"ჩემს ლამაზ მიწაზე მინდა, პატარა სახლი ავიშენო" - გზაპრესი

"ჩემს ლამაზ მიწაზე მინდა, პატარა სახლი ავიშენო"

ნინო მჭედლიშვილი - ეს სახელი და გვარი ჟურნალის იმ მკითხველებს ემახსოვრებათ, რომლებიც წლებია, "გზის" ერთგულებად რჩებიან (და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის). ნინო ახლა შორეულ ამერიკაში ცხოვრობს, მუშაობს და პარალელურად ცდილობს, კვალიფიკაცია აიმაღლოს. მიუხედავად იმისა, რომ უქმად არ ზის და საფიქრალ-სამუშაოც ბევრი აქვს, მაინც აწუხებს ე.წ. ნოსტალგია და როგორც ამბობს, ძალიან ეჩქარება შინ დაბრუნება, რადგან აქ ქალიშვილი და "მონიკა ბელუჩი" მოუთმენლად ელოდებიან...

- ჟურნალისტობა ჯერ კიდევ იმ ასაკიდან მინდოდა, როცა ჟურნალისტი ჟურნალების გამყიდველი მეგონა. მესმოდა ეს სიტყვა ყველგან, ძალიან მოდური იყო ალბათ იმ დროს და მეც მომინდა. მერე, როცა გავაცნობიერე, რა იყო, ზედმეტად საინტერესოდ მომეჩვენა და აღარც გადამიფიქრებია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და დავიწყე კარიერაზე ზრუნვაც... ფეხი გაზეთში "ახალი თაობა" ავიდგი. ამ გამოცემაში ჩემს თანაკურსელთან და მეგობართან ერთად მივედი. როცა გვკითხეს, რა თემებზე გვაინტერესებდა მუშაობა, კულტურა ავირჩიეთ. თავიდან ილფი და პეტროვივით ვწერდით, სტატიის ქვეშ ორი სახელი და გვარი ეწერა ხოლმე. ახლა ძალიან ვხალისობ ამ ყველაფერზე. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებოდით, ვკამათობდით. მერე მივხვდით, რომ ცალ-ცალკე უნდა გვეწერა და გავიყავით. მეორე გამოცემა ჟურნალი "გზა" იყო. მახსოვს, ინგა გრიგოლიას ინტერვიუ მოვიტანე თქვენთან და გარეკანზე რომ დაიბეჭდა სტატია, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველა ჟურნალის ჯიხურს ნელი ნაბიჯით ვუახლოვდებოდი, თვალი რომ შემევლო "გზის" გარეკანისთვის, მერე იმ "ჟურნალისტს" ბავშვობაში ჟურნალების გამყიდველს რომ ვეძახდი, თავმომწონედ გავხედავდი ხოლმე, თითქოს იცოდა, ჩემი სტატია რომ იყო ამ ჟურნალში და ასე, ჩემი პროფესიის არჩევანში თავდაჯერებული მივუყვებოდი ამაყად ქუჩებს... მერე იყო ჟურნალი "რეიტინგი" - 13 წელი ვმუშაობდი ამ რედაქციაში. მისი დაარსებიდან თითქმის ბოლო ნომრამდე არ მიმიტოვებია. საუკეთესო წლები გავატარე და კარგი გამოცდილება მივიღე ამ გამოცემიდან. უამრავი ექსკლუზივი და სკანდალური მასალა ახსოვს ამ გამოცემის მკითხველს....

- მაინც, რომელი ასეთი სკანდალი გახსენდება ახლა?

- ნინი შერმადინის სკანდალი ებრაელებთან დაკავშირებული განცხადების გამო. ეკა კვალიაშვილის მესამე ქმრის მოვარდნა რედაქციაში, - რატომ უთვლით ჩემს ცოლს ქმრებსო?.. მადლობაც ბევრი იყო, მაგრამ ხომ იცით, ძირითადად პრეტენზიები გამახსოვრდება.

- საყვარელი რესპონდენტი გყავს?

- ბევრია ასეთი, მაგრამ გამორჩეულად საყვარელ რესპონდენტად მაინც გელა ჩარკვიანი რჩება. ყოველ შეხვედრაზე ახალი ფრაზა მომქონდა, რომელიც სულ გახსოვს, სულ რჩება. მაგალითად, ცოტა რომ უნდა ვილაპარაკოთ ქალებმა (ჟურნალისტებს არ ეხებათ, ალბათ), რომ ყოველთვის ამოუცნობი ვიყოთ მამაკაცისთვის. - ნანა სფინქსი იყოო, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა: - ამოუცნობი, თითქმის არ ლაპარაკობდა და ყოველთვის იდუმალი იყო ჩემთვის. ასეთი ქალები ინტრიგას იწვევს და სიყვარულს აძლიერებსო... - ეს უკვე "პრაიმტაიმში" მუშაობის პერიოდია.

GzaPress

- სახალისო თავგადასავლებიც მრავლად გვაქვს ჟურნალისტებს. რა გახსენდება ახლა? - ახალგამომცხვარი ჟურნალისტი ვარ, აი ის პერიოდია, სტატიის ქვეშ ჩემი გვარ-სახელის წაკითხვა რომ მიხარია და რედაქციიდან სახლში ვბრუნდები. მეტროს ვაგონი გაიღო და ვხედავ, გარდაცვლილი მამაკაცი ქვევით ასვენია. ხალხითა და პოლიციითაა გარშემორტყმული. უმალ გაიღვიძა ჟურნალისტის ინსტინქტმა და გადავწყვიტე გამერკვია, რა ხდებოდა. საქმიანი სახით მივადექი ერთ-ერთ პოლიციელს და ვეკითხები, - "რა მოხდა?" გარდაიცვალაო, - მომიგდო ერთი სიტყვა. "უკაცრავად, აქ გარდაიცვალა? არ დავნებდი". - არა, გენაცვალე, ზემოდან ჩამოვიტანეთო!.. აი, ამ კითხვის დღემდე მრცხვენია, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველგან ვყვები (იცინის)...

- დღემდე რჩები "პრაიმტაიმის" ჟურნალისტად?

- ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში ვარ, წერა რომ მენატრება და რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ვწერ.

- რამ გაიძულა საქართველოდან წასვლა?

- სიმართლე გითხრათ, ამერიკაში ცხოვრებაზე არც კი მიოცნებია. სამსახურებრივი ვიზიტი დავგეგმეთ და გამიმართლა, მომცეს ვიზა. მერე მივხვდი, რომ ამაზე ხალხი ოცნებობს და მე საუკეთესო შანსი მქონდა ცოტა ხნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეს შანსი გამომეყენებინა. ჯერ სულ 4 თვეა, ემიგრანტი მქვია და როგორც ყველა ახალ ემიგრანტს, ძალიან მეჩქარება საქართველოში დაბრუნება.

- საქართველოში ვინ გელოდება?

- 22 წლის შვილი, ჩემი ანი და 5 წლის ლაბრადორი, ჩემი მონიკა ბელუჩი (იცინის). ფაქტობრივად, ორი შვილი დავტოვე და ძალიან მეჩქარება უკან დაბრუნება, მაგრამ მანამდე დიდი გეგმები მაქვს.

- რას საქმიანობ ამერიკაში?

- ოჯახში ვმუშაობ ძიძად. პარალელურად, ამერიკის ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ფედერაციის წევრი გავხდი, რაც საშუალებას მაძლევს უფასო ტრენინგებს დავესწრო და კვალიფიკაცია ავიმაღლო. ვსწავლობ ენას და ვეცნობი ქვეყანას... ლიკა მეც არაერთ ემიგრანტთან მქონია ინტერვიუ და ვიცი, ახლა ბოლო კითხვის დრო მოვიდა; უნდა მკითხო, - ხომ დაბრუნდები? აუცილებლად დავბრუნდები!!! ჩემს მიწაზე მსუბუქად დავდივარ. ჩვენთან სხვანაირი ჰაერი, წყალი და ბუნებაა. ჰოდა, ამ ლამაზ მიწაზე მეც მინდა, რომ პატარა სახლი ავიშენო. ჩემი სამშობლო მანდ არის!

ლიკა ქაჯაია