ჩიხარეშში კართან დადებული მზე - გზაპრესი

ჩიხარეშში კართან დადებული მზე

ჩიხარეში ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე შეფენილი ულამაზესი ქვემო სვანური სოფელია. იყო დრო, როდესაც იქ 140-მდე ოჯახი ცხოვრობდა. 1987 წელს, დიდთოვლობის შემდეგ, გაზაფხულზე თოვლის ინტენსიურმა დნობამ მეწყრული ტიპის წყალმოვარდნები გამოიწვია ორ მდინარეზე. დაიტბორა სოფლის დასაწყისი და შუა უბნები, ამის გამო მოსახლეობა გადაიყვანეს აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ეკომიგრაციამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა სოფელი, ამჟამად ორმოცამდე ოჯახია დარჩენილი (ზამთარში კიდევ უფრო ნაკლები) და ამიტომ ჩიხარეში გაუკაცრიელების საშიშროების წინაშე დგას, თუმცა ურბანიზაციას გააფთრებით ებრძვის გეოგრაფიის მასწავლებელი, ალალი იუმორით აღჭურვილი ნათია ჯანხოთელი, რომელიც თავის მოსწავლეებს პერიოდულად პატარ-პატარა სიურპრიზებს უმზადებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვები და სკოლა უყვარს ძალიან!

სოფლის ცენტრში სკოლა, ბაღი, სამედიცინო პუნქტი, სასაზღვრო პოლიციის შტაბია. იყო დრო, როდესაც სოფლის მოსახლეობას აეროპორტიც ემსახურებოდა. საბავშვო ბაღსა და სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად მცირდებაო, - წუხს ნათია მასწავლებელი თავის ლამაზ სოფელზე.

ჩიხარეშს უამრავი ტურისტის მოზიდვის პოტენციალი აქვს. უშგულიდან ქვემო სვანეთისკენ საოცარ ხედებს ნახავ. ნივალური, ალპური, ტყის, მდელოს ზონალურობა თვალისმომჭრელ ნაზავს ქმნის და იზიდავს მნახველს. მთის ჩქარი მდინარეები, ნაკადულები, მჟავე წყლები და მთის კონტურები ყველა მხარეს ჩიხარეშის განუმეორებელ პანორამას ქმნის. განიხილება საკითხი, რომ გაკეთდეს სათხილამურო ტრასები ჩიხარეშის გასწვრივ, ცხენისწყლის გაღმა, რაჭის მოსაზღვრე მთებზე. უკვე შესწავლილია თოვლის ხარისხი. საფრის სისქე და სივრცე სათხილამურო ტრასისთვის საკმარისია და შესაბამისად, ადგილიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩიხარეშსა და მიმდებარე სოფლებს არასდროს მოაკლდება ტურისტი, ამან კი შესაძლებელია, მიგრაცია შეაჩეროს და უკეთეს შემთხვევაში, მოსახლეობაც დაუბრუნოს სოფელს.

ქვემო სვანეთში გზა მხოლოდ შარშან, 2018 წელს დაიგო და დიდი სიხარულიც გამოიწვია ხალხში. გზის მშენებლობა წელსაც გაგრძელდება, ლენტეხი და უშგული ერთმანეთს კეთილმოწყობილი გზით დაუკავშირდება, ეს გზა კი ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს, სვანეთის ორივე ნაწილი მარტივად ნახოს.

"ჩიხარეშის სკოლა საკმაოდ დიდია სხვა სოფლების სკოლებთან შედარებით. სკოლა უსასყიდლოდ ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა, რათა მომავალ თაობებს შესაძლებლობა ჰქონოდათ მიეღოთ განათლება. იყო დრო, როდესაც სკოლაში 350-400 მოსწავლეც ჰყავდათ. როცა მე დავიწყე მუშაობა, 120 ბავშვი სწავლობდა, ახლა კი მხოლოდ 50-მდე მოსწავლეა, რაც ძალიან სამწუხაროა. არც კი მინდა გავიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს წლების შემდეგ; შესაძლოა სულაც გაუქმდეს სკოლა, რომელმაც არაერთი წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანი გამოზარდა", - ეს ნათია მასწავლებლის მთავარი საფიქრალია.

GzaPress ქვემო სვანეთის ექვსთვიანი ზამთრის საწინააღმდეგოდ, ნათია მასწავლებელს აქვს თავისი იარაღი - იუმორი. ვფიქრობ, მკითხველის გასაღიმებლად და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად ნათიას ამბები ნამდვილად გამოდგება: "ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა სკოლაში. ერთ დღეს შემხვდა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი (მამა), მომიკითხა და მეუბნება: ერთი სათხოვარი მაქვს და უარი არ მითხრა. ბავშვი უნდა მომიმზადო ინგლისურშიო (აქ შეგიძლიათ გადაიხარხაროთ იმიტომ, რომ ინჩიბინჩი არ ვიცი ინგლისური)! - ვაიმე, რას მეუბნებით, ინგლისური საერთოდ არ ვიცი-მეთქი! - არა, როგორ არ იცი, შენ ისეთი ჭკვიანი გოგო ხარო... არა, ბატონო, გეოგრაფიაში მოვამზადებ-მეთქი! გეოგრაფია რა ჭირად მინდაო... ამ დროს My name is Natia წამომცდა ინგლისურად, ჩემდა საუბედუროდ, აი, ეს ვიცი მარტო... ხომ ვამბობდი, რომ იცი (გაებადრა სახე), შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, შეძლებ, საღამოს შვილს გამოვუშვებ და დაიწყეთო! დამტოვა ასე, სიტყვაც არ დამამატებინა... მივედი სკოლაში და დავიწყე ინგლისურის წიგნების ქექვა და ჩემს ბედად, ზოგან ქართული თარგმანიც იყო. გამიმართლა და წლის ბოლოს მეც და მოსწავლემაც მშვენივრად ვიცოდით შემდეგი წინადადებები: It"s table, I"m 19 years old, I love singing,I love, It"s bus!

მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები რომ დაიწყო, პირველსავე წელს წავედი ჩასაბარებლად. ამ დროს გაუსაძლისი სიცხეა. ჩავედი თბილისში ეს სვანეთის სიგრილეს მიჩვეული გოგო და ისე მცხელა, პირღია ვსუნთქავ, ვიხრჩობი. მეორე თუ მესამე დღეს გამოცდა მაქვს და დავიწყე ჩემი თხელი სარაფნების შერჩევა, რა უნდა ჩავიცვა გამოცდაზე, გრილად რომ ვიყო. ჩემი "კომუნისტი" და დამადგა თავზე, - არაო, ასე ბაზრის ქალივით "ბრეტელებიანი" სარაფნით ხომ არ წახვალ, მანდ ინტელიგენცია და მთელი ამბები იქნებაო და ცოტა სხვანაირად ჩაიცვი, პედაგოგი ხარ ბოლოს და ბოლოსო. კარგი-მეთქი, - დავეთანხმე და ვიფიქრე: "ჩემი ლამაზი, როგორ კარგად ერკვევა ყველაფერში!" დადგა გამოცდის დღე და ნინომ გადმომილაგა და ჩამაცვა: "საროჩკა" ყელთან ბოლომდე შეკრული და გარედან პიჯაკი. ძლივს მივბოდიალდი საგამოცდო ცენტრამდე, ვკვდები, ისე ცუდად ვარ, რა მეგამოცდება. ვინც შემოვიდა გამოცდაზე, ყველას სარაფანი და შორტები ეცვა, გრილად, ბედნიერად. ღვთისნიერი დამკვირვებელი შემხვდა, გაახარებს ღმერთი, მოვიდა ჩემთან და მკითხა, არ გცხელა, შვილოო? თავისი ხელით გამხადა პიჯაკი, მაგრამ მაინც არაფერმა მიშველა! ჩავიჭერი იმ წელს, რა თქმა უნდა! კიდევ კარგი, "ჩულქების" ჩაცმა რომ არ დავუჯერე ნინოს, ზედმეტად "გამოპედაგოგებულს"!

ჩემი ამბებიდან ყველაზე ორიგინალური მაინც შემდეგი ისტორია მგონია: გაზაფხული დადგა ძალიან წვიმიანი, ცხენისწყალი ადიდდა და რაიონთან და ქალაქთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, შეწყდა კომუნიკაცია, კვირაში ერთხელ მოფრინავდა ვერტმფრენი და გადაჰყავდა მგზავრები ქუთაისში. ისეთი "წყვეტაა" ამ რეისებზე, რომ პირდაპირ თავპირისმტვრევაა... ამ პერიოდს დაემთხვა ღორის ჭირი, გაწყდა ღორები სვანეთში... ჩვენ გვყავდა 200-კილოიანი დედა ღორი. დედაჩემმა თქვა, ეს რომ გვეზარალოს, გადავყვები. უნდა დავკლათ და წაიღე ბაზარშიო. - ადამიანები ვერ მიდიან, ადგილები არაა და ღორს ვინ წამაღებინებს, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი? - ბოლოს იმდენი მოვახერხე (არ მკითხოთ, როგორ), რომ მე და ჩემი დაკლული დედა ღორი კოპიტნარის აეროპორტში დავეშვით ვერტმფრენით. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ შევძელი! საკაცით რომ გადმოასვენეს კოპიტნარში ეს შეჩვენებული ღორი, ყველაზე მაგარი სანახავი ეგ იყო!

თბილისიდან ან ქუთაისიდან სვანეთში მომავალ "მარშრუტკას" ვინ და რა არ მოჰყავს: გოჭი, ინდაური, ქათამი, კურდღელი, კუც კი და სვანები, თავისთავად! იმხელა გზაა, რომ ქათამი დაკრუხებას და წიწილების გამოჩეკას ვერა, მაგრამ კვერცხის დადებას კი ასწრებს. მგზავრობ, ხარ გაყურსული, დაღლილი, ჩუმად ზიხარ შენთვის და უცებ საბარგულიდან გესმის ქათმების გაბმული კრიახი და ალიაქოთი. მძღოლისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და აცხადებს: ახლა კვერცხი დადო რომელიღაცამო! ასე აკრიახდა სამჯერ ქათამი, სამჯერვე შეამოწმა მძღოლმა და სამი კვერცხი მიიტანა სახლში! არ თქვათ ახლა, რას არ მოიგონებო, ნამდვილი ამბავია, დედას გეფიცებით და ყველას გეფიცებით! ქათამი და გოჭი საჯიშედ მოგვყავს ხოლმე ქალაქიდან, არ გაგიკვირდეთ..."

ნათია მასწავლებელი კარგი დიასახლისიცაა. მის სამზარეულოში მუდამ რაღაც განსაკუთრებული მზადდება და ეს განსაკუთრებულობა მხოლოდ კუბდარი, თაშმჯაბი და ჭვიშტარი არაა. წარმოიდგინეთ და ქვემო სვანეთში გვიმრის ფხალიც კეთდება, ოღონდ ყველანაირი გვიმრისგან არა! ცომეულიდან კი ყველიანი ლობიანია ძალიან გამორჩეული... გარდა მშობლიურობისა და სილამაზის, კიდევ ნეტავ რატომ არ ტოვებს ნათია ჩიხარეშს? - პასუხი ქვემოთ წაიკითხეთ:

"როცა სტუდენტი გავხდი და მშობლიური კუთხის დატოვება მომიხდა, პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა. ღამე ჩუმად ვტიროდი და დილით ბალიში სულ სველი მხვდებოდა. ისე მენატრებოდა აქაურობა, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა სტუდენტური წლები, რომ ისევ სვანეთში დავბრუნებულიყავი. ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა, დღემდე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო მშობლიური კუთხის სიყვარული და ხშირად ვესაუბრები ამ თემაზე. ძალიან მომწონს აქ ცხოვრება. ვიცი აქაური ტრადიციები და ვთვლი, მე და ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც აქ ვაზამთრებთ, ნამდვილად ვამაგრებთ აქაურობას. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ის ყველაფერი, რაც ჩემს სოფელშია! როგორ შეიძლება, შანსი გქონდეს და აქ არ იცხოვრო! წახვიდე სადღაც, ქაოსში, უწესრიგობაში, უსუფთაობაში. მთაში გაცილებით მარტივია ყველაფერი, როცა ადამიანს ცოტა რომანტიკული ხასიათი აქვს. როგორ მიყვარს და ვხარობ ხოლმე, ყანაში მიმავალი გზად ნაკადულს რომ გავივლი, როგორ მორაკრაკებს ქვებზე და როგორი სასიამოვნო ხმა აქვს. სიო რომ მოუძღვის წინ გულყვითელა გვირილების ჯგუფს, ეს ცალკე სიამოვნებაა! არ ვიცი, როგორ აღვწერო ის სასიამოვნო შეგრძნებები, რომლებსაც აღვიქვამ ყოველი მცენარის, ცხოველის ან ბუნების სხვა ქმნილების შეხებისას ან დანახვისას. წელიწადის ოთხივე დრო თავისი უნიკალურობით ხასიათდება, თუმცა მე სვანეთის შემოდგომა მიყვარს და მას არაფერი შეედრება, განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

გარშემო მყოფი ჩემი თაობის თითქმის ყველა აქაური წასულია ქალაქში და იქ აგრძელებს ცხოვრებას. განვსხვავდები მათგან იმით, რომ ვცხოვრობ იქ, სადაც გავიზარდე და გავატარე ცხოვრების ყველაზე მეტი დრო. ახლა უკვე მარტივია მიმოსვლა და ვამჯობინებ, გავამაგრო საკუთარი კერა ჩემს საყვარელ ადგილას ისე, რომ არ მოვწყდე ქალაქს. ჩემი სოფლის სილამაზისა და სიყვარულის გამოსახატავად მთელი ცხოვრებაც არ მეყოფა. აქ მეჩვენება, რომ ყოველ დილით თითქოს განგებამ მზე გამომიგზავნა და კართან დამიდო..."

როლანდ ხოჯანაშვილი