სხვაგვარი ბედნიერება - გზაპრესი

სხვაგვარი ბედნიერება

ელა ქარდავა იმ ქალებისთვის უნდა იყოს სამაგალითო, ვისაც ბედმა ქვრივობა არგუნა. ბედნიერება ამგვარი ქალბატონებისთვის მეუღლის ხსოვნის პატივისცემა და შვილების სიყვარულია!

ელაზე განსაკუთრებულად ბაბუამ იქონია გავლენა. მისი გავლენით აირჩია პროფესიად ისტორიკოსობა და ცხოვრების წესიც... თუ ვინმეს უჭირდა, ბაბუა ავანგარდში იდგა მუდამ. მივიდოდა, ორიოდე სიტყვას დატოვებდა, ვიღაცას დატუქსავდა, ვიღაცას მოეფერებოდა და გასაჭირიც სადღაც იმალებოდა. რა გრჯისო, თუ შეეკითხებოდნენ, ღიმილით უპასუხებდა: თუ შენი ჩარევა საქმეს წაადგება, მეტი უკეთესი რაღააო! ბაბუა ბევრს კითხულობდა და წერდა. განსაკუთრებით უყვარდა რვეულში ლამაზი ამბების ჩაწერა, ზოგჯერ სიზმრებისაც! ელაც ბაბუას მსგავსად, ბევრს კითხულობდა. ღამით მისი საძინებლიდან "გაპარებული" შუქით ხვდებოდა მოხუცი, რომ შვილიშვილი რომელიღაც დიდ წიგნს ფურცლავდა. სასიყვარულო რომანებს კითხულობდა მალულად ელა, მაშინ სხვა დრო იყო - სიყვარულზე საუბარსაც კი ერიდებოდნენ გოგონები... ზოგჯერ ბაბუა-შვილიშვილს კითხვაში დაათენდებოდათ ხოლმე. კითხვაზე, რატომ ენთო მთელი ღამე ელექტრონი საძინებელში? გოგონა თავს იმართლებდა, გაკვეთილების მომზადებას დღისით ვერ ვასწრებ, ამიტომ ვკითხულობ ღამეო. მოხუცი დარდობდა, რას ვერ ერევა ჩემი შვილიშვილი, უნდა დავეხმაროო. ერთხელაც ელას ჩაეძინა და სასიყვარულო რომანს წააწყდა მოხუცი მის საწოლთან. ამას კითხულობო? - დაჰკითხვია მოხუცი და გოგონას აწითლებულ სახეს უსიტყვოდ გაუცია პასუხი. ამის კითხვა სირცხვილი არაა, ბაბუო, უკეთესი ღმერთს არც რა შეუქმნია სიყვარულზე და მოურიდებლად იკითხე, გაითავისე და აივსე ამ გრძნობითო!.. როცა რამეს დააშავებდა ელა, მოხუცი ტკბილად ეუბნებოდა, კი ხარ ყურების დაგლეჯის ღირსი, მაგრამ მეცოდებიო. როცა კლასში კომუნისტური ბელადების ქება-დიდებას ითხოვდნენ მოსწავლეებისგან მასწავლებლები, ელა აპროტესტებდა და კლასიდანაც აგდებდნენ. კლასიდან გაგდებულს ბებია-ბაბუას მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, თორემ დედ-მამა ტუქსავდა ხოლმე. ვფიქრობდი, მგონი მშობლებზე მეტად ჩემი მოხუცები მიყვარდაო, იხსენებს ელა და თვალწინ კინოკადრებივით ჩაურბენდა სეიფში საგულდაგულოდ ჩამალული უამრავი მედალი, ლენინგრადის ბლოკადის გადატანის გამო რომ გადაეცა კომუნისტურ ხელისუფლებას მოხუცისთვის. მერე 1993 წლის სექტემბერი დადგა, სოხუმის დაცემის დღე. ქარდავების ოჯახმაც დატოვა კერა, მაგრამ მოხუცებმა იუარეს აფხაზეთიდან წასვლა, ერთი შვილის (ელას ბიძის) საფლავს ვერ თმობდნენ... ბოლოს, 84 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე გარდაცვლილა მოხუცი. ელას არ სჯეროდა, რომ თავის ტკბილ ბაბუას ვეღარ ნახავდა. დიდი მესაიდუმლე და მეგობარი აკაკი ბაბუა ძალიან ცოტა ადამიანმა მიაცილა უკანასკნელ განსასვენებლამდე, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როცა სოხუმელები ელას ეკითხებიან, ვისი შვილი ხარო, პასუხი ასეთია: "მე აკაკი ქარდავას შვილიშვილი ვარ!"

GzaPressმეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ადრე უფრო დაფასებულად და პომპეზურად ხვდებოდნენ. ელა ასე იგონებს კომუნისტური პერიოდის 9 მაისს:

"ავიდოდა სახლის მეორე სართულზე უთენია. ძალიან დიდი ხანი ანდომებდა გამოწყობას. ვიცინოდით, ნეფე ცოლის შესართავად ემზადებაო. ჩამოვიდოდა განსაკუთრებულად "დავარცხნილი" ლუქით: ღია ფერის პერანგი, ზოლიანი ჰალსტუხით, ცილინდრით, გაპრიალებული, ძალიან გაპრიალებული ფეხსაცმელებით (ფეხსაცმელს აპრიალებდა მთელი საათი და სულ რომ ტალახში ევლო, მაინც არ ესვრებოდა, წვერიც კი). ხელებს უკან, კუდუსუნთან ერთმანეთზე ჯვარედინად დაილაგებდა და გაუდგებოდა გზას ნელი, დინჯი ნაბიჯებით. არ მახსოვს, მანქანით წაეყვანოს ან მამას, ან ბიძას. ყოველთვის ფეხით მიდიოდა. მერე სახლში სუფრის სამზადისი იწყებოდა. დედა და ბებია გემრიელობებს მოამზადებდნენ. წესის მიხედვით, ყველანი მივდიოდით "პარადზე": ბავშვები სკოლის მსვლელობას მივყვებოდით სხვადასხვა ნაციონალური ფორმებით. დედ-მამა სამსახურიდან მიდიოდა. ბაბუა სულ ტრიბუნაზე იდგა. ხელის ქნევით ამაყად ჩავუვლიდი. ზუსტად ვიცოდი, სადაც იდგა, ადგილს არასდროს იცვლიდა. დედა ცოტა ადრე ტოვებდა "პარადს". ღომს ჩაადგამდა, ხაჭაპურებს დააცხობდა. ჩვენც მალევე მივყვებოდით. მოგვიანებით ბაბუაც მოვიდოდა ახალი მედლით ხელდამშვენებული და რაღაცნაირი ღიმილი ჰქონდა სახეზე, სიამაყენარევი. მე ეგრევე მედალს ვართმევდი, დავათვალიერებდი და უკან მოწიწებით დავუბრუნებდი. მერე ოჯახურად მივუსხდებოდით სუფრას. ჭიქასაც ავწევდით. რატომღაც დედა იღებდა პირველ ჭიქას. ბაბუას მივულოცავდით გამარჯვების დღეს და ახალ ისტორიას მოვისმენდით ომზე... 9 მაისი ჩემი ბაბუას დღე იყო!"

ბაბუას მერე ელასთვის გამოჩნდა კიდევ სხვა კაცი, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა. სრულიად ახალგაზრდა ცხოვრების თანამგზავრი დაკარგო და მაინც იყო ბედნიერი, ეს უკვე ნიჭია... ელას ამ ჩანაწერში არაფერია მასში გადაჭარბებული ან შელამაზებული. უბრალოდ, მეუღლის გახსენებაა ისე, როგორც ეკუთვნოდა ადამიანს, რომელმაც თითქოს იჩქარა ამ ქვეყნიდან წასვლა:

"ეს იყო ადამიანი, რომელიც სხვის გასახარებლად მოევლინა დედამიწას. ბოლო სამი წელი ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრებამ. ის მოსკოვში დარჩა, მე და ბავშვები წამოვედით. აბსოლუტურად მარტომ, ბავშვების გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ძლივს დავითანხმე. ჩვენი წამოსვლის წინადღეს გახარებული მოვიდა ძვირფასი ფეხსაცმლის ყუთით. ეს ფეხსაცმელები ძალიან მომწონდა და სიძვირის გამო არ ვიყიდე. "კენზოს" "ინსპექტორები" იყო, რომელიც ლამის მანქანის ფასი ღირდა... არ გვქონია ის ფუფუნება, რომ ყველა სურვილის დაკმაყოფილებაზე გვეფიქრა. მოკლედ, უყიდია და მოვიდა გაბრწყინებული. გადარევას ვარ, ცალკე სიხარულით, ცალკე იმის გამო, ამდენი რანაირად გადაიხადა! არ ვიცი, რომელი უფრო ჭარბობდა! მოსკოვი-მინსკის მატარებელში დაგვემშვიდობა (ფრენები აღარ იყო). ფანჯრიდან რომ გავხედეთ, დავინახეთ, ბაქანზე იდგა და ტიროდა. არ იცოდა, თუ ვხედავდით (პირველად ვნახე, რომ ტიროდა). ბავშვებმაც დაინახეს. ისტერიკა დაგვემართა, ძლივს დავწყნარდით. ხუთ წუთში დაგვირეკა, კეთილი მგზავრობა გვისურვა "მხიარული" ხმით. მეც "მხიარულად" დავემშვიდობე... ჩამოსვლიდან მე-5 დღეს ჩავიცვი ის ფეხსაცმელები. ჭკუაზე არა ვარ, ისე მომწონს! კი არ დავდივარ, ვსრიალებ. ტყავის ძირი აქვს, პრიალა. ვიფიქრე, სახლში რომ მივალ და გავიხდი, ეგრევე ხელოსანს წავუღებ და რეზინს ამოვაკვრევინებ ძირზე-მეთქი. ამის გაფიქრება და გასრიალება, დაგორება და ზღართანი ტატოს საბავშვო ბაღის კიბეზე (ტატო იმ დღეს მივიყვანე პირველად ბაღში), ერთი იყო. გამოიძახეს "სასწრაფო". სამ ადგილას მქონდა კოჭი გადაჩეხილი. ეს რა მომიწყვე, - დავურეკე, - შეულოცე ფეხსაცმელს?! ჩემმა ცოდვამ გიწია, რომ დამტოვეო, იყო პასუხი.

სულ ვფიქრობ, რამდენად გამართლებული იყო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნებაზე. ჯერჯერობით ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა ამას მაინც დრო გვიჩვენებს. წარმატებულები თუ იქნებიან ჩემი შვილები, მაშინ ვიტყვი უფრო თამამად.

ჩემი მეუღლე საქართველოში ხშირად დაფრინავდა. მეზობლები ეხუმრებოდნენ, ბაზარში ვერ დავდივართ ასე ხშირად, შენ როგორც დაფრინავ საქართველო-რუსეთს შორისო. რვა ბილეთი ედო წინასწარ ნაყიდი, როცა გარდაიცვალა. როგორც კი ფასდაკლებით გამოჩნდებოდა, ეგრევე ყიდულობდა და დაფრინავდა წინ და უკან. ვერ ძლებდა ჩვენ გარეშე. არანორმალურად ვუყვარდით. ეს იყო ადამიანი, რომელიც ჩვენთვის დაიბადა. სულ ვადანაშაულებ საკუთარ თავს, რომ ის იქ დავტოვე. ცნობილი გადეპორტირების პერიოდი იყო, ფიზიკურად გაუსაძლისი გახდა ცხოვრება მოსკოვში. ზოგჯერ მგონია, უფალმა ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყო, რომ ნელ-ნელა მიმაჩვია მის გარეშე ცხოვრებას...

არც ერთი დღე საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. სულ სხვებისთვის იცხოვრა. ეძებდა, ვის როგორ დახმარებოდა. საოცარი ბიჭი იყო. არანორმალურად პოზიტიური... არ ვიცი, მართლა ეგონა თუ თამაშობდა, რომ ჩემზე უკეთესი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე. მე ასე მაგრძნობინებდა. მაჯერებდა, რომ ასე ფიქრობდა. უსაზღვროდ მაბედნიერებდა! ჩემთვის დაიბადა ეს ბიჭი და 12 აპრილს 46 წლის გახდებოდა..."

ელას გოგონასაც "დაეწერა" მამაზე მოგონება:

"მამა 24 წლის იყო, მე რომ დავიბადე. მთელი ბავშვობა მახარებდა, რომ ორივე ხარის წელში დავიბადეთ და ყოველთვის ვფიქრობდი, ამის გამო განსაკუთრებული სიახლოვე გვქონდა. მუდმივად მამასთან ერთად ვითხოვდი სადმე წასვლას. რასაც ვთხოვდი, ყველაფერს ყიდულობდა ჩემთვის... საოცრად მეამაყებოდა მამა. მეგონა, რომ ვერავინ და ვერაფერი მომერეოდა, მასთან ერთად თუ ვიქნებოდი და ეს არ იყო პატარა ბავშვის ილუზია.

ბოლო 2-3 წელი მოსკოვში ცხოვრობდა და ძალიან ხშირად ჩამოდიოდა.

GzaPressმეცამეტე დაბადების დღეზე სკოლის გარეთ დამხვდა ულამაზესი იასამნის თაიგულით. იმ მომენტში ალბათ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარებოდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ხშირად არ აკითხავენ მამები შვილებს თაიგულებით. ის იყო ბოლო დაბადების დღე, რომელიც მამასთან ერთად მარგუნა ბედმა. მოსკოვიდან ჩამოფრინდა, ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. ბოლოს, სანამ გაფრინდებოდა, ვთხოვე, დაუმშვიდობებლად არ წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარდა დამშვიდობება, მოვიდა და სკოლის დერეფანში ძალიან დიდხანს მეხუტებოდა. დღემდე ვცდილობ ის დღე ავხსნა, მაგრამ არ გამომდის. იმდენად ხშირად დაფრინავდა, არ უნდა ყოფილიყო ასეთი ემოციური ეს გამომშვიდობება... ალბათ, რაღაც ამოუხსნელი ძალით, ორივე ვგრძნობდით, რომ ბოლოჯერ ვემშვიდობებოდით და ვეხუტებოდით ერთმანეთს..."

მერე მოვიდა ულმობელი სიკვდილი - ტრომბით გარდაიცვალა კარგი მეუღლე, კარგი მამა, თუმცა ელამ აჯობა მწუხარებას, დააჩოქა საკუთარი ბედნიერი წარსულისა და შვილების მომავლის წინაშე და თქვა, რომ მხოლოდ საკუთარი საზომით არ შეიძლება სამყაროში არსებობა! თანაც, უკვე ბაბუისა და მეუღლის მერე, კიდევ გამოჩნდა მესამე კაცი, მართალია, ჯერ ისევ მოსწავლეა, მაგრამ ცხოვრების აზრია და სიხარული!

P.S. ბავშვობისას ხშირად ვხედავდი რაიონის ცენტრიდან სოფლის ავტობუსს გამოყოლილ შავოსან ახალგაზრდა ქალს. შესაძლოა, 25 წელს ბევრად გადაცილებულიც არ ყოფილიყო. ავტოსადგურზე ყოველთვის "პაზში" იმ დროს ამოდიოდა ორი შვილით, როცა ტრანსპორტი უნდა დაძრულიყო. უზარმაზარი ხილაბანდი უფარავდა სახეს, მაგრამ ოღროჩოღროებში ნჯღრევისას შუბლზე გადაუსრიალდებოდა ხოლმე ხელოვნური აბრეშუმის თალხი და ცარცზე უფრო თეთრ სახეზე მკვეთრად მოჩანდა ღამეზე მუქი თვალები. მის მზერაში უსწრაფესად იკითხებოდა ნატანჯი თუ სევდიანი ბედნიერება. თვალებიდან მართლა ბედნიერი შუქი იღვრებოდა, უბრალოდ, ამ ბედნიერების საფუძველს ვერ ვხვდებოდი. "თუ მგლოვიარეა, რა აბედნიერებს, თუ მგლოვიარე არაა, მაშინ რატომ აცვია ძაძები?" - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. კითხვაზე პასუხი ათეული წლების გასვლის მერე, უნებლიეთ მივიღე. იმ ქალის ბედნიერების საფუძველიც, შესაძლოა, გარდაცვლილების ღირსება და ორი ცუგრუმელა ბავშვი იყო, სევდის მიზეზი, გასაგებია, რომ სიკვდილი იყო, რომლითაც მშვენობს სიცოცხლე!

როლანდ ხოჯანაშვილი