ლუდომანი ქალების აღსარება - გზაპრესი

ლუდომანი ქალების აღსარება

აზარტული თამაშების მოყვარულები და ლუდომანიით დაავადებულები არა მხოლოდ მამაკაცები არიან, არამედ ქალებიც, თუმცა მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალი ყოფილა. კვლევების მიხედვით, ქალებს უფრო უჭირთ თამაშისთვის თავის დანებება, ვიდრე მამაკაცებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები აზარტულ თამაშებში სამჯერ უფრო სწრაფადაც ებმებიან და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ზრდასრულ ასაკში ხდებიან ლუდომანები, რასაც თან ახლავს დეპრესიული აშლილობა. აზარტომანიას ხშირად ნარკომანიასაც ადარებენ და სპეციალისტების აზრით, ნარკომანია უფრო მარტივად იკურნება, ვიდრე ლუდომანია. ამაში თვითონაც დავრწმუნდი, როდესაც ჩემი რესპონდენტების, ორი ახალგაზრდა ქალის, ელენესა და შორენას ამბავი მოვისმინე, შემდეგ კი ფსიქოლოგ სალომე ბლიაძეს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ადამიანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, რა ეტაპებს გადის, ვიდრე ლუდომანად ჩამოყალიბდება და შესაძლებელია თუ არა ლუდომანიის პრევენცია.

"დავკარგე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა"

ელენე, 34 წლის: - პროფესიით ეკონომისტი ვარ, წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი. კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი სკოლაშიც და შემდეგ უკვე უნივერსიტეტშიც წარმატებული სტუდენტი ვიყავი. ამას იმიტომ გეუბნებით, ქარაფშუტა რომ არ გეგონოთ. თუმცა, მაინც ქარაფშუტა აღმოვჩნდი, საბოლოოდ ასე გამოვიდა. 4 წლის წინ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ერთ-ერთ დაწესებულებაში მენეჯერად მუშაობდა. მეგონა, ეს იყო ბედნიერების პიკი - მქონდა სამსახური, მყავდა ქმარი, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუყვარდი... ქორწინების პირველ თვეებშივე გავიგე, რომ ჩემი ქმარი თამაშობდა. ისტერიკა დამემართა, ძალიან ვიჩხუბეთ და ვიდრე საბოლოოდ დავშორდებოდით, ამით გულგატეხილმა და გაბრაზებულმა შურისძიება გადავწყვიტე - მეც დავიწყე თამაში. ქმრისგან მუდმივად უყურადღებობას ვგრძნობდი, მან ცოლსა და ოჯახს თამაში არჩია, თავშესაფარს სხვაგან ეძებს და ვნახოთ ერთი, ჩემს საქციელზე რა რეაქცია ექნება-მეთქი, - ვფიქრობდი. საშინელებაა, მაგრამ ასეა, ეშმაკმა მაცდუნა და მეც დავიწყე თამაში. ჩემდა სამარცხვინოდ, ჩამითრია. ქორწილისთვის ვალი რომ ავიღეთ, იმაზე ვნერვიულობდი და მერე თამაშის გამო რამდენიმე ბანკიდან ერთდროულად რომ გამოვიტანე თანხა, ეს სულ არ მადარდებდა. ვიხდიდი, ერთი დღეც კი არ მქონდა ვადაგადაცილება, რადგან ერთ ვალს ვიღებდი, მეორე რომ გადამეფარა. მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდებოდა და ერთ დღესაც ძალიან "გავიჭედე" ფინანსურად. მხოლოდ ჩემმა ქმარმა იცოდა ეს ამბავი და მთხოვდა, გაჩერდიო. ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ჩემებს დაურეკა, ამის შემდეგ დავშორდით. იმ დღეს ქვეყანა დაიქცა ჩემთვის, იმ დღეს მოვკვდი... ქმარმა და მისმა ოჯახმა ყველა ვალი მე შემატოვა - ჩემიც და მათი შვილისაც. ჩემმა მშობლებმა ბინა ბანკში ჩადეს, რომ ყველა ვალი გამესტუმრებინა. ეს თანხა არ გვეყო, ამიტომ ისევ ავიღე ვალები - სხვადასხვა საფინანსოდან და თან, თამაშიც არ შევწყვიტე. ამხელა ვალს ვეღარ ვიხდი, დღეს თუ ხვალ ბინას გამიყიდიან. ამ ამბავს უკვე ვეღარ ვუმხელ მშობლებს - ვერც ავადმყოფ დედას, რომელიც ლამის გადაჰყვა ჩემზე დარდს და ვერც მამას, რომელმაც პირველად მაშინ იტირა, როცა სიმართლე გაიგო, მანამდე მის თვალზე ცრემლი არ მინახავს. როდესაც გაიგებენ, რომ ისევ ვთამაშობ და ბინას ვკარგავ, როგორ უნდა შევხედო მათ? არადა, სკოლა ისე დავამთავრე, ფულის თხოვნა მერიდებოდა მშობლებისთვის. არ მაქვს დაბალი ხელფასი - 2.400 ლარს ვიღებ, მაგრამ სწრაფი სესხების გამო საკრედიტო ქულა დაბალი მაქვს და არავინ მაძლევს დიდ თანხას, ყველა ვალი რომ გავისტუმრო. განა არ ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს დღე რომ დადგებოდა. იმ ხალხსაც ვუფუჭებ საქმეს, ვინც მენდო და თავდებად დამიდგა. სასოწარკვეთილი ვარ! თავის მოკვლაზეც ვფიქრობ, მაგრამ მინდა პრობლემები მოვაგვარო და ჩემებს არ დავუტოვო თავში სახლელად. ეგოისტია ადამიანი, საკუთარი თავი ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს და ამიტომაც ვიქცევი ასე, მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე რომ ვფიქრობ. ჩემი ახლობლების 99% ალბათ ვერც ხვდება, რას ვაკეთებ; ვერ იეჭვებენ, მე ასე თუ დამემართა. ზოგჯერ თვითონაც არ მჯერა, რომ რაც ხდება, რეალურია. მეგობრებსაც არაფერს ვეუბნები, არ შემიძლია ჭკუის დარიგებების ატანა, ისედაც კარგად ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. თანაც, ყველას თვალში დავმცირდები და გავნადგურდები, ყველას კიდევ ერთხელ გავუცრუებ იმედს. იქნებ რომელიმე ბანკი მენდოს, მომცეს გრძელვადიანი სესხი. თუ ღმერთი სიცოცხლის ამ ერთ შანსს კიდევ მომცემს, ვიცი, არ დავკარგავ. სული ეშმაკს მივყიდე, დამიჯერეთ, სიცოცხლე უკვე აღარ მიღირს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დამშორდა ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. არ ვიცი, ხვდებით თუ არა, რასაც ვგრძნობ - ყოველთვის სამაგალითო ვიყავი, თითით საჩვენებელი, მშობლებს ჩემი იმედი ჰქონდათ და გამოვიდა, რომ მათ ვუღალატე; თუ რამ აბადიათ, იმასაც ჩემი მიზეზით კარგავენ...

"რომ არა ჩემი ავადმყოფობა, გამიჭირდებოდა თამაშისთვის თავის დანებება"

შორენა, 43 წლის: - უკვე საკმაოდ მოზრდილი შვილები მყავდა, თამაში რომ დავიწყე. პოკერ კლუბში ვმუშაობდი და ყოველდღე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც აზარტის გამო ყველაფერზე მიდიოდნენ. ინტერესი გამიჩნდა, რა გრძნობა იყო ეს, თან იმ პერიოდში რთული მატერიალური მდგომარეობა მქონდა - მეუღლესთან გაყრილი ვიყავი და ორ შვილს მარტო ვზრდიდი, თუმცა ჩემი მშობლები და ძმა კი მეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. განქორწინების შემდეგ შვილებთან ერთად საცხოვრებლად მათთან გადავედი. ჩემს სამსახურში აკრძალული მქონდა თამაში და დასვენების დროს სხვაგან მივდიოდი ხოლმე სათამაშოდ... მერე ვცდილობდი თავის დანებებას, მაგრამ ნარკოტიკივით იყო. ბოლოს ისეთი თანხა წავაგე, სხვა გზა არ იყო და ჩემმა მშობლებმა ერთადერთი ბინა გაყიდეს ჩემი ვალების გასასტუმრებლად. დღემდე ქირით ცხოვრობენ, მეც მათთან ერთად ჩემი შვილებით, ჩემი ძმა - თავისი ცოლ-შვილით. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ საუბედუროდ, ვეღარაფერს შევცვლი. რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და ისეთი პრობლემების წინაშე დავდექი, აღარც თამაში მახსოვდა და აღარც აზარტი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ალბათ ამაზეა ნათქვამი - რომ არა ჩემი ავადმყოფობა, ძალიან გამიჭირდებოდა ფსიქოლოგის გარეშე თამაშისთვის თავის დანებება.

სალომე ბლიაძე, ფსიქოლოგი: - აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება, ანუ ლუდომანია დღესდღეობით უკვე მიჩნეულია დაავადებად. მნიშვნელოვანია თავიდანვე განვსაზღვროთ, რომ ეს არის სწორედ დაავადება და არა უბრალოდ ქცევითი დარღვევა, თორემ იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ლუდომანია გლობალური სოციალური პრობლემაა.

- ლუდომანიას აქვს განვითარების თავისი ეტაპები...

- დაახლოებით 4 ეტაპია: დაინტერესება - შეიძლება სულ მცირე თანხა მოიგოს ადამიანმა და ამით ხდება მისი ჩათრევა, მერე იზრდება სურვილი, რომ აუცილებლად მოიგოს თანხა. მეორე სტადია - რამდენჯერმე იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც სჯერა, რომ მოიგებს; დაუძლეველი სურვილი აქვს მოგების და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რისკავს ბევრს. მესამე - იმედგაცრუება ეუფლება, უკვე ძალიან დიდი დანაკარგი აქვს, ჩნდება სირცხვილის გრძნობა, იკეტება საკუთარ თავში, იღებს ვალებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც; მეოთხე სტადია არის უკვე კრიზისული პერიოდი - დანაკარგი დიდია, ფსიქოემოციურიც და მატერიალურიც. შეიძლება გაუჩნდეს სუიციდური აზრები, დეპრესია. ლუდომანი არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ოჯახს, ზოგადად, სოციუმს აზიანებს.

GzaPress

- ოჯახის წევრს, ახლობელს როგორ შეიძლება შევატყოთ, რომ აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა? - საწყის ეტაპზე მოთამაშე ეიფორიაშია. ჰგონია, რომ მოიგებს და ამ დროს ემოციებს დაუფარავად გამოხატავს. ეცვლება გუნება-განწყობილება, ეწყება მუდმივი შფოთვა, ერთი სიტყვით, მიხვდებით, რომ რაღაც ისე ვერ არის. მათ იმხელა სიამოვნებას ანიჭებს ეს პროცესი, რომ ხშირ შემთხვევაში ფული კი არა, თამაშისგან მიღებული ემოციებია მნიშვნელოვანი. მინახავს ახალგაზრდები, რომელთაც მართლა სჯერათ, რომ მოიგებენ. თუ მათ თავის დროზე სწორად და ჯანსაღად არ მიეწოდათ ინფორმაცია, რაღაც ეტაპზე შეიძლება ჩართულები აღმოჩნდნენ, მით უფრო, რომ დღესდღეობით ყველასთვის ხელმისაწვდომია ონლაინტოტალიზატორები. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, ინტერნეტით წვდომა აქვთ არასრულწლოვნებსაც. აუცილებელია, რომ აზარტული თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის პროცესი დაიხვეწოს და სხვა ბევრი ღონისძიება დაიგეგმოს. მაგალითად, წამალზე დამოკიდებულება თუ კანონით ისჯება, თამაშზე დამოკიდებულება, რომელიც არანაკლებ ზიანის მომტანია, დასჯადი რატომ არ შეიძლება იყოს? სამწუხაროდ, უფრო ნაკლები ინფორმაციაა პრობლემის შესახებ და უფრო მეტი რეკლამაა იმისა, თუ სად შეიძლება ითამაშო. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ითრევს ადვილად, რადგან მათ საწყის ეტაპზე ბევრი რამ გაცნობიერებული არ აქვთ.

- აზარტული თამაშები მათ განვითარებას თუ აფერხებს?

- მოზარდების უმრავლესობა კომპიუტერული თამაშებით არის გატაცებული, რეალობა დაკარგული აქვთ და ჩარჩენილები არიან ამ თამაშებში. სკოლის მოსწავლე საათობით რომ თამაშობს ყოველდღე, ეს ნიშნავს, რომ აქვს პრობლემები აკადემიურ მოსწრებაში, არა აქვს დრო სწორად გადანაწილებული და კიდევ სხვა ბევრ რამეში ეშლება ხელი - გარემოსთან, მეგობრებთან აღარ კონტაქტობს, ვირტუალურ სამყაროშია ჩაკეტილი, რაც საბოლოოდ, მის კომუნიკაციურ თუ სოციალურ უნარებზეც აისახება.

- რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, რამდენად რთული სამართავია?

- ამ შემთხვევაში არანაირი მედიკამენტოზური ჩარევა არ ხდება, მხოლოდ ფსიქოთერაპია. ყველა დამოკიდებულებას აქვს თავისი ფესვები, სირთულეები და ამას სჭირდება ხანგრძლივი მუშაობა. ადამიანმა პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის დაავადება. საკმაოდ რთული სამუშაოა, მაგრამ მართვადია - სჭირდება ხელშეწყობაც და დროც. ამ პროცესში ჩართულია მთელი ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები, რაც იწვევს ამ დამოკიდებულებასა და ადიქციას, რომლის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე, კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება და ა.შ. აქედან გამომდინარე, საჭიროა სრულფასოვანი ყურადღების მიქცევა, რადგან რთულია თამაშზე უარის თქმა. მეოთხე სტადიაში, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეს უკვე დიდი მატერიალური დანაკარგი აქვს, თანხა რომ ჩაუვარდეს ხელში, კვლავ ითამაშებს. მე ეს ვიცი ჩემი პრაქტიკიდან - ყოფილა შემთხვევა, რომ გაუჩნდა გარკვეული თანხა, რომლითაც შეეძლო მთელი ვალის დაფარვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ კიდევ გარისკა და ითამაშა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული პრობლემის სიღრმე.

- ჯგუფური თერაპია რამდენად ეფექტურია?

- არსებობს კვლევები, რომ ჯგუფური თერაპია კიდევ უფრო ეფექტურია. რა არის ჯგუფურ თერაპიაში მთავარი? ის, რომ ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, თითქოს მარტო მას დაატყდა თავს ამგვარი უბედურება. ჯგუფში კი აღმოაჩენს, რომ მის ბედში მყოფი სხვებიც არიან და არა მხოლოდ არიან, ისინი ცდილობენ, იბრძვიან და უმკლავდებიან გამოწვევებს. ჯგუფური თერაპიის დროს მხარდამჭერი გარემო იქმნება და თავიანთი გამოცდილებით იქ მყოფები ერთმანეთს ამხნევებენ. ჯგუფური თუ ინდივიდუალური მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს მკურნალობა. იმის რისკი, რომ თერაპიის შემდეგ ვიღაც ისევ ითამაშებს, ყოველთვის არსებობს, მაგრამ სწავლობს და ეუფლება თავის მართვისა და კონტროლის მექანიზმს, თავის მართვის უნარ-ჩვევების დასწავლა ხდება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ გააცნობიეროს, რაც სჭირს და გაუმკლავდეს გამოწვევებს. ამას სჭირდება დრო და ფსიქოლოგის დახმარება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თერაპია.

ნინო ჯავახიშვილი