უცნობი დეტალები "ქეთო და კოტეს" გადაღებიდან და მსახიობი, რომელმაც ეკრანზე 19-ჯერ შექმნა სტალინის სახე - გზაპრესი

უცნობი დეტალები "ქეთო და კოტეს" გადაღებიდან და მსახიობი, რომელმაც ეკრანზე 19-ჯერ შექმნა სტალინის სახე

იოსებ სტალინს პირადად არ იცნობდა, თუმცა, 19 ფილმში აქვს მისი როლი შესრულებული. იოსებ ჯუღაშვილის როლი პირველად 18 წლისამ შეასრულა რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლში "ნაპერწკალი". გარეგნული მსგავსების გამო, თურმე ბევრ მხატვარს აქვს მისი სახის მიხედვით სტალინის პორტრეტი შექმნილი...

ანდრო კობალაძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ლადო მესხიშვილის სახელობისა და თბილისში, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში. განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით ავგუსტ კეისრის როლი ჰყვარებია, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან - "კეისარი და კლეოპატრა". მართალია, პროფესიით მსახიობი იყო, თუმცა, ხატვის ნიჭიც ჰქონდა. ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება - სამივე ერთნაირად იტაცებდა და ადრეული ასაკიდან აფორმებდა წარმოდგენებს. შემდეგში, სანამ რომელიმე როლს განასახიერებდა, თითქმის ყველა პერსონაჟს ხატავდა და ასე ქმნიდა სხვადასხვა სახეს. მამაზე სასაუბროდ მსახიობის შვილს, კობა კობალაძეს შინ ვესტუმრე. ნახატებისა და პირადი ნივთების გარდა, აქ ვნახე წერილიც, რომელიც ანდრო კობალაძეს ოჯახის წევრებისათვის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაუწერია. წელს, მარტში, მსახიობის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

- ანდრო 3 თვის იყო, როცა მამამისი ალექსანდრე სურების ტყეში მოკლეს, ტყვიები გულსა და ფილტვებში ჰქონდა მოხვედრილი (დევნის მიზეზი იყო წარმომავლობა - ბაბუას წინაპრები თავადები, ერისთავები გახლდნენ). ოთხი დედმამიშვილი იყვნენ: თამარი, გრიგორი, აკაკი და ანდრო. მამაჩემი ფაქტობრივად მამიდაჩემმა თამარმა გაზარდა, რომელიც მასზე 12 წლით იყო უფროსი. შემდეგი გახლდათ გრიგორი - პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის უფროსის მოადგილე და ამავდროულად, გაგრის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც დიდი სიამოვნებით აიყვანა ხრუშჩოვი... აკაკი იყო ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე. ყველაზე უმცროსი და ცელქი ანდრო ყოფილა. მამის გარეშე იზრდებოდა და ამიტომ, მოჩხუბარი ყოფილა, თავიდანვე სიმპათიური და ამის გამო - თამამიც. ცოტა თავგასული და საკუთარ თავში დარწმუნებული. ბავშვობიდან შესანიშნავად ხატავდა, დღის წესრიგში იდგა ორი უმაღლესი: სამხატვრო აკადემია ან თეატრალური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ ვანის სკოლაში სწავლის დროს სხვადასხვა სპექტაკლში თამაშობდა. რეგიონებიდან თბილისში გასტროლებზე რომ ჩამოდიოდნენ, ანდრო მაშინ შენიშნეს და აკაკი ვასაძემ ის ხორავას წარუდგინა. როგორც კი მამამ სკოლა დაამთავრა, სამხატვრო აკადემიამდე არც მიუშვეს, აკაკი ვასაძისა და აკაკი ხორავას ზეგავლენით, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა.

GzaPress- ხომ არ ნანობდა, სამხატვრო აკადემიაში რომ არ ჩააბარა?

- დიახ, ნანობდა და ეს ბევრჯერ უთქვამს. განსაკუთრებით ქანდაკება იტაცებდა. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრები ვერ შემოვინახეთ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ვარ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. მთელ საქართველოში დავდიოდი, ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და თბილისში ფაქტობრივად არ ვიყავი. დედაჩემს - ელენე ცაავას ჰქონდა ერთი თვისება, შინიდან ყველაფრის გაცემა უყვარდა. წინაპრების თუ თავისი ნივთები, ყველაფერი გააჩუქა და ასევე, მამას ნამუშევრებიც. 90-იან წლებში სახლში პროდუქტს რომ მოვიტანდი, მეორე დღეს სახლში აღარაფერი იყო, ყველაფერს მეზობლებს ურიგებდა. დედაჩემის დიდი ბაბუა და ბაბუა იყვნენ მეუფეები, აფხაზეთში მსახურობდნენ (დედას ბაბუა 1937 წელში დაიჭირეს), ხოლო დედას მამა - კაპიტონი სოხუმში სტალინის აგარაკის დირექტორი იყო. დედის მხრიდან ჩემი წინაპრები თბილისში, რუსთაველის თეატრთან, ძნელაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ახლაც მახსოვს ის ძველი აივნიანი სახლი... მოკლედ, ჩემი სამსახურის რეჟიმიდან გამომდინარე, მამას ნამუშევრების დიდ ნაწილს იმ პერიოდში ვერ მივაქციე ყურადღება.

- თქვენი მშობლები როდის დაოჯახდნენ?

- 1950 წელს. ერთმანეთი თეატრში გაიცნეს. დედა პროფესიით გერმანისტი იყო. მე სოხუმში დავიბადე. როგორც გითხარით, ბაბუა იქ მუშაობდა. მას მაშინდელ სამსახიობო ელიტასთან ერთად დროს ტარება უყვარდა. თავადაც კარგად მღეროდა. ერთხელაც მარჯანიშვილის თეატრი გასტროლზე იყო სოხუმში. იმ დროს ჟორჟიკა ძია, ანუ ჟორა შავგულიძე, პიერ კობახიძე და მამაჩემი ერთად თამაშობდნენ სპექტაკლში "დაჭრილი არწივი". სწორედ ამ სპექტაკლის მსვლელობისას, სცენაზე გაიგეს, რომ დავიბადე. იმ დროს მამა კობას როლს ასრულებდა და კოლეგებმა სცენაზევე უთხრეს, - კობას დაბადებას გილოცავთო. ჩემს მშობლებს რაღაც სხვა სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მთელმა მარჯანიშვილის თეატრმა აიღო მოწმობა კობა კობალაძეზე (იღიმის). ბაბუაჩემმა ჩემი დაბადება მეგობრებთან და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად, სტალინის აგარაკზე აღნიშნა. იქვე ჩამოსულა ვასაძე, ხორავა და კარგი დრო უტარებიათ.

- ორი დედმამიშვილი ხართ, არა?

- დიახ. ჩემმა უმცროსმა ძმამ, აკაკიმ სამი პროფესია აირჩია: მსახიობობა, ჟურნალისტობა და იურისტობა. კაკო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ბავშვობაში, მარჯანიშვილის თეატრში მე და ჩემმა ძმამ ორ სპექტაკლში ვითამაშეთ: "მედეა" და "ჯარისკაცის ქვრივი". თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავდი, თუ როგორი მძიმე შრომა და ფიზიკური დატვირთვა ჰქონდათ, თეატრალურში ჩაბარებაზე არც მიფიქრია. კინოსტუდიაში ელდარ შენგელაიას და რეზო ჩხეიძეს კინომსახიობთა ჯგუფი ჰყავდათ და იქ დავდიოდი, მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვა გამომდიოდა. თან იმ დროს უკვე კომკავშირის კომიტეტის მეორე მდივანი ვიყავი და ფიზიკურად ვეღარ შევძელი.

- ანდრო კობალაძე 18 წლის იყო, როცა რუსთაველის თეატრში სტალინის როლი შეასრულა და როგორც მითხარით, შემდეგ მან 19 ფილმში შექმნა ჯუღაშვილის სახე. როგორ დაიწყო, ვინ აღმოაჩინა მსგავსება და ვინ შეუქმნა ეს ნიშა?

- პირველი ალბათ, სკოლის დრამწრის ხელმძღვანელი იყო, შემდეგი აკაკი ვასაძე და მას შემდეგ - აკაკი ხორავა. პირველი ფილმი, სადაც ანდრომ ახალგაზრდა კობას როლი შეასრულა, "იაკობ სვერდლოვი" იყო.

- მამათქვენი და სტალინი სადმე თუ გადაკვეთილან?

- არა, არ შეხვედრია. საკავშირო პრემიერამდე ფილმებს ყოველთვის სტალინი ნახულობდა, მით უმეტეს, ყოველთვის ამოწმებდა იმ ფილმებს, სადაც მისი პერსონაჟი გახლდათ. ერთ-ერთი ასეთ "დო ეკრანა" ჩვენებაზე, როცა სტალინს ფილმი უნახავს, სადაც მის პერსონაჟს თავისი ცნობილი ჩიბუხი არ ჰქონდა, რეჟისორისთვის უთქვამს, - რა არის, ჩიბუხი ვერ იშოვეთო?! ამ სიტყვებით თავისი ჩიბუხი რეჟისორისთვის მიუწოდებია, ეს მსახიობს გადაეცითო. ახლა სტალინის ის ჩიბუხი ჩემს ოჯახშია. თავად მამა არ ეწეოდა, სიგარეტს ვერ იტანდა. ჩვენს ოჯახში არც დედა ეწეოდა და არც ჩვენ.

ერთხელ კინოსტუდიის დირექტორმა, ვლადიმერ მაჭავარიანმა თავისთან დაიბარა რეჟისორი ტაბლიაშვილი და აცნობა, რომ ვიქტორ დოლიძის ოპერის - "ქეთო და კოტე" ეკრანიზაციას აპირებდნენ. საბჭოთა ხელისუფლებას მუსიკალური კომედიური ჟანრის ფილმი II მსოფლიო ომით დათრგუნვილი ადამიანების გასახალისებლად სჭირდებოდა.

საბჭოთა კავშირის მიერ დამტკიცებულ ფილმების სიაში, რომელზეც მუშაობა უახლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო, "ქეთო და კოტეც" მეექვსე თუ მეშვიდე ნომრად ეწერა და რეჟისორად ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო მითითებული. განცხადებას ხელს სტალინი აწერდა... რეჟისორმა მარჯანიშვილის თეატრში მეორე დღესვე შესთავაზა ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს, ხოლო კოტეს როლზე დაამტკიცეს ანდრო კობალაძე, მაგრამ მაშინდელი ქვეყნის პირველი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ, კობალაძე ბათუ კრავეიშვილით ჩაანაცვლეს...

- ბატონო კობა, მამათქვენი სამ თეატრში მუშაობდა, შემდეგ ვახტანგ ტაბლიაშვილმა "ქეთო და კოტეში" კოტეს როლზე დააკავა, რამდენიმე სცენაც გადაიღეს, მაგრამ შემდეგ ის ბათუ კრავეიშვილით შეცვალეს. ყოველთვის მაინტერესებდა მიზეზი, რა მოხდა, თქვენ რა იცით?

- ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მუშაობის დროს, მან ითამაშა სპექტაკლში "სულელი". მაშინ გადაწყვიტეს, რომ "ქეთო და კოტეში" გადაეღოთ. ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესა და მის მეუღლე მიხეილ ჭიაურელთან ახლოს ვიყავით და ვერიკო დეიდასგან ვიცი, რომ ფილმში "ქეთო და კოტე" კოტეს როლი უნდა შეესრულებინა ანდროს. ამ ფილმის გადაღება სტალინის მოთხოვნა იყო და მისივე "ზეპირი" ბრძანება, რომ კოტეს როლი ანდროს შეესრულებინა, რადგან სტალინი მას უკვე იცნობდა ფილმებიდან და მოსწონდა. ვახტანგ ტაბლიაშვილს კანდიდ ჩარკვიანმა დაურეკა და უთხრა, რომ მთავარ როლში ბათუ კრავეიშვილი უნდა ყოფილიყო. სანაცვლოდ რეჟისორს მისცა გარანტია, რომ გადაიღებდა ფილმს ისე, როგორც მოინდომებდა. ამბობდნენ, სტალინს "ქეთო და კოტე" ძალიან მოეწონაო, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ნაწყენი დარჩა, რადგან ანდრო არ იყო კოტეს როლში. რამდენიმე წელი ფილმი საკავშირო ეკრანზე არ გაუშვეს და დიდი ხნის განმავლობაში შემოდებული იყო თაროზე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნელ-ნელა გამოვიდა ფილმი ეკრანებზე.

- მამა რას ამბობდა, რა განცდა ჰქონდა?

- ცუდ ხასიათზე იყო. დიდხანს განიცდიდა ამ ამბავს. ფაქტობრივად, ფილმის მეოთხედი გადაღებული იყო, როცა როლიდან მოხსნეს. ვფიქრობ, მედეას და ანდროს წყვილი "ქეთოსა და კოტეს როლებში" კარგი სანახავი იქნებოდა. მამას სამსახიობი გამოცდილება ჰქონდა, ასაკითაც ერთმანეთს შეეფერებოდნენ და გარეგნულადაც.

GzaPress

- შემდეგ წლებში თუ უყურებდა ამ ფილმს? - კი, მამა ბოღმიანი კაცი არ იყო. სიკვდილამდე დაწერილი მისი წერილი ხომ ნახეთ? მისი სიტყვები კარგად ხსნის, თუ როგორი პიროვნება იყო.

- ხატვის გარდა, თავისუფალ დროს რისი კეთება უყვარდა?

- რადიოებს აწყობდა. ეს იყო მისი ჰობი. ფიზიკა-მათემატიკას კარგად ფლობდა და ეს ეხმარებოდა. რადიოებს პატარა სასაპნეებში ინახავდა. იმ პერიოდში ბევრს არ ჰქონდა რადიო და ამ დროს მამას ასეთი არაერთი, პატარ-პატარა რადიო ჰქონდა და ინფორმაციას ისმენდა.

- საკავშირო მასშტაბით გადაღებებზე ყოფნის პერიოდში, ოჯახის წევრებს გწერდათ წერილებს თუ რეკავდა?

- რეკავდა ხოლმე. მახსოვს, როგორ დარეკა გერმანიიდან, მონღოლეთიდან. მართალია, არც მე და არც ჩემი ძმა ძნელად აღსაზრდელები არ ვიყავით, მაგრამ გარდატეხის პერიოდში ბიჭებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. როგორც გითხარით, ბავშვობაში მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლებში ვთამაშობდი და იმ პერიოდში ასე თუ ისე, ხალხი მიცნობდა. ერთხელ, სწრაფად მოძრავი ტრამვაიდან ჩამოვხტი. ქალმა დამინახა, ეტყობა მიცნო და მისაყვედურა, - შენ მაგალითს უნდა აძლევდე სხვებს და თავად როგორ იქცევიო?! ბიჭები ტრამვაისა და ტროლეიბუსზე ახტომა-ჩამოხტომაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ეს ჩვენი თაობის გართობის ერთ-ერთი საშუალება იყო (იღიმის).

- ჰოდა, შეგარცხვინათ ქალბატონმა...

- დიახ და მირტყა კიდეც, ყურებიც ამახია (იცინის). 10-11 წლის ვიქნებოდი მაშინ.

- მამა თუ გაგბრაზებიათ შვილებს ისე, რომ დღემდე გახსოვთ?

- არა. გვსაყვედურობდა მაშინ, როცა კარგი ნიშანი არ გვქონდა. დედაჩემი მიურბენინებდა ხოლმე დღიურს და აჩვენებდა: ანდრო, შეხედეო (იღიმის). მაშინ ეზოებსა და ქუჩებს შორის იმართებოდა ჩხუბი; ვჩხუბობდით მუშტით და არც დანას, არც სხვა ცივ იარაღს არ ვიყენებდით. ნაცემიც ვყოფილვარ. მამას ძმაკაცმა გოგი გელოვანმა ჭიდაობაზე მიმიყვანა, მამამ მიყიდა "გრუშა" და ვვარჯიშობდი. ბიჭი ვიყავი, თავდაცვაც უნდა მცოდნოდა და თავდასხმაც. ამის გამო მერე უკვე ყოჩივით გავხდი, რაზეც მამა ბრაზობდა. თან, რის გამო ხდებოდა ჩხუბი, იცით? მაშინ იყო კოჭაობა და ამ თამაშის დროს მოგვდიოდა ჩხუბი. შეიკრიბებოდნენ უბნის ბავშვების დედები და საყვედურობდნენ ყოჩის დედას. რამდენჯერმე ჩემს ოჯახშიც ასე რომ მოხდა, ბუნებრივია, მამას არ ესიამოვნა და ეს იყო მისი გაბრაზების მიზეზი.

- ყველაზე მეტად ვისთან მეგობრობდა?

- რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. ძალიან უყვარდა იაშა ტრიპოლსკი. ასევე, ედიშერ მაღალაშვილი, რომელიც ჩემი მეორე მამა იყო. ძალიან თბილი კაცი. მგონი, მას უფრო მეტი შენიშვნა აქვს მოცემული ჩემთვის, ვიდრე მამას, მაგრამ მისი სიტყვები ოდნავადაც არ მწყინდა. ლამაზი კაცი და ნიჭიერი მსახიობი, უგანათლებულესი პიროვნება იყო. ისეთი დიდი ამპლიტუდის მსახიობი, რომ ყველა სახის გამოძერწვა შეეძლო.

- მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვვითარდებით, მაინც დღემდე რჩებიან მაყურებლები, ვინც პერსონაჟს მსახიობთან აიგივებენ. სტალინის რეჟიმის მსხვერპლების მხრიდან, მამას მიმართ იყო უარყოფითი დამოკიდებულება?

- მართალი ბრძანდებით, იყო. სტალინის როლების შესრულებამ მამას დიდხანს შეუშალა ხელი და 10-15 წელი ნორმალური როლები არ ღირსებია. ბევრი რეპრესირებული რეჟისორი "მოვიდა" და მათი მხრიდან იყო ეს დამოკიდებულება. ერთ საგრიმიოროში ისხდნენ: მამა, ტრიპოლსკი, მაღალაშვილი, ალე ომიაძე და გრიმს იკეთებდნენ. მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძე შემოვიდა და მამაჩემზე თქვა, ანდროს რომ ვუყურებ, სტალინი მგონიაო. მოგეხსენებათ, რა უქნეს გიგას ოჯახს, როგორ გაანადგურეს, ან ვინ გაახარეს იმ დროს?!. რაც ვიცი, არც ქუჩაში ან სადმე სხვაგან არ ყოფილა შემთხვევა, რომ ანდროს მიმართ სტალინის როლების შესრულების გამო აგრესია გამოეხატათ. პირიქით, უყვარდათ. ისიც მახსოვს, კინოში "ქალის ტვირთის" პრემიერა რომ გაიმართა, როგორც კი ეკრანზე მამაჩემი გამოჩნდებოდა, დარბაზი ტაშით ინგრეოდა.

- ალბათ ბევრს გაუჩნდება ეს შეკითხვა, ნუთუ ანდრო კობალაძეს, სტალინის ამდენი როლის შემსრულებელს, მისი მხრიდან არ ჰქონდა პრივილეგიები?

- არავითარი! პრივილეგია სტალინის შვილებს არ ჰქონიათ და ანდროს რა პრივილეგია უნდა ჰქონოდა?!

- გამოდის, სტალინისგან მხოლოდ მისი ერთ-ერთი ჩიბუხი დაგრჩათ...

- ჰო, ანდროსთან გამოგზავნილი ჩიბუხი და ასევე, სტალინის მანქანის სანომრე ნიშანი: MH 33-30. ახლა არ გაგეცინოთ და ვლადიმირ პუტინს აქვს მანქანის ნომერი: 30-33.

- როგორ აღმოჩნდა სანომრე ნიშანი თქვენს ოჯახში?

- მამაჩემი ავტოპარკში ვერ შევიდოდა და სანომრე ნიშანს ვერ მოიპარავდა (იღიმის); ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე აჩუქეს, როგორც ვიცი.

- სიცოცხლის ბოლო წლები როგორ გაატარა? წერილში წერს, რომ ოპერაციისთვის ემზადებოდა...

- ფილტვის და პანკრიასის კიბო ჰქონდა. დიაგნოზი თავად დაუსვა საკუთარ თავს და შემდეგ მისი ეჭვი დადასტურდა. მეოთხე სტადია იყო. ყველაფერი გავაკეთე, რომ მისი სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა. საავადმყოფოში დედა გვერდიდან არ შორდებოდა, აკადემიკოსმა ექიმმა ფიფიამ ცალკე ოთახი გამოუყო, ლუქსივით და იქ იწვა. დიდ პატივს სცემდა. ძალიან განათლებული კაცი იყო. ექიმი და პაციენტი პალატაში კითხულობდნენ ლექსებს. მამა ამ წერილის დაწერიდან 6 თვეში გარდაიცვალა...

ანა კალანდაძე