ალუჩისბაღიანი ნიკა
font-large font-small
ალუჩისბაღიანი ნიკა
"ჩემი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პირადი ინტერესი"

7-ოდე წლის წინ ბიჭუნა თავგამოდებით ცდილობდა დედოფლისწყაროს მძიმე მიწაში ორმოების ამოთხრას. მიწაც მძიმე იყო და ბარიც, ნოემბრის სიცივეც სუსხავდა ბავშვის ნაზ სახეს, მაგრამ ყმაწვილის გატაცებული შრომით ორმოს ორმო ემატებოდა და ალუჩის ჯერ კიდევ უღონო ნერგები ირგვებოდა. ბიჭს მაშინ ბევრი ადამიანი ყვავივით დასჩხაოდა თავს, - რა დროს დარგვაა, ბალღოო...
ახლა ალუჩებიც დიდია და ნიკაც. ალუჩებიც გაიზარდა და ნიკამაც ტანი აიყარა. დედოფლისწყაროს სოფელ ქედში ბაღსაც და მის პატრონსაც კარგად იცნობენ. თვალში რომ ჩაუვარდეთ, ხელს არ ამოისვამენ მეზობლები! იმედი ბიჭიაო, - მისნაირებზე ამბობენ და მართლაც, როცა ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი საშველს არ მოგცემს, მაშინ უნდა ნახოთ ნიკა პატაშური, სულის მალამო და სიყოჩაღის სიმბოლო ბიჭი ალუჩის ბაღიდან!
ბევრს იცნობთ ისეთს, სოფლად ცხოვრება რომ უნდა? ბევრს იცნობთ ისეთს, ვინც საშრომად წასულ მშობლებს დედაქალაქში არ დაედევნა და 80 წლის ბებოსთან ერთად ვერ ელევა ქიზიყისა და ჰერეთის გასაყარს?! ბებო უყვარს ძალიან, თავისი სოფელიც, ქალაქად წასული მშობლებიც, სტიქარიც - ამდენი ხანია, შეურცხვენლად რომ ატარებს...
ნიკამ ზუსტად არ იცის, ვინ იყო მისი ის წინაპარი, ვაჟა-ფშაველას თაოსნობით საქართველოს მთიანი ჩრდილოეთი რომ დატოვა და შირაქს მიაშურა. შესაძლოა, სულაც იმ პეტრე პატაშურას შთამომავალია, ივანე ბექაურს რომ დაეჯიბრა ცხენის ზურგით გატარებაში და 52 ნაბიჯით შორს რომ ჩამოიხსნა ბეჭთაგან პირუტყვი. არადა, იმ ზამთარს ივანეს მდინარეზე დასარწყულებლად ჩასული თეძოებში ამოვარდნილი ძროხა აუყვანია მხრებით ხეობიდან გომურამდე. ის ძროხა მთის ჯიშისა იყო, პატარა და ზამთრისგან კიდევ უფრო გალეული, მაგრამ ცხენი კი ჩავაშლული ყოფილა, კვერცხივით გამრგვალებული და დიდად ნაპატივები!
ნიკა თავის ცხოვრებაზე მოკლედ მპასუხობს, - ჯერ პატარა ვარ და არაფერი მიკეთებიაო. ყველა სიტყვას აყოლებს სიხარულს, იმედს, შუქს, გულს და გიხარია, რომ ასეთი სუფთა გულის ადამიანი შეიძლება შენგან ძალიან შორს არსებობს, მაგრამ მაინც დიდი ბედნიერებაა, რომ არსებობს და სამყაროს ერთ მანათობელ წერტილს წარმოადგენს!
GzaPressნიკა:
- სოფელი ზემო ქედი, არხილო და ქვემო ქედი მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. ყველასთვის კარგად ცნობილმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ გაჭირვების და მიწის საძოვრის სიმცირის გამო გადაწყვიტა შირაქის ტერიტორიაზე მთიულები, ქსანელები, ფშავლები და ხევსურები ჩამოესახლებინა. ეტაპობრივად განვითარდა სოფლის მეურნეობა, ასე ნელ-ნელა ჩაჰყრია საფუძველი ჩვენს სოფელში ცხოვრებას. წინათ თუ ყველა მეცხოველეობას მისდევდა, ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და ხალხმა დაიწყო ხეხილის პლანტაციების გაშენება. პირადად მე, პირველი ვიყავი, ვინც გააშენა ალუჩის ბაღი 7 წლის წინ, რა თქმა უნდა, მშობლების დახმარებით. ახლაც თვალწინ მიდგას, 10 წლის ასაკში როგორ ვცდილობდი ორმოების გაკეთებას ნერგებისთვის. სხვათა შორის, იდეის განხორციელება ნოემბერში დავიწყე და ამის გამო ყველა მეუბნებოდა, რომ არ გაამართლებდა, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვიყავი. ალბათ ეს მთიულური სიჯიუტის ბრალია. ჩემი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პირადი ინტერესი. მსურს, განვითარდეს სოფელი, არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან. მინდა, თითოეულ ახალგაზრდას ქალაქში წაუსვლელად ჰქონდეს საკუთარი, პირადი შემოსავალი...
მაქვს მცირე ვენახი, 15 მეასედზე კაბერნე და რქაწითელი, რომელსაც საოჯახოდ, ღვინის დასაყენებლად ვიყენებ. ასევე ვაპირებ დავამუშაო 5 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა. პირველ ეტაპზე უნდა დავთესო ქერი და ასე, ეტაპობრივად უნდა განვავითარო მეურნეობა. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ის არაფრით გამოირჩევა. მყავს დედა, მამა, რომლებიც წასულები არიან თბილისში სამუშაოდ და ორი და. ერთი გათხოვილია, ხოლო მეორე ფილოლოგია და მუშაობს საკუთარი პროფესიით. ამჟამად სოფელში ვართ მხოლოდ მე და 80 წლის ბებიაჩემი. ძირითადი სახლის საქმეები ჩემს კისერზეა, რადგან მას ფეხი აქვს მოტეხილი. ჩემი დილა იწყება ასე: დილით ადრე ვდგები, რომ ძროხას და ღორს საჭმელი არ მოაკლდეთ, მერე მივდივარ სკოლაში. მინდა გავხდე არქიტექტორი, ძალიან მიყვარს ისტორიაც და მიფიქრია ისტორიის მასწავლებლობაზეც. აგრონომიული განათლების მიღებაც მიზიდავს, რათა სოფელს მივხედო. მოკლედ, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერი მაქვს... თავისუფალ დროს მომწონს მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ხატვა. მამაჩემი თვითნასწავლი მხატვარია და ასე თუ ისე, მეც გამომყვა ნიჭი (ასე მეუბნებიან). შაბათ-კვირას დავდივარ ეკლესიაში. 7 წელია სტიქაროსანი ვარ..."
ეს მონათხრობი დინამიკით ვერ უტოლდება ნიკას ცხოვრების მდინარებას. უბრალოდ, ზუსტად თქმა შეუძლია, რასაც აკეთებს, მაგრამ ფიქრობს, რომ არაფერია მის ცხოვრებაში უჩვეულო და განსაკუთრებული, მერე რა, რომ კარგად სწავლობს, ვაზის მწკრივებსაც თავს ევლება ან კიდევ, ფეხმოტეხილ და მწოლიარე ბებოს უვლის, მისია და აბა, სხვამ რატომ უნდა მიხედოს? ან რა არის გასაოცარი იმაში, თუ ძროხას და ღორს საკვებს მიაწვდის?
ნიკას თავისი სოფელი უყვარს ძალიან. აქედან ახლოა ხორნაბუჯი, კახეთის კავკასიონის ხედები, საზღვარს იქითობად ქცეული ჰერეთი და აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე - ვაშლოვანის ნაკრძალი, განსაკუთრებული ლანდშაფტებით, მცენარეებით და ნამგალა მერცხლების ბუდეებით... მაინც რამდენი რამეა დალოცვილ საქართველოში საუცხოო და გულის სიღრმეში დასარჩენი! გაზაფხულის პირზე თეთრად აფეთქებული ალუჩის ბაღიდან დაწყებული, რქაწითელის მოწითალო მორჩებით დასრულებული ან თუნდაც, ეკლესიის ამბიონიდან მღვდლის ნათქვამი "მშვიდობა ყოველთა", ან კიდევ - მწოლიარე ბებოს იმედიანი მზერა...
GzaPress
შრომასა და სწავლაშია მხოლოდ გამოსავალი, კიდევ ღვთის რწმენაა მთავარი, უმაგისოდ არაფერი გამოუვა ადამიანს, - ფიქრობს ნიკა და ემზადება ალუჩის ბაღის მოსავლის დასაკრეფად, რომ მერე თბილისის ბაზრის გზას გაუყენოს, იქ ვიღაც იყიდის წვნიან, გემრიელ ალუჩას და ვინ იცის, ეგებ კიდეც გაიფიქროს გულში, - ვინც მოგიყვანა, დაილოცოსო.
სტატიის წერის დაწყებამდე საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, რატომ უნდა დამეწერა ნიკაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ შრომობს და სწავლობს? არა, უფრო იმიტომ, რომ ასეთი ხალისიანი და მშრომელი ახალგაზრდები ცხოვრების აზრს ხელისგულზე დადებულივით აჩვენებენ საზოგადოებას და საქმით ამტკიცებენ, რომ სიცოცხლეს უფრო დიდი აზრი აქვს, ვიდრე ბევრს ჰგონია!
სამიოდე კვირის მერე ნიკას ალუჩის ბაღი ნაყოფისგან განიძარცვება, მერე ბაღ-ბოსტანსაც მოაკლდება ღალა, სულ ბოლოს ყურძენიც დაიკრიფება და გარშემო ყველაფერი დასევდიანდება თითქოს, მაგრამ ნიკა ბიჭმა იცის, რომ მომავალ წელსაც იფეთქებენ ალუჩები, მორიგ ბოჩოლას დაბადებს ძროხა და ვაზის პწკარებიც ჩაეხუტება ბოძებზე დაჭიმულ მავთულებს.
ჰოდა, აბა, რად უნდა იყოს კაცობრიობა ნაღვლიანი გაკრეფილი ვენახივით? იშრომე, გაიღიმე, ისწავლე ნიკასავით და მიხვდები, რომ მზეც დილით შენ გამო ამოდის აღმოსავლეთიდან, შენთვისვე ჩადის დასალიერში! ახალი მთვარეც იმიტომ ეკიდება ზეცას საყურესავით, რომ გაგრძნობინოს, როგორ უნდა გაივსო სიკეთით და სიხარულით! ვაზის ყვავილობაც შენთვის დაუწესებია უფალს და ბებოს სიამაყით სავსე თვალებიც, რომელსაც თითქოს არ უნდა გათქვას, რომ ცხოვრების აზრი შვილიშვილშია!
ნიკა ხვალაც ადრე ადგება, ბებოს გაეძრახება, - მე უკვე ავდექ, ბაბოო და პირუტყვს დააპურებს, მერე ოჯახის "გათბილისებულ" წევრებს მოიკითხავს. ბოლოს, ვიდრე სკოლის გზას გაუდგება, საქმიანად გადახედავს ოჯახს, არაფერი გამომრჩესო და მზეჩასახლებული სახით იმ გზას გაუდგება, რომლის ყოველი გოჯი დაუზეპირებია თითქოს!
და ვიდრე ნიკა მასწავლებლებს პასუხობს ან წერს, ან ხატავს, ბაღში ალუჩები მსხვილდებიან და ბარაქდებიან, მწოლიარე ბებოს კი თვალი ჭიშკრისკენ უჭირავს, წუთიწუთზე ელოდება იმ ბიჭის შემოხალისებას, სამყაროს რომ ურჩევნია!
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნათია ჭაბუკიანი: "ახალ თაობასთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო..."
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა"
ყველა გამარჯვება ჩემთვის ემოციური და განსაკუთრებულია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი