ამერიკაში ყველაზე არაორდინარულ მხატვრად აღიარებული ქართველი - გზაპრესი

ამერიკაში ყველაზე არაორდინარულ მხატვრად აღიარებული ქართველი

ქართველი მხატვარი - თიკო სანიკიძე რამდენიმე წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს... მას მრავალი წარმატება ხვდა წილად და თანაც, მთელი ამერიკის მასშტაბით, ყველაზე არაორდინარულ მხატვრად აღიარეს... მიუხედავად გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა, თიკო სანიკიძე ნიუ-იორკიდან ვრცლად გვესაუბრა, თუ როგორ შეძლო მიეღწია ხელოვნებაში უმაღლესი მწვერვალებისთვის...

- მალე მანჰეტენზე გამოფენა იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებთ... გვიამბეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე და რას ნიშნავს თქვენთვის მასში მონაწილეობა?

- პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მომეცით ჟურნალ "გზის" მკითხველებთან ურთიერთობის საშუალება... დიახ, დაგეგმილი მაქვს ნიუ-იორკში, ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც გაიმართება მანჰეტენზე მდებარე გალერეა Artifact-ში. 3 წლის განმავლობაში მრავალი გამოფენა მქონდა ნიუ-იორკში სხვადასხვა საგამოფენო დარბაზში, როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური. მათგან განსხვავებით, ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მხატვრები, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არც ერთ წინა გამოფენებზე არ მქონია შესაძლებლობა, თანამემამულეებს შევხვედროდი.

GzaPress

- დღეს ნიუ-იორკში მსოფლიო ხელოვნების ცენტრია, სადაც მილიონობით ხელოვანია. როგორ შეძელით ამხელა კონკურენციის პირობებში წარმატებული კარიერა აგეწყოთ?.. - ნამდვილად ურთულესი გზა გავიარე. ვფიქრობ, წარმატების მიღწევაში დამეხმარა თავდაუზოგავი შრომა, მიზანდასახულობა, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და ისიც, რომ გულწრფელი ვარ აუდიტორიასთან, ანუ ვხატავ იმას, რასაც რეალურად ვგრძნობ და განვიცდი. ვფიქრობ, ყველაფერმა ერთად განაპირობა ის, რომ ჩემი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები შემოვიკრიბე გარშემო.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავით. ნიუ-იორკში მიღებული გამოცდილებიდან, რას ისურვებდით, საქართველოში რომ გაკეთებულიყო მხატვრებისათვის და როგორი გარემოა აქ ხელოვანისთვის?

- საქართველოში სულ რაღაც 10 დღით შევძელი ჩამოსვლა. 3 წელია არ ვყოფილვარ სამშობლოში და მიუხედავად ყოველდღიური კონტაქტებისა ახლობლებთან, ჩემი თვალით ნანახი რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ამერიკაში მომწონს დამოკიდებულება ხელოვანების და საერთოდ, ნიჭიერი ადამიანების მიმართ. რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე. ძალზე მძიმე იყო ჩემი ხალხის მოწყენილი და ჩაფიქრებული სახეების ხილვა. მინდა, უფრო ბედნიერ და ხალისიან საზოგადოებას ვხედავდე. რაც შეეხება გარემოს ხელოვანებისთვის, ის რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მოსახლეობის კეთილდღეობასთან, მათ მატერიალურ მდგომარეობასთან. თუ ადამიანს ყოველდღიური სიდუხჭირე აწუხებს, ის ვერ იფიქრებს ხელოვნებაზე, არც გაახსენდება, რომ სადღაც გამოფენა იმართება. მას უბრალოდ, საამისო განწყობა და შესაძლებლობა არ ექნება. ამიტომ, ჩემი ნატვრაა, ეს მდგომარეობა მალე შეიცვალოს და ჩვენმა ნიჭიერმა ხალხმა ღირსეულად იცხოვროს.

GzaPress

- ამბობენ, რომ შეუძლებელია ადამიანმა შექმნას ნახატები, რომელსაც თქვენ ქმნით... - დიდი მადლობა ჩემი ხელოვნებით დაინტერესებისათვის. თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ, რომ უბრალო ფანქრით შექმნილი ჩემი ნახატები ძნელად გასარჩევია ფოტოსგან და ამის გამო ხშირად კურიოზიც გადამხდენია თავს. გამოფენაზე მინახავს ლუპით შეიარაღებული დამთვალიერებელი, რომელიც ასე ცდილობდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ მის წინაშეა ნახატი. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ერთმა ცნობილმა ნახატების ონლაინსაიტმა უარი მითხრა ცხოველების ნახატების ატვირთვაზე მიზეზით, - ჩვენ ცხოველებს არ ვყიდითო. მათ ჩემი ნახატები ცხოველების ფოტოებში აერიათ. მიმდინარეობა, რომელსაც მე ვანიჭებ უპირატესობას, ცნობილია "ჰიპერრეალიზმის" სახელწოდებით და იმისთვის, რომ ასეთ მსგავსებას მიაღწიო, უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო. თითოეულ დეტალს სკრუპულოზური დამუშავება სჭირდება. ხშირად ნახატის შესაქმნელად რამდენიმე კვირა და შესაძლოა, თვეებიც იყოს საჭირო... რაც შეეხება გამოფენებს, რამდენიმეს გამოვყოფდი: 2013 წელს მიმიწვიეს საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით "პორტრეტის მელოდია". ეს გამოფენა ჩემთვის საეტაპო აღმოჩნდა. მასში 23 ქვეყნის 200-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ყველა ჟანრში შექმნილი პორტრეტები: ზეთი, აკვარელი, გრაფიკა. მხოლოდ ჩემი 4 ნამუშევარი იყო უბრალო ფანქრით შესრულებული. იმდენად შთამბეჭდავი ნახატები იყო გამოფენილი, არც კი მეგონა, ჩემს ნამუშევრებს თუ შეამჩნევდნენ. გავოცდი, როდესაც ჩასვლისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი ნახატი "თითა" ფაქტობრივად, გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა. ის უზარმაზარ ბანერზე იყო გადაჭიმული, შემდგომში კი გაიმარჯვა ნომინაციაში "ბედის საჩუქარი". ამ გამოფენაზე ჩემი ოთხივე ნახატი კერძო კოლექციონერმა შეიძინა, უამრავი ხელოვანისა და ექსპერტის ქება დავიმსახურე. ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო დამეხვეწა ტექნიკა, რასაც დღემდე ვაგრძელებ.

ჩემს შემოქმედებაში ძალზე დიდი ადგილი უჭირავს რომის გამოფენას (2015 წლის ივლისი), სახელწოდებით "შავი და თეთრი", სადაც წარმოდგენილი იყო 50-მდე გრაფიკული ნამუშევარი. გამოფენის სახელწოდება გამომდინარეობდა იქიდან, შერჩეული იყო მხოლოდ გრაფიკული, ანუ შავ-თეთრი ნამუშევრები და ამავდროულად, ჩემი სამყაროს აღქმა ამ პერიოდში მხოლოდ შავ-თეთრი იყო. ნახატებზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა ჩემს ქალაქში მომხდარ დიდ ტრაგედიას - წყალდიდობას, რომელმაც ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამიტომ შევქმენი მხოლოდ შავ-თეთრი ნახატები, რომლებიც გადმოსცემდნენ ჩემს განცდას, თანაგრძნობას და ამავდროულად, მომავლის იმედს. გამოფენა შეაფასა ცნობილმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნე Emma Camiglya-მ. მან აღნიშნა, რომ ჩემი ნახატები გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერით, რომელიც ახლოა რენესანსის პერიოდის მხატვრობასთან.

GzaPress 2016 წელს ჩემი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკის ცნობილ საგამოფენო დარბაზში Agora Gallerry-ში, სადაც ნახატებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ექსპერტებისა და ხელოვნებათმცოდნეების, ასევე მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლის მხრიდანაც. მათ აღნიშნეს, რომ მხატვრის მიერ ასახული დეტალები იმდენად ზუსტადაა გამოსახული, რომ კამერითაც გაძნელდება რეალობის ასეთი სიზუსტით ასახვა. ამავე წელს გავმართე პერსონალური გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "მსოფლიო ტერორიზმის გარეშე" და წარვადგინე ამ თემატიკაზე შექმნილი 30-მდე ნამუშევარი. მიუხედავად უამინდობისა, გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ესწრებოდა. განსაკუთრებული მოწონება ჩემმა მასშტაბურმა ნახატმა, სახელწოდებით "იმედი" დაიმსახურა. ეს ნახატი უბრალო ფანქრითაა შესრულებული. მის შესაქმნელად 2 წლის თავდაუზოგავი შრომა დამჭირდა. თუმცა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ნახატში გადმოვეცი ჩემი როგორც ხედვა, ემოცია და იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ტერორიზმის, როგორც მანკიერი გამოვლენის მიმართ... GzaPress

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები... - გეგმები კვლავ საინტერესო პროექტებთანაა დაკავშირებული, როგორც ამერიკაში, ასევე სხვაა ქვეყნებშიც. მაქვს მოწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან. რამდენიმე გამოფენა უკვე დაგეგმილია, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები შემოდგომაზე დაგეგმილ ორ პერსონალურ გამოფენას საქართველოში: ერთი გაიმართება ოქტომბერში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მექნება წარვდგე ჩემი ყველაზე კრიტიკული დამთვალიერებლის წინაშე. ვეცდები, არ გაგიცრუოთ იმედები. ასე რომ, მალე შევხვდებით!

მანანა გაბრიჭიძე