არა მონობას! - გზაპრესი

არა მონობას!

"კონსულტანტი" - ეს სიტყვა ნიშნავს პირს, რომელიც კონსულტაციას, რჩევა-დარიგებას აძლევს ვინმეს თავისი სპეციალობის მიხედვით, თუმცა საქართველოში ეს სიტყვა უფრო მრავლისმომცველია. თუ კონსულტანტობას გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ მოგიწევს რჩევის მიცემაც, დასუფთავებაც, დიზაინერობაც და ამავე დროს, მუშის საქმის შეთავსებაც. სწორედ შრომის გაუსაძლისი პირობები და მიზერული ანაზღაურება გახდა საბაბი სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიისა - "არა მონობას!" ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვლოგერმა მარიამ გვალიამ, რომელიც სოციალურ ქსელებში იუმორისტული ვიდეოებით არის ცნობილი (გახსოვთ ალბათ იუმორისტული გვერდი "მანიკო გვაჭანიძე"), გამოაქვეყნა ვიდეო და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა, რამდენად რთულ პირობებში უწევთ კონსულტანტებს მუშაობა. ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

GzaPressმარიამ გვალია:

- სხვა დროსაც და სხვებსაც არაერთხელ გამოუთქვამთ პროტესტი არასათანადო მოპყრობისა და გაუსაძლისი პირობების გამო, მაგრამ ასე ვირუსივით არასდროს გავრცელებულა. მე გამიმართლა, რადგან მანამდე გარკვეული აუდიტორია უკვე მყავდა - როგორც იცით, ვიდეოვლოგერი ვარ. წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე მუშაობა სუპერმარკეტში. თავისუფალი დრო მქონდა და მეტი შემოსავალი არ მაწყენდა. ბევრი მეკითხებოდა, ასე რა გაგიჭირდაო და მიკვირდა მათი დამოკიდებულება. სულაც არ მიმაჩნდა, რომ ეს დამამცირებელი იყო. როდესაც მუშაობ, სხვებთან ერთად შენც ავტომატურად აკეთებ საქმეს, პროტესტის გამოხატვის თავიც არ გაქვს, მერე და მერე კი ალბათ ყველაფერს ეჩვევი. თუმცა, მე სამ კვირაზე მეტხანს ვერ გავჩერდი, წამოვედი და 200 ლარამდე, სამარცხვინო ხელფასი მომცეს. პასუხიც არ მომითხოვია... კონტრაქტს უნდა გაეცნოთო, გვირჩევენ, მაგრამ იმდენი რამ არ წერია იქ და დიდ კომპანიებს ამ კონტრაქტს ისეთი იურისტები უდგენენ, ჩვენ რომ ვერაფერს დავაკლებთ. გიწერია, მენეჯერის მითითებები უნდა შეასრულოო და გამოდის, უფლება არ გაქვს, შეეწინააღმდეგო, თანაც, კერძო სექტორთან "დაჯახება" მარტივი საქმე არ არის. მოკლედ, ჩემს მიმართვას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მივხვდი, ბრძოლა უნდა დამეწყო ჩვენი უფლებების დასაბრუნებლად. დავიწყეთ მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიტანეთ პარლამენტში. ანუ იმას, რაზედაც ხალხი გამოთქვამდა წუხილს, კანონპროექტის სახე მივეცით. მიხარია, რომ ეს შევძელით; არ შევეგუოთ უსამართლობას. ამასთან, ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციას. ვიცი, ერთად შევცვლით ხვალინდელ დღეს და დავიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს - უფლებას, ვიშრომოთ ღირსეულად, უსაფრთხო გარემოში.

მარიამის მიერ მოყოლილი ამბავი ერთადერთი არ არის - შრომის მძიმე პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე სხვა დასაქმებულებიც საუბრობენ. გიორგი თედეევს სახეზე ჰემანგიომა აქვს და ამ მიზეზით ხშირად უარს ეუბნებოდნენ დასაქმებაზე, თუმცა ამ შინაარსის ამსახველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვილ ბავშვთა სახლში, დამხმარე მუშაკის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა:

- საქართველოში შრომით კოდექსს არ აფასებენ და მართლაც, რომ მონებად ვართ ქცეულები. მსახიობობა მინდოდა და თავისუფლებაზე ერთ-ერთ კერძო სამსახიობო კასტინგზე მივედი 5 წლის წინ, რაღაც მიმიკები ვაჩვენე, მსახიობებს გავაჯავრე და მითხრეს, ნიჭი არ გაქვს, შვილო და იმდენი გრიმი სად გვაქვს, რომ შენს სახეზე დავხარჯოთო? პირდაპირ ვუთხარი, ბარემ მოკლედ გეთქვათ, რომ ვიზუალიდან გამომდინარე ვერ მიმიღებთ-მეთქი. გარეგნობის გამო ყველანაირი იმედი ჩამიკლეს! წლების წინ ერთ-ერთ ბანკში მივედი და ასე განმიცხადეს, იმიჯი გაკლიათ, ბატონო გიორგი და სამსახურში ვერ აგიყვანთ, თქვენ რაც შეიძლება მეტი კლიენტი უნდა მოიზიდოთ, კი არ უნდა გააქციოთო. მქონდა მცდელობა რესტორანში მიმტანის პოზიციაზე მემუშავა, მაგრამ კლიენტმა რომ საჩივარი დაწეროს? შესაბამისი ვიზუალი არ გაქვთო. უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო... ჩვენს სახელმწიფოში ადამიანებს ადამიანებად არ თვლიან და ჩვენს შრომისუნარიანობას არაფრად აგდებენ. საქართველოდან იმიტომ მივდივართ ახალგაზრდები, რომ ადამიანურ პირობებში ცხოვრება შევძლოთ, ოჯახები ვარჩინოთ და ცხოვრება მოვიწყოთ. აქ კი იმას ცდილობენ, ადამიანს როგორ ჩაუხშონ ყველა გზა წარმატებისა და მომავლისკენ.

GzaPress3 შვილის დედა ეველინა ჩოხელი წერს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ორსული გარეთ "მოისროლა" და აშანტაჟებდა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაეწერა:

- ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2010 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოს პიარმენეჯერის პოზიციაზე. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი მისვლის დღიდან კომპანიის ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. როდესაც დავორსულდი და მეოთხე ბავშვს ველოდებოდი, გაურკვეველი მიზეზებით, პრეტენზიები გაუჩნდათ. დაგვირიგეს მოწყობილობა, რომლითაც სამსახურის პერიოდში აკონტროლებდნენ ჩვენს გადაადგილებას. იყო საუბარი, რომ თითქოს მე არ ვიმყოფებოდი ადგილზე, სინამდვილეში ეს მოწყობილობა ხშირად არ მუშაობდა და მაგალითად, მე რომ მარნეულში ვიყავი, ლოკაციას არ აჩვენებდა. შემდეგ გადავუგზავნე ვაიბერის ლოკაცია და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ადგილზე ვიმყოფებოდი. მერე დაიწყეს სხვა მიზეზის ძიება, ასეთი მიზეზი კი აღმოჩნდა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო - ახალციხიდან ვიყავი ჩამოსული, მთელი გზის ნამგზავრი ძალიან დაღლილი გახლდით და ფეხები ორი წუთით მაგიდაზე შემოვდე. ხომ გესმით, ძალიან ადამიანური მომენტია და შეიძლება ნებისმიერს გაეკეთებინა ეს. შემდეგ ეს ფოტო დავდე ინსტაგრამზე, რას გამოც გაღიზიანდნენ. დამიწერეს საყვედური, სადაც კი რამე საშინელება შეიძლება დაეწერათ, ყველაფერი ჩაწერეს. ჩემს ზემდგომ მენეჯერს აიძულებდნენ, ეს ყველაფერი დაედასტურებინა, რაც არ გააკეთა. ამის გამო ისიც ზედ მომაყოლეს და საერთო ჯამში, ჩემი მხარდაჭერის გამო კომპანიიდან 10 თანამშრომელი გაუშვეს. ვუთხარი, რომ თუ ეს ფოტო დარღვევად მიიჩნიეთ, წავშლი ინსტაგრამიდან-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ამის შემდეგ, კონფერენციის გამო დავწერე სამდღიანი შვებულება და ამ შვებულების დროს თანამშრომლებისგან ვიგებ, რომ თურმე გათავისუფლებული ვარ. მივედი ოფისში, აღმოჩნდა, რომ სამართლებრივად ვერ ასაბუთებდნენ ჩემს გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, უკვე მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ჩემი გათავისუფლება. ამის გამო გავხდი შეუძლოდ, ავიღე ბიულეტენი და საავადმყოფოში დავწექი, გადასხმები დამჭირდა და ძლივს გადამარჩინეს. მივიტანე ეს ბიულეტენიც, ჩავაბარე საბუთი ოფისში, რომ ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ბიულეტენზე ყოფნისა და ორსულობის მიუხედავად, მაინც გამათავისუფლეს, ოღონდ ბრძანება წინა რიცხვით გააფორმეს, თითქოს ბიულეტენზე არ ვყოფილვარ იმ მომენტში.

მოკლედ, წინ სასამართლოა და გამორიცხულია, რამემ გამაჩეროს! ყველა ბერკეტი ჩემს მხარესაა, სულ რომ ადვოკატი არ მყავდეს, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მარტო მოვიგებ! ბინძური მეთოდებით ბრძოლას სამართალს დავუპირისპირებ, შევხვდებით სხდომათა დარბაზში!

თამუნა პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებელია, მაგრამ სკოლაში არასდროს უმუშავია. უკვე 15 წელია, რაც სავაჭრო ცენტრში მუშაობს:

- 15 წელია, კონსულტანტად ვმუშაობ და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ხელფასიც კი ისევ იგივე გვაქვს, უფრო სწორედ, იმაზე ნაკლები, ვიდრე ადრე ვიღებდით. რთულია მომსახურების სფერო. "კლიენტი ყოველთვის მართალია" - როდესაც ეს გამოთქმა არსებობს, ძნელია საკუთარ უფლებებზე საუბარი. ხშირად ყოფილა, რომ ამხელა დარბაზში მხოლოდ ერთი ან ორი კონსულტანტი ვყოფილვართ. დღეში ხან 80.000-მდე ნავაჭრი რომ არის, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი კლიენტისთვის და რამდენჯერ გვიხდება ერთი და იმავეს გამეორება. როდესაც საქონელი მოდის, სამუშაო დროის შემდეგაც ვრჩებით და ვალაგებთ. თუ პროტესტს გამოხატავ, მაშინვე კარისკენ მიგითითებენ... საბედნიეროდ, კარგი თანამშრომლები მყავს და ამ სირთულეებს ერთად ვუმკლავდებით. 15 წლის მანძილზე ბევრი სასაცილო ამბავიც მახსენდება: ერთმა ახალგაზრდა ქალმა ჩამჩაზე იკითხა, ეს რა არისო? ბიჭი ახლდა და იმან გაიკვირვა, - რა იყო, წვნიანი არასდროს არ ამოგიღია თეფშზეო? ერთმა მომხმარებელმა გვკითხა, სუპინატორიანი მატრასები არ გაქვთო? თურმე, ორთოპედიული მატრასი დაუვალებია ცოლს. სხვამ ეპილატორიანი ფეხსაცმელი იკითხა სუპინატორიანის ნაცვლად. ასეთ შემთხვევებზე ბევრს ვიცინით და ცოტა ხნით გვავიწყდება დაღლა.

ახლა მანანას გაგაცნობთ, მასაც არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ უკვე კარგა ხანია, სურსათის მაღაზიაში მუშაობს:

- წარმოშობით იმერელი ვარ. ჩემზე ამბობენ, მომსპარი ენის პატრონიაო. 9 წელია, მაღაზიაში გამყიდველი ვარ და რა ჯურის ხალხი აღარ მინახავს: პრეტენზიულები, დაბნეულები. ასეთებს ვერ გადაუწყვეტიათ, რისი ყიდვა უნდათ და მარჩიელობენ. ზოგჯერ შეიძლება გაგიჟდე კაცი. ამას წინათ ერთი კაი მსუქანი კაცი მეკითხება: რამდენი "კალბასი" მეყოფა, როგორ ფიქრობ, რამდენი ვიყიდოო? გაიგე ახლა, რამდენი ეყოფა... ერთმა კაცმა, - ქალბატონო მანანა, ბარკლები თუ გაქვთ კარგიო? ეს "გავატარე", მაგრამ სხვამ რომ მითხრა, რაღაც კარგად არ ჩანს და მკერდი თუ გაქვთო? - აი, ეს უკვე გავაპროტესტე (იცინის). ეტყობა, თვალებში ვერ იყურები და წადი თვალის ექიმთან-მეთქი, ვურჩიე. ბავშვი შემოვიდა, მზესუმზირა უნდოდა ჭიქით. ვუთხარი, თუ გინდა ჯიბეში ჩაგიყრი-მეთქი და ჯიბე გახეული მაქვსო. - მეორედ რომ გამოგიშვებს დედაშენი, ნემსი და ძაფი გამოგატანოს და დაგიკერავ-მეთქი, დავაბარე...

GzaPress ნათია 42 წლისაა, უფროსი შვილი სტუდენტი ჰყავს, უმცროსი სკოლაში დადის და რადგან თავისი სპეციალობით (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია) ვერ იშოვა სამსახური, უკვე წლებია, კონსულტანტად მუშაობს: - წვენების, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელების ყუთებს თვითონ ვათრევთ, ამავე დროს გვიწევს სექციის დალაგებაც, სისუფთავეზე პასუხისმგებლებიც ჩვენ ვართ, პროდუქციის ვადებიც არ უნდა დაგვრჩეს გადაუმოწმებელი და ამ ყველაფერთან ერთად, წინა დღით დალაგებულ საქონელზე მენეჯერი რომ გეტყვის, დიზაინი შესაცვლელია, ასე დალაგებული არ მომწონსო (არადა, წინადღეს მისი მითითებით გაქვს დალაგებული ყველაფერი), რა ჭკუაზე დადგები? თუ რამე არ მოეწონება, ხელახლა ვალაგებთ და თან ისეთი სიტყვებით მოგვმართავს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. ეს არის ყოველდღიური სტრესი და ბევრი გარბის, ვერ უძლებს ამ სიტუაციას. შემთხვევით თუ რამე გაგვიტყდება, ჩვენივე ხელფასიდან იქვითება თანხა. დალაპარაკება არავისთან შეგვიძლია, კლიენტის ჭაჭანებაც რომ არ იყოს დარბაზში, მაშინაც კი. რომ დავიგვიანოთ, ჯარიმას გვიწერენ, ხოლო 8-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ 2-3 საათი რომ გვტოვებენ ახალი საქონლის მისაღებად ან აღწერებზე, ეს ვითომ არაფერი... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მოჯამაგირე ვარ და ბატონყმური ურთიერთობებია ისევ. როდესაც გავიგე კამპანიის - "არა მონობას!" შესახებ, იმედი გამიჩნდა, რომ შრომის კოდექსს ერთიანი ძალებით უკეთესობისკენ შევცვლით.

ნინო ჯავახიშვილი