რის გამო დატოვა თავის დროზე რუსთაველის თეატრი ნინო ლორთქიფანიძემ - გზაპრესი

რის გამო დატოვა თავის დროზე რუსთაველის თეატრი ნინო ლორთქიფანიძემ

ბევრ პატარა გოგონას მოსწონს გაპრანჭვა, დედის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მორგება, სცენაზე დგომა... ის შეიძლება მსახიობობაზე ოცნებობდეს კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში სურვილი გაუქრეს. ეს ყველაფერი როგორ დაიწყო და გაგრძელდა ნინო ლორთქიფანიძის - გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთინო კიკნაძის უფროსი ქალიშვილი შემთხვევაში? სპექტაკლში "მარტოობის დღესასწაული" ნინო ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად თამაშობდა, ბატონი ოთარი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მსახიობის პარტნიორობით.

მშობლებმა ფარ-ხმალი დაყარეს...

- წყნარი ბავშვი ვიყავი, ჩემი მომდევნო და - ნანა კი ახტაჯანა იყო, ეზოში დედას ქუსლიანი ფეხსაცმელებით ჩადიოდა და გრძელ კაბებსაც მიაფართხუნებდა. წარმოდგენების დადგმის ინიციატორიც უფრო ის იყო, მე მხარს ვუბამდი. როგორც კი სკოლიდან დაგვითხოვდნენ, ბორჯომში, დედისეულ სახლში მივდიოდით. გვერდით ასევე კიკნაძეები, ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ. ეზოში ბავშვები ვთამაშობდით და დადგმებს ვმართავდით. სხვათა შორის, უფროსები ხელს გვიწყობდნენ.

სპექტაკლში "მე ვხედავ მზეს" დედა ხატიას როლს თამაშობდა. რაღაც ასაკში გადაწყვიტეს, რომ შეიძლებოდა ჩვენი წაყვანა ამ წარმოდგენაზე. ბებიასთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის მარცხენა ლოჟაში ვისხედით. ერთ ეპიზოდში ხატია მდინარეში ვარდება. სცენაზე რაღაც ამაღლებული ადგილი იყო და დედა იქიდან, ალბათ, კიბით ჩადიოდა, მაგრამ სანახაობრივად ისე აღიქმებოდა, რომ ჩავარდა. ისეთი ღრიალი მოვრთე, მაშინვე დარბაზიდან გამიყვანეს. დედას პაუზა ჰქონდა სცენაზე და მასთან მიმიყვანეს. რომ დავინახე, დავწყნარდი. მერე რამდენიმე დღე ვეკითხებოდი: დედა მხედავ? ხომ მხედავ?

მომავალ პროფესიაზე ფიქრისას მსახიობობას ვარჩევდი, მაგრამ ვმალავდი. ზუსტად ვიცოდი, მშობლები შემეწინააღმდეგებოდნენ, რადგან მათი მღელვარე და მოუსვენარი, დადებითი და უარყოფითი ემოციებით სავსე ცხოვრება ჩემ თვალწინ მიდიოდა. მეათე კლასში ვარ, სექტემბერია და ვთქვი, - ჯერ არ ვიცი, სად უნდა ჩავაბარო, მოვიფიქრებ-მეთქი. შუა სასწავლო წელს კი გამოვაცხადე, რომ მსახიობობა მინდა. სახლში საშინელება დატრიალდა, სასტიკი წინააღმდეგობა შემხვდა. მამამ დაურეკა თეატრალური ინსტიტუტის რექტორს, ქალბატონ ეთერ გუგუშვილს და უთხრა: ჩემი შვილი მისაღებ გამოცდებზე ჩაჭერითო. მას უთქვამს: ანგელოზივით ბავშვია და ვნახოთ, თუ ნიჭიც აქვს, რატომ არ უნდა მივიღოთო (იცინის)? მშობლებმა დაყარეს ფარ- ხმალი... და ინსტიტუტში ჩავაბარე.

ჩვენ ვიყავით ექსპერიმენტული ჯგუფი - 25 ადამიანი ვსწავლობდით საოცარ პედაგოგ ლილი იოსელიანთან, მაგრამ საჭირო გახდა ჯგუფის გაყოფა. ქალბატონი ლილი თითოეულ სტუდენტს დიდ დროს უთმობდა და ასე ვთქვათ, ვეღარ მოგვერია. მეორე პედაგოგად მამაჩემი მოიწვიეს, ქალბატონმა ეთერიმ სთხოვა. სტუდენტების სია დაიდეს და ასე ანაწილებდნენ - ერთი იქით, ერთი აქეთ... ასე აღმოვჩნდი მამას ჯგუფში. ის ჩემ მიმართ იყო განსაკუთრებულად მკაცრი, თორემ ჩემი ჯგუფელები მასზე გიჟდებოდნენ და დღესაც ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ. გიგა ისე აგიხსნიდა და გაჩვენებდა რაღაცას, არ არსებობდა, ვერ გაგეკეთებინა. თვითონაც ამბობდა, - ფეხის ამბავი რომ არ დამმართოდა, ალბათ, მსახიობი ვიქნებოდიო.

GzaPress ბებია და დედ-მამა - გავიზარდე კულისებში, გზაში, გასტროლებზე... თუმცა, სახლში გვყავდა არაჩვეულებრივი და თავდადებული ბებია ნინო მიქელაძე, რომელმაც შვილიშვილებს შემოგვწირა საკუთარი ცხოვრება. ბებია ყველასთვის საყვარელია, მაგრამ ბებიაჩემი მაინც განსაკუთრებული იყო, თუნდაც დედაჩემთან ურთიერთობის მაგალითით. მათ შორის რძალ-დედამთილობა საერთოდ არ იგრძნობოდა. ბებიამ არა მარტო გაგვზარდა, აღგვზარდა კიდეც. ის ყველა სიტუაციაში ჩვენს მხარეს იდგა, როცა რამეს ვაშავებდით, მაშინაც (იცინის). ჩემს საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებს ყოველთვის ესწრებოდა. იმდენად ვუყვარდი, რომ შეფასებაში ალბათ, სუბიექტური იყო. 25 წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ჩემი მონაწილეობით 2-3 ფილმის ნახვაც მოასწრო. ძალიან გემოვნებიანი ქალბატონი იყო, მისგან რაიმე განსაკუთრებული შენიშვნა არ მიმიღია.

კრიტიკულები ჩემი მშობლები იყვნენ, განსაკუთრებით დედა და დღემდე ასეა. მამა შვილებს უფრო რბილად გვექცეოდა. გიგა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ამავე დროს ფიცხი, მაგრამ გულჩვილი იყო. არ მახსოვს, გულში ვინმეზე ბოღმა ან პირადი უსიამოვნება ჰქონოდა, კამათი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეს. იყო ძალიან პრინციპული და უკომპრომისო. დედა შვილებს მკაცრად გვექცეოდა. რაღაც რომ გვინდოდა, მამას ვგზავნიდით დედასთან საქმის ჩასაწყობად. გიგა სკოლასთან დაკავშირებით ყოველთვის გვქომაგობდა. ბოლო წლებში, როცა საავადმყოფოში აღმოჩნდა, იმ პერიოდში ქეთინოსაც დასჭირდა ოპერაცია. გიგას ვეუბნებოდით, რომ გაცივდა, სიცხე აქვს და ამიტომ ვერ მოდისო. შვილები და შვილიშვილები თავზე ვედექით, მაგრამ მაინც სულ ქეთინოს გაიძახოდა...

ქაღალდები ერთი და იმავე ტექსტით - 7 წლისა ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში რუსთავის თეატრის ეპოპეა. რა ხდებოდა, ბოლომდე კარგად არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მამა საშინლად განიცდიდა რაღაცებს. გიგა წამოვიდა მარჯანიშვილის თეატრიდან და მას გამოჰყვა 27 მსახიობი. ამათი შეკრების ადგილი ჩვენი სახლი გახდა. იყო კამათი, ჩხუბი, სიცილი, ღამეებს ათენებდნენ. პირველ კლასში ვარ, წერა-კითხვა ახალი დაწყებული მაქვს. ერთ დღესაც, ბებია გიგას და ქეთინოს ეუბნება: ეს ბავშვი ყოველღამე რაღაცას წერს და მერე სადღაც ინახავს. ძალიან მაინტერესებს, რას წერსო? ესენიც დაინტერესდნენ. მეორე დღეს, როცა სკოლაში წავედი, შევიდნენ იმ ოთახში, სადაც მე და ნანას გვეძინა. ლეიბის ქვეშ იპოვეს პატარ-პატარა ქაღალდები ერთი და იმავე ტექსტით: "ამხანაგო უფროსებო, ჩემი მამიკო ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი კაცია". ამ ფრაზით გამოვხატე პროტესტი იმაზე, რომ ჩემი აზრით, მამას ერჩოდნენ, თუმცა პრინციპში ასეც იყო. რუსთავში თეატრის შექმნის ამბავი გადაწყდა და დასს კულტურის სახლის შენობა გადასცეს, მაგრამ მას გადაკეთება სჭირდებოდა. დაიწყო რემონტი და მზადება პირველი სპექტაკლისთვის "სირანო დე ბერჟერაკი", თუმცა არ ჰქონდათ რეპეტიციების ჩატარების საშუალება. იფიქრეს და ასეთი გამოსავალი მოძებნეს: მთელი დასი წავიდა სამეგრელოში, სოფელ ნოქალაქევში. იქ დაგვითმეს სკოლის შენობა, რომელიც გადასარევ ადგილზე იდგა და მსახიობები შვილებთან ერთად საკლასო ოთახებში განთავსდნენ. ჩვენ ცალკე, კოტეჯში ვცხოვრობდით. მამას, როგორც ხელმძღვანელს დაუთმეს. იქვე იყო მდინარე ტეხური და დიდ დროს მის ნაპირზე ვატარებდით. ეს არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება - იდგა ზაფხული, ყველანი ერთად ვიყავით, სკოლის სააქტო დარბაზში მიდიოდა რეპეტიციები და თეატრი ერთი ოჯახი იყო.

"პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის გამაჩნდა" - ყველა თეატრში, სადაც მიმუშავია, სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი უფროსი მსახიობებისგან. როგორც წესი, როცა ახალ დასთან იწყებ რეპეტიციებს, მაინც სხვანაირად გიყურებენ, ქვეტექსტით, - აბა რას იზამს? მით უმეტეს, ჩემი მშობლების გამო. ჯერ კიდევ თეატრალურში სწავლის დროს, არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც დედაჩემსაც ასწავლიდნენ, მუდმივად ერთმანეთს გვადარებდნენ. სასიამოვნოა, როცა შენს მშობლებს აქებენ, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. ნამდვილად, ვერც დავეწევი და ვერ გავუსწრებ მათ, მაგრამ მოწესრიგებულობა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის გამაჩნდა და ვფიქრობ, მათი სახელი არასოდეს შემირცხვენია (იღიმის).

რუსთაველის თეატრში 12 სეზონი ვიმუშავე. ჩემმა ჯგუფელმა რეჟისორმა დათო ანდღულაძემ მარჯანიშვილის თეატრში "დიდოსტატის მარჯვენაში" შორენას როლზე მიმიწვია. ორ თეატრში ერთდროულად ვერ ვიმუშავებდი, ამიტომ რუსთაველიდან წამოვედი. ამ ამბავმა გაოცებაც კი გამოიწვია, მაგრამ არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. "დიდოსტატის მარჯვენის" პრემიერიდან მალე მარჯანიშვილის თეატრი მოსკოვში წავიდა. ფიროსმანის დღეები ტარდებოდა და წარვადგინეთ "მარტოობის დღესასწაული" (ფიროსმანი), სადაც იას როლს ვასრულებდი. სპექტაკლმა წარმატებულად ჩაიარა. მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ არ დაიშურა შესაქები რეცენზიები. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი სპექტაკლი, სადაც დედა და მე ერთად ვთამაშობდით...

მოზარდ მაყურებელთა თეატრი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1995 წლიდან ვარ. ამ თეატრში განსაკუთრებული დასია. სხვა თეატრებზე საყვედურს კი არ ვამბობ, უბრალოდ, როგორც კი შევედი, პირველსავე დღეს მეგონა, რომ მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი. პირველი როლი ვითამაშე ფრეკენ ბოკი (ძიძა) სპექტაკლში "ბიჭუნა და კარლსონი". კარლსონს ლადო მექვაბიშვილი და ნათელა პაატაშვილი ასრულებდნენ. სამწუხაროდ, ლადო მექვაბიშვილი გარდაიცვალა, ნათელა პაატაშვილი კი შესანიშნავი მსახიობია, თეატრში ახლაც თამაშობს. ნათელა მაჭავარიანი და მე დუბლიორები ვიყავით. ის ძალიან მეხმარებოდა და ხელს მიწყობდა რეპეტიციებზე. ვფიქრობ, ეს როლი უფრო მის ხასიათს შეეფერებოდა, ვაჟკაცური, სამართლიანი და ხმაურიანი ქალია. მაშინ ძირითადად, რომანტიკულ როლებს მაძლევდნენ, ალბათ, გარეგნობიდან გამომდინარე. არადა, სახასიათო როლები მიყვარს, არასოდეს მითამაშია და სულ ამაზე ვოცნებობ.

GzaPress შვილი და შვილიშვილი - ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. ძალიან ვეცადე, რომ ჩემს შვილს მსახიობობა არ მოენდომებინა. ამას ნაწილობრივ, მაინც ვერ ავცდი. ანამ (მინდიაშვილი) თეატრალური ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თავის დროზე კოტე მახარაძის მიერ დაფუძნებული. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში რეჟისორ ოთარ ეგაძეს ჰყავდა მსახიობების ჯგუფი, სადაც ცოტა გოგონები იყვნენ და ოთარი ჩემს შვილს საკურსო სპექტაკლებში ათამაშებდა. მერე ერთი სპექტაკლი გადაიტანეს რუსთაველის სარდაფში და იქაც თამაშობდა. განცდებში ვიყავი, ამ ბავშვს ტვინი არ გადაუბრუნდეს და მსახიობობა არ გადაწყვიტოს-მეთქი. გადავრჩი...

ჩემი შვილიშვილი მარიამი სამი წლიდან მოზარდში ქეთოს როლს ასრულებს წარმოდგენაში "იავნანამ რა ჰქმნა?". ამ სპექტაკლში ძიძას ვთამაშობდი და ისე ვღელავდი ბავშვის გამო, რომ ჩემს შესრულებულ არც ერთ როლზე ასე არ მინერვიულია. რაღაც მომენტში ვინანე კიდეც, როცა წარმოვიდგინე, რა განცდები ექნებოდა სცენაზე და შემეცოდა. ახლა მარიამი გაიზარდა, მეხუთე კლასში სწავლობს, 11 წლისა ხდება. თეატრში მორიდებულად მითხრეს, რომ უნდა გამოცვალონ. მეც სიფრთხილით ავუხსენი ბავშვს, რომ უკვე დიდია და როლს აღარ შეეფერება. არა უშავს, მალე გავიზრდები და დიდ ქეთოს ვითამაშებო (იღიმის)...

ნანული ზოტიკიშვილი