აფხაზი ბიჭისა და ქართველი შვილმკვდარი დედის მეგობრობის ამბავი - გზაპრესი

აფხაზი ბიჭისა და ქართველი შვილმკვდარი დედის მეგობრობის ამბავი

"მსგავსი ადამიანები საუკუნეში ერთხელ, ან სულაც, გაცილებით იშვიათად იბადებიან. ისინი, ვინც გიცნობენ, გაოცებულები არიან თქვენი სიბრძნით, მოთმინების უნარით, სიმტკიცით, კეთილშობილებით, სიკეთითა და მზრუნველობით, რომელსაც ყველა ნაცნობის მიმართ ავლენთ. საიდან გაქვთ ამხელა შემართება? თქვენ, ვინც ამდენ პრობლემას გაუძელით, მოვლენებით დახუნძლული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის პოულობდით ძალას სხვა ადამიანების დასახმარებლად, სხვათა პრობლემების მოსაგვარებლად. მეზობლები სიამაყითა და სიხარულით ვიხსენებთ, თუ როგორი ყურადღებით ეპყრობოდით თითოეულ ოჯახს, ბავშვებსა და უფროსებს. არ გამოგრჩებოდათ არც ერთი დღესასწაული, განსაკუთრებით დაბადების დღეები. საოცარი იყო ის ფაქტი, რომ თარიღებს სადმე კი არ იწერდით, არამედ ზეპირად გახსოვდათ", - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქალბატონ თინა ხვიტიას აფხაზეთიდან გამოუგზავნა იმ ბიჭმა, რომელსაც საუკუნის ტოლმა ქალბატონმა თავის დროზე ციფრების წერა ასწავლა და რომლის გულშიც დიდი სიყვარული დათესა.

ქალბატონ თინას რთული ცხოვრების გზა აქვს გავლილი. თუმცა, ყველა სირთულე ალბათ, სასწორის ცალ მხარეს დევს და მეორე მხარეს შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილია... მას ვაჟი აფხაზეთში მოუკლეს. 10 წელზე მეტხანს უმალავდნენ შვილმკვდარ დედას, რომ საფიცარი ვაჟი აღარ ჰყავდა... მერე როგორღაც გაიგო სიმართლე და... ალბათ, ყველას ეგონა, რომ აფხაზებს თუ არაფერს დაუშავებდა, დაწყევლიდა მაინც ტკივილით სავსე შავოსანი ქალი, რომელიც წლების მანძილზე არა მარტო ქართველი, არამედ აფხაზი ბავშვების სწორ გზაზე დაყენებას ემსახურებოდა, მაგრამ ქალბატონ თინას არათუ წყევლა, საყვედურიც კი არ დასცდენია... ფიქრობს, რომ შურისძიება კარგს არაფერს მოუტანს ადამიანს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს: "იქნებ, ადამიანების გულები ერთხელ ისე გათბეს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა მეგობრობა როგორღაც მოახერხონ..."

ქალბატონი თინა მისმა ყოფილმა მოსწავლემ, მაია კვიციანმა გაგვაცნო. თავადაც ძალიან უხაროდა, - წარმოიდგინეთ, წლების შემდეგ რომ შენს პირველ მასწავლებელს იპოვი, როგორი ემოციააო. თბილად შეხვდნენ მოსწავლე და პედაგოგი ერთმანეთს. მათი შეხვედრა ზღაპარს ჰგავდა, რომელიც შორეულ ბავშვობაში გვაბრუნებს ყველას და გულს სითბოთი გვივსებს... მათი ერთმანეთისადმი მიმართული, სიყვარულით სავსე თვალების ცქერით ისე გავერთე, ლამის დამავიწყდა, ინტერვიუ რომ უნდა ჩამეწერა... საუბრის დროს ისინი ჩახუტებულები ისხდნენ. ხან მასწავლებელი ეფერებოდა ნამოწაფარს ხელზე და ხანაც პირიქით, მოწაფე ვერ ელეოდა მოხუცის თბილ თითებს, რომლებიც თავის დროზე ალბათ ხშირად დასრიალებდნენ პატარა მოწაფის თავზე...

GzaPress- 100 წელი დავამთავრე, დედიკო, 20 მარტს. ასეული წელი ვაჩუქე ისტორიას და დავიწყე მეორე ასეული.

- დიდხანს იცოცხლეთ, ქალბატონო თინა...

- მადლობა, დიდი მადლობა, მაგრამ არაა საჭირო ბევრი წელი ვიყო.

- ასე რატომ ამბობთ, ეს ხომ უფლის წყალობაა...

- კი, მაგრამ მაინც ზედმეტია... 100 წელს რომ გაძლებ, შენზე იმას კი აღარ იტყვიან, როგორ არისო? პირველად ყველას ეს კითხვა უჩნდება: "კიდევ ცოცხალია? არ მომკვდარაო?" (იღიმის). ვიცი, აქ იმიტომ მოხვედით, რომ გინდათ ჩემზე გიამბოთ. მოგიყვებით, ოღონდ მოკლედ. 1919 წლის 20 მარტს დავიბადე ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში... სამამულო ომის დროს, 1942 წელს დავიწყე მუშაობა სკოლაში და რა ხანი გასულა მას შემდეგ, კი ხედავთ.

- რამდენი რამ გაქვთ ნანახი...

- ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს და გადამიტანია... იცით, როგორი იყო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი? მაშინ კოლმეურნეობა არსებობდა. მასწავლებელს უნდა აეკრიფა ხორცი, ყველი, ტყავი და წვრილმან-წვრილმანი რაღაცები. იყო ბრიგადები და თითოეულს მასწავლებელი ჰყავდა მიმაგრებული. გამოდიოდა საველე გაზეთი, სადაც წერდნენ ყოველდღიურ ამბებს, ინფორმაციას ფრონტიდან, ანუ ჩვენ ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, სად რა ხდებოდა, ვინ რა წარმატებას მიაღწია და რომელ სფეროს შეეტყო უკუსვლა. სანაცვლოდ, თვეში 10 კილოგრამ პურის ფქვილს გვაძლევდნენ... იმ პერიოდში შიმშილი იყო, უბედურება თან გვდევდა. ბრიგადირი, თუ კარგი, მონდომებული ახალგაზრდა იყო და თუ მაგრად ედგა სათავეში ბრიგადას, ჯილდოს იღებდა (იმასაც იმიტომ, რომ სხვებისთვის მუშაობის სტიმული მიეცათ), მაგრამ ეს ჯილდო არარაობა უფრო იყო, ღირებული არაფერი. არ ჩამითვალოთ თავის ქებაში, მაგრამ მეც მოწინავე ვიყავი ჩემს საქმეში, თავდაუზოგავად ვშრომობდი, არ მიყვარდა ტყუილი და საქმისთვის თავის არიდება.

- რამდენი წელი მუშაობდით მასწავლებლად?

- 55-წლიანი სტაჟი მაქვს... სასწავლებელი რომ დავამთავრე, გამანაწილეს სოფელ ტყაიაში, ძალიან მივარდნილ ადგილას. უარს ვერ ვიტყოდი, ამის უფლებაც არ მქონდა და წავედი. მერე სოფელ რიყეში ვასწავლიდი ბავშვებს, შემდეგ სოფელ რუხში, შემდეგ ისევ რიყეს დავუბრუნდი და ბოლოს - სოხუმში გადავედით...

- სოხუმში გათხოვდით?

- არა, 1958 წელს, სოხუმში უკვე გათხოვილი, მეუღლესთან - სევერიან ოდიშარიასთან და ჩემს ორ შვილთან ერთად წავედი საცხოვრებლად... იქ უცებ ვინ დამასაქმებდა? ამიტომ, ცოტა ხანს უმუშევარი ვიყავი. მერე მოხდა ისე, რომ სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითების მასწავლებელი გარდაიცვალა. განათლების გამგე კოკი დადიანმა მკითხა, - შეძლებ, რომ დაწყებითებში შეხვიდეო? რა თქმა უნდა, მანამდე ამის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ვუპასუხე, - როგორ ვერ შევძლებ, მოვემზადები-მეთქი. მართლაც, კარგად მოვემზადე, რომ არ მენახა სირცხვილი და არც მინახავს. იმ პერიოდში არაფერი მაკლდა, მათ შორის - არც ქება-დიდება. ისე კი, ძალიან მორცხვი ვიყავი და პედსაბჭოს მიმდინარეობისას, როცა ჩემზე იწყებდნენ საუბარს, სახეაწითლებული, ამხანაგებს ვიყავი ამოფარებული...

- ახლა, როცა წლების განმავლობაში "დაკარგულმა" ნამოწაფარმა გიპოვათ და მოგაკითხათ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ეს რომ ვთქვა და გიჩვენოთ, მესირცხვილება, მაგრამ ისიც ვიცოდი, ამას ვინმე მკითხავდა. არ გიჩვენებთ, მაგრამ გეტყვით, რომ არაერთხელ დავიწყე წერილის წერა, სადაც მსურდა ჩემს ემოციებზე მესაუბრა... დავიწყე და ვერ დავასრულე. ვერ შევძელი, ვერ ვიპოვე იმდენი და ისეთი სიტყვები, რომელიც წერილს შეავსებდა, ჩემს ფიქრებსა და აზრებს გადმოსცემდა. იქნებ ოდესმე კი მოვახერხო, ვინ იცის...

- აფხაზეთში ბევრი წელი გაატარეთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ აფხაზ ხალხზე?

- აფხაზეთში დაიწყო ომი და სრულიად უდანაშაულო ხალხი მიასკდა ერთმანეთს. რა იყო ამის მიზეზი, ვინ იცის? აფხაზები და ქართველები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ქორწინდებოდნენ, ბედნიერები იყვნენ... მერე დაიწყო ომი და გავიხლიჩეთ. მერე ქართველების თავით გაგრაში ფეხბურთს თამაშობდნენ, თურმე... მაგრამ რას ვიზამთ? გაბოროტებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია...

ჩემი შვილი, რომელიც აფხაზებს არ კლავდა, რომელსაც იარაღი არ უყვარდა, მაინც მომიკლეს. ის ომის დროს ხალხს ეხმარებოდა. როცა სახლებს დაბომბავდნენ, ცდილობდა მათ შეკეთებას... ჩამსხვრეულ ფანჯრებში მინებს ამაგრებდა... მან ცოლ-შვილი სამშვიდობოს გამოუშვა და აფხაზეთი არ მიატოვა, სოხუმში დარჩა ჩემთან ერთად... ჩვენს სახლში დიდი სარდაფი იყო და მთელი სამეზობლო იმ "პადვალში" იყო, ღამითაც არ გამოდიოდნენ... ერთ დღესაც ჰკითხეს თურმე ჩემს ვაჟს: რატომ გიყვარს სამშობლოო? მეზობლებს რატომ ეხმარებიო? და როცა პასუხი მოისმინეს, დამიხვრიტეს ბიჭი... მერე, მეზობელ აფხაზს მოუპარავს მისი ცხედარი და დაუმარხავს კიდეც. მე არ ვიცოდი ეს ამბავი და ძალიან დიდი ხანი, ბევრი წელი ველოდი შვილის დაბრუნებას. ვინ იცის, რამდენჯერ გამივლია იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი იყო დაკრძალული და მისკენ არც გამიხედავს, რადგან ამას ვერც წარმოვიდგენდი... მოგვიანებით გავიგე, რომ მეზობლები, სამი კაცი უვლიდა საფლავს, პატივს სცემდნენ მიცვალებულსაც კი... დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავიგე მწარე სიმართლე... სახლშიც მომისვენეს. ვიტირე და მერე მამამისის გვერდით დავკრძალე...

- აფხაზეთის დატოვებაზე არ გიფიქრიათ?

- არა, არ ვფიქრობდი... სხვათა შორის, ომის შემდეგაც დიდ პატივს მცემდნენ აფხაზი მეზობლები, ძველები და ახალშემოსახლებულებიც, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ყველაზე ახლობელი და ჩემი პატრონი შეიქმნა... ოჰ, რა მწარეა ეს ყველაფერი...

- როგორც მითხრეს, თქვენ, შვილმკვდარი დედა აფხაზ ბიჭუნას ასწავლიდით წერას...

- ომის შემდეგ ჩვენს მეზობლად აფხაზი დასახლდა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ ორივე ბიჭი მე მოვუმზადე სასკოლოდ. მათ უპირველესად, რიცხვების წერა ვასწავლე. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დღემდე მკითხულობს, წერილებს მწერს. ჩვენ მეგობრები ვართ...

აფხაზსა და ქართველს ასეთი მეგობრობა რომ გვაკავშირებს, ეს ყველას უკვირს. არადა, ჩემნაირად კიდევ ბევრი რომ მოიქცეს, შესაძლოა, შევრიგდეთ აფხაზები და ქართველები... არ გვინდა მტრობა, ეს ჩვენ არ გამოგვადგება... მიუხედავად იმისა, რომ მე მომიკლეს შვილი, აფხაზებმა დამიხვრიტეს ვაჟი, არ ვარ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული. რატომ? რას მიშველის მე, რომ მოვკლა აფხაზი და შური ვიძიო? ამით ჩემი შვილი გაცოცხლდება? არა, მე არ ვმტრობ მათ. დაე, ყველამ იცოცხლოს და შურისძიების გრძნობის გულიდან ამოღება შეძლოს - ეს იქნება ყველაზე კარგი რამ, რასაც ზოგადად ადამიანი შეძლებს იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანია!

- ომი სანამ დაიწყებოდა, როგორ ცხოვრობდით აფხაზეთში?

- ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მეგობრულად... თუმცა, ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ, ასე მგონია. ჩვენს სკოლაში აფხაზი მასწავლებლებიც იყვნენ. მათთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ერთი რამ გვაკვირვებდა: ესენი ხელფასს რომ აიღებდნენ, ყოველთვის ტოვებდნენ სკოლაში მგონი, 50 მანეთს. გვიკვირდა და ვეკითხებოდით, ამას რატომ აკეთებდნენ? პასუხი იყო: რაღაცისთვის ვაგროვებთო. რა ჰქვია ასეთ საქციელს სახელად, ეს სხვებმა განსაჯონ...

GzaPress- მომავალი ქმარი როგორ გაიცანით?

- ჩვეულებრივად, რა ვიცი (იღიმის და ხელს ჩაიქნევს)... სოფელში გავიცანი სევერიანი (სევერიან ოდიშარია მუშაობდა სკოლაში და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე, სადაც სახვით ხელოვნებას ასწავლიდა. - ავტ.)... არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან არც მახსოვს კარგად.

- ძველი დრო უფრო მოგწონთ თუ ახლანდელი?

- ახლანდელი რა მოსაწონია?! არა, არ მომწონს... აი, ივანიშვილი რომ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან გამიხარდა. მან სიყვარული დაიმკვიდრა უმრავლესობას შორის და ვინც მას აძაგებდა, ის ხალხი არ მოგვწონდა. ახლა რა ხდება? ძალიან ბევრ ადამიანს შეეცვალა მასზე წარმოდგენა და ახლა თავადაც აძაგებენ ივანიშვილს, თითქმის არავინ აქებს. მეც ვამბობდი და ვეფერებოდი შორიდან: ვაი, შენი ჭირიმე, ხალხისთვის დაბადებულხარ-მეთქი. თურმე, არ დაბადებულა ხალხისთვის, მხოლოდ თავის ოჯახისთვის ყოფილა კარგი. იცოდეთ, ყველაფერი დროებითია... არც ის მესმის, ამდენი პარტია რად გვინდა? იცით, მომწონდა გამსახურდია, ოღონდ ნაკლი იმასაც ჰქონდა - ცოტა სუსტი იყო, როგორც პოლიტიკოსი.

- ქალბატონო თინა, რას ურჩევთ პედაგოგებს?

- იმდენი რეფორმა გაატარა განათლების სამინისტრომ და იმდენი რამაა შეცვლილი, რომ არც ვიცი, რა ვურჩიო პედაგოგებს. კარგი მასწავლებელი თუ ხარ, როგორ უნდა ახსნა გაკვეთილი, იცი? მარტო წაკითხვა კი არაა საკმარისი, არამედ უნდა დასვა კითხვები და თითოეულზე პასუხები აპოვნინო მოსწავლეებს ისე, რომ მოთხრობის თუ ლექსის დედააზრი მათთვის გასაგები გახდეს...

მე არასდროს დამისჯია ბავშვი. ვიცი, ბევრი ისეთი მასწავლებელი, რომელიც ნაცნობის შვილს წინა მერხთან სვამდა და ამით პატივს სცემდა, მე კი წინ ვაჯენდი შედარებით სუსტ ბავშვებს, რომ მათთვის ხელი შემეწყო. არასდროს არავის დასჯა არ მიხდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს გაკვეთილებზე არ ყოფილა ფუსფუსი, ლაპარაკი და რაც მთავარია, ვგრძნობდი, რომ თითოეულ მოსწავლეს ვუყვარდი.

- ასეთ შედეგს როგორ აღწევდით?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით... ბავშვებს კი არა, მათ მშობლებსაც ძალიან ვუყვარდი. ისეთი შემთხვევაც მახსოვს, რომ ერთი წელი მიცდიდნენ და მერე შემოჰყავდათ ბავშვი პირველ კლასში - აი, ჩემი მთავარი მიღწევა, გამარჯვება ესაა და კიდევ ის, რომ ერთ მოსწავლეს უთქვამს წლების შემდეგ დედამისისთვის: თუ მე რამეს მივაღწიე კარგსა და კეთილს, მხოლოდ იმის წყალობით, რომ თინა იყო ჩემი მასწავლებელიო...

მელორ ოდიშარია (შვილი):

- აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ინსტიტუტში, მერე იყო კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურა, ხარისხის დაცვა, შემდეგ სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიყავი, მერე ომმა მოგვისწრო და... ახლა აქ ვარ. მე და ჩემი ოჯახი 27 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. ძმა დარჩა, მისი ცოლ-შვილი უკვე წამოსული იყო სამშვიდობოს.

27 სექტემბერს მოკლეს ჩემი ძმა. ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ ვიცი; არ მისაუბრია იმ ბიჭებთან, რომლებმაც ჩემი ძმის ცხედარს უპატრონეს. ამ ამბავსაც ალბათ, იმიტომ მალავდნენ, რომ მათთვის ვინმეს არ ესაყვედურა, ქართველის გვამს რატომ ჰპატრონობთო?!

დედა 20 წელი მარტო იყო აფხაზეთში. თავიდან წითელი ჯვრის მეშვეობით ვწერდით ერთმანეთს წერილებს, მერე ნაცნობების დახმარებით ვატყობინებდით საკუთარ ამბებს.

- აფხაზეთში მარტო დარჩენილ დედათქვენს არავინ ერჩოდა?

- თავიდან ყოფილა ამის მცდელობა და ვიღაცები ეუბნებოდნენ თურმე, სახლი დატოვეო, მაგრამ მას აფხაზი მეზობლები იცავდნენ. მერე სრულიად უცხო კაციც, ახალი მეზობელიც ცდილობდა მის დაცვას. ალბათ დაიმსახურა რაღაცით. დედამ, რომელსაც შვილი მოუკლეს, შეძლო აფხაზებზე არ გაბრაზებულიყო და უფრო მეტიც, პატარა აფხაზს ასწავლა წერა - ეს მის ადამიანობაზე მეტყველებს და იმ ბიჭმაც არ დაივიწყა ეს ამაგი, დღემდე სწერს დედას წერილებს.

- ქალბატონო თინა, ალბათ არის რაღაც, რაზეც ოცნებობთ...

- მეც იმაზე ვოცნებობ, რაზეც თქვენ, ყველა. მინდა, რომ ცხოვრება იყოს კეთილი, მყარი. მსურს ყველა ბედნიერი იყოს და სიკეთის კეთებაში ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს. სიყვარულია მთავარი ამ ცხოვრებაში. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, სხვანაირად არაფერი გამოვა.

- დაბოლოს, გაგვიმჟღავნეთ დიდხანს ცხოვრების თქვენეული რეცეპტი...

- აი, ამ კითხვასაც ველოდებოდი და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გიპასუხოთ (იღიმის)... მთელი ცხოვრება ვჭამდი მჟავე, ცხარე კერძებს, განსაკუთრებით ბევრ კვაწარახს. არ მიყვარს გემრიელობები, ცხოვრებაში არ მიჭამია ტორტის ნაჭერიც კი. მიყვარს მწვანე ლობიო და რა თქმა უნდა, ღომი - სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია და ბოლოს, გეტყვით: დიდხანს და სიკეთეში გეცხოვროთ ყველას!