აფხაზეთში გაპარული შეყვარებული წყვილი და მსაჯისგან დაჩაგრული ძლიერი მოკრივე - გზაპრესი

აფხაზეთში გაპარული შეყვარებული წყვილი და მსაჯისგან დაჩაგრული ძლიერი მოკრივე

წლების წინ მსახიობ ჯანო იზორიას "ნიკას ძმად" იცნობდნენ - ნიკოლოზ იზორია ძლიერი მოკრივე გახლდათ. საბედისწერო შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა დღესაც საყვარელ საქმეს აკეთებს: საქართველოს 16 წლამდე მოკრივეთა ნაკრების დამხმარე მწვრთნელი გახლავთ...

- ფოთში, ზურაბ სარსანიას სახელობის მოკრივეთა კლუბის - "ლიდერი" მენეჯერი ვარ. კლუბი საქმეს წარმატებულად ართმევს თავს - ამ სკოლის 2 წარმომადგენელი საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებშია... მეხუთე წელია, კრივის ფედერაციაში მწვრთნელად ვმუშაობ. მანამდე აქტიური სპორტსმენი გახლდით: ერთ-ერთი ქართველი მოკრივე ვარ, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ იასპარეზა. ასევე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (უფროსებში) ვარ - ეს ტიტული 2004 წელს, ხორვატიაში მოვიპოვე. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს მედალი მაქვს აღებული... ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სპორტს შევალიე და ახლაც სპორტს ისე მივყვები, როგორც წესი და რიგია, როგორც ჩვენს ქვეყანას გამოადგება. კარგი თაობა იზრდება. ახლა შეჯიბრებისთვის ვემზადებით - 22 მაისს ევროპის ჩემპიონატზე მივფრინავთ...

GzaPress- კრივით როდის დაინტერესდით?

- საქართველოში, ქართველი მოკრივეების შედეგების საფუძველზე, კრივში ფოთი ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. კრივის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოკრივე, ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ჩემპიონი - პაატა გვასალია ჩემი მამიდაშვილი გახლავთ. 8 წლის ვიყავი, როცა კრივზე შევედი. დღეს სპორტის ამ სახეობით ვცხოვრობ. რაც მინდოდა, იმას ვერ მივაღწიე - ჩემი ოცნება ყოველთვის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება იყო...

- ოცნების ახდენა რატომ ვერ შეძელით?

- 2004 წელს, ოლიმპიურ თამაშებს მთელი საქართველო თვალყურს ადევნებდა: აზერბაიჯანელ მოკრივესთან, მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო, დავიჩაგრე და მედლის გარეშე დავრჩი.

- ამის გამო მოტივაცია მოგაკლდათ?

- არა, პირიქით... სხვათა შორის, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციაში ყველაზე უმცროსი - 18 წლის ვიყავი. უფრო მოტივირებული გავხდი. ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ მოვხვდი (ჩინეთში, პეკინში) და მაშინ ნამდვილად დავმარცხდი. პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული, სახლში მივდიოდი, როცა ავტოავარიაში მოვყევი. ჩემი სპორტული კარიერა მაშინ დასრულდა - ფაქტობრივად, ვეღარაფერი გავაკეთე.

- ავტომობილს თავად მართავდით?

- არა, მეგობარი მართავდა. ეს ტკივილი ერთად განვიცადეთ, მაგრამ არა უშავს - ცხოვრება გრძელდება, ისევ სპორტის სფეროში ვარ, ისევ საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- ავტოავარიის შემდეგ, თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ტრავმები მივიღე. კარიერაში 2-წლიანი პაუზა მქონდა. შემდეგ ნოსტალგია შემომაწვა, ვარჯიში დავიწყე. მეგონა, ოპტიმალურ ფორმაში ჩავდექი, მაგრამ შეჯიბრებაზე პირველი გასვლისთანავე მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა - გავაცნობიერე, ყველაფერი დაკარგული მქონდა... გადავწყვიტე, რომ გაგრძელება არ ღირდა - ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. კრივი სპორტის ურთულესი სახეობაა. სხვათა შორის, ჩემს პატარა კარიერაში მიღწეულ დიდ წარმატებაში ჩემს ძმას - ჯანოს დიდი წვლილი მიუძღვის.

- რას გულისხმობთ?

- სპორტის ამ სახეობას 1993 წელს ვეზიარე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ქვეყანაში როგორი რთული სიტუაცია იყო - დიდ სპორტზე არავინ ფიქრობდა. უბრალოდ, სხვა გასართობი არ იყო. ფოთში, ერთი კარგი დარბაზი არსებობდა და ყველამ იქ მოვიყარეთ თავი. ამასთან, ამინდის მიუხედავად, დილის 7 საათზე, მწვრთნელები ზღვის პირას სავარჯიშოდ გვიბარებდნენ. თუ გავაცდენდით, ვისჯებოდით კიდეც. ზამთარში, როცა ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო, ძლივს გამთბარი ლოგინიდან ადგომა და სავარჯიშოდ წასვლა მეზარებოდა (მაშინ არც ელექტროენერგია გვქონდა). ჯანო საკუთარი ხელით მაცმევდა წინდებს, სპორტულ ტანსაცმელს და ზღვის პირას მივყავდი. სხვათა შორის, ისიც მოკრივე იყო, მაგრამ ხელოვნების მიმართულებით უფრო გამოავლინა ნიჭი. ცუდი მოკრივე არ ყოფილა. საქართველოს ჩემპიონატზეც ასპარეზობდა, მაგრამ შეჯიბრებებზე ყოველთვის მესამეადგილოსანი იყო.

- სამსახიობო სფეროს მიმართ ინტერესი თქვენ არ გაგჩენიათ?

- მსახიობობის ამბიცია არასდროს გამჩენია, მაგრამ ფოთსა თუ თბილისში, შეძლებისდაგვარად, ყველა სპექტაკლს ვესწრები, რომელშიც ჯანო მონაწილეობს. მის ფილმებსაც სიამაყით ვუყურებ...

- ცეკვასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- 1-2 ჭიქას რომ გადავკრავ, ვერ მაჩერებენ!.. სხვათა შორის, ცეკვა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებულად - "რაჭული", ოღონდ - საძმაკაცოში ვცეკვავ, სხვა კამპანიაში ვკომპლექსდები. ჯანოს ვჯობივარ კიდეც (იცინის)... ჩემი ძმით ყოველთვის ვამაყობ და ვიამაყებ. ემოციური კაცია. ფეთქებადი ხასიათი აქვს. - შენს სპორტულ კარიერას შევალიე ჩემი ნერვებიო, - დღემდე ამას მაყვედრის (იცინის). რას გრძნობდა, როცა მგულშემატკივრობდა, ეს მერე გავაცნობიერე, როცა ჯანო "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა: ყოველი "ლაივის" დროს ლამის ვკვდებოდი, ისე ვნერვიულობდი. ძალიან მაგარი ძმობა გვაქვს. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, ერთმანეთის წარმატება გვახარებს და წარმატებაში ვეჯიბრებით. ჯანო მეუბნება, - ახლა ხომ "ჩაგხიე"? მანამდე შენ გცნობდნენ, ახლა შენზე ამბობენ, - ეს ჯანოს ძმა არ არ არისო?.. მანამდე ის იყო "ნიკას ძმა" (იცინის).

GzaPress- როგორც ვიცი, დაოჯახებული ხართ. თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ...

- ჩემი მეუღლე - ნინო ჭოჭუა 16 წლის იყო, ცოლად რომ შევირთე (აფხაზეთში სოფელი მაქვს და იქ გადავიყვანე... მე აფხაზეთში დავიბადე. მამა მეზღვაური იყო და საცხოვრებლად ფოთში გადმოვედით. ფოთი ჩემი გამზრდელი ქალაქია).

- მოიტაცეთ?

- უფრო - გავიპარეთ. ინგლისურ ენაში ემზადებოდა. მასწავლებელთან მიდიოდა, როცა გავიპარეთ. ენგურის ხიდთან, აფხაზეთის ე.წ. საზღვარს მივადექით. საგუშაგოზე გამოცდილი პოლიციელი შეგვხვდა - დამაბნეველი შეკითხვები დაგვისვა (მერე ის პოლიციელი ჩვენს ქორწილში დავპატიჟეთ). ვინაობა მკითხა. ვუთხარი და მიცნო. თან, მაშინ ოლიმპიური თამაშები ახალი დასრულებული იყო, თითქმის ყველა მცნობდა - აზერბაიჯანელ მოკრივესთან დაუვიწყარი ბრძოლა მქონდა. უსამართლობის მაშინდელი განცდა დღესაც ცხოვრების დაღად მაქვს დასმული... შემდეგ, პოლიციელმა ნინოს შესახებაც მკითხა: - ეს გოგო ვინ არისო? - ჩემი დაა, ბებიასთან სანახავად მივდივართ-მეთქი. საუბარი დასრულებული არ მქონდა, ნინოს რომ ჰკითხა: - რა გვარი ხარო? ნინომ უპასუხა: ჭოჭუაო (იცინის). - აბა, და-ძმა როგორ ხართო? - გვკითხა და მერე ცოტათი მეგრული კილოთი დაამატა, - იზორია, ცოლი ხომ არ მოგყავს შენ, ცოლიო? დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ვუთხარი, რომ ცოლი მომყავდა. - დროზე გეიქეცითო! - პოლიციელმა გვითხრა თუ არა, საზღვარზე პირველი ნინო გარბოდა. ვეძახდი, - დამელოდე-მეთქი (იცინის)... შემდეგ ჩვენი მშობლები აფხაზეთისკენ დაიძრნენ. დარწმუნებული ვიყავი, მათ არავინ შემოუშვებდა - ჩვენც გადავიპარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სიდედრ-სიმამრს დღესაც მაგრად ვეძმაკაცები - ორივე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. მოკლედ, "საზღვარს" მოადგნენ, ატყდა ჩოჩქოლი. ნინოს მშობლები ამბობდნენ, - გაგვიშვით, ბავშვი გვაჩვენეთო... უცებ პოლიციელმა, ვინც მე და ნინო გაგვიშვა, დაიძახა, - აბა, მამა რომელიაო? გიას (ჩემს სიმამრს) გაუხარდა, - რამეს მიშველიანო და - მე ვარ მამაო! - შენ ხარ? შენი გოგო პირველი გარბოდა, ბიჭი უკან მისდევდა, ამ საქმეს არაფერი უშველის, სახლში დაბრუნდითო, - უთხრა პოლიციელმა (იცინის)... მერე ნინოს მამამაც თქვა, - დაანებეთ თავი, ეგ დამბრუნებელი არ არისო, მაგრამ დედა მაინც შემოვიდა აფხაზეთში, შვილი ნახა... დღეს მე და ნინო ბედნიერად ვცხოვრობთ. 2 გოგონა - სესილი და ელენე გვყავს. სესილი 13 წლის არის და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სკოლაში ცეკვავს. ელენე ჯერ მეოთხე წელიწადშია. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის ექნებათ სათქმელი, რომ მამა ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ჰყავთ.

- როცა აქტიურ სპორტს თავი დაანებეთ, სხვა პროფესიაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- იმ დროს ცოტათი პანიკაშიც ვიყავი. ძალიან რთულია, როცა იმ საქმეს შორდები, რომლითაც ცოცხლობ... ერთადერთი, ის ვიცოდი, რომ ჩემს დარბაზში, ფოთში უნდა ვყოფილიყავი და ის საქმე მეკეთებინა, რასაც დღესაც ვაკეთებ. მინდა, ჩვენმა მოსწავლეებმა მაქსიმუმი გააკეთონ, გულში ხინჯი რომ არ დამრჩეს - მათი წარმატება ჩემი გამარჯვება იქნება! მოზარდებთან მუშაობას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. საბედნიეროდ, ნიჭიერი ბავშვები არიან, ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან. თანაც, დღეს ბავშვებს დიდი ხელშეწყობა აქვთ: არც ტანსაცმელი აკლიათ და მოგზაურობისთვის საჭირო თანხებიც აქვთ - კრივის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ კარგი შედეგები მივიღოთ...

ეთო ყორღანაშვილი