შარშან ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც სპეციალისტების დიდი მოწონებაც დავიმსახურე, მაგრამ ისტორიული შედეგი დაიდო წელს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს კრივის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, არც გოგონა ყოფილა მონაწილეებს შორის და მიხარია, რომ ბრინჯაოს მფლობელები გავხდით. ვფიქრობ, ქალთა კრივს საფუძველი ჩაეყარა, მომავალში უფრო აღორძინდება და გოგონათა ნაკრებიც შეიქმნება. მოტივირებული ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არავინ ელოდა ასეთ წარმატებას. გარშემო ჩემი საყვარელი ადამიანები იმდენად იყვნენ ჩემში დარწმუნებული, არ შემეძლო სხვა შედეგით დავბრუნებულიყავი. გამარჯვება ძალიან ამაღლებული გრძნობა იყო ყველასთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ხვალ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს ვართ. ვეცდები მეტი ვიშრომო. დიდი იმედი მაქვს, სამომავლოდ არაერთი წარმატება მექნება და მედლის სინჯებიც - უკეთესი.

GzaPress

- ანა, კრივის პარალელურად, სწავლობთ სადმე? - სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, რადგან ისეთ სპორტში ვარ ჩაბმული, სადაც დღეში ერთხელ ვარჯიში არ კმარა. შესაბამისად, მუდმივად რეჟიმში ყოფნისთვის, დღეში ორჯერ მიწევს ვარჯიში, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, მომავალში ვფიქრობ უმაღლესში ჩაბარებას. ისევ და ისევ კრივის მიმართულებით მინდა განათლების მიღება, რომ თავად გავზარდო გოგონების და ბიჭების მომავალი თაობა. ამ ეტაპზე ამ სპორტში ბევრი გოგონა არ არის. ჩემთან ერთად ვარჯიშობს ნინი გეწაძე. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში უფრო გაიზრდება გოგონების კრივით დაინტერესება და ყველა ერთად მივაღწევთ მაღალ შედეგებს.

- ანუ ფიქრობთ, რომ აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ მწვრთნელი გახდეთ?

- რა თქმა უნდა. ახლა ძირითადად ხობში, პირად მწვრთნელთან ვვარჯიშობ. როცა თბილისში ჩამოვდივარ, ნაკრებთან ერთად ვარ შეკრებებზე, მწვრთნელთან ერთად გავდივარ ყველა მოსამზადებელ ეტაპს და ამჟამად მხოლოდ სპორტზე ვარ ორიენტირებული.

- დედმამიშვილი გყავთ?

- სამნი ვართ, მე ვარ ყველაზე უფროსი. ძმა მოჭიდავეა და ხელოვნებით გატაცებული. როგორც გითხარით, მამაც მოჭიდავეა. ასე რომ, ოჯახიდან მე, მამა და ძმა ვართ სპორტით დაკავებული. სხვათა შორის, 7 წელი ვცეკვავდი, მაგრამ მერე კრივი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

- საზღვარგარეთ კრივი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ჩვენთან. ალბათ არაერთი შემოთავაზება გექნებათ სამომავლოდ სხვა ქვეყნებიდან. რას აპირებთ?

- რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ ბევრი წარმატებული ქვეყანაა ამ მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სადაც დავიბადე და გავიზარდე, იქ უნდა ვიყო. ჩვენც ბევრი წარმატებული და მისაბაძი მოკრივე გვყავს. ვეცდები ბოლომდე დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება და ჩემი გულშემატკივარი გავახარო. ჩემს ქვეყანაში ვაპირებ დიდ მოკრივეობასაც და მწვრთნელობასაც. მანამდე დიდი დროა, ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და მერე უკვე სხვა ამპლუაშიც გადავინაცვლებ. წელს ევროპის თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატია, ჯერ აქ უნდა მივაღწიოთ წარმატებებს.

მოგეხსენებათ, 2020 წლისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დიდი მზადებაა, იანვრიდან ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებელი შეჯიბრება დაიწყება და ჩვენს უახლოეს გეგმებში ახლა ესაა მთავარი.

ანა კალანდაძე