კაპიტან ბებო აჭარიდან - გზაპრესი

კაპიტან ბებო აჭარიდან

ქალბატონი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, მთიანი აჭარიდანაა. მას საოცრად ლამაზი, აღმოსავლური სახელი - გულსერი ჰქვია და 95 წლისაა. არაფერი აქვს დასაწუნი გულსერის სახელს, მაგრამ უმეტესობა კაპიტან ბებოს ეძახის გასაგები მიზეზების გამო. რატომ კაპიტანი? - ამას მკითხველი სტატიის მეშვეობით გაიგებს.

ხულოს სოფელ მთისუბანში ოთხი და-ძმა ბერიძე ოჯახური ტრადიციების მიხედვით გაიზარდა. მთისუბანში მაშინ ოთხწლიანი სკოლა იყო და გულსერმაც დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. მერე ხულოში ვერ წავიდა, რადგან დიდი გასაჭირის დრო იდგა და დარჩა ოთხწლიანი განათლებით. ბიჭებს უფრო უწყობდნენ მაშინ ხელს, რომ ესწავლათ, არც გოგონებს უშლიდნენ, მაგრამ შორი იყო ხულომდე და გულსერიც დასჯერდა იმას, რაც ასწავლეს მთისუბანში...

ბერიძეები ბავშვობიდანვე შრომაში იყვნენ ჩართული. მთიან აჭარაში მაშინ სხვანაირად ცხოვრება არ შეიძლებოდა! ბავშვები დროდადრო გამოგონილი გასართობებით კი იქცევდნენ თავს, მაგრამ შრომა იყო მთავარი და არა გართობა!

16 წლისა დაქორწინდა გულსერი. დანიშნული იყო ერთი წელი. სასიძო მთისუბნელი მერდინ თურაძე გახლდათ. შუამავლობდნენ ადგილობრივი კაცები და დაქორწინებასაც წინ ვერაფერი აღუდგა, რადგან თავად საპატარძლოს მოსწონდა საქმრო. მერე კიდეც შემიყვარდაო, - ამბობს გაბედულად კაპიტან ბებო. მერე ქორწილის დღეც დაინიშნა.

საქორწინო სუფრაზე ბევრი იყო ხორცეული, ბორანო, კორკოტი, ტკბილეულიც. რვა მდადე უმშვენებდა მხარს პატარძალს, რომელსაც ჩადრით ჰქონდა დაფარული სახე. ქორწილის დასასრულს მდადეებმა სანთიობო ოთახამდე მიაცილეს გულსერი და ბედნიერი ცხოვრება კიდევ ერთხელ უსურვეს. მაშინდელი წესის მიხედვით, ნეფე-პატარძალს სამი დღის სამყოფ ულუფას ახვედრებდნენ სანთიობოში და ამ დროის განმავლობაში მათ არავინ ეხმიანებოდა, არავინ აწუხებდა! მერე გაჩნდა რვა შვილი, ხუთი ძე და სამი ასული. 50 წელი იცხოვრა გულსერმა მერდინთან ერთად და ძალიან ბედნიერი ქალი იყო, რადგან ოჯახი სავსე იყო შთამომავლობით, ბარაქით და სიყვარულით!

GzaPress"ჩემი შვილები კარგ დროს დაიბადნენ. 9 კლასს მთისუბანში ამთავრებდნენ მაშინ ბავშვები, მერე თხილვანაში აგრძელებდნენ სწავლას. 20 წელი ფერმაში მწველავად ვიმუშავე, კიდევ 5 წელი რძის პროდუქტების წარმოებაში - 20-ლიტრიან სადღვებელს ვატრიალებდი! კაცთან კაცი ვიყავ და ქალთან ქალი, ამიტომ კაპიტანი შემარქვეს. ახლა ოთხი თაობის მეპატრონე ვარ და მინდა ჯანმრთელად ვიყო, რომ შვილიშვილებს შვილების გაზრდაში მივეხმარო. ამბობენ, რომ აჭარაში ქალებს ჩაგრავდნენო, არაა სწორი. არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულად! შრომა არაა ჩაგვრა. მერე რა, რომ ცხენითაც ავსულვარ იაილაზე (ზაფხულის იალაღი, სადაც აჭარლები მესაქონლეობას ეწევიან), ვუვლიდი პირუტყვს, მომყავდა კარტოფილი და ათასგვარ საჭმელს ვამზადებდი. აბა, როცა უკან მოიხედავ და იტყვი, შემეძლო გაკეთება და არ გავაკეთეო, გული უნდა დაგწყდეს?!" - ამბობს კაპიტან ბებო.

აჭარა რამდენიმე განსაკუთრებული კერძითაა სახელგანთქმული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბორანოა. თუ დაიჯერებთ, გულსერს ამ ასაკშიც ძალიან იოლად შეუძლია ბორანოს მომზადება, რადგან დაძველებული ყველის ბორანოდ გადაქცევა არაა რთული. აჭარულ ჩეჩილ ყველს, რომელსაც ადგილობრივები დაპწნილს ეძახიან, წვრილად დაჭრიან, მერე ადუღებული წყლით დაალბობენ, ვიდრე მარილს არ მოაცილებენ. სიმწუთხის დასაკარგად რამდენჯერმე გამოუცვლიან წყალს, ბოლოს გადაწურავენ, ტაფაზე გაყავისფრებამდე დადუღებულ კარაქს გადაასხამენ ყველის ნაკუწებს, ამოურევენ, 15-ოდე წუთს გააჩერებენ და ბორანოც მზადაა! ერთი ულუფა ბორანოსთვის 100 გრამი ყველი და 50 გრამი იაღი (ცხიმი) ყოფილა საჭირო, იაღი თუ კარაქია და ისიც მაღალმთიან აჭარაში მოდღვებილი, მაშინ ბორანო განსაკუთრებით გემრიელია. თუ ბორანოთი მოიკალი შიმშილი, მერე კარგ ხასიათზეც ხარ და თითქოს ბახმაროს გადატანაც შეგიძლია ხინომდე! მალახტოც ძალიან გემრიელი გამოსდის კაპიტან ბებოს: მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ლობიოს კერძია. აბა, სადაა მუდამ დაპწნილი ყველის ბორანო? თანაც, ზოგჯერ რძის პროდუქტების მცენარეულით ჩანაცვლება აუცილებელია. მალახტოს აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებელს და ყველაზე მთავარს - მკვახე ყურძნის წვენს (ისრიმს) ამატებენ, რაც შეჭამანდს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს. ისრიმის ნაცვლად მაყვლის ან რომელიმე მჟავე წვენის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა მკვახე ყურძნის წვენი უფრო აკეთილშობილებს მალახტოს! გულსერი სინორსაც ხშირად ამზადებდა. ნოყიერებით გამორჩეული სინორი სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტების, ნადუღისა და ერბოს ოსტატური შერევითა და გამოცხობით მიიღება.

გულსერის სამზარეულო რეცეპტები ამით არ ამოიწურება, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ. დანარჩენი ზაფხულზე თავად შეგიძლიათ გასინჯოთ მთისუბანში, თუ ეწვევით კაპიტანს. ახლა კი შვილიშვილთანაა ბათუმში, ბავშვების გაზრდაში რომ დაეხმაროს, თორემ მთაში ყოფნა არ გაუჭირდება ზამთარში!

მცირე მოგონებას დავურთავ სტატიას, რომელიც მთისუბანში მასწავლებლად ნამუშევარმა ხატია თეთრაძემ მოგვაწოდა: "2012 წლის სექტემბერში, პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში გამანაწილეს ხულოს რაიონში, სხალთა-ხიხანის ყველაზე მაღალ სოფელ მთისუბანში. მოვკიდე ხელი ჩემს პატარა მარიამს და წავედი. იქ 2 წელი ერთ ულამაზეს ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახი იმით იყო გამორჩეული, რომ აქ 4 თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. ოჯახის უფროსი გულსერი, იგივე გულიკო თურაძეა, კაპიტან ბებიად წოდებული. ბუნებრივია, თავდაპირველად გამაკვირვა მისმა უცნაურმა მეტსახელმა, რადგან ყველა ისე უშუალოდ ეძახდა კაპიტან ბებოს, როგორც მე მეძახიან ხატიას. როცა მოვერგე იქაურ ცხოვრებას და ბებოც კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ პიროვნებაზე ასე საოცრად შერწყმული სახელი ჯერ არსად მსმენოდა და არც შემხვედრია მსგავსი ადამიანი, მით უმეტეს - მოხუცებული. სადილ-ვახშმად რომ ვსხდებოდით მთელი ოჯახი, ყველას გადახედავდა, ვინმეს რამე ხომ არ აკლდა. სუფრას 3 ბავშვიც ამშვენებდა ხოლმე. მუდამ ყურადღებით იყო და ზრუნავდა თითოეულ მათგანზე. მახსოვს, იმ დროს ჩემმა მარიამმა წინა კბილები ერთად დაიცვალა და ვიდრე ამოუვიდოდა, მხოლოდ პურის გულს ჭამდა. მეც გამოვუჭრიდი ხოლმე და ქერქებს თავად ვილაგებდი წინ. ერთხელ არ შეიმჩნია, არც მეორედ, აი, მესამედ კი მისაყვედურა, - ბავშვს ვიდრე კბილები ამოუვა, სულ ეგრე ხომ არ აპირებ ქერქების ჭამას, არ გადამრიო ახლაო და რბილი ნაჭერი თავისი ხელით დამიდო წინ - ამას ვერ დავივიწყებ. თითქოს უბრალო ჟესტი იყო, მაგრამ საოცრად იგრძნობოდა ყურადღება და სიყვარული, რომელსაც ჩემ მიმართ გამოხატავდა არა მარტო მაშინ, არამედ მთელი ჩემი იქ ყოფნის მანძილზე.

ოჯახში თუ რაიმე იყო გადასაწყვეტი, ყოველთვის შესაშური აზროვნებით აფასებდა სიტუაციას. მიყვარდა მასთან განმარტოება და საუბარი. ვესაუბრებოდი წარსულზე. ვეკითხებოდი, როგორ ცხოვრობდა ახალგაზრდობაში და აი, რა მიამბო ერთხელ: "ზაფხულობით ყოველთვის მთაში დაგვყავდა საქონელი იაილებზე. დილა-საღამოს ძროხებს ვუვლიდით და შუადღეზე კი სოფელში ჩამოვდიოდი, რომ ბოსტნისთვის მიმეხედა. გამიჭირდა ასე სიარული და ვიყიდე ცხენი. ავდგებოდი დილით, დავწველიდი საქონელს და გავუშვებდი საძოვარზე". მერე თურმე მიაგელვებდა ცხენს სოფლისაკენ, გათოხნიდა კარტოფილს, ბოსტნეულის კვლებს. ერთი სიტყვით, მიხედავდა მისახედს. ასევე, უვლიდა მეურნეობის თამბაქოს და საღამოს ისევ ცხენით ადიოდა მთაში. ქმარიც მშრომელი კაცი იყო, მაგრამ 20 წელია აღარაა... ძალიან გადაღალა ამ წუთისოფელმა და დაისვენაო. ერთხელ ვიფიქრე, მოხუცია, იქნებ რამე უნდა ისეთი, რითაც გავახარებ-მეთქი და რომ ვკითხე, იცით, რა მიპასუხა? ახლა ერთი კარგად მაჯირითა ცხენით, მეტი არაფერი მინდაო. არადა, როცა ეს სურვილი გამოთქვა, 91 წლისა იყო! ყველა მივდიოდით სამსახურში და ბებო კი უვლიდა ხოლმე ეზო-კარს და პატარა შვილთაშვილებს.

ამ ორიოდე წლის წინ ავედი სოფელში და ყველა მოვინახულე. ვნახე ჩემი თბილი კაპიტან ბებოც. ძალიან გაუხარდა. იტირა სიხარულით. აღარ მეგონა, ცოცხალი თუ დაგხვდებოდიო. დიდხანს ვყავდი ჩახუტებული. ყოველთვის თბილი აურა მოდიოდა მისგან. მთაში ახალი ასული რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, რადგან სრულიად უცხო ხალხში გვიწევდა მე და მარიამს თავის დამკვიდრება. ერთხელაც, დედას რომ ვესაუბრებოდი, თვითონ მთხოვა, დედაშენთან დამალაპარაკეო და ისე დაამშვიდა, ისეთი თბილი სიტყვებით დააწყნარა, აღფრთოვანებული შევყურებდი. დედის გული ვიცი, რასაც ითხოვს ახლა და ამიტომ დაველაპარაკეო, - ასე მომიგო. ასეთი ადამიანია გულსერ ბებო..."

გულსერი ახლა მთიანი აჭარის გაზაფხულს ელოდება. ცოტა ხანში ბათუმიდან მთისუბნისკენ გაუწევს გული, გაერიდება დიდი ქალაქის ხმაურს, ასაკს დაივიწყებს და ახალგაზრდულად მიხედავს სოფლად მამულს. ბევრისგან გამიგონია, მთიანი აჭარა სვანეთსა და თუშეთზე უფრო ლამაზია, უბრალოდ, კოშკები არ აქვს და ამიტომ ტურისტებიც შედარებით ნაკლებად აკითხავენ საქართველოს ამ კუთხეს, რომელსაც მარტო ლანდშაფტი კი არა, გულსერისნაირი ადამიანები ალამაზებენ...

როლანდ ხოჯანაშვილი