თუშეთის ექსტრემალური გზა და თხოვნა ღმერთს
font-large font-small
თუშეთის ექსტრემალური გზა და თხოვნა ღმერთს
ტკივილმა შემაყვარა მოლაშქრეობა

პროფესიით დიპლომატი თათია დალაქიშვილი 4 ენაზე ლაპარაკობს - ინგლისურად, რუსულად, იტალიურად და ფრანგულად. 2014 წლიდან მეუღლესთან ერთად მოგზაურობს და 16 ქვეყანა მოინახულა. წელს უკვე რამდენიმე ქვეყნის ნახვა მოასწრო. იყო იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსზე, ესპანეთსა და პორტუგალიაში, ოქტომბრამდე პაუზა აქვს აღებული და აღარაფერს გეგმავს. თათია ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა და სიმართლე გითხრათ, მისმა მოყოლილმა ამბებმა, რომ სხვა ქვეყანაში ტურისტებს ატყუებენ, ცოტათი დამამშვიდა. იმის შესახებ, თუ როგორ და რაში ატყუებენ, თავად გვიამბობს:


- 25 წლის ვარ, პროფესიით დიპლომატი, ამჟამად მარკეტინგის განხრით ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში. ბავშვობიდან მიტაცებდა მოგზაურობა და ვიფიქრე, თუ დიპლომატი გავხდები, ბევრს ვიმოგზაურებ-მეთქი (იცინის). 3-4 წლის ვიყავი ალბათ, აივნიდან თვითმფრინავს რომ დავინახავდი, ფანჯრისკენ გავრბოდი და ბებიას ვეძახდი, შეხედე, ამით მეც უნდა ვიფრინო-მეთქი. როდესაც სრულწლოვანი გავხდი, ჯერ საქართველო მოვიარე. ვფიქრობ, პირველ რიგში, საკუთარ სამშობლოს უნდა იცნობდე კარგად. ჩემს მეგობრებს არ ხიბლავდათ ლაშქრობები და კარავში ძილი, ამიტომ სხვადასხვა ჯგუფს დავყვებოდი. ყველა კუთხე მოვინახულე, მაგრამ სვანეთი, მესტია ეს ის ადგილია, სადაც დაუფიქრებლად, დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად. მახსოვს, პირველად ხადას ხეობაში მეუღლესთან ერთად წავედი, მაშინ შეყვარებულები ვიყავით. რატომღაც ჩავთვალე, რომ ლაშქრობა იყო ჩვეულებრივი ექსკურსია და შესაბამისად არ ჩავიცვი. ჭინჭრებში ჩავვარდი, დავისუსხე, დავიმტვერი და ლამის პირველივე ლაშქრობისას დავასრულე ჩემი საქმიანობა. სწორედ ამ ტკივილმა შემაყვარა მოლაშქრეობა. ამის შემდეგ კიდევ რამდენი რამ გადამხდა თავს... თუშეთის გზა ექსტრემალური იყო, მთა ჩამოწვა და გზა ჩაგვიხერგა, ჩვენს მძღოლს თითები ჩაჰყვა და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მე ვიყავი ადამიანი, ვისაც მისთვის უნდა ეშველა და ვუშველე კიდეც. პირველადი დახმარების აღმოჩენა ყველამ უნდა იცოდეს, მით უფრო იმან, ვინც ლაშქრობაში წასვლას გადაწყვეტს. თითებს მართლა დაკარგავდა, მე რომ არ მეყოჩაღა. ძალიან მომხიბლა აბუდელაურის ტბებმა. იმისათვის, რომ დატკბე რაც გაქვს, იამაყო და დარწმუნდე, რომ სხვას შენზე მეტი არაფერი აბადია, აუცილებლად უნდა მოიარო საქართველო. უბრალოდ, მოუვლელია ბევრი ადგილი და ჩვენ, ყველამ თუ ჩვენი ქვეყნის აღორძინებას შევუწყვეთ ხელი, ძალიან ძლიერი ქვეყანა გვექნება. მეამაყება, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ!
GzaPress
- თათია, რას ნიშნავს შენთვის, იყო მოგზაური, ეცნობოდე სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიას...
- აუცილებლად უნდა გადადოთ დრო და თანხა, რომ იმოგზაუროთ - იმდენ სიახლეს გაიგებთ, ისეთი მრავალფეროვანი გახდება თქვენი ცხოვრება, რომ ვერ წარმოიდგენთ. ბებია 72 წლის არის, წელს ჩვენთან ერთად პირველად მოიარა რამდენიმე ქვეყანა და სრულ შოკში იყო. ახლახან ლისაბონში ისეთი მუზეუმი ვნახე, რომ მას შემდეგ არ მასვენებს ფიქრი - ნეტავ, მისი მსგავსი საქართველოშიც გაკეთდეს. თან გიყვებიან, როგორ განვითარდა ქვეყანა, თან ისე ლამაზად არის გაფორმებული, დიდი სიამოვნებით მოუსმენ და დაათვალიერებ. სულ იმას ვფიქრობ, რა ინფორმაცია, რა იდეები წამოვიღო აქეთ, რაც ქვეყანასაც წაადგება და ხალხსაც. როდესაც ჩემი უცხოელი სტუმრები მეუბნებიან, რა ბედნიერები ხართ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობთო, გული მწყდება, თვითონ ასე რომ არ ვაფასებთ საკუთარს.
- წინასწარ თუ მოიძიებ ხოლმე იმ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, სადაც აპირებ წასვლას?
- ყოველთვის წინასწარ მოვიძიებ ხოლმე ინფორმაციას და გათვლილი მაქვს, როდის რა უნდა ვნახო, დრო რომ არ დავკარგო. ამისთვის უნდა იცოდე, რომელი სანახაობა რომელ საათზე იწყება, რომელზე სრულდება, რა ღირს ბილეთი, რა გელოდება ამა თუ იმ მუზეუმში და ა.შ. ლისაბონში ყოფნის დროს მე, მაგალითად, აღვფრთოვანდი აზულეჟუთი, მაგრამ შეიძლება სხვას არც კი დააინტერესოს. აზულეჟუ არაბული სიტყვაა და ნიშნავს გაპრიალებულ ქვას. ეს არის პორტუგალიური კერამიკული, კაფელ-კრამიტის მეშვეობით შექმნილი ნამუშევარი, რომელიც უმთავრესად ეკლესიებისა და სასახლეების გასაფორმებლად გამოიყენებოდა და ბევრი მათგანი პორტუგალიის ისტორიას გადმოსცემს.
- შენ რის მიხედვით ირჩევ ქვეყანას - ბუნების, ისტორიის, ღირსშესანიშნაობების?
- ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას. ვუყურებ ვიდეოებს და გარკვეული წარმოდგენა მექმნება ამა თუ იმ ქვეყანაზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ქვეყანას, რომელიც მომწონდა, იქ ჩასვლის მერე შთაბეჭდილება საერთოდ არ მოუხდენია. მაგალითად, საბერძნეთში, სანტორინში რომ ჩავედი, იმედი ძალიან გამიცრუვდა - ისეთი არ იყო, როგორიც წარმომედგინა.
- რომელმა ქვეყანამ დატოვა შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?
- 16 ქვეყანა ვნახე და რომი ჩემი სიყვარულია. ვატიკანის ნახვით მოგვრილი ემოციები დღემდე მომყვება, ამის შემდეგ რაღა უნდა გამიკვირდეს-მეთქი, ვიტყვი ხოლმე, მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. ძალიან მომეწონა თურქეთი - დოლმაბახჩეს სასახლე, რომლის სილამაზემ, შეუძლებელია, არ მოგხიბლოს.
- ქვეყანა, რომლის ნახვაც გინდა...
- ფილიპინების ნახვა ჩემი ოცნებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ვეწვევი. ზღვა და თოლიები განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ ჩემთვის იდეალური დასვენება ასეთ ადგილას წარმომიდგენია...
- თათია, გაქვს ბლოგი, რომლის მეშვეობითაც სხვებს ეხმარები მოგზაურობის დაგეგმვაში. საინტერესოა, რატომ გაგიჩნდა ბლოგის შექმნის იდეა?
- ჩემი ბლოგით ვაძლევ რჩევებს, როგორ იმოგზაურონ მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად; ამა თუ იმ ქვეყანაში რა ნახონ. ვურჩევ, რომ გამგზავრებისას საბუთები წაიღონ სრულად, უნდა იცოდნენ, სად მიდიან, ვისთან, რომელ საათზეა ფრენა, აეროპორტიდან ქალაქში როგორ უნდა მოხვდე. ვასწავლი, როგორ უნდა აარჩიონ ბინები სხვადასხვა საიტის მეშვეობით, რომ არ დარჩნენ მოტყუებულები და ძვირი არ გადაიხადონ, რა დააგემოვნონ. მოგიყვებით, თურქეთში რა დამემართა: იქაურები ამაყობენ ასეთი კერძით - კოკორეჩი ჰქვია. ხორცი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ გურმანი ვარ და უცხო რამეებსაც ვაგემოვნებ. შევუკვეთეთ, ვჭამ, გემრიელია, მაგრამ ვიშმუშნები, რაღაც არ მომწონს, ცხვრის ხორცის გემო აქვს, ვხვდები. ამ დროს მზარეული მეკითხება, მოგეწონათო? - კი-მეთქი. - იცით, რისგან არის მომზადებულიო? - ალბათ ცხვრის ხორცით-მეთქი. - არა, ცხვრის შიგნეულობით მზადდებაო. ვიფიქრე, ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და უცხოს აღარაფერს შევჭამ-მეთქი. ამიტომაც ყველა დეტალს ვასწავლი სხვებს. ჩემი რჩევა იქნება, წასვლამდე 50 უცხო სიტყვა მაინც ისწავლონ, რაც ყოფით სიტუაციაში გამოადგებათ.
GzaPress
- ითვალისწინებენ ამ რჩევებს?
- სხვათა შორის, კი, რადგან ბევრი წერილი მომდის, ყველა წვრილმანი აინტერესებთ. როდესაც პრაღის გზამკვლევი დავწერე, ბევრი კმაყოფილი დარჩა - იცოდნენ, სად უნდა გადაეხურდავებინათ თანხა, რომ არ მოეტყუებინათ, სად რა უნდა დაეგემოვნებინათ...
- ესე იგი, ატყუებენ ტურისტებს?
- ფულის გადახურდავების დროს გარდა იმისა, რომ კურსში გატყუებენ, საკომისიოსაც გახდევინებენ, რაც წესით არ გეკუთვნის. ძალიან ბევრი აფერისტია იქაც. თანხას რომ მოგცემენ, არ უნდა ენდო და ადგილზევე უნდა დაითვალო, თორემ, მე დამაკლეს 400 კრონამდე - ეს თანხა ტურისტისთვის, როცა ყველაფერი გათვლილი გაქვს, ცოტა არ არის. ბოლო მოგზაურობისას რომში, აეროპორტში მივდიოდით, მატარებლის ბილეთების გამყიდველს ვთხოვეთ, 3 ბილეთი მოეცა. მოგვცა, მაგრამ არც კი შევამოწმეთ, რა ბილეთები იყო და ბოლოს ისე მოხდა, რომ 178 ევროთი დავჯარიმდით. მატარებლის ბილეთის ნაცვლად, მეტროს ბილეთი მოუყიდიათ. მატარებლიდან ჩასვლის დროს კარი რომ არ იღებოდა, კონტროლიორს ვთხოვე, გაერკვია, რაში იყო საქმე, ჰოდა, გაგვარკვია(იცინის) - 8 ევროს ნაცვლად 178 ევრო დაგვიჯდა ის გზა. პირველად რომ წავედი ბუდაპეშტში, არ ვიცოდი, თურმე ბილეთს სჭირდებოდა ვალიდაცია, ცალკე აპარატში უნდა შეყო, რომ გაანაღდო. გამაჩერეს და 50 ევროთი დამაჯარიმეს. რომში გვიან ჩავფრინდი და ვიდრე აეროპორტიდან გარეთ გავიდოდი, ტაქსის მძღოლმა მითხრა, ამ დროს აღარც მატარებელი გადის, აღარც ავტობუსები, 50 ევრო გადამიხადე და წაგიყვანო. უარი ვუთხარი და გარეთ რომ გამოვედი, უამრავი ტრანსპორტი მოძრაობდა და 5 ევროდ შემეძლო მისვლა ცენტრამდე. თავი არ უნდა გაასულელებინო არავის. ესპანეთში 5 წუთის მანძილი მქონია გასავლელი და ტაქსის მძღოლმა იმდენჯერ დაარტყა წრე, რომ 3 ევროს ნაცვლად მგონი, 43 გამომართვა. არადა, თურმე ფეხითაც შეიძლებოდა იქამდე მისვლა. ამიტომ ყველას ვაფრთხილებ, დაუკვირდნენ ყველაფერს.
- ვისთან ერთად დადიხარ სამოგზაუროდ?
- მეუღლესთან ერთად დავდივარ, საერთო ინტერესები გვაქვს. მოლაშქრე იყო და მეც დამაწყებინა მერე მოგზაურობა. დამერწმუნეთ, თუ სწორად შევარჩევთ ქვეყანას, დროს, დღეების რაოდენობას, შეუძლებელი არ არის, ნახოთ თქვენი ოცნების ქვეყანა, მთელი ცხოვრება გაგყვებათ ის ემოციები.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
962 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი