"იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოს ლტოლვილთა სამინისტროსთან..." - გზაპრესი

"იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოს ლტოლვილთა სამინისტროსთან..."

33 წლის მაკა რიგვავა წარმოშობით აფზახეთიდან, გალის რაიონიდან არის. 3 შვილის დედა მეოთხეს მოლოდინშია. 12 წლის მარიამი შშმ პირია, ჟანა 9 წლისაა, დანიელა - 5-ის. ბევრი განსაცდელის მიუხედავად, მაინც არ დაკარგა ბრძოლის უნარი. არც თვითონ და არც მის მეუღლეს შრომა არ ეზარება, თუმცა არის ისეთი პრობლემებიც, მარტო რომ ვერ გაუმკლავდებიან. ამის მიუხედავად, არავის სთხოვენ დახმარებას, არავისკენ იწვდიან ხელს... სოციალურ ქსელში მაკას შეკერილი ულამაზესი საოჯახო აქსესუარები რომ ვნახე, დავინტერესდი და მივწერე. დამთანხმდა, ქუჩაში შევხვდით და რაკი კარგი ამინდი იყო, სკვერში ჩამოვსხედით სასაუბროდ. რამდენჯერმე თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ ჯიუტად ცდილობდა თავის შეკავებას - არ უნდოდა დამენახა, რომ ტიროდა და არ უნდოდა მეგრძნო, როგორ სტკიოდა...

- ჩვენს სოფელს თაგილონი ჰქვია. აფხაზეთიდან რომ წამოვედით, 8 წლის ვიყავი და ბევრი რამ კარგად მახსოვს. თავიდან ყველას იმედი ჰქონდა, რომ ომი მალე დამთავრდებოდა. ერთ დღეს მშობლებმა დილაადრიან წამოგვყარეს მე და ჩემი პატარა და და ლეიბის პირში საჩქაროდ ყრიდნენ რაღაცებს, თან გვეუბნებოდნენ, 1-2 დღეში დავბრუნდებით, არ შეგეშინდეთო. მახსოვს, ხიდზე გადავდიოდით, ერთ ადგილას ჩატეხილი იყო. დედა ისე იყო გათიშული, ვერ დაინახა, ფეხი დაუცურდა და რომ არა მამას უსწრაფესი რეაქცია, ჩემს დასთან ერთად ჩავარდებოდა. ერთხანს ნათესავებთან ვცხოვრობდით. ბავშვებს გვეგონა, სალუტებს ისროდნენ, ომი თამაში გვეგონა, თანაც მშობლები არასდროს საუბრობდნენ ამაზე, არ უნდოდათ შეგვშინებოდა. მალე დავბრუნდებითო, - სულ ამას გვეუბნებოდნენ. მამას დღემდე აქვს იმედი, რომ დაბრუნდება - წამითაც არ გავჩერდები აქ და გალში წავალო, ამბობს.

- რა პროფესიის ხარ?

- მაკროეკონომისტი ვარ პროფესიით. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. პატარაობიდანვე მეხერხებოდა ხელსაქმე. მახსოვს, ჩემი და რომ დაიბადა, 5 წლის ვიყავი და თვითონ მოვუქსოვე უმკლავებო ჯემპრი. დედა კარგად ქსოვდა და აფხაზეთში ბევრი შეკვეთა ჰქონდა. მამაჩემის დედა კი კერავდა და როგორც ჩანს, მე კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი - ყურებით ვისწავლე ქსოვაცა და კერვაც. დღემდე მქონდა შენახული ჩემი მაშინდელი ნახელავები და ჩემმა შუათანა გოგომ დამიჭრა თამაშ-თამაშში.

GzaPress- პროფესიით არასდროს გიმუშავია?

- 21 წლის გავთხოვდი და პირველი შვილი, მარიკუნა ნაადრევად, მეშვიდე თვეში გამიჩნდა. დაიწყო პრობლემები. მედიცინაში ბევრი არაფერი გამეგებოდა და ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა. ექიმები მეუბნებოდნენ, - არაფერია, რაღაც ინფექცია გექნებოდა და ამის ბრალიაო, მაგრამ ორსულობის პერიოდში ანალიზებში ყველაფერი რიგზე იყო. ცოტა სტრესული პერიოდი კი მქონდა - ჩემი მეუღლე სომეხია, თან, დაოჯახების გამო სწავლა შევწყვიტე და მშობლები გამინაწყენდნენ, რის გამოც ვნერვიულობდი. გამიმართლა, ნამდვილად კარგი ოჯახი და კარგი მეუღლე შემხვდა. მათგან არასდროს მიგრძნია, რომ ქართველობის გამო არასასურველი რძალი ვიყავი, პირიქით კი ბევრჯერ მომხდარა... ერთ წელს ისე მოხდა, რომ სპეციალურ პროგრამაში ვერ მოვხვდით და ეტლი ვერ მივიღეთ, მარიკუნა მაშინ 4 წლის იქნებოდა. ჩემს ქმარს ხელში აყვანილი დაჰყავდა ყველგან - ეს იყო 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდი. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ზუსტი სახელწოდება აღარც მახსოვს, საბუთები მომთხოვეს და მითხრეს, საჩუქრად ეტლს გადმოგცემთო. ბავშვი ვერავის დავუტოვე და საბუთები ჩემმა მეუღლემ წაიღო. 3 ბავშვისთვის უნდა მიეცათ თურმე ეტლი. ჩემი მეუღლისთვის უკითხავთ: სარგატიანი სვანური გვარიაო? სომხები ვართო, უპასუხია და ჩაულაპარაკებიათ, - უიმე, რა იყო, ქართველებში დაილია ინვალიდი ბავშვები, სომეხს რომ არ მივცეთ ეტლიო? ერთი სიტყვით, უარით გამოუშვეს. ისეთი გამწარებული დაბრუნდა სახლში, ხმას ვერ იღებდა - მათთვისაც ვერაფერი უთქვამს.

- მარიამს რა დიაგნოზი აქვს?

- მშობიარობის შემდეგ ტრავმა განუვითარდა, თავდაპირველი დიაგნოზი იყო ჰიდროცეფალია, მსუბუქ ფორმებში. გაუკეთეს შუნტირება და ამის შემდეგ, 3 წლის მარიამს, რომელიც 9 თვის ასაკიდან ლაპარაკს ცდილობდა და დადიოდა, ცერებრალური დამბლა დაემართა... იმ პერიოდში ძალიან დაგვეხმარა დედების ფონდი და სრულიად უცხო ადამიანებიც. მირიცხავდნენ თანხას, მირეკავდნენ, მიბოდიშებდნენ, რომ მხოლოდ ერთი ლარი ჩარიცხეს და მეტის საშუალება არ ჰქონდათ. რამდენმა პენსიონერმა დამირეკა, რომ იცოდეთ... გაოცებული ვიყავი ხალხის გულისხმიერებით. ახლა უკვე ეპილეფსიაც დაერთო მარიამის ავადმყოფობას, რის გამოც ოპერაციის გაკეთებას ვერ ვახერხებთ.

- როგორც მითხარი, საცხოვრებლის პრობლემა გაქვთ.

- ფაქტობრივად, ქუჩაში ვრჩებით... როგორც დევნილს, მეკუთვნოდა 26.000 ლარი თანადაფინანსება სახლის შესაძენად. წლების განმავლობაში ვცხოვრობდით მეუღლის ნათესავის სახლში, ჩვენ ძალიან პატარა ოთახი გვქონდა იმავე ეზოში, მაგრამ ვერ ვეტეოდით ორ ოთახში - ჩვენთან ერთად ცხოვრობს ჩემი დედამთილიც და კიდევ, ჩემი ქმრის ბებიაც და ამიტომ ნათესავმა თავისი ფართობი დაგვითმო. როდესაც გაყიდვა მოისურვა, მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროს. სულ 33.000 ლარი იყო გადასახდელი. 9.000 ლარს მე დავამატებ-მეთქი ბანკიდან, ვფიქრობდი. ძალიან რომ გაჭიანურდა ეს საქმე, სახლი გადავიფორმეთ და რამდენიმე დღეში ავიღეთ იპოთეკური ლომბარდი, გამოვიტანეთ მთლიანი თანხა იმ იმედით, რომ ლტოლვილთა სამინისტრო, როცა იქნებოდა, იმ 26.000 ლარს ჩაგვირიცხავდა. უკვე 3 წელი სრულდება და არავინ არაფერს გვაძლევს - რაკი თანხა იშოვე, დახმარება უკვე აღარ გეკუთვნისო. ერთი წლის მანძილზე რის ვაი-ვაგლახით ვიხადე თვეში 1.068 ლარი. ათწლიანი სესხი მაქვს. ყოველთვიურად ამხელა თანხას საიდან მოვიტან მე, სოციალურად დაუცველი? ბოლო 2 თვეა, ვერ ვიხდი. ბანკმა ერთხელ უკვე გაგვიკეთა რესტრუქტურიზაცია. კომისია უნდა მოსულიყო და სახლი უნდა შეეფასებინათ, ამას აუცილებლად გეტყოდნენ, კანონით ასეა და ვერაფერს გიშველით ახლაო, - მეუბნებიან ლტოლვილთა სამინისტროში. რამდენად გაუნათლებელი და უვიცი უნდა ვიყო, რომ ვერ მივხვდე, რას მეუბნებიან? ასეთი რამ რომ ეთქვათ, მაინც გავრისკავდი და ამდენ ვალს წამოვიკიდებდი?.. ზედმეტს არ ვითხოვ, ვიმუშავებ და გადავიხდი იმ 9.000 ლარს, დანარჩენზე კი იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოს ლტოლვილთა სამინისტროსთან...

- მეუღლე თუ მუშაობს?

- მეუღლე მუშაობდა ერთ-ერთ ფონდში, რომელიც დაიკეტა და უმუშევრად დარჩა. მუშაობას არ თაკილობს, ოღონდ იყოს საქმე. აგვისტოში ფეხი მოიტეხა, 1 თვე არ მივიდა ექიმთან, თვითონ შეხორცდებაო. ოქტომბერში მაინც დასჭირდა ოპერაცია, მინიმუმ 6 თვე არ შეიძლებოდა ფიზიკური აქტივობა, მაგრამ დეკემბერში გავიდა სამუშაოდ. ახლა სოციალური დახმარება გვაქვს, ამით ვარსებობთ და კიდევ, ჩემი შეკერილი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხით. მახსოვს, პირველად რაღაც რომ გავყიდე და თანხა სახლში მოვიტანე, რა ბედნიერი ვიყავი. მარიკუნას შოკოლადი ძალიან უყვარს და როცა საშუალება გვაქვს, ვყიდულობთ. მაშინაც ვუყიდე, ვიცოდი, გაუხარდებოდა... მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებს არაფერი მოვაკლოთ, ჩვენ თუ მოვიკლებთ რამეს, არა უშავს...

GzaPress

- მაკა, მართლა ულამაზეს რამეებს კერავ. კარგად იყიდება? - ვკერავ გადასაფარებლებს, თეთრეულებს, ბალიშებს, დეკორატიულსაც, მაგიდის გადასაფარებლებს, სხვადასხვა აქსესუარს, კარვებს, საქორწილო კაბაც გამიწყვია მარგალიტებით... თავიდან ერთი გოგო დამიკავშირდა საიტიდან, დადო ჩემი ნამუშევრები და იყიდებოდა ასე თუ ისე. მერე უკვე სხვადასხვა საიტიდან მიკავშირდებოდნენ და თითოეულ ლარზე მევაჭრებოდნენ მაშინ, როცა თვითონ 40-50 ლარს უმატებდნენ. მასალა იაფი არ ჯდება, მე კი მერიდება თანხის თქმაც, ვიცი, რომ ბევრს უნდა თავისი შვილისთვის ყიდვა და ვერ ახერხებს. ამას წინათ დამირეკა ვიღაც ქალმა და მთხოვა, 85 ლარი მაქვს, მეტი არა და იქნებ კარავი გამიკეთო, ზედა ნაწილი მაინც, ძირი არ უნდაო. 120 ლარს რომ ვაფასებ კარავს, იქიდან 100 ლარი მასალას სჭირდება. რაღაცნაირად გულზე მომხვდა იმ ქალის სიტყვები და შევპირდი, შეგიკერავთ-მეთქი. იქნებ როგორ უნდა ბავშვს? ჩემს შვილებს წინ ასმაგად დახვდებათ ჩემი საქციელი... კარვები ძალიან კარგი ყოფილა ბავშვის განვითარებისთვის, განსაკუთრებით აუტისტი ბავშვებისთვის. შშმ პირებისთვის სპეციალური ორთოპედიული ბალიშები შევკერე, რამდენიმე გავყიდე, მაგრამ თეთრიც არ მოვამატე, ჩემს შვილებს როგორ მოვახმარო ის ფული? ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა მაღაზია და ვისაც ბევრი ფული არა აქვს, იმანაც შეძლოს შვილისთვის სასურველი სათამაშოების ყიდვა.

- რა მასალას იყენებ?

- ნატურალურ ქსოვილებსა და საღებავებს, ხეს, ლენტებს... გოგოები ძალიან მეხმარებიან, განსაკუთრებით ჟანა. საოცრად კარგი გემოვნება აქვს და იცის, მის თანატოლებს რა მოეწონებათ. ამიტომ ჟანას რჩევებსაც ვითვალისწინებ... ვამაყობ და ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით. ორივე ისე ზრუნავს მარიამზე, ყველაფერს, პირველ რიგში, მას მიურბენინებენ ხოლმე. მარიამი გიჟდება შუათანა დაზე. პატარას რომ ვუბრაზდები, უხარია და იცინის, მაგრამ როცა ჟანას ვუბრაზდები, კივის, არ ეჩხუბოო. ვცდილობთ, პრობლემები მათ არ მოვახვიოთ თავზე. ბავშვები რომ დაიძინებენ, მაშინ ვლაპარაკობთ, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ.

P.S. იმ დღეს მაკასა და მისი მეუღლის სიკარგეზე ფიქრი ამეკვიატა - არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან შვილების ფასი; რომლებიც არასდროს მიატოვებენ განსაცდელში მყოფებს, ავადმყოფობისას და ხელში ატატებულს ატარებენ მთელი ცხოვრება; რომლებმაც იციან შრომის ფასი და არ ეზარებათ საქმის კეთება, მაგრამ იქნებ ვისაც ხელეწიფება, დაინტერესდეს და დაეხმაროს იმ პრობლემის მოგვარებაში, რასაც თავად ვეღარ ახერხებენ...

ნინო ჯავახიშვილი