წიფის გვირაბის აშენების ისტორია და ლეგენდად ქცეული ამბავი რაჭველ ზურაბაზე - გზაპრესი

წიფის გვირაბის აშენების ისტორია და ლეგენდად ქცეული ამბავი რაჭველ ზურაბაზე

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში მწვავედ დაისვა სატრანსპორტო მეურნეობის გაუმჯობესების საკითხი. მგზავრთბრუნვისა და ტვირთბრუნვის გაუმჯობესების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად სარკინიგზო ქსელის გაფართოება განიხილებოდა. სარკინიგზო მიმოსვლისათვის ყველაზე რთული უბანი ლიხის ქედი იყო, თუმცა, ნიკო ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნითა და მტკიცების საფუძველზე, სურამის საუღელტეხილო გვირაბის გაყვანა მაინც გადაწყდა. გვირაბის სიგრძე 3 ვერსი და 374 საჟენი იყო. მშენებლობაზე დახარჯულა 80 000 კასრი ცემენტი, 4000 კუბური საჟენი ქვიშა, 10 000 ფუთი დინამიტი, 700 000 კუბური საჟენი სამაგრ-საყალიბე ხის მასალა და ათეულობით მუშის სიცოცხლეც...

გვირაბის გახსნის საბოლოო დღედ 1890 წლის 16 სექტემბერი გამოცხადდა. სადგურ წიფაში მისულა რუსეთის გზათა მინისტრი პოსეტი, კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი შერემეტიევი, ყველასთვის საყვარელი იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი და უამრავი ადგილობრივი, რომლებსაც "რკინის ვეშაპის" მიმოსვლით ეკონომიკური პერსპექტივა ეხსნებოდათ. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გამოცდილი ინჟინერი რაძიევსკი, ხაზის აღმოსავლეთის მშენებლობას ინჟინერი პოლიტკოვსკი ედგა სათავეში, ხოლო დასავლეთისას - ინჟინერი სიმბერგი. ინჟინრების გვერდით იდგა ზურაბა მაისაშვილი, რომელსაც პრაქტიკული საქმეების დიდოსტატად მიიჩნევდნენ ამ პროექტის მესვეურები.

ზურაბა რაჭის სოფელ წესში დაიბადა. ადრევე დაობლდა და ბიძებმა გადაწყვიტეს, 12 წლის ბიჭი ვლადიკავკაზში წაეყვანათ. რუსეთის იმპერიის ამ კავკასიურ ქალაქში ზურაბამ ბევრი ხელობა ისწავლა. სწორედ იმ დროს იწყებოდა საქართველოში წიფის გვირაბისა და რკინიგზის გაყვანა, სადაც მაისაშვილმა უბრალო მუშიდან უბნის უფროსამდე გზა განვლო. წიფის გვირაბის ძირითადი სამუშაოები 1887 წლისთვის დასრულდა და კაპიტალით ჯიბედამძიმებულმა ზურაბამ გადაწყვიტა, დაგროვილი ფინანსები თავის მშობლიურ სოფელში დაებანდებინა. ნიკო ნიკოლაძის იდეებით ფრთაშესხმულმა შეიძინა ჰექტრობით მამული, დაიწყო ამ მიწების დამუშავება და სხვადასხვა წარმოების განვითარება (მეცხოველეობა, მევენახეობა, მემარცვლეობა, ხის დამუშავება), ააშენა დიდი რაჭული ოდა და მარანი, სადაც ტონობით ღვინო ინახებოდა. ამავდროულად მეცენატობასაც მისდევდა. ზურაბას და მისი თანამოაზრეების დაფინანსებით აშენდა მშობლიური სოფლის და მიმდებარე სოფლების (ხიმშის, კვაცხუთის) სკოლები.

არსებობს გადმოცემა, როდესაც ალიხანოვ-ავარსკი (რუსი გენერალი) ეგზეკუციების მიზნით სოფლებსა და რეგიონებს აწიოკებდა, ზურაბა მაისაშვილი მას ხიდკრის ხეობაში დახვედრია, ჯარით მიუპატიჟებია გენერალი, ნადიმი გაუმართავს და დიპლომატიური მოლაპარაკების გზით გენერალი უკან გაუბრუნებია. ასე იხსნა ზურაბამ მაღალმთიანი რაჭა (დღევანდელი ონის მუნიციპალიტეტი) აწიოკებისგანო.

ზურაბა მაისაშვილი 1919 წლისთვის გარდაიცვალა. მის შთამომავლებას განათლება მაშინდელი რუსეთის იმპერიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული და ევროპული ყაიდის საქმიანობით გამოირჩეოდნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაისაშვილების ოჯახს ქონება და სიმდიდრე კომუნისტებმა ჩამოართვეს. მდიდარ გლეხებს კანონის მიხედვით, გაკულაკებით უთანაბრებდნენ ბოგანო (უქონელ) გლეხებს. ზურაბას შვილები მხოლოდ პატარა მიწის და ორი ოთახის ამარა დატოვეს; მეტიც, ის სახლი, რომელშიც მაისაშვილები ცხოვრობდნენ და ლურსმნის გარეშე იყო აგებული, კომუნისტებმა ადვილად დაშალეს და მისგან სამი დაწესებულება - სამედიცინო პუნქტი, სკოლა და ბაღი ააშენეს.

GzaPressზურაბას შთამომავალმა, რომელიც სახელოვანი წინაპრის სახელს ატარებს, 5 წლის წინ გადაწყვიტა, რომ მეუღლესთან ერთად დაბრუნებულიყო სოფლად. ყოფილი პოლიციელი ზურაბ მაისაშვილი ექიმ მეუღლესთან ერთად წესში შეუდგა მეურნეობის აღდგენას. ცოლ-ქმარმა დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილება სახლ-კარის და სოფლის განვითარებისკენ მიმართეს. წარმოშობით რაჭველ ცოლ-ქმარს, როგორც მისი შვილიშვილი ამბობს, რაჭულ "საფირმო" "ქვე შენი ჭირიმეს" უცხოებთან ვერ ათქმევინებ, მაგრამ საახლობლოში ხშირად ახსენებენ, თან ძველსა და ახალ ვენახებს გულისყურით უვლიან, რადგან ამბროლაურის მხოლოდ მცირე ნაწილში მოდის ის ყურძენი, ამდენად რომ არის განთქმული მსოფლიოში. თანაც, ბებია-ბაბუას შვილიშვილი უხალისებს ცხოვრებას. 19 წლის ზუკამ (ბაბუისგან განსხვავებულად ასე ეძახდნენ ჩვილობიდან) 2018 წელს მცირე გრანტით წამოწყებული ღვინის წარმოება დაიწყო. მაისაშვილებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თავიანთ ღვინოს ღვინუკა უწოდეს! რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან (ძელშავის სხვა ჯიშებიც არსებობს, ზემოიმერული და ობჩური. ამათგან ზემოიმერული საჩხერე-ჭიათურაში მოჰყავთ, ხოლო ობჩური - ქვემო იმერეთში) დამზადებული ზუკას ღვინუკები თბილისის რამდენიმე მაღაზიაში უკვე იყიდება. საზღვარგარეთაც აპირებენ გატანას.

ზუკა მომავალი აგრარიკოსია. უნდა მოაშენოს მუჯურეთული და ალექსანდროული, რომლითაც ბუნებრივად ნახევრად ტკბილი "ხვანჭკარა" მზადდება... პატარა ზურაბი ფიქრობს, არა მარტო გადაარჩინოს რაჭული ვაზის ჯიშები, არამედ საწარმოო დანიშნულებაც მისცეს რაჭულ ხიხვს, კურდღელაურს და ყველა იმ ჯიშს, რომლებიც თითო-ორიოდე ძირიღა შემორჩენიათ რაჭის გაუკაცრიელებამდე მისულ სოფლებში! კომუნისტურ ეპოქაში ვაზის შერჩევის ძალიან ხისტი და არაგონივრული წესი იყო - თუ ბევრ მოსავალს არ იძლეოდა ჯიში, ის არარენტაბელურად ითვლებოდა და იდევნებოდა მეურნეობიდან. ასე მიიყვანეს გადაშენების პირამდე უსახელოური, ოცხანურის საფერავი, ზემოიმერული ძელშავი და კიდევ ბევრი, რომელთაგან მზადდებოდა ე.წ. სამარხვო ანუ ხანგრძლივად შესანახავი (ძველქართულად მარხვა შენახვას ნიშნავდა) ღვინოები.

ძველი თაობის ადამიანები აფრთხილებდნენ ახალგაზრდებს, უარი არ ეთქვათ მცირემოსავლიან და პრეტენზიულ ჯიშებზე, რადგან მისი ყურძნის ღვინოს თვით ოლიმპოს ღმერთებიც კი ნატრობდნენ (გაზვიადებაც როგორ გვიყვარს ქართველებს!). გამიგონია, როგორ ამბობდა ქვემო იმერეთში ერთი ჭარმაგი მევენახე, - აგერ არის, ბატონო, დონდღლაბი, ტყემალზე მეტს ისხამს, წვენიც წვიმასავით მოსდის მტევნიდან, მაგრამ რად გინდა, მაგისი ღვინის ფასი "კაპიკიაო"! თურმე დონდღლაბი ზარმაც ან უმიწო გლეხების ვაზის ჯიშად ითვლებოდა, ცოტა ძალისხმევა და მცირე ნაკვეთიც კმაროდა, რომ ქვევრები აგევსო მისი წვენით, მაგრამ მისი ღვინოს განაჩენი ასეთი იყო: კარგ კაცს ვერ შეჰკადრებ და გლახას არ დაელევინებაო! მოგეხსენებათ, გლახას ღვინოს არ ასმევდნენ იმ მიზეზით, რომ ასეთს უფრო აგლახავებს სასმელიო...

ზუკას გეგმები მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება და ის შემოდგომაზევე აპირებს არყის წარმოების დაწყებას, რადგან ფიქრობს, რომ გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს ჭაჭა.

ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ქვემო რაჭა გადატვირთულია ნაირ-ნაირი ხილეულით. ივლის-აგვისტოდან წელში იზნიქება დახუნძლული ტყემალი, ქლიავი, ვაშლის და მსხლის სხვადასხვა ჯიში, მაჟალო და პანტა, მათგანაც შეიძლება არყის გამოხდა. ნეტავ რით იქნება ბასკურ ჩუპიტოზე ნაკლები რაჭული არყიკო ან არყიტო? თუ ბასკები თავიანთ ჩუპიტოს მამასისხლად ყიდიან, ბისკაის სანაპიროზე გაშენებულ ბილბაოს ინგლისური კვარტალის კაფეებში, არყიკოს რომელი ვაჭრობის ღმერთი გაუწყრება? თანაც, რაჭაში ეკოლოგიური სისუფთავის მაღალი სტანდარტის დაცვა ძნელი არაა და ბიოპროდუქტების ფასი, მოგეხსენებათ, "ჭაჭის ფასივით" იზრდება!

მაისაშვილების სახლი ბარაკონის ახლოს დგას. დიდი ბაბუის დატოვებული ხის ოდიდან დარჩენილი ნაწილი მწვანე ბალახიანი ეზოს გულში დგას და იქიდან უყურებს მინდაციხის ჩამორღვეულ კალთებს. ბარაკონი რიონის ხეობის დედოფალივით დგას ლუხუნის შესართავთან, ვენახებიც უკვე კულტურული ფორმით იმზირებიან გზის პირებიდან, სანელებლად და საჩურჩხელედ გამორჩეული რაჭული ნიგოზიც ყელამდეა... ლობიო და ცმელ-ლორი სულაა რაჭაში ლობიანებისთვის, რომლითაც ნებისმიერ პრეტენზიულ ტურისტს სამუდამოდ დაატყვევებ გასტრონომიულად! ამის გამოა, რომ ზუკა შატოს აშენებასაც გეგმავს, სადაც ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ იარსებოს სოფელმა წესმა თავისი ტრადიციებითა და ნოვაციებით!

უცხოელს რომ თავი დავანებოთ, განა ბევრ ქართველს არ მოსტაცებს გზის პირიდან დანახული ბარაკონი, რომელიც ავთანდილ შულავრელს აუგია 1753 წელს და მიუწერია ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ, ვინც ნახოთ, შენდობა ბძანეთ". ასეთი ტაძრის აგება წესში რაჭის ერისთავთა რეზიდენციით იყო განპირობებული. სოფელი წესი დასავლეთით ხიდიკრის კოშკით, აღმოსავლეთიდან მინდაციხით იყო შემოსაზღვრულ-გამაგრებული. წულუკიძეების საგვარეულო ყოველთვის იწონებდა თავს ამ სოფლით, რომლის სახელის დარქმევის ორი ვერსიაა შემორჩენილი ადგილობრივებში. ერთი ვერსიით, ვინმე ხიდიკრის კოშკს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოდიოდნენ და გამვლელს ღვინით სავსე ჯამით რაჭის ერისთავის დღეგრძელობას აძალებდნენ, ასეთია ჩვენი წესიო. სხვა ვერსიით, ხიდიკარში გამვლელებს ბაჟს ახდევინებდნენ, ხალხს არ მოსწონდა ეს და უკმაყოფილების გამოსახტად ამბობდა, ეს რა წესიაო?! ამბობენ იმასაც, რომ ბარაკონზე ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო, სადაც ხდებოდა გარკვეული წესების დადგენა და ამიტომაც დაერქვა სოფელს ეს სახელიო.

ბოლშევიზმის დამყარების მერე წესს მხოლოდ იმიტომ ახსენებდნენ, რომ იქ დაიბადა ქართველი ბოლშევიკი, ტერორისტი არკადი ელბაქიძე და არავინ იხსენებდა, როგორ დაბეჭდეს 1808 წელს წესში საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობელისა", 1811 წელს კი "გამოკრებული სადღესასწაულო", ზურაბა მაისაშვილის სახელის ხსენებასაც ერიდებოდნენ, რადგან პირველი ევროპული სამეურნეო მიმართულება წესსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მის სახელს უკავშირდებოდა...

სანთელ-საკმეველი გზა არასდროს კარგავს, არც ზურაბა მაისაშვილის ნაკვალევი იკარგება. დიდი ზურაბი და ჯერ კიდევ ყმაწვილი ზუკა, ბაბუა და შვილიშვილი ერთად იბრძვიან წესის "განწესებისთვის". მერე რა, რომ თბილისიდან მობრუნდნენ და ფერმკრთალი ხელებით შეებნენ დიდ საქმეს?! თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა და სახვანჭკარე ბადაგი ორივე ფეხით იწურება ხის საწნახელში...

მჯერა, ათიოდე წლის მერე ამბროლაური-ონის გზის პირზე ლამაზი შატო მიიზიდავს სტუმრებს გემრიელი საჭმელ-სასმლით. თუმცა, ზუკა ამბობს, მარტო ბიზნესისთვის არ უნდა სოფლის აღორძინება. მეგობრებიც ააკითხავენ, რომლებსაც ლობიოს, ღვინუკას და არყუკას ზომიერად მიართმევს, აუძღვება ნათამარალ მინდაციხეზე, ეკალას ალერდებიდან გაახედებს ბარაკონისკენ, მერე კი ეტყვის ხუმრობით "ქვე ლობიო, ქვე მჭადიო, ქვე ჭამეთ და ქვე წადითო..."

როლანდ ხოჯანაშვილი